asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შალვა ხაჭაპურიძე: "ჩვენი სარჩელი მთავრდება ასე, რომ არაა გამორიცხული, მესამე მსოფლიო ომი საქართველოდან დაიწყოს"
სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
შალვა ხაჭაპურიძე: "ჩვენი სარჩელი მთავრდება ასე, რომ არაა გამორიცხული, მესამე მსოფლიო ომი საქართველოდან დაიწყოს"

2010-11-11 16:39:19



"ჩვენი საქართველოს" ლიდერმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, თავისი პარტიის სახელით ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს ხელისუფლებას უჩივლა. "გთხოვთ, აღძრათ სამართლებრივი დევნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და დაიწყოთ შესაბამისი პროცედურები", – წერს მოსარჩელე. საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გაივლის ინფორმაციის და ანალიტიკის სამსახურს. მათი დასკვნის საფუძველზე შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს გამოძიებას. გამოითხოვენ სათანადო მასალებს და, თუ საჭირო იქნება, ჩამოვლენ კიდეც. ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში ჰააგის პროკურორი მიმართავს ჰააგის სასამართლოს და მოითხოვს სანქციას ამ თუ იმ სახელმწიფო მოხელის დაპატიმრებაზე. თუ ბრალდებები, რისთვისაც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰააგაში უჩივიან, იქაურმა გამომძიებლებმა სამართლიანად ცნეს, ხელისუფლებას კარგი დღე არ უწერია.

რაც შეეხება პროცედურას, ის ასეთია: იქმნება საგამოძიებო ჯგუფი. მანამდე მასალებს შეისწავლიან ინფორმაციისა და ანალიტიკის სამმართველოებში და ისინი დადებენ დასკვნას, რის საფუძველზეც შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს მასალები. შემდეგ მათი პროკურორი მიმართავს ჰააგის სასამართლოს საგამოძიებო სასამართლოს მოსამართლეს და მოითხოვს სანქციას ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელის დაპატიმრების შესახებ. მისი აღსრულება დაევალება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. თუ ის დავალებას არ აასრულებს, მაშინ განაჩენის სისრულეში მოყვანაზე თავად ჰააგა იზრუნებს.

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სარჩელის განხილვა ანალიტიკის დეპარტამენტში უკვე დაწყებულია და სასამართლოს განაჩენამდე მისვლას დიდი დრო არ სჭირდება, ყოველ შემთხვევაში, წლები – არანაირად. თუ გაერო–ს ხუთი წევრი ქვეყნიდან სამმა მაინც დაადო ვიზა, სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვა მოხდება. შალვა ხაჭაპურიძეს რუსეთმა და საფრანგეთმა უკვე მისცეს ვიზა, რომ სარჩელი საკუთარი ხელით ჩაუტანოს გაერო–ს წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებს. პარალელურად გროვდება ხელმოწერები. სარჩელი 4 თავს შეიცავს და 150 გვერდიანია, 200 გვერდიანი დანართით, ვიდეო და ფოტომასალით.

პირველი თავი შეიცავს მასალებს, თუ რა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანა საქართველოს ხელისუფლებამ ვარდების რევოლუციის შემდეგ კონსტიტუციაში, შრომის კანონმდებლობასა და სისხლის სამართლის კოდექსში, რითაც, შალვა ხაჭაპურიძის აზრით, ორი დანაშაული ჩაიდინა: ერთი – მოახდინა ძალაუფლების უზურპირება და მეორე – მოამზადა საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ "დაემონებინა საქართველოს მოსახლეობა", რაც აკრძალულია, როგორც ევროკონვენციით, ისე საერთაშორისო კანომდებლობით და დასჯადია საერთაშორისო სამართლით.

