asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რას გვპირდება 2011 წელი
რას გვპირდება 2011 წელი
რას გვპირდება 2011 წელი

2010-12-27 15:42:46



"გუმბათი" გთავაზობთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის მიერ მოწოდებულ 2011 წლის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის:



ვერძი (21.03–20.04)

იანვარში მოსალოდნელია ურთიერთობის დამყარება უცხოელებთან, რამაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მარტიდან დადგებით არჩევანის წინაშე: ძველსა და ახალს შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. მარტიდან აგვისტომდე თავი შეიკავეთ საქორწინო ფერხულში ურთიერთობის გადაყვანისგან. წლის პირველ ნახევარში უმჯობესია ნათესავებს ფული არ გამოართვათ, ამან შეიძლება შემდგომში პრობლემები შეგიქმნათ. ივლისი კარგი პერიოდია, რათა დრო მთლიანად ოჯახს დაუთმოთ და მათთან ერთად დაისვენოთ. რაც შეეხება მეგობრებს, შეგიძლიათ მათი წრე კიდევ უფრო გააფართოვოთ. მთელი წელი ენერგიულად იქნებით, ამიტომ სასურველია სპორტული ვარჯიშების ჩატარება. იანვარ–თებერვალში თავს გაუფრთხილდით, რადგან შესაძლებელია აღმოჩნდეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ან მიიღოთ ტრავმა. წელს გაუფრთხილდით კუჭს, გულს, სისხლძარღვოვან სისტემას, აკონტროლეთ ემოციები. მაღალია თავის ტკივილების ალბათობა, აკონტროლეთ წნევა. აპრილიდან მატერიალური მდგომარეობა შედარებით გაგიუმჯობესდებათ. ფინანსურ ცდუნებებს, აზარტსა და ავანტიურებს მოერიდეთ.

კურო (21.04–20.05)

გაზაფხულზე ხანგრძლივი ურთიერთობები გადაინაცვლებენ ოფიციალურ დონეზე. ნუ ინერვიულებთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან თქვენი წყვილისთვის ეს ერთგვარი გამოცდა იქნება. თუ თქვენ არ გყავთ მეორე ნახევარი, ზაფხულის დასასრულს, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში მეტად საინტერესო ნაცნობობა შედგეს. წელს მაღალი ალბათობაა, ოჯახში მატებისა და შვილების დაოჯახებისა. თქვენს მეგობრულ ურთიერთობებს იანვარში გამოცდა ელის, თუმცა წლის მეორე ნახევარში ეს სიტუაცია თანდათან გაუმჯობესდება. ამ წელს თქვენს მეგობრებს შესაძლოა თქვენი ფინანსური თანადგომა დასჭირდეთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, კერძოდ, ქრონიკულ დაავადებებს. დაიცავით დღის რეჟიმი და დაბალანსებული დიეტა. წლის დასაწყისში მაღალია ხერხემლის ტრავმის ალბათობა. თუკი, თირკმელების პრობლემა გაქვთ, მეტად იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ და მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები. ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს, მეტი ურთიერთობა გქონდეთ ლიტერატურასთან, პოეზიასთან, ხელოვნებასთან. თქვენს მატერიალურ წარმატებებს საძირკველი ჩაეყრება. ხელმძღვანელობა თქვენდამი კეთილგანწყობილი იქნება. გექნებათ რთული სამუშაო გრაფიკი, თუმცა, საკუთარი თავისა და დასვენებისთვის დრო მაინც უნდა გამონახოთ.

ტყუპები (21.05–21.06)

იანვარში თქვენი კეთილგანწყობა და ხასიათის სირბილე მეტად მოიზიდავს საწინააღმდეგო სქესს. ხშირი შეხვედრები კი ხელს შეუწყობენ ერთმანეთის უფრო ახლოს გაცნობას. დაოჯახებული ადამიანებიც კი აღფრთოვანებულები იქნებიან თავისი მეორე ნახევრით. ქორწინებასთან დაკავშირებული წინადადებები გაორმაგდება. სექტემბერში უფრო მოინდომებთ, რომ მეტად უყვარდეთ სხვას, ვიდრე – თქვენ. ასევე სექტემბერში ძირითად დროს ოჯახთან გაატარებთ და ეცდებით, ის დრო აინაზღაუროთ, რაც მანამდე საქმეს დაუთმეთ. შესაძლებელია, თქვენმა შვილებმა დაიწყონ აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თებერვალ–აპრილში მეგობრები დიდ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, აპრილიდან შესაძლოა მეგობრის მხრიდან იძულებით ღალატს ჰქონდეს ადგილი. მაქსიმალურად ეცადეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროთ. უფრო მეტად გქონდეთ ურთიერთობა ბუნებასთან. აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, დაიცავით ძილის რეჟიმი. დიდი ყურადღებაა საჭირო გზებზე და მოგზაურობის დროს. მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებს. ამ წელს ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა ოპერაციის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეს. თქვენ თუ ხელმძღვანელი ხართ, მაშინ ეცადეთ, შეინარჩუნოთ ძალაუფლება. ნუ გამოიყენებთ თქვენს ძალაუფლებას არაკეთილსინდისიერად.

