asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კახა არჩვაძე – ქურდული ტრადიციების ერთგული
ქურდული ტრადიციების ერთგული
კახა არჩვაძე – ქურდული ტრადიციების ერთგული

2010-11-03 11:08:52



დათო ტაშკენტსკის შემდეგ, კახა არჩვაძე (მეტსახელები კახა, კახა კოსიჩი და ა.შ.) კრიმინალური სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე კოლორიტული წარმომადგენელია. ქურდად ის 1997 წელს კრასნოდარში აკურთხეს. ამ დროისათვის კახას უკვე კარგად იცნობდნენ როგორც ქართულ, ისე რუსულ "შავ სამყაროში".



– კახამ შექმნა სრულყოფილი კრიმინალური კორპორაცია, – წერს გაზეთი "სეგოდნია", – მათი სპეციალობაა ძარცვა, ქურდობა, სასტუმროებისა და სათამაშო ბიზნესის კონტროლი. კორპორაციის საცეცები მოიცავდნენ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინასა და ბელორუსიას.

კახაბერ ჯუმბერის ძე არჩვაძე დაიბადა 1962 წელს, თბილისში. მის კრიმინალურ კარიერაში უამრავი საინტერესო ეპიზოდია.

დუხარიკი

– შენ, ეი, ბრაგინ!

– რა იყო?

– აქ მოდი!

დაბალი, ჩასუქებული ბრაგინი ლამის სირბილით გაიქცა ვიტკა–კოსოისაკენ, რომელსაც ფეხები ფართოდ გაეჩაჩხა და თითის ქნევით უხმობდა:

– გისმენთ.

– ბიჭო, რომ წააგე, არ უნდა მომცე?

– ეხლა არა მაქვს, ხვალ ან ზეგ...

– შენ რა, ჩემი გადაგდება მოინდომე? – და ვიტკამ გამეტებით გასცხო სახეში.

ბრაგინი დაეცა. ვიტკამ წაქცეულს გამეტებით დაუშინა წიხლები:

– შე ძაღლის ლეკვო, მე შენ გიჩვენებ!

– ვიტკა, შეეშვი, – გაისმა ამ დროს ვიღაცის ხმა.

ვიტკამ თავი ასწია. პატიმრების ჯგუფს კავკასიური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი გამოეყო.

– შეეშვი.

– შენ ვინა ხარ და რა გინდა, – ვიტკას ხმაში გაოცება ისმოდა.

– ვინა ვარ და კახა ვარ.

– დიდი ვინმეც ყოფილხარ, – ვიტკამ გადაიხარხარა, – შენ რაო "კალბასკა" ხომ არ მოგინდა?! – და კახას ხელი ჰკრა.

ქართველი ამას ეტყობა მოელოდა, რადგანაც ვიტკას ხელი მარჯვედ დაიჭირა, გადაუგრიხა, შემდეგ კი ფერდში ჩასცხო.

– ოჰ, შენი, – ამოიგმინა ვიტკამ და დაეცა.

ერთ წამს სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ ვიღაცამ დაიყვირა:

– ვიტკას სცემენ! ძმებო, ვიტკას სცემენ!

ეს ეგორკა–პიტერსკი გახლდათ. ის, ვასკა გუბანი და ვიტკა ძმაკაცები იყვნენ, ზონაში მათ "შაკალებს" ეძახდნენ, რადგანაც ყველაფერი აკლებული ჰქონდათ, განსაკუთრებით კი ახალბედებისა და სამეურნეო დანაშაულისათვის გასამართლებულთა (ხოზიასტვენიკები) დაჩაგვრა უყვარდათ.

– ვიტკას სცემენ! შენ ვის დაარტყი, შენი...

ახმახი ეგორკა ველური ღრიალით გაექანა კახასაკენ, ეს უკანასკნელი მარდად გახტა გვერდზე. წამიც და ეგორკა თავისი "კორეშის" გვერდით ეგდო. ამ დროს კახას ზურგში მაგრად მოხვდა წიხლი.

– ესეც შენ, შე შავტრაკა!

კახა დაეცა. ვასკა გუბანი ზედ დაახტა და დახრჩობა დაუწყო. კახამ ბრმად მოიქნია მუშტები. გუბანს ეს როგორც ჩანს არ აშფოთებდა, რადგანაც ხელებს მაგრად უჭერდა ყელში და მის თავს მაგრად ურტყამდა მიწას:

– მიგახრჩობ, შენი დედა!

