asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი – ნინო წერეთლის გაელვებული ცხოვრება
ქართველი ქალი, რომელმაც შარვალი შანელზე ადრე ჩაიცვა
პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი – ნინო წერეთლის გაელვებული ცხოვრება

2010-11-11 16:39:25



ნიჭიერი, მომხიბლავი, ელეგანტური... თავისუფალი აზროვნების და თანამედროვე სტილის, ის თავისი პეწით და ქალური ხიბლით ყოველთვის ყურადღების ცენტრში იდგა, თუმცა პროფესია "არაქალური" ჰქონდა – მოქანდაკე გახლდათ და ფუტკარივით შრომობდა. ასეთი გახლდათ ნინო წერეთელი, პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი, ქართველი ხელოვნებათმცოდნის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის მეუღლე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის რჩეული მოწაფე.

გასული საუკუნის 20–30–იანი წლების საბჭოთა კავშირში ის ავანგარდულ სტილში მუშაობდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, 37 წლისა გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი ქმნილებების დიდი ნაწილი დაკარგულია. ჩვენს თაობაში კი მისი სახელი მივიწყებულია.

ნინო წერეთლის ვაჟი, არქეოლოგი ჯუანშერ (ბახო) ამირანაშვილი და რძალი, ეთნოლოგი ლია მელიქიშვილი, პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის შესახებ წიგნს ამზადებენ. მოპოვებული მასალა "სარკეს" ექსკლუზიურად მიაწოდეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

იაკობ ნიკოლაძის უსაყვარლესი მოწაფე

ლია მელიქიშვილი:

– წიგნზე მუშაობა დაახლოებით ათი წლის წინ დავიწყეთ, ძალიან მწირი მასალა გვქონდა, არქივებში საინტერესოს ვერაფერს მივაკვლიეთ. ხელოვნების მუზეუმი დაგვეხმარა, სადაც ნინო წერეთლის ბევრი ნამუშევარია თავმოყრილი. ნინოს გარდაცვალების შემდეგ მეუღლემ, შალვა ამირანაშვილმა მოუყარა თავი მის ნამუშევრებს და პირველი გამოფენა გააკეთა. თბილისში ნინო წერეთლის სამი გამოფენა გაიხსნა. მათ არასოდეს აკლდა მაყურებელი, მისი შემოქმედება ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. ამას განაპირობებდა ის, რომ ნინო გასული საუკუნის 20–30–იანი წლების საქართველოში ავანგარდისტი იყო.

თითქმის საუკუნის წინ შექმნილ ნინოს ნამუშევრებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა, ეს არის ხელოვნება, რომელიც დროში არასოდეს დაიკარგება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მასწავლებელ იაკობ ნიკოლაძეს, რომელიც როდენის მოწაფე გახლდათ. ნინო იაკობ ნიკოლაძის უსაყვარლესი მოწაფე იყო. იაკობმა მისი რამდენიმე ბიუსტი გააკეთა, მათგან ერთი როდენის ქუჩაზე, იაკობ ნიკოლაძის სახლ–მუზეუმშია, მეორე – ქუთაისის მუზეუმში, მესამე კი ჩვენს ოჯახში ინახება. ხოლო ქანდაკება, რომელიც ნინოს საფლავზე იდგა, მალე მოიპარეს. ვის რაში დასჭირდა ეს ბიუსტი, გაურკვეველია, რადგან იმ პერიოდში ასეთ ნივთებს თითქმის არ იპარავდნენ.

მოქანდაკე პოეტი

– ბავშვობიდან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა – ხატავდა, ლექსებს წერდა, ქარგავდა, ქსოვდა... ძალიან ხელმარჯვე იყო და ყველაფერს არაჩვეულებრივად აკეთებდა. ცნობილ ხელოვანთა წრეში ტრიალებდა, ყველას ძალიან უყვარდა.