კირჩხიბი (22.06–22.07)

იანვრის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. ასე გაგრძელდება მარტში, აგვისტოში, ოქტომბერსა და დეკემბერში. ამ პერიოდში სტაჟიანი მეუღლეებიც კი ახალდაქორწინებულებივით იქნებიან. აქტუალურია საჩუქრების მიძღვნა ერთმანეთისთვის. ოქტომბერში ზედმეტი ემოციების, ეჭვიანობის ფონზე შესაძლოა ურთიერთობა დაშორებამდე მივიდეს. მოითმინეთ, რადგან დეკემბერში ურთიერთგაგება თქვენ შორის ისევ აღდგება. ამ წელს ეცადეთ ყველა საოჯახო პრობლემა მოაგვაროთ. იყავით ყურადღებიანი, ბავშვები რომ არ მოექცნენ რაიმე ნეგატიური ზეგავლენის ქვეშ. თუკი ბინის პრობლემა გაქვთ, შესაძლებელია სამსახურეობრივი ბინა მიიღოთ. მეგობრების გვერდში დოგმას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ეს თქვენი პროექტის შესრულებას ხელს შეუწყობს. ასევე შეგიძლიათ მათთან ერთად რაიმე ბიზნესი წამოიწყოთ. იანვრიდან აპრილამდე და აგვისტოდან დეკემბრამდე გარე ფაქტორები ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს შეგიქმნიან. გადადით მშვიდ ცხოვრებისეულ რიტმზე. ფიზიკურ დატვირთვასა და დიეტას ორგანიზმი ნელ–ნელა შეაჩვიეთ. ყურადღება მიაქციეთ წნევას, ხერხემალს, პულსის მდგომარეობას. ზაფხულში მაღალია ჭრილობის ანდა ხელის მოტეხილობის ალბათობა. ამ წელს პროფესია თქვენგან სრულ ძალისხმევას მოითხოვს. იანვრიდან ივნისამდე ახალი შესაძლებლობები გაჩნდებიან და თქვენ არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ. ასევე დაგჭირდებათ ძალისხმევა შემოსავლების გასაუმჯობესებლად.

ლომი (23.07–23.08)

ამ წელს თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში მრავალფეროვნება იქნება. შესაძლებელია, მაცდუნებელი წინადადებების წინაშე დადგეთ. აგვისტოდან უფრო მეტად დაუგდეთ ყური საკუთარ გრძნობებს. შინაგანი ხმა გიკარნახებთ, თუ ვინ გიყვართ ყველაზე მეტად. შეიძლება მეუღლესთან კონფლიქტი შეგექმნათ, მაგრამ ნუ აღიქვამთ ამას ზედმეტად ტრაგიკულად. აპრილიდან ეცადეთ გაამაგროთ ოჯახის იმუნიტეტი, რადგან ოჯახის წევრებს შესაძლოა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნათ. სექტემბრიდან თქვენი მშობლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას თქვენს ცხოვრებაში. მეგობრებს ფრიად მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ. ისინი ან თქვენი დამხმარეები იქნებიან ან დამანგრეველები. მოერიდეთ იმ ადამიანთან ურთიერთობას, ვინც დროს გართმევს უაზრო საუბრით. წლის დასაწყისში გელით ნერვული დაძაბულობა და გადაღლა. მარტ–მაისში ეცადეთ მოაწესრიგოთ თქვენი გარეგნობა. საკვებ რაციონში უფრო მეტად შეიტანეთ ვიტამინები ვ და უ. იანარ–თებერვალში ფრიად დაკავებული იქნებით სამსახურში. იყავით კეთილსინდისიერი, დიპლომატიური და მეტად დაეყრდენით ინტუიციას. დამატებითი ფინანსური სახსრები შესაძლოა მიიღოთ სექტემბერსა და დეკემბერში. წლის ბოლოს გაისტუმრებთ ვალებს.

