asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა ვლადიმერი: "სასულიერო პირს ოჯახიდან დიდი ხელშეწყობა სჭირდება"
"სასულიერო პირს ოჯახიდან დიდი ხელშეწყობა სჭირდება"
მამა ვლადიმერი: "სასულიერო პირს ოჯახიდან დიდი ხელშეწყობა სჭირდება"

2010-11-03 11:08:52



ის ძალიან ახალგაზრდაა. ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც მღვდლის ჯვარი იტვირთა. ცდილობს, პირნათლად შეასრულოს ღვთისგან დაკისრებული მისია. უკვე ჰყავს მადლიერი მრევლი. საუბარშიც ჩანს, ღვთისმსახურებისადმი მისი გულითადი დამოკიდებულება. მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე, წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარია. ინტერვიუც იქვე, ეკლესიის ეზოში ჩავწერეთ.



მამა ვლადიმერი:

– ეკლესიური გარემო ჩემი ცხოვრების თანმდევი გახლდათ. მორწმუნე ოჯახში გავიზარდე. შეიძლება ითქვას, ამ ტაძრის კედლებში ავიდგი ფეხი. აქ, 15 წლის განმავლობაში – სტიქაროსანად, 10 წელი კი მედავითნედ ვმსახურობდი. ბებია, 30–იან წლებში, ჯერ კიდევ ეკლესიის დევნის პერიოდში, ყოველ კვირას დადიოდა ტაძარში და აღსარებას ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა ყოველთვის თანამდებობის პირი იყო, მისი მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია. ჩემი წინაპრები, მამის ბებიის მამა და ბიძა სასულიერო პირები იყვნენ. რაჭაში მსახურობდნენ მღვდლები: იოსებ და ვიქტორ ბოჭორიშვილები.

– როდის მიხვდით, რომ თქვენი ცხოვრების ჯვარიც ღვთისმსახურებას უკავშირდებოდა?

– მომავალი გზის არჩევასთან დაკავშირებით, ჩემში ორჭოფობა არასოდეს ყოფილა. შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამ გზით უნდა მევლო და მეცხოვრა. თითქოს, ჩემთვის ეს ბუნებრივი იყო. ვიცოდი, ვინც უნდა ვყოფილიყავი. სხვა რამეზე არასოდეს მიფიქრია. ამბობენ, რომ კარგად გამომდიოდა სკოლაში დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობა. მეუბნებოდნენ, კარგი არტისტი გამოხვალო, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით არასდროს მიფიქრია. თუმცა, თეატრალური ხელოვნება დღემდე მხიბლავს. შემდეგ სწავლაში მშობლებისგანაც ხელშეწყობა მქონდა, რომ სასულიერო პირი გავმხდარიყავი.

– განსხვავებული ბავშვი იყავით?

– ჩვეულებრივი, სხვისგან არაფრით განვსხვავდებოდი. უბრალოდ, ჩემთვის, ეკლესიური გარემო იყო ყოველთვის მშობლიური. ალბათ, ბუნებით ვიყავი ასეთი და არა რაღაცით ვიღაცისგან გამორჩეული. ამბობენ, არასოდეს ვყოფილვარ ნივთებზე მიჯაჭვული. სკოლა ფრიადებზე დავამთავრე, თამაშიც მიყვარდა, სპორტზეც დავდიოდი, ფეხბურთი მაინტერესებდა. ერთხელ, სკოლაში, მასწავლებელმა რაღაც თემის დაწერა დაგვავალა, და მახსოვს, დავწერე: გრიგოლ ხანძთელსა და ადოლფ ჰიტლერს ვგავარ–მეთქი. ეს ჩანაწერი ჩემს მასწავლებელს დღემდე შენახული აქვს. ეს 2 უკიდურესად განსხვავებული ადამიანი რა შესადარებელია, მაგრამ იცით, რით ვგავდი? არც ერთ მათგანს არ უყვარდა ხორცის ჭამა და არც მე.

– სახარება ბავშვობაში წაიკითხეთ?

– 10 წლის ვიყავი, სახარებიდან ამონარიდებს რომ ვკითხულობდი. იმ პერიოდიდან წმიდა წიგნებს ყოველთვის ვკითხულობდი. მიუხედავად იმისა, რომ წაკითხულის უმეტესი ნაწილი არ მესმოდა, ასეთ წიგნებთან ურთიერთობა, მაინც, ყოველთვის მქონდა.

