| ქალი და მამაკაცი |

ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ ახლო მომავალში რუსეთმა საქართველოში შეიძლება სპეცოპერაცია ჩაატაროს, რომელსაც მხარს, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიც დაუჭერს. სპეცოპერაციის მიზანი ტერორისტების განადგურებაა, რომლებიც რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიას აფარებენ თავს.
ამ ბრალდებით რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა. თუმცა, ამჯერად საქმე ცოტა უფრო სხვანაირად არის. ცოტა ხნის წინ, ამერიკამ პაკისტანში ბინ ლადენის წინააღმდეგ სპეცოპერაცია განახორციელა. რუსებისთვის კი ბინ ლადენი ამჯერად დოკუ უმაროვი გახლავთ, რომელიც თავს თურმე საქართველოს აფარებს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ უმაროვის განეიტრალებას მხარს ამერიკაც უჭერს. ეს განცხადება 26 მაისს გაკეთდა, როცა ერთმანეთს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები შეხვდნენ.
რუსული სააგენტოების მტკიცებით, აშშ "იმარატ კავკაზის" ლიდერის დოკუ უმაროვის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს 5 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდოს ჰპირდება.
– დღესვე, აშშ უმაროვის "მართლმსაჯულების ხელშეწყობის" ეროვნულ პროგრამაში ჩართვის შესახებ განაცხადებს და მოსკოვის მეტროპოლიტენში, სანკტ–პეტერბურგსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო ხაზსა და "დომოდედოვოს" აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებელი ლიდერის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს 5 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდოს უწესებს, – ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.
ამავე დღეს, რუსულმა გამოცემამ "მოსკოვსკი კომსომოლეცი" გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ უმაროვი თავს კახეთს, კერძოდ კი, ახმეტის რაიონის სოფელ ომალოს აფარებს.
გამოცემას ეს ინფორმაცია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში საკუთარმა წყარომ მიაწოდა.
გამოცემის ინფორმაციით, ცნობილია უმაროვის ზუსტი საცხოვრებელი ადგილიც.
– ეს ადგილი ქართულ ფილმ "მიმინოში" ჩანს, – წერს რუსული გამოცემა.
ფილმ "მიმინოში" ახმეტის რაიონის სოფელი ომალო ჩანს. ახმეტაში ორი ომალოა, ერთი პანკისში მდებარეობს, ხოლო მეორე – მთა–თუშეთში. "მიმინოში" სწორედ თუშეთის ომალო ჩანს. ისე, ამ ფილმში თუშეთის მეორე სოფელი შენაქოც კარგად ჩანს.
რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ კავკასიის იმამმა დისლოკაციის ადგილი სტრატეგიულად სწორად შეარჩია.
– ერთი მხრივ, ქართულ სპეცსამსახურებს გამოადგებათ ტერორისტი–არალეგალი რუსეთიდან; მეორე მხრივ კი, სიტუაცია რუსეთსაც აწყობს. არ არის გამორიცხული, რომ უმაროვი მოლაპარაკებებში შევიდა სპეცსამსახურებთან და მისი ბანდის განადგურება რუსეთ–საქართველოს საზღვარზე მისი გადასვლისთვის აუცილებელი პირობა იყო, – წერს "მოსკოვსკი კომსომოლეცი".
ამასთან, გამოცემა ვარაუდობს, რომ უმაროვმა საკუთარი თანამებრძოლები რუსეთის უშიშროების სამსახურს ჩააბარა, რათა თავად საქართველოში წასულიყო და იქ დივერსანტები მოემზადებინა.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, რუსულ მედიაში მათი უშიშროების სამსახურის უფროსის ალექსანდრე ბოროტნიკოვის განცხადება გავრცელდა. რუსთა მთავარი მსტოვარი ამტკიცებდა, რომ მათ იციან უმაროვის ზუსტი ადგილსამყოფელი.
– ჩვენთვის ცნობილია უმაროვის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის ვატარებთ ყველა აუცილებელ ზომას მის დასაკავებლად, – განაცხადა ბორტნიკოვმა.
მას ზუსტი ადგილსამყოფელი არ დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის თქვა, რომ მათი ნომერ პირველი სამიზნე ჩრდილოეთ კავკასიის ერთ–ერთ რესპუბლიკას აფარებს თავს. ამ ინფორმაციიდან რამდენიმე დღეში კი რუსეთის სპეცსამსახურებმა უმაროვის კვალს საქართველოში, კერძოდ კი, თუშეთში მიაგნეს.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ხელისუფლება. უმაროვის თუშეთში ყოფნის ფაქტს არც იქაური მოსახლეობა ადასტურებს. ისე, უმაროვის მხრიდან ომალოში დასახლება გაუმართლებელი იქნებოდა, რადგანაც ამ სოფელში, ისევე, როგორც მთლიანად თუშეთში, ამ პერიოდში ძალიან ცოტა მოსახლეობა იმყოფება. ამდენად ის და მისი ამალა ყველას თვალში მოხვდებოდა.