ოჯახში ვიცოდით, რომ ლექსებს წერდა, მაგრამ არც ერთი მათგანი ხელთ არ გვქონდა. ისინი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ. ჩემმა მეგობარმა მარინა ვახტანგიშვილმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იოსებ გრიშაშვილის სახლ–მუზეუმში დაიწყო მუშაობა. არქივის დალაგებისას მან იპოვა ნინოს ხელნაწერ ლექსთა კრებული, რომლის თავფურცელზე გაკრული ხელით ეწერა: "ეს რვეული გადაეცით პროფესორ შალვა ამირანაშვილის შვილს, როცა გაიზრდება. აქ მისი დედის ლექსებია, ნინო წერეთლისა, რომლის ფსევდონიმი იყო ნომინელი და რომელსაც მე და ნინო თარიშვილმა დავარქვით "ნანინ", ნიჭიერი ქალი იყო საბრალო, მისი დღენი შეემატოს მის შვილს. იოსებ გრიშაშვილი, 1940 წელი, 3 აპრილი". მაშინდელ ჟურნალ–გაზეთებში ნინოს ლექსები ნანინის სახელითაც იბეჭდებოდა. გრიშაშვილის ანდერძის თანახმად, მუზეუმმა ეს რვეული ჩვენ გადმოგვცა.

დევის პატარა ქალი

– შალვა ამირანაშვილი მისი მეორე ქმარი გახლდათ, პირველი მეუღლისგან შვილი არ ჰყავდა. შალვასთან ორი ვაჟი შეეძინა: გულბათი და ჯუანშერი (ბახო). ნინოს და შალვას ჯერ კიდევ შეუღლებამდე დიდი სიყვარული აკავშირებდათ. ეს ნათლად ჩანს იმ წერილებიდან, რაც ოჯახში შემოგვრჩა. ნინო ერთხანს მოსკოვში მუშაობდა და შეყვარებულთან თბილისში მიმოწერა ჰქონდა.

მათ ერთმანეთის მიმართ მხურვალე, თავდავიწყებული გრძნობა ჰქონდათ. ნინო საქმროს მოფერებით დევს ეძახდა (შალვა ამირანაშვილი ზორბა ტანისა გახლდათ, ორ მეტრს აღემატებოდა), ხოლო შალვა ნინოს – "ჩემს პატარას". მოვიყვან ამონარიდებს მათი წერილებიდან:

"ჩემო დევო, დღეს თხუთმეტია და მოუთმენლად ველოდები პასუხს ჩემს წერილზე, რომელსაც შენ მიიღებდი შვიდში. ვიცი, რომ შენ არ შეგიძლია მაშინვე წერა, სანამ არ დამშვიდდები. მე კი მოთმინება აღარ მყოფნის, თუ როდის ჩავჯდები მატარებელში, როდის შეგხვდები შენ და როდის ვიქნებით ერთად, სულ ერთად, რომ აღარასოდეს დავშორდეთ...".

"ჩემო კარგო დევო, ნეტა ერთი წუთით მაინც დამანახა შენი თავი, მოგეფერო მაგრად, მაგრად, მაგრად. გკოცნი ბევრს, ძალიან ბევრს. ნეტავ, როგორ ხარ? მოწყენილი ხარ? გენაცვალოს შენი პატარა... წუხელ გიგრძენი ღამის პირველ საათზე, ალბათ წვებოდი და გაიხსენე შენი პატარა. შეიძლება სიამოვნებით თავისუფლად გრძნობდი თავს შენს ფართო ლოგინზე, შენი სულთამხუთავი და მსუნაგი პატარა მანდ რომ არ არის...".

ეს კი ამონარიდია შალვა ამირანაშვილის წერილიდან:

"ჩემო პატარ, ძალიან მიყვარხარ, არ შემიძლია უშენოდ ცხოვრება, ჩვენ მუდამ ერთად უნდა ვიყოთ, სულ ერთად... ხშირად ვკითხულობ შენს წერილებს, მათრობს შენი ალერსიანი სიტყვები, მინდა, ყოველთვის შენთან ვიყო, არასოდეს დაგტოვებ მარტო... გენაცვალე, მომწერე კიდევ, ჩემო პატარა. მინდა, აგიყვანო ხელში, სულ ჩემს მკლავებზე გატარო, გეალერსო! შენი დევი".

