asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა დავითი: "მთელი სიცოცხლე ბერის კვალობაზე მაქვს გატარებული"
"მთელი სიცოცხლე ბერის კვალობაზე მაქვს გატარებული"
მამა დავითი: "მთელი სიცოცხლე ბერის კვალობაზე მაქვს გატარებული"

2010-11-03 11:08:52



18 ოქტომბერს მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა. მწერლის ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მამა დავითს სახლში ვეწვიეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ. საუბარის ბოლოს მისი მეუღლე, ქალბატონი თამარიც შემოგვიერთდა.
– მამა დავით, რა გარემოებამ გაიძულათ ბერად შედგომა?
– ქართველი ერის წარსულში ადამიანები, რომლებიც ვეღარ უძლებდნენ თავის სინამდვილეში ცხოვრებას, მონასტერს მიაშურებდნენ. ბერად აღვიკვეცე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარემოსთან არსებული საკუთარი წინააღმდეგობების გამწვავებამ მირჩია, რწმენასა და მართლმადიდებლობას შევკედლებოდი. აღნიშნული წინააღმდეგობები გამოიწვია საქართველოში სრულიად გაუგებარმა ვითარებამ. ვერაფერი გავუგე, ვის რა სურს, გარდა იმისა, რომ ყოველი ე. წ. პარტიის ლიდერს პირველკაცობა, ერის ხელმძღვანელობა სწყურია. მთავრობა და ერის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით ავლენს თავის უნიჭობასა და ეროვნული მიზნების წრეში სრულ გაუგებრობას. მოკლედ მოვჭრი, – ვინ ვის საით მიერეკება, ვერავის გაუგია. ასეთ პირობებში ყოველი მოქალაქე ისე იქცევა, როგორც ნებავს. არც მე მინდა ვიყო გამონაკლისი და ბერად აღვიკვეცე. ბერი დავითი გახლავართ, ყოფილი მზეჭაბუკ ირაკლის ძე ამირეჯიბი.
– სახელი დავითი ვინ დაგარქვათ?
– ბერი დავითი უწმინდესმა და უნეტარესმა მიწოდა და მისი ნაჩუქარი ჯვარიც მამშვენებს. ეს არის ძალიან ლამაზი უძველესი ქართული ჯვარი.
– ცხოვრების მანძილზე რამდენად მორწმუნე ბრძანდებოდით?
– ღმერთი იმ ასაკიდანვე ვიწამე, როდესაც ჩემს თავს პასუხი ვერ გავეცი უმრავლეს კითხვაზე. მაგალითად, რა არის დროთა დინება, როდის დაიწყო სამყაროს, ჩვენი დედამიწისა და საერთოდ სიცოცხლის არსებობის პროცესის დინება, ვის ხელთაა მისი არსებობის განკარგვა. აღარ გავაგრძელებ, ვიწამე ღმერთი მას შემდეგ, როცა დავრწმუნდი, რომ სამყაროს იდუმალებათა ამოხსნა შეუძლებელია ადამიანთა მიერ და ეს მხოლოდ ღმერთს ძალუძს. გარდა ამისა, ღმერთი ვიწამე იმიტომაც, რომ ვერაფერი გავუგე ჩემსა და ჩემი ერის ასავალ–დასავალს. რამ და ვინ მიუზღა ამდენი განსაცდელი და ცოცხლად დარჩენა ქართველ ერს და ჭაბუა ამირეჯიბს. ამის გამგე მხოლოდ ღმერთია და ბერობას მივაშურე.
– მანამდე თუ გიფიქრიათ ბერად შედგომაზე?
– არა. ისე კი, მთელი სიცოცხლე ბერის კვალობაზე მაქვს გატარებული. თუ არ ჩავთვლით, რომ ექვსი შვილის, ათი შვილიშვილისა და ოთხი შვილთაშვილის წინაპარი გახლავართ.
– ბერობის საკითხზე თუ გისაუბრიათ თქვენს მოძღვართან?
– არა, რადგან ბერად კურთხევამდე მოძღვარი არ მყოლია. ასეთად უწმინდესი და უნეტარესი და ქართული მართლმადიდებლობა მიმაჩნდა. ისე კი, მინდა იცოდეს მკითხველმა, რომ ჩემი მოძღვარი, ჭკუის დამრიგებელი და აღსარების მომსმენი ყოველთვის იყო ქართველი ერი, მისი ავ–კარგი და სარწმუნოება.