რუსულ მედიას თუ დაეჯერება, უმაროვი ახმეტის რაიონში ძალიან მარტივად უნდა გადაადგილდებოდეს. 13 მაისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული სპეცსამსახურების ვარაუდით, დოკუ უმაროვი პანკისის ხეობაში იმალება.
– უმაროვს სამედიცინო დახმარება სჭირდება. ალბათ, მოყინული ფეხები და დიაბეტი თავს შეახსენებდა. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ მარტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს უმაროვი დაიჭრა, პანკისის ხეობაში კი მას მკურნალობენ, – წერდა "კომსომოლსკაია პრავდა" სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ პანკისის ხეობაში სპეციალური ჰოსპიტალი ფუნქციონირებს, სადაც ჩეჩენი ბოევიკები მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიან.
სპეცსამსახურები იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს ჰოსპიტალი ბინ ლადენის ერთ–ერთმა თანაშემწემ ააშენა, რომელიც, რუსული მედიის მტკიცებით, პანკისის ხეობაში 1995 წელს ჩავიდა. ამის შესახებ "გუმბათის" წინა ნომერში ვწერდით.
რუსეთის მხრიდან საქართველო ტერორისტების მფარველობაში არაერთხელ ყოფილა დადანაშაულებული. რუსები იმასაც ამტკიცებენ, თითქოს საქართველოს სამხედრო ბაზებზე მიდის ბოევიკების წვრთნა.
აქამდე ამ ცნობებზე რეაგირებას არც ჩვენები ახდენდნენ და რუსებიც კომენტარებზე შორს არ მიდიოდნენ. ახლა კი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. პრეზიდენტობას, როგორც ამბობენ, ვლადიმერ პუტინიც აპირებს. მას კი საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვა ახასიათებს.
ახლა, მით უმეტეს, თავისუფლად გააკეთებს ამას. ამერიკულმა მხარემ დოკუ უმაროვის თავი 5 მილიონად შეაფასა და რამე რომ იყოს, ამერიკა არც საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას გააპროტესტებს. მათ ხომ ბინ ლადენი პაკისტანის ტერიტორიაზე მოკლეს.
უმაროვი კი რუსების ბინ ლადენია. ახლა, ისინი ამტკიცებენ, რომ მათი ბინი საქართველოშია. კონკრეტულ ადგილსაც ასახელებენ. სპეცოპერაციის ჩატარებას კი მათ არც ჭკუა და არც შესაძლებლობები დაუშლის. ამ შემთხვევაში მათთვის სულ არ ექნება მნიშვნელობა, არის თუ არა უმაროვი საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩეჩენი ბოევიკების განადგურების მიზნით, რუსეთს თუშეთი უკვე რამდენჯერმე აქვს დაბომბილი. საქართველოს ეს მაღალმთიანი კუთხე სწორედ ჩეჩნეთსა და დაღესტანს ესაზღვრება.
რაც შეეხება დოკუ უმაროვს, ის 1964 წლის 13 აპრილს ჩეჩნეთშია დაბადებული. საბრძოლო მოქმედებებში ომის დაწყების დღიდან მონაწილეობს. ის ერთ–ერთი ცნობილი საველე მეთაური გახლავთ.
ასლან მასხადოვის სიკვდილის შემდეგ, მან თავი ჯერ ჩეჩნეთის პრეზიდენტად გამოაცხადა, შემდეგ კი კავკასიის იმამად. მის სახელს მრავალი ტერორისტული აქტი და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი უკავშირდება.
რუსეთის სპეცსამსახურები მას უკვე დიდი ხანია ეძებენ. მარტო ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი სიკვდილის შესახებ 4–ჯერ მოგვაწოდეს ინფორმაცია. თუმცა, ოთხჯერვე ის ცოცხალი აღმოჩნდა. ახლა ის, რუსების მტკიცებით, თავს სოფელ ომალოს აფარებს და მისი თავი ამერიკამ 5 მილიონად შეაფასა.
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით ფრთხილად მოუწევს ყოფნა. რუსეთმა შესაძლოა ჩვენს ტერიტორიაზე რაიმე პროვოკაცია მოაწყოს.
შორენა მარსაგიშვილი

|
დღის სიახლეები
23-05-2012
23-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ვამპირის გული აუქციონზე
ლალი ხელაშვილი: "ექსტრასენსმა ადამიანის განკურნება უნდა შეძლოს"
ამერიკაში ყურანი არ უყვართ
ასტროლოგია და ბავშვები











მოგწონთ თქვენი სახელი?
"ლეიბორისტები" ევროკავშირს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებამ აღვირახსნილი ძალადობა განახორციელა


ჯონ ბასის განცხადება ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე
საქართველომ აზერბაიჯანიზაცია განიცადა
ავთო მარგიანი: ვერ ვსწავლობთ შეცდომებზე
ნიკოლოზ ლალიაშვილი: "ვნანობ, რომ სამხედრო საქმიანობას არ გავყევი"
ნინო ბურჯანაძე: "მარტოც რომ დავრჩე, ამ ხელისუფლებას მაინც ამოვთხრი"
რას გვიმზადებს კურდღლის წელი
რას გვპირდება 2011 წელი
კურდღლის წელი – ლითონის წელი







































































