– ვინაიდან თქვენთვის ეკლესიური გარემო ბავშვობიდანვე ახლობელი ყოფილა, ღვთისმსახურების პირველ პერიოდში, ალბათ, არც გაგიჭირდებოდათ.

– პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დიდი ხელშეწყობითა და დამსახურებით მოხდა ის, რომ დღეს მე სასულიერო პირი ვარ. უაღრესად ვემადლიერები მას. დავამთავრე სასულიერო სემინარია და აკადემია. როგორც უკვე აღვნიშნე, 10 წელი ვმედავითნეობდი, ეს ძალიან დამეხმარა, ადვილად გავრკვეულიყავი ღვთისმსახურების წეს–განგებაში. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე მცირე დაბრკოლებები იყო, მაგრამ ისეთ შესანიშნავ გარემოში მომიწია დაიკვნობა, როგორიც თბილისის სიონის საკათედრო ტაძარია. მამა გიორგი ყოველთვის განათლებისა და სულიერად ამაღლებული მდგომარეობისკენ მოგვიწოდებდა. ის დღემდე გვასწავლის. ვმადლობ უფალს და მამა გიორგის, რომ სიონში განვლე დიაკვნობის პერიოდი. იქ დიდი გამოცდილება შევიძინე. დიაკვნად ერთი წელი ვიმსახურე და ამ წლის 24 იანვრიდან უკვე მღვდელი ვარ.

– თქვენი აზრით, სასულიერო პირისთვის რა არის მთავარი – განათლება თუ სათნოებები?

– ასე გაყოფა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, სასულიერო პირი სათნოებებით უნდა გამოირჩეოდეს. ის, უპირველეს ყოვლისა, ღვთისნიერების, სიწმინდის, პატიოსნებისა და საღმრთო მადლისკენ უნდა იყოს მოწოდებული, მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია საღვთისმეტყველო ცოდნა, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ერში მოღვაწეობა. ზოგადად, სასულიერო პირი განათლებული, წიგნიერი უნდა იყოს. მასთან შეიძლება მივიდეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ამიტომ ყველაფერში უნდა ერკვეოდეს. პირველ ყოვლისა კი ღვთისმეტყველებაში, ამის გარეშე წარმოუდგენელია მღვდლის სრულყოფილება.

– რაც მღვდელი გახდით, იმის შემდეგ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა?

– საკმაოდ ვიგრძენი ის სიმძიმე, რაც მღვდლის ჯვარს თან ახლავს. ასევე, აშკარად დავინახე, რომ ეშმაკი არც ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს არ გვპატიობს.

– როგორც მღვდელს, რა მიზანი გაქვთ?

– როგორც ყველა ქრისტიანის, ჩემი მიზანიც, საუკუნო სასუფევლის ღირსყოფაა... და, ასევე, პირნათლად შესრულება უფლის მიერ დაკისრებული მისიისა და მღვდლის დანიშნულებისა. მინდა, ვუწინამძღვრო მრევლს და წავიყვანო იმ მაცხოვნებელი წიაღისკენ, რომელსაც თითოეული ქრისტიანი ასე მოველით. ამაში სუფთა სინდისი მეხმარება.

– სამღვდელო მოღვაწეობაში თქვენი პრინციპი რა არის?

– ჩემი პრინციპია, მაქსიმალურად, ბოლომდე დავიხარჯო.

– მაგალითად, ტაძრიდან სახლში დაბრუნებულისთვის თუ უთხოვიათ რაიმე მსახურების შესრულება, არასდროს დაგზარებიათ?

– მრავალი შემთხვევა ყოფილა ასეთი, როდესაც საღამოს უთხოვიათ სახლის კურთხევა ან სხვა მსახურების შესრულება. შეიძლება დამზარებია, მაგრამ უარი არასდროს მითქვამს.

– ისეთი შემთხვევა თუ ყოფილა, როდესაც მრევლის რაიმე შეკითხვაზე პასუხი მაშინვე არ გქონიათ?

– რა თქმა უნდა, ყოფილა. მრავალი რამ მიკითხავს ჩემი მოძღვრისთვის, სხვა გამოცდილი სასულიერო პირებისთვის, რომელთაც ვიცნობ და მათი რჩევით, შემდეგ იმ ადამიანებამდე მიმიტანია ის, რაც მათ აინტერესებთ.

– თქვენი დაკვირვებით, ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანები რამდენად ერკვევიან სარწმუნოებრივ საკითხებში?

– რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, აღვნიშნავ, რომ დღეს, ქრისტიანთა უმრავლესობა მართლმადიდებლური სარწმუნოების ანბანურ ჭეშმარიტებაში ვერ ერკვევა. ჩემში ყველაზე დიდ გაღიზიანებას იწვევს ის, რომ მრევლის წევრებმა, ხშირ შემთხვევაში, არ იციან, თუ რა აღმსარებლობის მიმდევარნი არიან. ქრისტიანებმა უნდა იცოდნენ, რა სწამთ და მხოლოდ პირჯვრის გამოსახვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მაგრამ ეს მათი ბრალიც არ არის. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის უღელქვეშ გამოვლილმა ორსაუკუნოვანმა ეპოქამ, ძალიან დიდი დაღი დაასვა ქართველი ხალხის ცნობიერებას. უფლის მადლით, ჩვენი პატრიარქისა და სამღვდელოების დიდი ღვაწლით, მრევლი, ნელ–ნელა, როგორც სულიერად, ისე ინტელექტუალურადაც იზრდება, ვითარდება და იმედი გვაქვს, მივაღწევთ იმ სიმაღლეს, რომლითაც ოდესღაც ვიქადდით ქართველები.

– ასეთი ადამიანების დამოძღვრა რთულია?

– ეკლესიის წიაღში ყველა კატეგორიის ადამიანია. არიან ისეთები, ვინც გაგებით ეკიდება იმას, რასაც ურჩევ და ასწავლი, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც შედარებით გაჭირვებით მოიდრიკებიან. ჩვენთვის ყველა შვილი ერთნაირად მისაღები და საყვარელია. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ იმ რთულად საურთიერთობო ადამიანებთანაც გამოვნახოთ საერთო ენა და დავანახოთ მათ, თუ რა არის ჭეშმარიტი ცხოვრების არსი, ადამიანის ამქვეყნად არსებობის მიზანი.

– მრევლთან როგორი მიმართება სჯობია – მკაცრი თუ შედარებით ლმობიერი?

– თუ გადავხედავთ ჩვენი ეკლესიის წარსულს, დავინახავთ, რომ სითბომ და სიყვარულმა უფრო მეტი გააკეთა, რის მაგალითიც ჩვენი პატრიარქი გახლავთ. უწმინდესმა უდიდესი სიყვარულით, მოთმინებითა და თავშეკავებით შეძლო ის, რითაც მრავალი, თუნდაც დიდი პიროვნება ვერ დაიქადნის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ერი ფეხზე დააყენა. უდიდესი გულმოწყალებითა და სულგრძელებით მრავალი ძე შეცდომილი მოაქცია. ჩვენც მაგალითს მისგან ვიღებთ.

– თქვენი აზრით, თანამედროვე ეპოქის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რა არის?

– ჩემი აზრით, ერში ცნობიერება შეიცვალა. ადრე რაც ცოდვად და სირცხვილად ითვლებოდა, მას ყველა მალავდა. ახლა, საკუთარ თავში ცოდვის მატარებელმა საზოგადოებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ცოდვას ნორმად ამკვიდრებს. ცოდვა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მას თავისი სახელი ერქვა, რაც სამარცხვინო იყო, სამარცხვინოდ ითვლებოდა. დღეს, ეროვნულ ფასეულობებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და ქრისტიანული ზნეობის სიწმინდეს, სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი არაპროგრესულად აღიქვამს და ის ნაწილიც კი, ვინც ამ ყველაფრით შეიარაღებულნი ვართ, რაღაცნაირად, გულგრილნი გავხდით ამ ყოველივეს მიმართ. საკმაოდ გვიჭირს ქართველ ერს, თუმცა, ვსასოებთ ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

– მამა ვლადიმერ, ისევ თქვენზე მინდა გკითხოთ, ერისკაცობიდან თუ გამოგყვათ რაიმე თვისება?

– ერისკაცობიდან ძალიან ბევრი რამ გამომყვა. სპორტი მიყვარს ძალიან და თამაშებისთვისაც მიდევნებია თვალი. სასულიერო პირისთვის ეს ყველაფერი ზედმეტია. ჩვენ ამის დრო არ უნდა გვქონდეს და რეალურად, არც გვაქვს. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, ნელ–ნელა ეს ბარიერი გადავლახო, ამ მხრივ, ჩემი თავი შევზღუდო და რაც შეიძლება მეტი დრო სულიერებასა და წიგნიერებას დავუთმო. მე თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი გახლავართ, ოჯახიც მყავს და ყოფითი თვალსაზრისით იმდენი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, რომ ფაქტობრივად, პირადი გატაცებისთვის აღარც გვცალია.