კახამ მთელი ძალ–ღონე მოიკრიბა, მუხლი მოღუნა და გუბანი მთელი ძალით განზე ისროლა.

– ოოჰ! შენი დედა! – დაიღრიალა გუბანმა.

ის მთელი ტანის სიმძიმით დაენარცხა მიწაზე. შემდეგ მძიმედ, ხვნეშით წამოდგა. კახა უმალ ეცა და მთელი ძალით თხლიშა მუშტი სახეში.

– ოი...

გუბანი აზმუვლდა და დაეცა. ამ დროს ვიღაცის ხმა გაისმა:

– აბა მორჩით! გესმით?! მორჩით–მეთქი.

კახამ მოიხედა. შუახანს მიტანებული პატიმარი მას მიუახლოვდა. ეს რეზო გახლდათ, პატიმრები უმალ გაჩუმდნენ. რეზო კახასთან მივიდა:

– ქართველი ხარ? – შეეკითხა ქართულად.

– დიახ, – ქართულადვე მიუგო კახამ.

– დუხარიკი ყოფილხარ, – რეზომ მეგობრულად გაუღიმა.

პატიმრები უმალ მიხვდნენ, რომ რეზომ კახას მხარე დაიჭირა. მაშასადამე, საძულველ "შაკალებთან" ანგარიშგასწორების დრო დადგა. ვიღაცამ დაიყვირა:

– დასცხე "შაკალებს".

– არა! – მბრძანებლურად წარმოთქვა რეზომ, – თავისი უკვე მიიღეს, მორჩა ბაზარი!

უმალ სიჩუმე ჩამოვარდა. რეზოს სიტყვა აქ კანონი იყო.

ქურდული უნივერსიტეტები

ამ ჩხუბის შემდეგ, კახა კარცერში მოათავსეს. როდესაც გამოუშვეს, ის რეზომ დაიბარა და დიდხანს ესაუბრა. ამრიგად, კახა და რეზო დამეგობრდნენ. რეზო, რომელიც კანონიერი ქურდი იყო, უმალ შეუდგა კახას "განსწავლას".

– რატომ დამიძახე დუხარიკი? – შეეკითხა კახა.

– იმიტომ, რომ დუხი გაქვს. იცი, თვალს გადევნებდი, როგორც კი ზონაში მოგიყვანეს, თვალს გადევნებდი.

– რატომ?

– აბა, რა გითხრა. ნედლი მასალა ხარ. მაინტერესებდა, შეიძლება თუ არა შენგან "კაცი" დადგეს. მითხარი, იმ "შაკალებს" რას გაეჭიმე?

– არ მევასება, როდესაც ასე იქცევიან.

– როგორ ასე?

– პირუტყვებივით. ადამიანებს მათ ვერ ვუწოდებ.

– ბრაგინი, შენი აზრით, ადამიანია?

– რა შუაშია აქ ბრაგინი?

– იმაში, რომ, როდესაც საქმე–საქმეზე მიდგა, ჩაგიშვა, განაცხადა, არაფერ შუაში ვარ, მათ კი, კინაღამ ერთმანეთი დახოცესო.

– ბოზი ყოფილა.

– შემდეგისათვის იცოდე, ვის უნდა გამოესარჩლო.

– რატომ თავიდანვე არ მითხარი?

– მაინტერესებდა, ნაღდ "ბოიში" როგორი იყავი.

– და როგორი ვარ?

– დუხი გაქვს, რაც მართალია, მართალია.

– მეტი არაფერი?

– აბა, რა გითხრა. ჯერჯერობით მხოლოდ "ბაკლანი" ხარ.

კახა შეიშმუშნა. "ბაკლანი" ეს ხულიგანს ნიშნავს და კრიმინალურ სამყაროში უმდაბლეს საფეხურზე დგას. რეზოს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ცხვირ–პირს დაუმტვრევდა. რეზო კი მისთვის შეურყეველი ავტორიტეტი იყო.

– დაიხსომე, კახა, არსებობს საფეხურები, რომლებიც უნდა გაიარო, ყველგან ასეა.

რეზოს ლექციებს კახა უდიდესი ინტერესით უსმენდა. მისთვის ეს ნამდვილი უნივერსიტეტი იყო.