თამამი ნაბიჯი – ქალის შიშველი ტორსი

– ნინომ თავის სიცოცხლეში მოასწრო ყველაფერი, რაც კი შეეძლო იმ მოკლე დროში შეექმნა. მოქანდაკის შრომა, მით უფრო ქალისთვის, ძალიან მძიმეა. ნინო ამას უმკლავდებოდა. მის ნამუშევრებში ავტორის შრომისმოყვარეობა იგრძნობა. ნინო ექსპედიციებში დადიოდა და ნამუშევრებს მიღებული შთაბეჭდილებების შედეგადაც ქმნიდა.

თეატრის მხატვარიც გახლდათ, გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. კოტე მარჯანიშვილთან დაახლოებული ყოფილა, 1934 წელს გააკეთა კოტეს ქანდაკება და ბარელიეფიც, რომელსაც ახლახან მივაგენით კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მუზეუმში. სამწუხაროდ, არ იცოდნენ, ავტორი ვინ იყო.

ძველი და საშუალო თაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ კოტე მარჯანიშვილის ქანდაკება თეატრის ფოიეში – შესანიშნავი ნამუშევარი, ცოცხალივით, როდენის სტილში. თანაც ნინო დიდ რეჟისორს პირადად იცნობდა და ქანდაკებაში მისი ხასიათიც ჩადო. მერე იგი ყვარელში, რეჟისორის სახლ–მუზეუმში გადაიტანეს და მის ნაცვლად თეატრში სხვა ქანდაკება დადგეს. ალბათ ჩათვალეს, რომ მოძველდა, შეიძლება არც იცოდნენ, ვისი ნამუშევარი იყო. ნინო წერეთელი იმდენად ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან, რომ ახალმა თაობამ მის შესახებ არც იცის, მხოლოდ ენციკლოპედიაში თუ ამოიკითხავს, რომ პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი იყო.

ქალის ტორსი ნინომ 1932 წელს შექმნა. აკადემიის სახელოსნოში მუშაობისას ხელოვანები ერთმანეთთან პოზირებდნენ. ამბობენ, რომ ქალის ტორსისთვის ნინომ ნატურად რომელიღაც ამხანაგის სხეული გამოიყენა. მაშინ შიშველ სხეულს არავინ აქანდაკებდა და ხატავდა. ეს ფანტასტიკური ნამუშევარი თამამი და საოცრად რეალისტურია. ნინოს პიროვნებაში ნიჭიერებასთან ერთად სიწრფელე და გახსნილობაც იდო, რაც შალვასადმი მიწერილ ბარათებშიც იგრძნობა. ის წერილები თითქოს დღეს არის დაწერილი. იმ დროის საზოგადოება უფრო დახურული იყო თავის გრძნობებში. ნინო იმ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების რიცხვს ეკუთვნოდა, რომელიც საზოგადოებას უნარს აძლევდა, განვითარებულიყო და უკეთესი გამხდარიყო, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასულიყო.

ქალი, რომელსაც მოდა მისდევდა

– ნინოს პიროვნება მის ნამუშევრებში იკვეთება. იყო ძალიან რბილი, საყვარელი, ურთიერთობაში გახსნილი, თამამი და პროგრესული. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში შანელმა ქალის მოდაში შემოიტანა შარვალი, ნინო კი მანამდე დადიოდა შარვლით. საოცრად თანამედროვე ქალი იყო. ჰყავდა არაჩვეულებრივი სამეგობრო. მისი ყველაზე ახლო მეგობარი მხატვარი ქეთევან მაღალაშვილი გახლდათ – რეპრესირებულ მხატვარ დიმიტრი შევარდნაძის მეუღლე. მეგობრობდა თამარ აბაკელიასთან, ლადო გუდიაშვილთან... ეს ერთი წრე გახლდათ.

