asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად

2010-11-11 16:39:20



ორშაბათ დილას, თერთმეტ საათზე, კვისტის კაბინეტში ლეიტენანტი კრივიჩი შევიდა და მაგიდაზე დიდი, სქელი კონვერტი დაუდო:

– გაეცანით. ჰოლივუდის პოლიციის პატაკია, ტელეგრაფით გადმოცემული.

კვისტმა კონვერტს დახედა და იკითხა:

– დევიდ ჰარისონი რატომ აწერია?

– ეს ჩიფის ნამდვილი სახელი აღმოჩნდა, – მიუგო კრივიჩმა, – ეს ტიპი რამდენიმე "ცოლთან" და ორ ყმაწვილთან ერთად რომელიღაც კომუნაში ცხოვრობდა. ერთ–ერთი "ცოლის" მშობლებმა დევიდ ჰარისონის ბრალდებით საჩივარი აღძრეს და საოლქო პროკურორმაც ამ ტიპის დაპატიმრების ორდერი გასცა, მაგრამ მან გაქცევა მოასწრო. მას შემდეგ პოლიციაც ეძებს და ფედერალური დეპარტამენტიც, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს.

– როგორც ჩანს, უომია კიდეც, – კვისტი პატაკს ფურცლავდა.

– ორი წელი ვიეტნამში იბრძოდა და სიმამაცისათვის ჯილდოც მიიღო.

– მაშინ არც სისხლის დანახვა შეაშინებს, – შენიშნა კვისტმა.

– და არც იმის მოერიდება, ვინმეს შანდლით თავი გაუხეთქოს, – დაამატა კრივიჩმა.

კვისტმა ლეიტენანტს შეხედა:

– მაშ, დენის ვერსიას იზიარებთ?

– სხვა რა გზა მაქვს? – მიუგო კრივიჩმა, – ჰარისონი ერთადერთი ეჭვმიტანილია. ისე, საინტერესოა, ახლა რას იზამს.

– შეიძლება ორი მიმართულებით იმოქმედოს. ჯერ ერთი, ყველა მოკლას, ვინც კი ბევერლის სიკვდილის საიდუმლო იცის. მაშინ ჯონი მისი მომდევნო და ბოლო მსხვერპლი იქნება.

– მაგრამ ეს ალოგიკურია, – შეეწინააღმდეგა კრივიჩი, – ამ ადამიანებს ბევერლი არ მოუკლავთ. მათ ის მხოლოდ მას შემდეგ გადაიტანეს, რაც ამ ქალს თვითმკვლელობა ჩადენილი ჰქონდა.

– მკვლელი მანიაკია, მისი საქციელი კი ლოგიკას მოკლებული, – მიუგო კვისტმა, – რაც შეეხება მეორე მიმართულებას, მას შეუძლია ჯონი ისევ დააშანტაჟოს, თუ ფულს არ გადამიხდი, დანარჩენების ბედს გაიზიარებო.

– თუ ფული სჭირდებოდა, ასე დიდხანს რატომ იცდიდა? სენძიმ გადახდა ხომ ორი წლის წინ შეუწყვიტა?

– აქამდე ადრე მიღებულ 200 ათასს ხარჯავდა, ახლა კი გაუთავდა და ისევ სენძის დაშანტაჟება გადაწყვიტა.

უცებ ინტერკომი აგუგუნდა. ყურმილი კვისტმა აიღო და კონი პარმალის ხმა მოესმა, ჯონ სენძი გირეკავთო.

– ჰო, ჯონ, – თქვა კვისტმა.

– ჯულიან, მან ისევ დაიწყო, – კვისტმა ძლივს იცნო სენძის ხმა.

– ვინ მან, ჯონ?

– შანტაჟისტმა. დამირეკა და მითხრა, გადახდა უნდა გააგრძელოო.

