asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რას გადაურჩა ირანში რუსა ჩაჩუა
რას გადაურჩა ირანში რუსა ჩაჩუა
რას გადაურჩა ირანში რუსა ჩაჩუა

2010-11-08 17:41:25



ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ახალი მუსიკალური შოუ "ბრავოს" ერთ–ერთი წამყვანი, მომხიბვლელი და ელეგანტური რუსა ჩაჩუა ჟურნალ "გუმბათის" სტუმარია.



– რუსა, როგორ მოხვდით "ბრავოში"?

– კასთინგი გავიარე. არაჩვეულებრივი პედაგოგი მანანა ითონიშვილი მყავდა, რომელმაც სცენაზე ფეხი ამადგმევინა. ბუნებით მორიდებული ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ხალხმრავალ ადგილებში თავი არ გამოვიჩინო, მაგრამ მანანა გვერდზე დამიდგა და ყველანაირად დამეხმარა.

– პირველად არ შეგეშინდათ, ვაითუ, თავი ვერ გაგერთმიათ?

– პირველად მართლაც ძალიან მეშინოდა, მაგრამ საქმე კარგად გამოვიდა, იმედია, შემდეგშიც ასე გაგრძელდება. არ მინდა ხალხს მხოლოდ გარეგნობით მოვწონდე, მინდა, რომ ჩემში ნიჭიერებაც დაინახონ.

– ჯერ ახალი პროექტია, როგორ ფიქრობთ, ჩანაფიქრი გაამართლებს?

– კი, გაამართლებს. იმედია, მომდევნო გადაცემა უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე წინა იყო. ეს სხვანაირი პროექტია და ყველას დაამახსოვრდება.

– კონტრაქტი რამდენი ხნით დაგიდეს?

– კონტრაქტი სამი თვით დამიდეს, მერე ვნახოთ.

– დღეს კიდევ რითი ხართ დაკავებული?

– ჯერჯერობით, არაფრით.

– ოჯახზე, თქვენს მეუღლეზე რას გვეტყვით?

– მასზე საუბარი არ მინდა.

– ერთმანეთი რომ გაიცანით, რა პროფესიის იყო თქვენი მეუღლე?

– ერთმანეთი როცა გავიცანით, მაშინ ის ფეხბურთელი იყო, ახლა ფეხბურთელი აღარ არის.

– რამდენადაც ცნობილია, თქვენ ადრეულ ასაკში შექმენით ოჯახი?

– კი, 17 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი შევქმენი.

– როგორ მოხდა თქვენი გაცნობა?

– საერთოდ, მასზე საუბარს ვერიდები, მაგრამ გეტყვით, რომ ერთმანეთი ამხანაგთან გავიცანით. მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა.

– რამდენი წლით უფროსია ის თქვენზე?

– ის ჩემზე 5 წლით უფროსია.

– დანახვისთანავე მიხვდით, რომ ის თქვენი ცხოვრების მამაკაცი იყო?

– არა, მაგრამ გაცნობიდან ერთ თვეში მივხვდი, რომ მიყვარდა, ექვს თვეში კი ოჯახი შევქმენით. სიყვარული არ აუხსნია, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულად და გამორჩეულად მექცეოდა. გასაოცარ რაღაცეებს მიკეთებდა, სულ თავს მაწონებდა.

– მაგალითად, რას გიკეთებდათ?

– მაგალითად, ყვავილებს კალათებით მჩუქნიდა. სახლში იმდენ ყვავილს მომართმევდა, რომ პანაშვიდი გეგონებოდათ.

– მანამდე თუ გყვარებიათ ვინმე?

– არა, მანამდე შეყვარებული არ მყოლია, ეს იყო პირველი სიყვარული.

– როგორ მოხდა თქვენი შეუღლება?

– ჩვენ გავიპარეთ. ჯერ თბილისში ვიყავით, მერე გერმანიაში წავედით.

– რამდენი ხნით დარჩით გერმანიაში?

– ათ დღეში უკან დავბრუნდით.

– მშობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გათხოვებას?

– ძალიან ცუდად. მშობლები არსად მიშვებდნენ, სულ სახლში ვიყავი ჩაკეტილი, რადგან ასეთ ასაკში ჩემი გათხოვება არ უნდოდათ. ორი უფროსი და მყავს და ისინიც პატარები გათხოვდნენ, ამიტომ მათაც არ უნდოდათ, რომ ასე პატარა გავთხოვილიყავი. მაგრამ ოჯახის წევრებს არ დავუჯერე. რომ გავიპარეთ, ტელეფონი გამოვრთე, ამით მშობლები ყველაფერს მიხვდნენ.

– ოჯახი რომ შექმენით, მერე ჩააბარეთ სამხატვრო აკადემიაში?