– დაიხსომე, კანონიერი ქურდი ეს უმაღლესი ავტორიტეტია, რომელმაც "კურთხევის" მთელი პროცედურა გაიარა.

– კურთხევა როგორღა ხდება? – დაინტერესდა კახა.

– ამას მინიმუმ ორი კანონიერი ქურდი მაინც უნდა ესწრებოდეს. ეწყობა ჩვეულებრივი გასაუბრება, რომლის დროსაც ირკვევა, რით გამოიჩინა თავი "კანდიდატმა", იმსახურებს თუ არა ის კანონიერი ქურდის წოდებას.

– რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს?

– რამდენად ერთგულად იცავს ქურდულ ტრადიციებს, თავი რით გამოიჩინა, როგორია "რაზბორკებისას", რამდენად შეუძლია თავის გარშემო კარგი ხალხის დარაზმვა, რა სახელი აქვს და ა.შ. თუმცა, მთავარია "შეკრული" ხომ არაა და სახელმწიფო სტრუქტურებში ხომ არ მუშაობდა.

– სულ ესაა?

– ამის შემდეგ მან ერთგულების ფიცი რომ წარმოთქვას. შემდეგ მიიღებს მეტსახელს და უმავთულო ტელეგრაფით მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება ცნობა, ესა და ეს პიროვნება ქურდად აკურთხესო.

რეზომ დაწვრილებით აუხსნა, თუ რით გამოირჩევა კანონიერი ქურდის ცხოვრება:

1. კანონიერი ქურდი ცხოვრობს საზოგადოებრივი ინტერესის მიღმა, მას არ აკავშირებს საზოგადოებასთან არავითარი ვალდებულებები, არ მონაწილეობს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში;

2. კანონიერი ქურდი არ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა რეჟიმია ქვეყანაში;

3. კანონიერი ქურდი ყველაფერს სხვისი ხელით აკეთებს. საამისოდ მას ჰყავს შესაბამისი კონტინგენტი;

4. კანონიერი ქურდი საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკას სწრაფად იცვლის;

5. ქურდული კანონების დამრღვევთ კანონიერი ქურდი სასტიკად უსწორდება;

6. თავად კანონიერ ქურდებს შორის ურთიერთობაში უნდა სუფევდეს ურთიერთგაგება და პატიოსნება;

7. ხალხის თვალში კანონიერმა ქურდმა უნდა მოახდინოს თავისი სიმამაცისა და დაუნდობლობის დემონსტრირება. ყველამ უნდა იცოდეს: ვინც ქურდს შეურაცხყოფას მიაყენებს ან ფიზიკურად შეეხება, სასტიკად დაისჯება. ხალხს ქურდების უნდა ეშინოდეს, თან პატივსაც სცემდეს. კანონიერ ქურდს, რომელიც სილაჩრეს ან სულმოკლეობას გამოიჩენს, თავისი უფლებამისილებანი ჩამოერთმევა;

8. კანონიერმა ქურდმა თავისი ყოველი ნაბიჯი უნდა გაზომოს, რადგანაც გარე სამყაროსთან მუდმივ კონფლიქტში იმყოფება;

9. კანონიერ ქურდს არა აქვს უფლება, ჰყავდეს ოჯახი და ჰქონდეს საკუთრება.

ნარკოტიკი – ერთადერთი ნუგეში რეზოს "უნივერსიტეტებმა" კახაზე წარუშლელი კვალი დატოვეს. ამიერიდან ის პროფესიონალი დამნაშავე გახდა.

კახა იერარქიულ კიბეზე სწრაფად ადიოდა. რეზოს წყალობით, მან სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი კრიმინალური სამყაროს ელიტაში. კახა "მუშაობდა" როგორც საქართველოში, ისე რუსეთშიც.

– ამ დროს მან უამრავი მტერი და უამრავი მეგობარიც შეიძინა, – წერს "სეგოდნია".

კახას მეგობრებს შორის, ლეგენდარული დათიკო ციხელაშვილი (დათო ტაშკენტსკი) იყო. მასთან კახა გულახდილი იყო. განსაკუთრებით კი ის აშფოთებდა, როდესაც "ქურდული ტრადიციები" ირღვეოდა.

– რატომ ხდება ასე? რატომ?