– მოიცა, ჯონ! ჩემთან კრივიჩია. ახლავე გამაძლიერებელს ჩავრთავ, – კვისტი წინ გადაიხარა და გადამრთველი გააჩხაკუნა, – ჯონ, გესმის ჩემი?

– ცხადია, მესმის. ლეიტენანტო, თქვენ ის უნდა შეაჩეროთ!

– როგორ დაგიკავშირდათ? – შეეკითხა კრივიჩი.

– "ბომონდში" დარეკა, ჩემს ნომერში.

– ხმა იგივე იყო?

– ცხადია, იგივე. თუ არ გადავუხადე, სხვებივით მომკლავს.

– ფული როგორ უნდა გადასცეთ?

– ჯერ 100 ათასი უნდა ვიშოვო. მერე მეტყვის, როგორ გადავცე, თუ მანამდე არ...

– დაწყნარდით, მისტერ სენძი, – გააწყვეტინა კრივიჩმა, – მას თქვენამდე არ მოვუშვებთ.

– რა დამაწყნარებს, როცა ასეთ დღეში ვარ? არა, აქედან უნდა წავიდე! იქნებ ვინმე გამომიგზავნოთ, წასვლა რომ შევძლო?

– მისტერ სენძ, თქვენს კართან კაცი დგას. ტელეფონთან დაუძახეთ და დაველაპარაკები.

– ლეიტენანტო, კარს მხოლოდ თქვენ თუ გაგიღებთ, – ჯონი შეშინებული ჩანდა, – საიდან უნდა მივხვდე, რომ ეს მართლა თქვენი კაცია?

კრივიჩი ჯონთან წავიდა, კვისტის კაბინეტში კი დენ ჰარვი, ლიდია და კონი პარმალი შეკრებილიყვნენ.

– ცუდი ტელედეტექტივის სიტუაციაა, – გამოსცრა ჰარვიმ.

კვისტი მაგიდას უჯდა და ფანჯარაში იყურებოდა.

– ის მაინც ვიცით, რომ ქალაქშია, – დაარღვია სიჩუმე ლიდიამ.

კვისტი მისკენ შეტრიალდა:

– საიდან ვიცით?

– ოტელში ზარიდან. ის ფულს ელოდება. ასე არ არის?

– შეიძლებოდა ზარი ნიუ იორკიდანაც ყოფილიყო და ჰავაის კუნძულებიდანაც. ჩვენ არ ვიცით, ჯონმა იმ ტიპს ფული როგორ უნდა გადასცეს. მე, მაგალითად, მექსიკას ავირჩევდი.

ჩამოწოლილი სიჩუმე ამჯერად კონიმ დაარღვია:

– იქნებ ჯონი პოლიციამ დაიცვას?

– ეს მის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, – მიუგო კვისტმა, – თუ ჯონი ფულის გადახდას დათანხმდება, ეს ჩვენი ჩიფი ფულის გადაცემის ისეთ გეგმას შესთავაზებს, სადაც არც პოლიციისთვის იქნება ადგილი და არც სხვა ვინმესთვის, ვინც ჯონის დახმარებას შეძლებს. თუ ჯონი ჩიფს ერთი ერთზე შეხვდება, რამე გარანტიაზე ლაპარაკი შეუძლებელი იქნება, ხოლო თუ გადახდაზე საერთოდ უარს იტყვის, იმ დრომდე მოუწევს პოლიციის მფარველობის ქვეშ ყოფნა, ვიდრე იმ მანიაკს არ დავიჭერთ.

– როცა ამბობ, დავიჭერთო, ალბათ ჩვენც გვგულისხმობ, – შენიშნა ჰარვიმ.

– დენ, მაგ კაცს ზურგს ვერ შევაქცევთ. ცხადია, ჯონს ვგულისხმობ.

– თუ გმირობა გინდა, ჩვენ რაღას გვერჩი? – ჩაიცინა ჰარვიმ, – მიდი და დაიცავი!