– ოჯახიც გაგვაცანით, მამაო.

– მყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.

– სამღვდელო მისიის შესრულებაში მეუღლე გეხმარებათ?

– ჩემი დაკვირვებით, ღვთისმსახურის ნახევარ ჯვარს, მაინც მღვდლის მეუღლე საკუთარ თავზე იღებს. სასულიერო პირებს ისეთი ცხოვრება გვაქვს, ფაქტობრივად, გადადებულნი უნდა ვიყოთ ღვთისა და ხალხის მსახურებისთვის. ეს ყველაფერი მღვდლის მეუღლეზე ჰპოვებს ასახვას. თუ გვსურს, რომ საკუთარი მოვალეობა პირნათლად შევასრულოთ, ოჯახიდან ძალიან დიდი ხელშეწყობა უნდა გვქონდეს. მე დიდად მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის. შემეწევა და ძალიან ღირსეულადაც. მან თავიდანვე იცოდა, რომ მე სასულიერო პირობა მინდოდა.

– თქვენ, მოკლე თმასა და წვერს ატარებთ. გრძელი წვერი არ არის მღვდლისთვის სავალდებულო?

– სასულიერი პირის მიერ მოშვებული წვერის ტარება აღმოსავლეთის ეკლესიის ტრადიციაა, მაგრამ არა – სავალდებულო. დასავლეთის ეკლესიაში არსებული ტრადიციით კი, იქაური ღვთისმსახურები საერთოდ არ ატარებენ წვერს. განდეგილი მამები, რომლებიც ძალიან გრძელი წვერითა და თმით იყვნენ და, ალბათ, არიან კიდეც, სოფელს განეშორებოდნენ, მათ საერთოდ არაფრის დრო არ ჰქონდათ, მით უმეტეს, ისინი განრიდებულნი იყვნენ ყოველგვარ მიწიერ მზრუნველობას. ჩვენ კი ერში გვიხდება ყოფნა და, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, ასე სჯობია, ვატარებ მოკლე თმასა და წვერს. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ განვიკითხავ არც ერთ ჩემს ძმას, ვისაც გრძელი წვერი და თმა აქვს. ეს მათი არჩევანია, რასაც ბუნებრივია, მივესალმები.

– ქორწინების ბეჭედი თქვენი სისუსტეა თუ სასულიერო პირს ამის ტარება არ ეკრძალება?

– როდესაც სიონის საკათედრო ტაძარში ვმსახურობდი, ერთ–ერთმა სასულიერო პირმა, ამაზე შენიშვნა მომცა და მამათა კვალდაკვალ, ძალიან კარგი ახსნაც მოუპოვა იმას, თუ რატომ არ უნდა ეკეთოს სასულიერო პირს ბეჭედი. ეს პირადად ჩემი სურვილია, შესაძლებელია სისუსტეც არის. თუკი მღვდელმთავარი მეტყვის, რომ მე ბეჭედი არ უნდა ვატარო, ბუნებრივია, უსიტყვოდ დავემორჩილები, რადგან ჩემთვის, როგორც ქრისტიანისა და მღვდლისთვის, ეპისკოპოსის სიტყვა და ლოცვა–კურთხევა არის კანონი. მას ჩემთვის ჯერ არაფერი უთქვამს, შესაძლებელია იმიტომ, რომ არც უნახავს ჩემს ხელზე. არც სულიერ მოძღვარს უთქვამს რამე.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი სურვილი?

– ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, საქართველოს გაერთიანება. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს არ უნდა იყოს მღვდლისთვის მთავარი, მაგრამ ჩემი სურვილი ესაა. მახსოვს, იმ დილას, როდესაც სოხუმი დაეცა, სკოლაში წასვლისას დედამ მითხრა, დღეს საკლასო ოთახიდან არ გამოხვიდე და არ ითამაშო, რადგან სოხუმი დაეცაო. შევასრულე დედის ნათქვამი და იმ დღეს, მართლაც, საკლასო ოთახიდან არ გამოვსულვარ. კარგად მახსოვს, ბავშვები კიდეც მეკითხებოდნენ, რატომო. იმ დღიდან მოყოლებული, შეიძლება, ადრეულ წლებში ამას ვერ ვაცნობიერებდი, სამშობლოს ერთიანობა ჩემი ერთადერთი ყველაზე დიდი ოცნებაა.

– საუბრის დასასრულს, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

– იცხოვრონ სიმართლითა და სიწმინდით.

ეფემია წიკლაური



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online