ნინოზე მხოლოდ დადებითს ყვებოდნენ. ამბობდნენ, რომ იყო ძალიან ქალური და ლამაზი, სადაც გამოჩნდებოდა, მთელი საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ბევრი ლამაზი ქალი დადიოდა თბილისში. იცვამდა ელეგანტურად, მოდურად, სამოსს თავად იკერავდა, საკუთარი ხელით დამზადებულ ფანტასტიკურ გულსაბნევებს იკეთებდა. ჩაცმულობაშიც სიახლე შეჰქონდა. რომ იტყვიან, თბილისში მოდას ამკვიდრებდა.

ნინო კიდევ იმიტომაა დასაფასებელი, რომ თითქმის არ მუშაობდა ბელადების ბიუსტებსა თუ სხვა საბჭოთა შინაარსის თემებზე. რომ იტყვიან, კომუნისტური იდეოლოგიის სამსახურში არ იდგა.

მოსკოვში ცხოვრების დროს ნინომ გაიმარჯვა დიდ მოქანდაკეთა კონკურსში და გააკეთა ცნობილი ქირურგის, ნიკოლოზ პიროგოვის პორტრეტი, რომელიც იქ პიროგოვის სახელობის საავადმყოფოს ამშვენებდა. ასევე შექმნა მაიაკოვსკის ბიუსტიც, რომლის ადგილმდებარეობა დღეს ჩვენთვის უცნობია.

შთამომავლობა

– ამირანაშვილების ოჯახში დიდი, მრგვალი მაგიდა იდგა და თურმე ნინო ამბობდა, ეს მაგიდა შვილებით უნდა გავავსოო, მაგრამ არ დასცალდა. სისხლის მოწამვლით 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1939 წელს. იმ დროს პენიცილინები და სხვა მედიკამენტები არ იშოვებოდა და ავადმყოფს ვერ უშველეს. მისი უმცროსი შვილი ჯუანშერი მხოლოდ ოთხი თვის იყო.

ნინოს ვაჟიშვილებიდან გულბათი აღმოსავლეთმცოდნე ირანისტია, ხოლო ჯუანშერი – არქეოლოგი. ჩვენი ვაჟი, გიორგი ამირანაშვილი, ხელოვნებათმცოდნეა, ერთხანს ხატავდა, გამოფენებიც ჰქონდა, თავის ბებიაზე სადიპლომო ნაშრომი დაწერა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ არეულობის პერიოდში პროფილი შეიცვალა და თავისი პროფესიით უკვე აღარ მუშაობს.

ნინო წერეთელს დარჩა სამი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი, მაგრამ მათგან, გიორგის გარდა, მხატვრობის ნიჭი ჯერ არავის გამოუვლენია.

რამდენიმე წლის წინ რადიოგადაცემაში მოვუსმინე მწერალ ლაშა ბუღაძეს, რომელიც სინანულით აღნიშნავდა, თბილისის ქუჩებს აკლია ქალი–მოღვაწის სახელიო. დავინტერესდი, გავარკვიე, რა როგორ ხდებოდა და მერიაში ოფიციალური განაცხადი შევიტანე. 2–3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივაკითხეთ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ ჩანს, რაც ძალიან დასანანია, რადგან ნინო წერეთელი თავისი მასშტაბით არამარტო საქართველოში, იმ პერიოდის მთელ საბჭოთა კავშირშიც ძალიან დიდი მოქანდაკე იყო. ამას თავად ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ. მოსკოვში ქუხდა შესანიშნავი მოქანდაკე ქალის, მუხინას სახელი, მაგრამ ის ძირითადად საბჭოთა განწყობის ნამუშევარს ქმნიდა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ნინო წერეთელი პირველი თავისუფალი აზროვნების მოქანდაკე ქალი იყო. რატომ არ შეიძლება საქართველოში მისი პოპულარიზაცია გავწიოთ და ახალგაზრდებს გავაცნოთ?! დასანანია, რომ ჯერჯერობით ამ საქმეს არაფერი ეშველა. იმედი მაქვს, ამისთვისაც მოიცლიან და ერთ–ერთი მშვენიერი, ნიჭიერი მოქანდაკე ქალის სახელი თბილისის რომელიმე ქუჩას დაამშვენებს.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online