ქალწული (24.08–22.09)

წლის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე გაერკვიეთ თქვენს პრობლემებში და ეცადეთ, ამაში თქვენი პარტნიორი არ გარიოთ. თუ შეყვარებული არ გყავთ, მაშინ შესაძლოა თებერვლის შუალედში აღმოაჩინოთ სიყვარულის ნაპერწკალი ადამიანთან, რომელიც თქვენ გარშემო ტრიალებს. 5–14 თებერვალი კარგი პერიოდია ნიშნობისა და ქორწინებისთვის. თუკი ცხოვრობთ მშობლებთან ერთად, ნუ იფიქრებთ მათგან განცალკევებაზე, რადგან შედეგი არ გაამართლებს. შეძლებისდაგვარად აკონტროლეთ შვილები, ამით მათ შეცდომებისგან დაიცავთ. წლის განმავლობაში იგრძნობთ, რომ მეგობართა უმეტესობა თქვენგან თანაგრძნობას მოითხოვს გაუთავებელი წუწუნის ხარჯზე. მათ მაგივრად, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. ზაფხულში ეცადეთ მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ. სიფრთხილე გმართებთ მაღალი ტრავმულობის ალბათობის მიმართ. გაზაფხულზე შესაძლებელია ალერგიამ შეგაწუხოთ. მარტის შუა რიცხვებიდან კი შესაძლოა თავბრუსხვევებმა და დისბაქტერიოზმა იჩინოს თავი. თებერვალ–ივნისამდე დიეტისთვის კარგი პერიოდია. მარტის დასაწყისიდან სამსახურში ფინანსური პასუხისმგებლობის ხარისხი მეტად მოიმატებს. სიფრხილე გმართებთ, როგორც საკუთარ, ასევე სხვის ფულთან ურთიერთობისას. შესაძლოა, ფული მოულოდნელი წყაროდან მიიღოთ. ივნის–ივლისი კარგი პერიოდია ბიზნესსაქმიანობისთვის.

სასწორი (23.09–23.10)

წელს ურთიერთობაში შესაძლოა რევოლუციური სიტუაცია შეიქმნას. იანვრის, თებერვლის, მარტის პერიოდში შეიძლება ახალი ნაცნობებისა და სიყვარულის წინაშე აღმოჩნდეთ. აპრილ–მაისში კი ეს გრძნობები გაცივდება და შესაძლოა დაშორდეთ. წლის დასაწყისში თქვენი ძირითადი ყურადღება ოჯახში აღმზრდელობით საკითხებს დაეთმობა. შესაძლებელია, რაღაც პერიოდი საცხოვრებლად მშობლებთან გადახვიდეთ, ან პირიქით. მარტიდან მოგიხდებათ მეტი დახმარების გაწევა ახლობლებისა და მეგობრებისათვის. წლის პირველ ნახევარში თქვენი მოუცლელობის გამო მეგობრებთან ძირითადად სატელეფონო კავშირი გექნებათ. კარგია ფიტნეს–კლუბში გაწევრიანება ან იოგის ვარჯიშების ჩატარება. ექსტრემალურ თამაშებს მოერიდეთ, რადგან არსებობს უბედური შემთხვევის ალბათობა. დაიცავით ჰიგიენის წესები, მეტად მიიღეთ ვიტამინები. ემოციური სტრესის შედეგად შეგაწუხებთ უძილობა, ნერვული გამოფიტვა. თუმცა, ეცადეთ, მეტად გაიღიმოთ, არ დაკარგოთ ოპტიმიზმი. წელს მატერიალური შრომის მიღწევა შესაძლებელი იქნება შრომისუნარიანობის ხარჯზე. ნუ გექნებათ ზედმეტი თვითრწმენა, რომ ფულს "იოლად" იშოვით.