– კი. მერე დავამთავრე სამხატვრო აკადემიის ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტი. ბავშვობიდანვე მინდოდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაგრამ მამა ძალიან წინააღმდეგი იყო. ჩემი დები სამხატვრო აკადემიაში სწავლობდნენ და ბავშვობიდანვე მომწონდა ეს სფერო. რადგან უფლება არ მომცეს თეატრალურზე ჩამებარებინა, გადავწყვიტე, დებისთვის მიმებაძა და სამხატვრო აკადემიაში შემეტანა საბუთები.

– თუ გიმუშავიათ თქვენი პროფესიით?

– არა. რაც დიპლომი ავიღე, მას შემდეგ ჩემს სპეციალობასთან შეხება არ მქონია. ახლა, ჩემი მეგობრები ატელიეს გაკეთებას ფიქრობენ და მათ მივეხმარები.

– თქვენი შვილები რამდენი წლისანი არიან?

– უფროსი შვილი თაზო – 9 წლისაა, უმცროსი გოგონა ნადინკა – წლინახევრისაა.

– ნადინკა ვისი სახელია?

– ბებიის. ბებია ძალიან მიყვარდა. დედაჩემის დედა პოლონელი ქალი იყო და მისი სახელი დავარქვი. სულ მინდოდა გოგონა მყოლოდა და მისი სახელი დამერქვა.

– რატომ გადაწყვიტეთ მეორე შვილის ასე გვიან გაჩენა?

– იმიტომ, რომ ყველაფრის ნახვა მომესწრო, გარეთ გავსულიყავი, მეგობრებთან ერთად შემძლებოდა სადმე წასვლა.

– მოდელობა რატომ გადაწყვიტეთ?

– ეს საქმე ძალიან მომწონს. თუმცა, არც ერთ სააგენტოში არ ვყოფილვარ, ჩვენებებში მონაწილეობას მაინც ვიღებდი, უფრო რეკლამებში. გადამიღეს "ვისოლის", "მაგთის" ("მაგთში" სამი წელი ვმუშაობდი), "ნიკორას" რეკლამებში, "პეპსის" რეკლამაში ჩემს შვილთან, თაზოსთან, ერთად გადამიღეს. "თელიანი ველის" რეკლამაში კი საქორწილო კაბაში ვარ გადაღებული.

– პირველად ჩვენებაზე რომ გამოხვედით, რამდენი წლის იყავით?

– პირველად, ჩემი დის მეგობრის ჩვენებაზე რომ გამოვედი, 13 წლის ვიყავი.

– ბავშვეობიდანვე ასეთი ლამაზი იყავით?

– კი. პატარა ვიყავი, ჩემი უფროსი და რომ გათხოვდა და მოსაწვევებზე ჩემი ფოტოები იყო.

– როგორი ბავშვი იყავით?

– ძალიან ცელქი, მაგრამ კეთილი. დებისგან ძალიან გათამამებული ვიყავი. ჩემი უფროსი და ჩემზე 14 წლით დიდია, საშუალო და კი – რვა წლით. თითქმის სულ დების გაზრდილი ვარ. პირველი ნაბიჯები დებმა გადამადგევინეს. ოჯახში ყველანაირად მათამამებდნენ. სკოლაში თუ ვინმე რამეს მაწყენინებდა, ჩემი შუათანა და მთასავით გვერდზე მედგა, ის იყო ჩემი დამცველი.

– როგორი დედა ხართ?

– მკაცრი დედა ვარ, მიყვარს დისციპლინა, სწავლის მხრივ მომთხოვნი ვარ. დიდ ყურადღებას ვუთმობ ჩემი შვილების კვებას. მინდა, რომ ბავშვებმა ნატურალური პროდუქტები მიირთვან. ისე, თაზოს გაზრდაში ჩემი მშობლები და დები დამეხმარნენ.

– დედას რომელი ჰგავს?

– მიუხედავად იმისა, რომ ნადინკა ჯერ პატარაა, მეტად თავისებურია, ცდილობს, თავისი გაიტანოს, ამავე დროს მტკიცე ხასიათი აქვს. თაზოსგან განსხვავებით, უფრო ჯიუტია.

– დედას ჰგავს?

– კი, დედას ჰგავს.

– როგორი მზარეული ხართ?

– ოჯახური ტრადიციის მიხედვით, ჩვენს ოჯახში ყველა ქალი კარგი კულინარია. ქალები ყველაფერს ვაკეთებთ. საჭმელების მომზადებას ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს. როგორც მომზადება მიყვარს, ისე ჭამაც ძალიან მიყვარს. მივირთმევ ყველანაირ სამზარეულოს კერძებს, მაგრამ, ჩემი პროფესიის გამო, ხშირად დიეტაზე ვარ.

