asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მონიკა ბელუჩი: "დედობა ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს"
"დედობა ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს"
მონიკა ბელუჩი: "დედობა ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს"

2010-12-13 16:06:49



ალბათ, ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალია. ვისაც მონიკას ერთი ფილმი მაინც აქვს ნანახი, მიხვდება, რომ მონიკას დარი ქალები დღევანდელ შოუ–ბიზნესში ძალიან ცოტაა. როგორც ჩანს, ამას ჰოლივუდშიც მიხვდნენ და ამ ბოლო დროს მონიკას ხშირად იღებენ ჰოლივუდის სხვადასხვა ფილმებში. მონიკას პოპულარობა ჯერ კიდევ მისი მოდელობის პერიოდში დაიწყო, როდესაც მონიკას ერთი მეორის მიყოლებით იღებდნენ სხვადასხვა ჟურნალებისთვის.



მონიკა შესანიშნავად იყენებდა თავის სრულყოფილ გარეგნობას და მამაკაცებს საკუთარი სხეულით ტკბობის საშუალებას აძლევდა. მონიკასთვის მხოლოდ მოდელის კარიერა არ აღმოჩნდა საკმარისი და მან გადაწყვიტა, რომ მსახიობობისთვის მოეკიდა ხელი. მონიკას ეს საქმეც კარგად გამოუვიდა და მან საკმაოდ სწრაფად მიაღწია წარმატებას იტალიურ კინოში. მონიკას სილამაზე ეკრანზე ნებისმიერი ფილმის წარმატების გარანტი იყო, რომელშიც ის იღებდა მონაწილეობას. მონიკა ძალიან წარმატებული იყო ფრანგულ კინოშიც, რომელშიც ხშირად იღებდა მონაწილეობას. როდესაც მონიკამ ევროპაში საბოლოოდ გაითქვა სახელი, მას მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ ჰოლივუდში ეცადა ბედი. ეს მას ძალიან კარგად გამოუვიდა. ჰოლივუდი ხშირად არ სწყალობს ევროპელ ვარსკვლავებს. ამ შემთხვევაში მონიკა გამონაკლისია, რადგან ჰოლივუდში მან უკვე მიიღო მონაწილეობა რამდენიმე წარმატებულ პროექტში, მათ შორის ცნობილ ჰოლივუდელ მსახიობებთან ერთადაც. მონიკას ქმარიც ძალიან პოპულარული და ცნობილი მსახიობი ჰყავს. მისი სახელი ყველას კარგად იცის. ვინსენტი და მონიკა ერთად კარგად არიან და დაშორებას არ აპირებენ. გთავაზობთ ინტერვიუს მონიკა ბელუჩისთან.

– თქვენს ცხოვრებაში რამეს შეცვლიდით?

– ჩემს ცხოვრებაში ამჟამად ყველაფერი კარგად არის, ამიტომ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, თუმცა, შეიძლება მომავალში ცოტათი უფრო ნაკლები ვიმუშავო, რადგან უკვე წლები მემატება და ასაკი თავისას შვრება. მე ისევ მსიამოვნებს ფილმებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ისეთი სიხშირით მუშაობა აღარ შემიძლია, როგორც ადრე. ამიტომ, რაც დრო გავა, უფრო მეტ დროს ოჯახს დავუთმობ. ჩემი აზრით, ქალისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სიმშვიდე და სტაბილურობა ძალიან მიყვარს.

– ცოტა ხნის წინ მეორე შვილი გააჩინეთ. დედობა როგორი გრძნობაა?

– დედობა ძალიან კარგი გრძნობაა, რომელიც ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს. როდესაც დედა ხდები, ცხოვრებას სულ სხვა თვალით უყურებ და პირველ ადგილზე შენთვის შენი შვილები გადმოდიან. ადრე თუ სხვა რამეებს უფრო დიდი ყურადღებას ვაქცევდი, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ჩემი შვილები არიან. მინდა, რომ მათ ყველაფერი ჰქონდეთ, რასაც ისურვებენ. ჩემთვის ამჟამად მთავარი მათი გაზრდაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსახიობობას თავს დავანებებ.

– ასეთ შესანიშნავ ფორმას როგორ ინარჩუნებთ?

– ფორმის შენარჩუნება ჩემთვის აუცილებელია, რადგან როდესაც მსახიობი ხარ, უნდა გესმოდეს, რომ უამრავი თვალი გიყურებს, შესაბამისად, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენ მიმართ მკაცრი მოთხოვნები იქნება წაყენებული. ჯერჯერობით ბევრი შრომა არ მჭირდება, იმისთვის, რომ ფორმა შევინარჩუნო და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. მინდა, რომ ჩემი გარეგნობა ხალხს კიდევ დიდხანს მოსწონდეს. ჩემი გარეგნობა ჩემთვის ერთგვარი იარაღიცაა. ჰოლივუდში გარეგნობა მნიშვნელოვანია.

– გარეგნობის წარმოსაჩენად კარგი საშუალება ეროტიკული სცენებია.

– ეროტიკულ სცენებში საკმაოდ ხშირად ვიღებ მონაწილეობას და კომპლექსები არ მაწუხებს. როდესაც კარგი გარეგნობა გაქვს, ეროტიკულ სცენებში მონაწილეობა სასიამოვნოც არის, რადგან ერთგვარი სიამაყის გრძნობა გეუფლება. არასოდეს მინანია, რომ ეროტიკულ სცენებში ვიღებდი მონაწილეობას და ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერი არ არის, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც თითქმის ყველა ფილმში მრავლადაა ეროტიკული სცენები. კარგად გადაღებული ეროტიკა ერთგვარი ხელოვნებაცაა.

– ჰოლივუდში კიდევ აპირებთ გადაღებას?

– თუ კარგი წინადადებები მექნება, აუცილებლად გავაგრძელებ ჰოლივუდში მუშაობას, რადგან ეს ყველა მსახიობის ოცნებაა. ჰოლივუდი ყველა მსახიობისთვის უმაღლესი წერტილია, ამიტომ მას უარს არავინ ეუბნება. მე ძალიან მიყვარს ევროპული კინო და მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჰოლივუდი მაინც ჰოლივუდია. არ გამოვრიცხავ, რომ ევროპულ კინოშიც ვიმუშავო და ჰოლივუდშიც. ეს ყველაზე კარგი ვარიანტია. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი წინადადებები მექნება რეჟისორებისგან.

– ყველაზე კარგად როდის ისვენებთ?

– ყველაზე კარგად ოჯახთან ერთად ვისვენებ და ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ასე იქნება. განსაკუთრებით დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ. ხანდახან, როდესაც დაღლილი მივდივარ სახლში, არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე და მაშინვე დასაძინებლად მივდივარ. ზოგადად, მიყვარს სახლში ყოფნა და არაფრის კეთება, ასე ყველაზე კარგად ვისვენებ. უსაქმურობა დასვენების ერთ–ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. დასვენება ყველაზე სასიამოვნო მაშინ არის, როდესაც სამუშაოსგან ძალიან დაღლილი ხარ.

– რამ შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ?

– წყობიდან იშვიათად გამოვდივარ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კონკრეტულმა შეიძლება წყობიდან გამომიყვანოს. ზოგადად არ მიყვარს ტყუილი და ამპარტავანი ადამიანები.

ბექა გოგინაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მონიკა ბელუჩი
კავშირი ტეგთან: მონიკა ბელუჩი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online