მეორე ნაწილი შეეხება წამებებს, უკანონო პატიმრებს და იმას, თუ "რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გავიდეს ემიგრაციაში და ვინც დარჩა, მათ არ მიეცეთ ნორმალური ცხოვრების საშუალება", ანუ დარღვეულია სოციალური თანასწორობის პრინციპი. აქვეა განხილული საარჩევნო კოდექსი, რომ არსებული საკანონდებლო ბაზით ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა წარმოუდგენელია. "ამ კანონმდებლობით ხელისუფლებაში ყოველთვის მოვლენ ისინი, ვისაც ხელთ უკავია ბერკეტები, რასაც პარლამენტი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ჰქვია", – ამბობს ხაჭაპურიძე.

მესამე თავი აგვისტოს ომს ეხება. მოსარჩელე ირწმუნება, რომ ყველა მტკიცებულებაა მოყვანილი, თუ როგორ დაიწყო საქართველომ და როგორ ვერ აიცილა პროვოკაციები, როგორ ემზადებოდა ხელისუფლება ომის დასაწყებად და როგორ იყო აგებული ის ერთი ადამიანის ინტერესებზე.

მეოთხე ნაწილი ეხება უცხო ქვეყნების მოქალაქეების მოქმედებას საქართველოში სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, ოღონდ ეს ნაწილი ჰააგის სასამართლოს თხოვნით დახურულია.

სასარჩელო განცხადებაში მოყვანილია ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, რობაქიძის გირგვლიანის მკვლელობები, ასევე საუბარია უკანონო დაპატიმრებებზე, არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე, პენსიებზე. გაკეთებულია შედარებითი ანალიზი სააკაშვილის და ჰიტლერის გამოსვლებს შორის, როგორ ჰგვანან ისინი განცხადებებით, საუბრით, პოლიტიკით. ერთ–ერთი ასეთი ვიდეომასალაა 2005 წელს საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, როცა თქვა, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ხელში აიღო ძალაუფლება და უნდა ვმართოთ ქვეყანა. ანალოგიური გამოსვლა ჰქონდა ჰიტლერს ბუნდესტაგში, როცა ხელისუფლებაში მოვიდა.

ჰააგაში შეტანილი სარჩელის ირგვლივ "სარკე" ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს ესაუბრა.

– ბატონო შალვა, რაში დაგჭირდათ სააკაშვილის და ჰიტლერის შედარებითი ანალიზის გაკეთება?

– იმის საჩვენებლად, რომ სააკაშვილი ისეთივე საშიშია მსოფლიოსთვის და საკუთარი ერისთვის, როგორიც ჰიტლერი იყო. ხელისუფლების სათავეში გვყავს უზურპატორი, რომელიც სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე მიდის. არ აინტერესებს ქვეყანა, ქართველი ერი. მისი მთავარი ინტერესია, რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვოს. უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია ყვავის. ასი კაცი მილიარდებს ჭამს, დანარჩენი შიმშილის ზღვარზეა მისული. ამას ხელს უწყობენ ტელეკომპანიები, სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტები, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ნაცმოძრაობას უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. ამ დროს ის ხალხიც აგინებს, ვინც მათ სამსახურშია.

– ამბობთ, რომ ვარდოსანმა ხელისუფლებამ ხალხი დაამონა. ფიქრობთ, რომ იმავე დასკვნას გააკეთებენ ჰააგაში, როცა თქვენს სარჩელს წაიკითხავენ?

– ვფიქრობ, ასე იქნება. ამ დოკუმენტში იმაზეცაა პასუხი გაცემული, რა გვჭირს და რა არის საშველი. როგორც მივხვდი, მათთვის უკვე ცნობილი იყო, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ევროპის გზა გაგვიწყვიტეს და რაღაც სხვა განზომილებაში გადაგვაგდეს, რომელიც არც ევროპისკენ მიდის, არც ამერიკისკენ და არც რუსეთისკენ, უფრო ირანისკენ მივდივართ. რკინის ფარდა, რომელიც გვეგონა, რომ კომუნისტური რეჟიმის შემდეგ დაინგრა, სინამდვილეში ისევ არსებობს. დემოკრატიის ნიღაბაფარებულმა სააკაშვილმა 2003 წელს ხალხი შეცდომაში შეიყვანა და ხელისფულება ჩაიდგო ხელში, რაშიც ვადანაშაულებ მაშინდელ ხელისუფალს, რადგან ძალიან უსუსურები იყვნენ. სააკაშვილისნაირი პარაზიტები დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთილიყვნენ. ისინი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არიან მიმართული და მათი მიზანია, გაანადგურონ ქვეყანა. ამას კი არავის ვაპატიებთ!