კახა ხედავდა, რომ სინამდვილეში კანონიერ ქურდებს ცოლ–შვილიც ჰყავდათ და ფუფუნებაშიც ცხოვრობდნენ. ისინი, ვინც ცდილობდა ასე თუ ისე მაინც დაეცვა "ტრადიციები", ერთეულები იყვნენ. ასეთები, როგორც წესი, დიდხანს არ ცოცხლობდნენ. მათ ან საკანში გაგუდულს პოულობდნენ, ან უეცრად მანქანა დაეჯახებოდათ ხოლმე. კრიმინალური სამყაროს ელიტას მკაცრად აკონტროლებდნენ როგორც სუკი, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ნებისმიერი ქურდის ზეობას ბოლოს და ბოლოს ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. მას ან საკუთარი ძმაკაცები ბოლოს მოუღებდნენ, ან ნაადრევად დაბერებულს ავადმყოფობაში აღმოხდებოდა სული. ამის შესახებ კახა ციხელაშვილთან გულახდილად საუბრობდა:

– მაშ, ჩვენს ქვეყანაში კანონი არ არსებობს?

– არა! აქ ჯუნგლია, – პასუხობდა ციხელაშვილი, – ჩვენში მხოლოდ ძლიერებს, ულმობლებსა და შეუბრალებლებს აქვთ არსებობის უფლება.

– მე ამას ვხედავ, – პასუხობდა კახა, – და ფხიზელი თვალით ამის მშვიდად ცქერა არ შემიძლია.

ნუგეში ერთადერთი გახლდათ – ნარკოტიკი. კახაცა და ციხელაშვილიც მას უზომო ოდენობით ნთქავდნენ. როდესაც ციხელაშვილი გარდაიცვალა და კახა მოსკოვში თავის ძმაკაცთან გამოსამშვიდობებლად ჩავიდა, ის მილიციამ დააკავა. კახა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ასე ერ შეიძლება!

კახამ გაიარა "ზონის" უსასტიკესი სკოლა, ამიტომ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ბოროტებაა. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ის დიდხანს ესაუბრებოდა დისიდენტებს. როდესაც ლატვიელმა გუნარ ასტრამ შესთავაზა, შემოგვიერთდიო, უარის ნიშნად თავი გააქნია:

– არა, არ შეიძლება, მე ქურდულს ვაწვები!

სსრკ–ს დაშლას კახა სიხარულით შეხვდა, თუმცა, ერთი რამ აშფოთებდა: სახელმწიფო სტრუქტურტების მოშლამ შესაძლოა ბევრ კრიმინალში გააღვივოს პოლიტიკაში მოსვლის ცდუნება. ქურდული სამყარო ეს ორგანიზებული ძალაა და შექმნილი ქაოსის პირობებში ხელისუფლებაში მოსვლა მართლაც შესაძლებელია. კახა ამისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო:

– არა, ასე არ შეიძლება! ბოლოს და ბოლოს რაღაც წესი ხომ უნდა დავიცვათ!

ის ზიზღით უყურებდა იმ თავის კოლეგებს, რომლებიც მდიდრულ ვილებში დამკვიდრდნენ, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირი გააბეს, რომელთაც სამთავრობო დაცვა იცავდა და ა.შ.

– არა, ეს სრული დეგრადაციაა! სრული!

თავად ძველი ცხოვრებით ცხოვრობდა. პოლიტიკაში არ ერეოდა, კმაყოფილდებოდა იმით, რომ კრიმინალურ სამყაროში თავისი გავლენა ჰქონდა. ესაა ოღონდ, რომ ნარკოტიკებს კვლავაც უზომოდ ეტანებოდა.

– ამ ცხოვრებას ფხიზელი ვერ ვუყრებ, ვერა!

გლებ იაკუნინმა კახას გულახდილად განუცხადა:

– იცი, შენ წესიერი კაცი ხარ.

– რაო? – კახამ გაოცებისაგან წარბები ასწია.

– შენ ცდილობ, თამაშის წესები დაიცვა, თუნდაც ეს ქურდული წესი იყოს. დღეს ამას აღარავინ ცდილობს, დღეს ყველაფერია მოსული.

– მართალია, – კვერი დაუკრა კახამ, – დღეს პოლიტიკოსი, "ძაღლი" თუ ქურდი ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდებიან. უწინ გარეგნულ მარკას მაინც იჭერდნენ, მაგრამ ახლა...

კახა არჩვაძის სიცოცხლე 2007 წელს მოსკოვში დასრულდა.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online