– ცნობილია, რომ რიტუალი თქვენი ჯანმრთელობის გამო, თქვენს ბინაში ჩატარდა, რომელი სასულიერო პირები მობრძანდნენ რიტუალის აღსასრულებლად?
– ბერად აღკვეცის რიტუალი აღასრულა ბორჯომ–ბაკურიანის ეპისკოპოსმა, მეუფე სერაფიმემ და საგურამოს ილია მართლის სახელობის მონასტრის მოძღვარმა, მამა ტარიელმა. მინდა გითხრათ, რომ მოძღვრად მამა ტარიელი მეყოლება.
– როგორ ფიქრობთ, რისი უფლება გაქვთ და რისი – არა?
– ვფიქრობ და ვალდებულიც ვარ, ისე ვიცხოვრო, როგორი სიცოცხლეც გამიტარებია 89 წლის მანძილზე – შრომაში, ღმერთისა და სარწმუნოების სიყვარულში, გაჭირვებულთა მიმართ მზრუნველობაში და ქართველი ერისთვის წინაპართა მიერ ნაბრძანები თავდადებით მოღვაწეობაში, მისი სინამდვილისა და მომავლის მიმართ.
888
– ქალბატონო თამარ, როდესაც მამა დავითის გადაწყვეტილება გაიგეთ, როგორ შეხვდით ამ ამბავს?
– არაჩვეულებრივი გრძნობა დამეუფლა. ძალიან ამაღლებული განცდაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი ცხოვრება შემოვიდა ოჯახში. ერთმა ჩემა მეგობარმა მითხრა, ხმაც კი შეგეცვალაო.
– არ გაგიკვირდათ მისი არჩევანი?
– რატომ უნდა გამკვირვებოდა, როდესაც მთელი სიცოცხლის მანძილზე, მკერდით წმიდა გიორგის გამოსახულებას ატარებს. ალბათ, მსოფლიოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მკერდზე წმიდა გიორგის გამოსახულება ჰქონდეს. მამა დავითის გადაწყვეტილებით, დიდი პოეტის წინასწარმეტყველებაც ახდა.
– რას გულისხმობთ?
– როდესაც რომანი "დათა თუთაშხია" პირველად დაიბეჭდა, ჩვენმა უძვირფასესმა და ცხონებულმა პოეტმა, მურმან ლებანიძემ ლექსი მიუძღვნა. სადაც უწინასწარეტყველა ბერობა:
"რა წიგნი დაგიწერია,
რა სიკვდილები გიგვრძვნია!
გამხმარო, გაძვალებულო,
მეკობრევ, ბერად შემდგარო!"...
– მკერდზე წმიდა გიორგის გამოსახულება გადასახლების დროს გაიკეთა?
– კი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს მოხდა 1945 წელს, როდესაც იგი გადასახლებაში იმყოფებოდა. მაშინ იგი 21 წლის გახლდათ. მასთან ერთად ბანაკში იმყოფებოდა მხატვარ–მოქანდაკე ლევან ცომაია, რომელმაც მამა დავითის თხოვნით, გაქცევამდე 2–3 დღით ადრე, წმიდა გიორგი ამოუსვირინგა. ეს სვირინგი კი უკვე 75 წლისაა.
– მამა დავით, მაშინ ამის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?
– გაქცევის წინ გავიკეთე, როგორც მფარველი განსაცდელში.
888
– ქალბატონო თამარ, თქვენთვის დილა როგორ იწყება?
– დილით რომ ვდგები, მასთან მივდივარ და ვეუბნები: "მამა დავით, მაკურთხეთ". შვილებიც ასე იქცევიან. დილით პირველ სანთელს მამა დავითი ანთებს.
– სახლში ბერის შესამოსელი რატომ არ აცვია?
– ჯანმრთელობის გამო სახლში ბერის შესამოსელი არ აცვია.
– მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მარხვის შენახვას თუ შეძლებს.
– ჯანმრთელობის გამო კურთხევა აქვს მიღებული და აუციებელი არ არის მარხვის დაცვა.
დამშვიდობებისას მამა დავითმა დალოცა "გუმბათის" რედაქცია, ქართველი ერი და მთლიანად საქართველო.
ლია ოსაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ახალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online