მორიელი (24.10–22.11)

სასიყვარულო ურთიერთობებში არაერთი რთული საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ. წლის პირველ სამ თვეში გელით ახალი ნაცნობობა და შეხვედრები, რაც ძალიან გამოგფიტავთ, თუმცა, ეს ყოველივე მალე სერიოზულ ურთიერთობაში გადავა. აპრილ–მაისში სტუდენტებმა შესაძლებელია იპოვონ მთელი ცხოვრების სიყვარული, ოჯახურ წყვილებში ეს პერიოდი სინაზეს შემოიტანს. იანვარში ოჯახში იდილია გექნებათ. ოჯახთან ერთად ბევრ რამეში მიიღებთ მონაწილეობას, მაგალითად, რემონტში, ავეჯის შეძენაში და ა.შ. აგვისტოს ბოლოდან მეუღლეებმა მეტად უნდა დაუგდონ ყური ერთმანეთის რჩევებს. აპრილიდან სექტემბრამდე მძიმედ აიტანთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს შეხედულებებს არ იზიარებენ. ამიტომ ჯობია, მათთან ურთიერთობას თავი აარიდოთ. მარტსა და აპრილში იმატებს ინფექციური დაავადებები. სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარეთ. ეცადეთ, დაიცვათ რვასაათიანი ძილი. ვისაც თირკმელები აწუხებს, წელს ეს უფრო გაუმწვავდებათ. მარტში შესაძლოა ხელმძვანელობის ახალი პრინციპები თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. კოლეგებთან ურთიერთგაგება შემცირდება. ან ბევრს იმუშავებთ, ან საერთოდ არ გენდომებათ მუშაობა. უმჯობესია, წელს სამსახური არ შეიცვალოთ. კარგი წელიწადია შემოქმედებითი თვითგამოვლენისთვის.

მშვილდოსანი (23.11–21.12)

ამ წელს სასურველია მეტი თვითკონტროლი დაუწესოთ: თქვენს გრძნობებს, ავანტიურულ მოქმედებებს, ლამაზი თვალების სწრაფად შეყვარებასა და გულმხურვალე დაპირებებს. ანუ კარგად უნდა გაარჩიოთ სიკეთე ბოროტებისგან. სასიკეთო წელიწადია ქორწინებისთვის. თუკი ოჯახში რემონტი დაგჭირდათ, სჯობს ეს საქმე ახლობლებს გადააბაროთ, რაც თვითრეალიზებაში ხელს შეგიწყობთ. შესაძლებელია, ადგილსამყოფელის შეცვლის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეთ. სექტემბერში, ნოემბერში, დეკემბერში არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ბინა მიიღოთ მემკვიდრეობით. ზოგიერთი მეგობარი აღმოჩნდება დანაკარგისა და საოჯახო პრობლემების წინაშე და თქვენი თანადგომა დასჭირდებათ. შესაძლოა მეგობრები ხშირად ვერ ნახოთ, მაგრამ ისინი თქვენ გვერდში ყოფნას მთელი წელი იგრძნობენ. მაის–ივნისში თავი შეიკავეთ ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან. სასრგებლო პროდუქტებია: წიწიბურა, ხორცი, თევზეული, კვერცხის გული, კარტოფილი და ა.შ. შესაძლებელია ტრავმები ექსტრემალურ სიტუაციებში. ახალგაზრდა თაობას პრობლემები შეექმნება კბილებთან დაკავშირებით. ეს წელი კარგია თვითრეალიზაციისთვის, რაც დაგეხმარებათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. მოიმატებს კოლეგებთან დაძაბულობები, მაგრამ ეცადეთ, გამოიჩინოთ მეტი მოთმინება. ფულის დასაგროვებლად ეს წელი იდეალურია. ნუ შეიძენთ ავტომანქანას და სხვა უძრავ ქონებას.

თხის რქა (22.12–20.01)

თებერვალ–მარტში შეძლებთ დიდი შთაბეჭდილების მოხდენას სხვებზე. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გყავთ მეორე ნახევარი, მაშინ გაააქტიურეთ კონტაქტი ხალხმრავალ ადგილებთან, წვეულებებთან, გასართობ საღამოებთან და ა.შ. ოფიციალურ წყვილებში ეგოიზმმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ნუ აყვებით ცდუნებებს. წელს ქორწინება მეტად ბედნიერი ელფერის იქნება. სახლში გარკვეული გარემოებების გამო, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, თუნდაც ის, რომ მშობლებისგან განცალკევდეთ. ეცადეთ მშობლებთან ურთიერთობაში პატივისცემა შეინარჩუნოთ. ოჯახში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. საახალწლო დღეები მეგობრების წრეში გაატარეთ ინტრიგების ალბათობა დიდია, თუმცა, ამაში თქვენი მეგობრები მონაწილეობას არ მიიღებენ. ეცადეთ, რომ მავნე ჩვევებისგან განთავისუფლდეთ. დაიცავით დღის სწორი რეჟიმი, დალიეთ ერთი ჭიქა, ნატურალური, წითელი ღვინო, რაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას გაგიუმჯობესებთ. წელს თქვენი ხელმძღვანელი პირები განსაკუთრებით დაგაფასებენ. კოლეგებთანაც სტაბილური ურთიერთობები გექნებათ. იანვარ–მარტი კარგი პერიოდია ავტომობილის შესაძენად. ამავე პერიოდში ფულს ადვილად იშოვით და ასევე ადვილად დახარჯავთ. შესაძლებელია დაიწყოთ საკუთარი საქმე. ეცადეთ სხვებს მოუსმინოთ, მაგრამ იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ.