ამ დროს ინტერკომი ჩაერთო და კვისტმაც გადამრთველი ააჩხაკუნა.

– მისტერ ჰედმანს ლიდიას ნახვა სურს, – მოისმა გლორია ჩარდის ხმა, რომელსაც თან ჩაკისკისებაც მოჰყვა.

– ო, ღმერთო, – ამოიოხრა ლიდიამ, – დილით სამჯერ დარეკა და ლანჩზე დამპატიჟა. როგორც ჩანს, უარი არ მოსწონს.

– გლორია, – გაიღიმა კვისტმა, – მისტერ ჰედმანს გადაეცი, მის მორტონი მნიშვნელოვან კონფერენციაზეა, რომელიც, არ ვიცი, როდის დამთავრდება–თქო.

გლორია ძლივს იკავებდა სიცილს:

– მაშინ ლიდიას ნაცვლად ლანჩზე იქნებ მე წავსულიყავი, ჰა?

– როგორც გენებოს, გლორია, – მიუგო კვისტმა და ინტერკომი გამორთო.

– რა აბეზარი კაცია, – შენიშნა ლიდიამ.

– ხომ არ გეწყინა, გლორიას რომ დავუთმე? – დაინტერესდა კვისტი.

– ო, არა, პირიქით, – გაიღიმა ლიდიამ.

– საქმეს დავუბრუნდეთ, საქმეს! – შესძახა ჰარვიმ და კვისტს მიაშტერდა, – მაშ, შენ გინდა, სენძი შენს ჭერქვეშ შეიფარო?

– თუ მთხოვა, რატომაც არა.

– ცხადია, გთხოვს, – ჩაიხითხითა ჰარვიმ, – ოღონდ მანამდე კარგი ბარმენის შოვნა მოგიწევს.

– მაგას მოევლება, – გაიღიმა ჯულიანმა, – ახლა ეს მითხარით, ჩემს აზრს იზიარებთ თუ არა?

კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ისევ კვისტმა დარღვია:

– რაკი ჩუმად ხართ, ჩანს, იზიარებთ, რისთვისაც დიდად გმადლობთ.

კაბინეტში მყოფთ მალე სამი დაემატათ: ჯონ სენძი, კრივიჩი და სერჟანტი კვილენი. ჯონი გაუპარსავი იყო და საერთოდაც ცუდად გამოიყურებოდა. ის კვისტის მაგიდის გვერდით მდგარ სავარძელში ჩაეშვა და კონის ანიშნა, რამე დასალევი მომიტანეო. ამ უკანასკნელმაც მაშინვე ვისკით სავსე ჭიქა მიაწოდა.

– გმადლობთ, ლამაზო, – ჯონიმ გაღიმება სცადა.

– ლეიტენანტო, – მიმართა კრივიჩს კვისტმა, – იქნებ ჯონი ჩემს სახლში გადაგვეყვანა, ჰა?

– კარგი იქნება, – თავი დააქნია კრივიჩმა, – თქვენთან უფრო უსაფრთხოდ იქნება, თან ჩვენს მეთვალყურეებსაც მივუჩენთ.

– მით უკეთესი, – შენიშნა ჯულიანმაც.

– ოღონდ ერთი რამეა, – განაგრძო კრივიჩმა, – შანტაჟისტი ალბათ ისევ დარეკავს, ამიტომ "ბომონდში" თქვენი ტელეფონის ნომერს დავტოვებ, ის ტიპი სენძს რომ დაუკავშირდეს, თან მოსასმენ აპარატსაც ჩავრთავთ. იქნებ გავიგოთ, საიდან რეკავს.

– ისე მოიქეცით, როგორც გენებოთ, – მიუგო კვისტმა.

– ვიდრე მორიგეობას დავაწესებ, სენძთან კვილენი დარჩება, – თქვა კრივიჩმა, – კვისტ, თქვენს ბინაში თქვენ გარდა კიდევ ვის შეუძლია შესვლა?