– მეტისმეტად მძიმე ბრალდება ხომ არაა?

– ეს ბრალდება წარდგენილი მაქვს მტკიცებულებით ჰააგის სასამართლოში. წაიკითხეთ და, თუ მძიმეა, მერე მითხარით. სააკაშვილი შადრევანს გამიკეთებს და სასტუმროს ამიშენებს თუ არა, ამით ქართველი ერის არც ინტელექტუალური დონე მატულობს, არც ეკონომიკური და არც რელიგიური. მამა ბასილის ეკლესიას რომ დაეტაკნენ, ჩადით ბელგიაში და თქვით, იეღოველი ვარო, მაშინვე დაგაპატიმრებენ. ბელგია ევროპის სახელმწიფო არაა?! იქ სექტანტური მოძრაობა აკრძალულია. ჩადით ინგლისში და თქვით, არ ვიცი ინგლისური ენა, თქვენი კონსტიტუცია და ისტორია – თუ მოგცემენ მოქალაქეობას. ჩვენთან პასპორტებიდან ეროვნება და მამის სახელი ამოიღეს. ნახეთ საფრანგეთის პასპორტები. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირდაპირ თქვა, გერმანიაში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა უნდა გამოვაცხადოთო. ყველა სახელმწიფო საკუთარი ქვეყნის უშიშროებაზე ზრუნავს და, რაც მთავარია, ადამიანი იქ სოციალურად დაცულად გრძნობს თავს, იმის მიუხედავად, მუშაობს თუ არა. დამისახელეთ ჩვენთან ადამიანი, ვინც დაცულად გრძნობს თავს. სააკაშვილის მინისტრებს გარანტია აქვთ, ხვალ რომ იქიდან გამოაბრძანებენ, პენსია ექნებათ?! თავად მისი გუნდის წევრები ვერ გრძნობენ თავს დაცულად და ამიტომაა უზარმაზარი ელიტური კორუფცია. რაც შეიძლება დიდი ფული უნდა იშოვონ, რომ თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ ბედნიერად იცხოვრონ ევროპაში ან სხვა რომელიმე სახელმწიფოში და ტელევიზიით უყურონ, აქ რა ხდება. ამის ატანა შეუძლებელია! ჩვენ არავის ვლანძღავთ. ვთვლით, რომ დანაშაული ჩაიდინეს და სარჩელი შევიტანეთ. ახლა სასამარლთომ გაარჩიოს მტყუანი და მართალი.

– აგვისტოს ომზე რა მასალები შეიტანეთ?

– იმ ომთან დაკავშირებით სერიოზული კვლევა ჩატარდა. ტალიავინმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თუმცა მისი დასკვნა არ არის სრულყოფილი, მაგრამ გია ყარყარაშვილის, არასამთავრობოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიდან კარგად ჩანს, რომ საქართველო ემზადებოდა ამ ომისთვის. სპეციალურად ატარებდა მილიტარისტულ პოლიტიკას. თავად ნაცმოძრაობა და მისი ლიდერი სისტემატურად ეწეოდნენ ომის რიტორიკას, რაც გარდაუვალ ომს გამოიწვევდა. ჩვენი სარჩელის ბოლო ნაწილი მთავრდება ასე, რომ თუ დროულად არ მიიღებს ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას, არაა გამორიცხული, მესამე მსოფლიო ომი საქართველოდან დაიწყოს. ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებული პოლიტიკა, უვიზო რეჟიმი ირანს, ჩრდილოკავკასიელებს, იმ ფონზე, როცა ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში ჩეჩენი "ბოევიკებისთვის" ხდებოდა ქართული ბანკებიდან ფულის გადაგზავნა და მათ საქართველოში ამზადებდნენ, როცა რუსეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლიათ ატომური წერტილოვანი დარტყმები განახორციელონ ტერორისტების წინაღმდეგ – ეს ნიშნავს, რომ შეიძლება თბილისში ატომური ბომბი ჩამოგვიგდონ. მერე ვდიოთ სააკაშვილს! თვითონ ჩავა ბუნკერში ცოლ–შვილთან ერთად და ჩვენ რითი ვიბრძოლოთ, სააკაშვილის დემაგოგიით?!