– ყველაზე კარგად რომელი კერძი გამოგდით?

– ბავშვობიდან ასეთი ჩვევა მაქვს, თუ ვიცი, რომ ის საქმე არ გამომივა, ხელს არ მოვკიდებ. კერძებთან დაკავშირებით, თითქმის ყველანაირი კერძი გამომდის, მაგრამ ტორტი არასოდეს გამიკეთებია. თუმცა, ნამცხვრები კარგი გამომდის.

– ბავშვობის თვისებებიდან რა გამოგყვათ?

– თითქმის ყველაფერი. მგონი, არც შევცვლილვარ. არასდროს მომსვლია ადამიანთან კონფლიქტი. ბუნებით უბრალო და უშუალო ვარ. ყველაფერზე მეტირება, შემიძლია იმაზე ვიტირო, რაზეც 10 წლის ასაკში ვტიროდი. მეტირება როგორც კარგზე, ასევე ცუდ ამბავზეც. გულისამაჩუყებელი ამბავი რომ მომიყვე, იმაზეც ტირილს დავიწყებ.

– დასვენების დღეებს ვისთან ერთად ატარებთ?

– მეგობრებთან ერთად და ჩემს ოჯახთან ერთად. თუმცა, ყველაზე ძალიან მოგზაურობა მიყვარს.

– რომელი ქვეყნები გაქვთ ნანახი?

– გერმანია, ესპანეთი, ეგვიპტე, ჩეხოსლოვაკია, ირანი. ძალიან მომწონს აზიური ქვეყნები და მათი კულტურა. იმდენად მომწონს ბარსელონა, რომ შემიძლია იქ ვიცხოვრო. ირანშიც დიდხანს ვიყავი, ჩემი მეუღლე იქ თამაშობდა ფეხბურთს და რვა თვე შვილთან ერთად თეირანში ვცხოვრობდი.

– როდესაც უცხოეთში ხართ, სად დადიხართ?

– ვცდილობ, ყველაფერი დავათვალიერო. დავდივარ მუზეუმებში, ვათვალიერებ ქუჩებს, არქიტექტურულ ნიმუშებს. მიყვარს მაღაზიებში სიარულიც, საღამოობით ისეთ რესტორანში ან კლუბში შევდივარ, სადაც ნაკლები ხმაურია. ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს.

– როგორ შეეგუეთ ირანში ცხოვრებას?

– კარგად. ირანში ყოფნის დროს დამოუკიდებლობას მივეჩვიე. ჩვენთან ხშირად იყო სტუმრიანობა, ამიტომ ყველაფერს თავად ვაკეთებდი, განსაკუთრებით ქართულ კერძებს ვამზადებდი. ირანში უცხოელები ძალიან უყვართ, მაგრამ როგორც აქ იქცევი, იქ ისე ვერ მოიქცევი. ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია.

– რა მოგეწონათ და რა არა ირანში?

– თეირანში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ერთ თვეში ყველა გვიცნობდა. ძალიან დიდ პატივს სცემენ ხელოვან, სპორტსმენსა და ცნობილ ადამიანებს. ძალიან მომეწონა სამკაულები. შაჰის მუზეუმებში ისეთი სამკაულები მაქვს ნანახი, რომ ვერც ერთი ქვეყანა დაიკვეხნის. თავად ხალხიც შრომისმოყვარეა, დილის 8 საათზე სამსახურში მიდიოდნენ, ფეხიფეხზე გადადებული არავინ იყო. ირანში დედას ძალიან დიდი ძალა აქვს. ოჯახში რამდენი მამაკაციც უნდა იყოს, ყველა დედას ემორჩილება. დედის სიტყვას წინ ვერ წაუვლენ. თუმცა, ქალისადმი დამოკიდებულება არ მომეწონა. ქმარმა სამჯერ თუ უთხრა ცოლს "წადიო", ცოლი უნდა ადგეს და რაც აცვია, ისე უნდა წავიდეს. ქალს არა აქვს უფლება, სიყვარულზე იმღეროს, თმა არ უნდა უჩანდეს, კაბა იმ სიგრძე უნდა ეცვას, ფეხის კოჭი არ უნდა უჩანდეს. მეც, შეძლებისდაგვარად, ვიცავდი მათ წესებს. ქუჩებშიც თავსაბურავით დავდიოდი. ერთხელ, ისე მოხდა, რომ კაფეში აწეული თმა ჩამომიცურდა, ისეთი ამბავი ატყდა, იქაური რომ ვყოფილიყავი, ცოცხალი ვარ გადავრჩებოდი.

ლია ოსაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რუსა ჩაჩუა
კავშირი ტეგთან: რუსა ჩაჩუა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online