– მხოლოდ იმათ, ვინც აქ დაგხვდათ.

– გასაღებები აქვთ?

– რა თქმა უნდა.

– ძალიან კარგი, – კრივიჩი ჯონს მიუბრუნდა, – მისტერ სენძ, თქვენი დაცვა რომ უზრუნველვყოთ, ჩემი ინსტრუქციები უნდა შეასრულოთ.

– მაინც რომლები?

– კვისტის ბინიდან გასვლას გიკრძალავთ. ხოლო როცა შანტაჟისტი დარეკავს, მასთან საუბარი მაქსიმალურად უნდა გაწელოთ, მისი ტელეფონის დაფიქსირება რომ შევძლოთ.

– ამდენ ფულს სად ვიშოვი? – ჩაიბუზღუნა ჯონმა, – 100 ათასი გზაზე არ ყრია.

– ფულს ჩვენ მოვამზადებთ, – შეჰპირდა კვისტი.

– ის ალბათ მარტოს დაგიბარებთ, – განაგრძო ლეიტენანტმა, – ვიდრე შანტაჟისტის დაკავების გეგმას არ შევიმუშავებთ, თქვენ არსად წახვალთ. გასაგებია?

– გასაგებია.

– და არავითარი ქალები. ესეც დაიმახსოვრეთ. ჩემი ნებართვის გარეშე ბინაში არავინ შევა. აქ მყოფებს არ ვგულისხმობ.

ჯონმა ჯერ ლიდიას შეხედა, მერე კი კონის.

– ესენი თუ იქნებიან, კიდევ არა უშავს.

– გეყოფა, ჯონ! – ისროლა კვისტმა.

– ვიხუმრე, მეგობარო, არ გამიბრაზდე.

როცა კაბინეტში მხოლოდ კვისტი და ჯონი დარჩნენ, ამ უკანასკნელმა ხელები სახეზე აიფარა და აქვითინდა, კვისტი კი ჩუმად იჯდა. ბოლოს ჯონმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, სახე მოიწმინდა და წაიდუდუნა:

– ნამდვილი ბავშვი ვარ.

– ვისკი დალიე, – ურჩია კვისტმა და ჭიქა გაუწოდა.

სასმელმა მუსიკოსი ოდნავ დააწყნარა. დაცლილი ჭიქა მაგიდაზე დადგა და თქვა:

– იცი, რაზე ვოცნებობ?

– რაზე?

– იმ დამპალს რომ კრივიჩზე ადრე მივწვდე და კისერი მოვუგრიხო!

– სიმშვიდე არ გაწყენდა.

– რომელ სიმშვიდეზე მელაპარაკები, როცა ძმა მომიკლეს? – შესძახა ჯონმა, – და ეს ყველაფრი იმ სულელი ბევერლის გამო, რომელიც, სიმართლე თუ გინდა, ამად არც ღირდა!

როცა ჯონი კვისტის სახლში მიიყვანეს, ოთხი პოლიციელი უკვე სხვადასხვა ადგილას იდგა და თავის მოვალეობას ასრულებდა.

– თქვენი ტელეფონი უკვე ისმინება, – შეახსენა კრივიჩმა კვისტს, – თუ დარეკავენ, სენძიმ მხოლოდ მესამე ზარის შემდეგ უნდა უპასუხოს. იგივეს გააკეთებს ჩემი კაციც და შანტაჟისტი ვეღარ მიხვდება, მის ხმას ორნი რომ ისმენენ.

– მესამე ზარის შემდეგ ჯონი როგორ უნდა მოიქცეს? – დაინტერესდა კვისტი, თავად ჯონი კი ამ დროს ბართან იდგა და მათი საუბარი თითქოს არც აინტერესებდა.