– პრეზიდენტმა თქვა, რომ ომის დაწყების დღეებში საზღვარგარეთ იყო გასახდომად წასული. აქედან ეუბნებოდნენ, სიმშვიდეა და ნახევარი თავდაცვის სამინისტრო შვებულებაშიაო. თუ ასე იყო, ომისთვის სამზადისი სად ჩანს?

– ეგ ტაქტიკა კარგად ისწავლა თავისი მასწავლებლისგან, შევარდნაძისგან. როცა რამე მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო, შევარდნაძე დაიხურავდა ქუდს, წავიდოდა და ჩამოვიდოდა გაკვირვებული, უი, რა მოხდაო. რა დასასვენებლად?! წაიკითხავთ სარჩელს და ნახავთ, რა ღონისძიებები აქვთ გატარებული, რა თანხებია ჩადებული იარაღის შესასყიდად, საიდან და როგორ შემოდიოდა. მეტიც, არის ძალიან სერიოზული ფაქტი, რომ ხელისუფლება ომისთვის ემზადებოდა, რომელიც ძალიან კონფიდენციალურია და ჰააგის ტრიბუნალის თხოვნით მას ვერ დავასახელებ. ზუსტად ეს ფაქტი იქნება, ხელისფულებას რომ მოუღებს ბოლოს. კითხვას დავსვამ – გორში რატომ აშენდა ჰოსპიტალი?

– ეგ მაშინვე სადავო საკითხი იყო.

– გასცენ ამას პასუხი და წერტილს დავსვამ. დანარჩენი ჰააგის სარჩელში წერია, რომელიც კონფიდენციალურია და ბრალად აქვს წაყენებული.

– თქმა, რომ საქართველომ ომი დაიწყო, სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

– ნაკლებად მაინტერესებს, გიორგი ბარამიძე და პეტრე ცისკარიშვილი რას იტყვიან შალვა ხაჭაპურიძეზე. ესენი სამშობლოს მოღალატეებს ეძახდნენ ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას. პატრიარქს რას არ ეძახიან. ფაქტებით მელაპარაკონ. სამშობლოს მოღალატე ხარ, როცა შენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიხარ და კანონიერად არ მოქმედებ. დამისახელეთ ერთი კანონი, რომელსაც ეს ხელისუფლება ასრულებს. ამ ყველაფერზე კანონიერად გამცენ პასუხი ჰააგის სასამართლოში. გამართლდებიან? მაშინ, კარგი, ბატონო!

– სარჩელში გვარები მოხსენიებულია?

– გვარები ნაკლებად მაინტერესებს. ეს არის ერთი კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც ავანტურისტული გზით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და გვარები არაფერს ცვლის. ამიტომ შეიქმნა გაერო, ამდენი კანონია მიღებული, რომ ასეთი რეჟიმები აღგავონ პირისაგან მიწისა. ნუ ვაძალებთ ხალხს, გამოდით და თავ–პირი შეამტვრიეთ ამ ხელისუფლებასო. ამისთვის არსებობს კალამი, ფურცელი, კანონი და საერთაშორისო სასამართლო, რომელსაც მივმართეთ.

ნინო მეტრეველი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: შალვა ხაჭაპურიძე
კავშირი ტეგთან: შალვა ხაჭაპურიძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online