მერწყული (21.01–19.02)

წელს გაქვთ საშუალება იმისა, რომ თქვენ თვითონ წარმართოთ პირადი ცხოვრება. მაისი და აგვისტო განსაკუთრებული რომანტიზმისა და პაემნების პერიოდი იქნება. მეტი სიფრთხილე გმართებთ ინტერნეტით გაცნობილი ადამიანების მიმართ. აპრილში შეიძლება ზედმეტად მოლაპარაკე და ჭორიკანა გახდეთ. მაისში მეტი დრო დაუთმეთ მშობლებთან ურთიერთობას. თქვენ მათ სჭირდებით, როგორც სულიერი საკვები. ივნის–ივლისში შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი ყველა ნათესავის ერთ ჭერქვეშ შემოკრების. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ რა არის მეგობრობა, მაშინ არაფრის შეგეშინდეთ. შეიძლება ამ წელს მეგობრებთან პრობლემები შეგექმნათ, იქნება გაუგებრობები, შური, წყენა, ცინიზმი და კონფლიქტები. ეს თქვენი ურთიერთობის ერთგვარი გამოცდა იქნება. პირველი სამი თვის განმავლობაში თქვენი სასიცოცხლო ტონუსი მაღალი იქნება. თუმცა შემდგომში ინტენსიურმა მუშაობამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეგიქმნათ. აკონტროლეთ ხასიათში ემოციურობა. იგი თქვენი მთავარი მტერია. საქმეში ავანტიურულ ქმედებებს მოერიდეთ. ფულისადმი ცდუნება გამოცდა იქნება იმისა, თუ რამდენად კეთილსინდისიერი ხართ. გახსოვდეთ, რომ ფული, როგორც ადვილად მოვა, ისე ადვილად წავა. ამ წელს გელით კარიერული წინსვლა, რაც დამოკიდებული იქნება ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობით. სასიკეთო წელიწადია გამოცდების ჩაბარების, შეჯიბრებების, კონკურსებისთვის.

თევზები (20.02–20.03)

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ზამთარი არ არის საუკეთესო დრო. საერთოდ ეს წელი მსუბუქ ფლირტსა და ვალდებულებების გარეშე ურთიერთობებს ხელს არ უწყობს. სექტემბერში გელით საიდუმლო შეხვედრები. დაფარვა და გასაიდუმლოება აუცილებელი იქნება. ისიც გახსოვდეთ, რომ ამ წელს ურთიერთობის გაოფიციალურებას დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე თქვენ გგონიათ. წელს განმარტოება დაგჭირდებათ, რადგან სახლი ყოველთვის ემოციებით არის დატვირთული. მშობლებთან ურთიერთგაგებაში პრობლემები შეექმნებათ. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდობიან კალაპოტში გადაიყვანოთ. სახლში რემონტის დასაწყებად კარგი პერიოდია აგვისტო–სექტემბერი. თქვენს თვითრეალიზაციას ხელს შეუწყობს მეგობართა მფარველობა. იყავით ყურადღებით, რადგან შეიძლება თქვენი დახმარება მათაც დასჭირდეთ. იანვარში ერიდეთ ჭრილობებსა და დაჟეჟილობებს. მარტში თქვენი იმუნიტეტი შესუსტდება, თუმცა, აპრილში სიტუაცია გაუმჯობესდება. ფეხზე დიდხანს დგომით ნუ გადაიღლებით. მოერიდეთ ცუდ ფეხსაცმელებს და ზედმეტ სიარულს. კვებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. წელს მოსალოდნელია, როგორც მოულოდნელი დაავადება, ასევე მოულოდნელი განკურნება. იანვრიდან მაისამდე ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესებული გექნებათ. თუ უმუშევარი ბრძანდებით, მარტიდან ეს პრობლემა გადაწყდება და სამსახურს შეუდგებით. ზაფხულში მოერიდეთ სარისკო კაპიტალდაბანდებებს.

თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online