– დრო უნდა გაწელოს, – უპასუხა კრივიჩმა, – რაც შეიძლება დიდხანს. ეს საშუალებას მოგვცემს, შანტაჟისტის ნომერი დავაფიქსიროთ.

– მის წამოყენებულ პირობებს უნდა დაეთანხმოს?

– ჰო, – მიუგო კრივიჩმა, – მერე კი ჩვენ გადავწყვეტთ, რა უნდა ვქნათ.

– თქვენ სად გიპოვოთ?

– ამ ნომერზე დარეკეთ, – კრივიჩმა ქაღალდის ნაგლეჯი გაუწოდა, – სადაც არ უნდა ვიყო, რამდენიმე წუთში შემატყობინებენ. ის შეიძლება სულ მალე გამოჩნდეს ან ორიოდ დღის შემდეგ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ.

გამოსასყიდ ფულზე მათ ჯერ კიდევ კვისტის კანტორაში მოილაპარაკეს. ჯონი განუსაზღვრელ კრედიტს ფლობდა. სერჟანტმა კვილენმა ბანკს მიაკითხა და საჭირო თანხა გამოიტანა. შემდეგ ეს კუპიურები ტყავის საკვოიაჟში ჩააწყვეს, რომელიც ახლა კედლის კარადაში იდგა.

– თუ ჯონს ფულის დაუყოვნებლივ მიტანა სთხოვეს? – ივარაუდა კვისტმა.

– მე დამირეკეთ და ათი წუთის შემდეგ ფული წაიღეთ, – მიუგო კრივიჩმა, – ჯონს ჩემები დაიცავენ.

– რაც შანტაჟისტს არ აწყობს, – შენიშნა კვისტმა.

– მგონი, ვერ შეგვამჩნევს, – მიუგო ლეიტენანტმა და გასასვლელს მიაშურა...

ჯონი, ნახევრად დაცლილი ბოკალით ხელში, სავარძელში ჩაეშვა:

– არ მესმის, ამ პოლიციელებისგან და ტელეფონის მოსმენისგან რას მივიღებთ. ნუთუ შანტაჟისტი ისეთი სულელია, დაგებულ მახეში გაებას? – ჯონმა ბოკალი გამოსცალა, – მეგობარო, პისტოლეტი გაქვს?

– არა. რატომ მეკითხები?

– მინდა, იმ ნაძირალას პირისპირ შევხვდე და ტყვია შუბლში დავახალო!

– ამაზე ალბათ კრივიჩი იზრუნებს.

– კრივიჩი–ტრივიჩი, – ჩაიქირქილა ჯონმა, – ის ჩვეულებრივი პოლიციელია და არა მგონია, იმ ტიპს აჯობოს. ჯულიან, გთხოვ, პისტოლეტი მიშოვე.

ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა.

მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს. კვისტმა ხელით ანიშნა, მესამე ზარის შემდეგ აიღეო და ჯონმაც ყურმილი აიღო:

– გისმენთ... ჰო, მე ვარ, ჯონ სენძი, შე დამპალო!.. ჰო, უკვე ვიშოვე... სად? "მედისონ სკვერ გარდენში"?.. კარგი... გავიგე... თუმცა დარწმუნებული არ ვარ, გავრისკო...

ჯონმა ყურმილი აპარატზე დადო, თან ხელი უკანკალებდა:

– მეტხანს ვეღარ შევაჩერე. ყურმილი დამიკიდა.

კვისტმა ჯიბიდან კრივიჩის მიცემული ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო.

– უნდა ვიჩქაროთ, ჯონ. შენ რა უნდა ქნა?

– "მედისონ სკვერ გარდენში" ჰოკეის მატჩზე უნდა მივიდე. სალაროში ბილეთი დამხვდება. ფული თან უნდა მქონდეს და დაველოდო, სანამ ვინმე მომიახლოვდება, რომ გადავცე. მე მარტო უნდა ვიყო და თუ პოლიციაც ჩაერევა, ეს ძვირად დამიჯდება.

კვისტმა ნომერი აკრიფა და ორიოდ წუთში ლეიტენანტის ხმაც მოესმა:

– როგორ? უკვე დარეკა? ფული სად უნდა გადასცეს?

– "მედისონ სკვერ გარდენში". დღევანდელ ჰოკეის მატჩზე.

– თქვენ რა, მეხუმრებით? – გაოცდა კრივიჩი.

– არა, ლეიტენანტო, – მიუგო კვისტმა, – ყველაფერი ზუსტად გადმოგეცით.

გარდენის სალაროში სენძისათვის ბილეთი იდო, თანაც საუკეთესო ადგილის, მოედნის ცენტრალური ხაზის თითქმის შუაში. კრივიჩს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, ეს ყველაფერი რომ რეალობა იყო. ის იმ პოლიციელს დაუკავშირდა, მოსასმენ აპარატთან რომ პატრულირებდა. იმის დადგენა, თუ საიდან რეკავდა შანტაჟისტი, ვერ მოხერხდა, მაგრამ საუბარი ფირზე ჩაიწერა, საიდანაც ჩანდა, რომ ჯონი არ ცრუობდა.

– კარგი, – კრივიჩმა საათზე დაიხედა, – დრო საკმაო გვაქვს, ასე რომ, ჯონის გარშემო ჩვენი ბიჭების დასმას და გასასვლელების გადაკეტვას კიდევ მოვასწრებთ. თუ სენძს ვინმე ფულიან საკვოიაჟს გამოართმევს, მას მაშინვე დაიჭერენ.

– მე კი მგონია, რომ ის ხელიდან დაგვისხლტება, – შენიშნა კვისტმა, – აქამდე მას ეს გამოსდიოდა.

– ამჯერად შანსი არ აქვს, – არც მთლად დამაჯერებლად თქვა კრივიჩმა...

"გარდენში" ანშლაგი იყო, მაგრამ ოთხი ბილეთის შოვნა კვისტმა მაინც მოახერხა: თავისთვის, ლიდიასთვის, ჰარვისთვის და კონი პარმალისთვის. ისინი ჯონის მოპირდაპირე ტრიბუნაზე აღმოჩნდნენ და თავისუფლად შეეძლოთ მოვლენებისთვის თვალის დევნება.

კრივიჩს უკვე ყველაფერი მომზადებული ჰქონდა, მაგრამ მაინც ღელავდა, შანტაჟისტი ხელიდან არ გაგვისხლტესო.

– უჩინარი ხომ არ იქნება? – უფრო თავს იმშვიდებდა, ვიდრე სხვებს, – მას საკვოიაჟის ტარება მოუწევს და თუ უხილავი ადამიანი ფანტასტების გამონაგონია...

– ამგვარი საკვოიაჟის შესახებ ჯერ არავის სმენია, – სიცილით დაასრულა კრივიჩის სათქმელი კვისტმა.

– ასეა თუ ისე, იმედი არსებობს, – შენიშნა კრივიჩმა.

ცოტა ხნის შემდეგ კვისტმა კრივიჩი გვერდზე გაიხმო:

– ლეიტენანტო, რაღაც აზრი გამიჩნდა.

– გისმენთ, კვისტ.

– შანტაჟისტი აქ ფულისათვის არ მოვა. მას ის არ აინტერესებს.

– 100 ათასი არ აინტერესებს? – შეცბა კრივიჩი.

– მას სენძის მოკვლა უნდა და ამას მოახერხებს კიდეც.

– როგორ მოახერხებს?

– თუ ეს შანტაჟისტი თან სნაიპერიცაა, მოპირდაპირე ტრიბუნაზე ჩასაფრდება და ჯონს იქიდან ესვრის, მერე კი შეუმჩნევლად მიიმალება.

– ეს კი აღარ მიფიქრია, – შეწუხდა ლეიტენანტი, – მაშინ მიღებული ზომები აღარ იკმარებს. ჩვენს ბიჭებს მოპირდაპირე ტრიბუნაზეც დავაყენებთ, მაგრამ რისკი მაინც დიდია.

– იქნებ ჯონიც გავაფრთხილოთ, უფრო ყურადღებით რომ იყოს?

– კარგი იქნება.

როცა ისინი სენძთან მივიდნენ და კვისტმა თავისი ვერსია გააცნო, ჯონს ფერი წაუვიდა:

– მაშ, შეიძლება შორიდან მესროლოს?

– რისკი მხოლოდ 10 პროცენტია, დანარჩენს კი ჩვენს თავზე ვიღებთ, – დაამშვიდა კრივიჩმა.

– იქნებ უკეთესიც იყოს, თუ მომკლეს? – ნაღვლიანად იკითხა მუსიკოსმა, – ამდენ დავიდარაბას მოვრჩები.

– იმედს ნუ დაკარგავ, ჯონ, – გაამხნევა კვისტმა მეგობარი, – ყველაფერი კარგად იქნება.

მედისონ სკვერ გარდენი გადაჭედილი იყო. "რეინჯერები" და "დათვები" მოთელვას მორჩნენ და საცაა, მატჩიც დაიწყებოდა. აი, აშშ–ის ჰიმნის პირველი ტაქტები გაისმა. ყველანი ფეხზე წამოდგნენ. შემდეგ მოედანზე თითო გუნდიდან ექვს–ექვსი მოთამაშე დარჩა და მატჩიც დაიწყო.

კვისტი, ლიდია, ჰარვი და პარმალი "რეინჯერების" სკამის პირდაპირ ისხდნენ. ისინი თამაშს არ უყურებდნენ, ბინოკლმომარჯვებული ჯულიანი კი თვალს არ აშორებდა ჯონს. ის დარბაზში "გარდენის" უნიფორმიანი თანამშრომლის თანხლებით შევიდა, ხელში კი საკვოიაჟი ეჭირა. ჯონი თავის ადგილამდე გვიან მივიდა – გზად მას ბევრი ცნობდა და ზოგიერთები ავტოგრაფსაც სთხოვდნენ, რაზეც უარს ვერ ეუბნებოდა.

ბოლოს, როგორც იქნა, თავის ადგილზე დაჯდა და საკვოიაჟი ფეხებშუა დაიდგა. მისი მზერა მოპირდაპირე ტრიბუნისკენ იყო მიმართული, სადაც სნაიპერი იქნებ უკვე მიზანშიც იღებდა.

პერიოდულად დარბაზს მაყურებელთა ღრიალი გადაუვლიდა, ჩვენს ოთხეულს კი თამაში საერთოდ არ აინტერესებდა და მთელი ყურადღება ჯონზე ჰქონდათ გადატანილი.

პირველი პერიოდი დასრულდა. სენძი თაყვანისმცემლების ალყაში იყო მოქცეული. კვისტი წამოდგა:

– მეტი აღარ შემიძლია. იქით უნდა წავიდე. შესვენების დროს ჯონს არაფერი მოუვა, აი, მერე კი...

– მეც მოვდივარ, – წამოდგა ლიდიაც.

ერთ–ერთი სექტორის გასასვლელში ისინი კრივიჩს შეეჩეხნენ.

– ალბათ ათი წლით დავბერდი, – თქვა ლეიტენანტმა, – უკვე ვნანობ, აქ რომ მოვიყვანე.

– რამე ახალია? – შეეკითხა კვისტი.

– ჩემები ტრიბუნებს უთვალთვალებენ, მაგრამ თოფი არ შეუნიშნავთ.

– მისი დამალვა პალტოშიც შეიძლება.

– ეს მეც ვიფიქრე, – კეფა მოიფხანა კრივიჩმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online