asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სოზარ სუბარი სვანურ ტრადიციებს ვეღარ იცავს
სოზარ სუბარი სვანურ ტრადიციებს ვეღარ იცავს
სოზარ სუბარი სვანურ ტრადიციებს ვეღარ იცავს

2010-12-13 16:06:41



"ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი სვანებისთვის ერთ–ერთ გამორჩეულ დღესასწაულს ლამპრობას ყოველთვის დმანისში ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. მშობლიურ კუთხეში – სვანეთში ხშირად ჩასვლას ვერ ახერხებს, თუმცა, ამის პირობას ყოველ წელს დებს.



სოზარ სუბარი:

– ახალ წელს თბილისში ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები. თუმცა, წელს დიდი სურვილი მაქვს, 2011 წელს შევხვდე დმანისში, სადაც ძალიან ბევრი სვანი ცხოვრობს და იგივე პატარა სვანეთია. მაგრამ შეიძლება ვერ შევძლო, რადგან აქაც უამრავ ოჯახში გვინდა მისვლა და ახალი წლის მილოცვა. როგორ მოვახერხებ ოჯახთან ყოფნას და პოლიტიკურ საზოგადოებრივ საქმიანობას, არ ვიცი.

– როგორ ხვდებოდით ახალი წლის შემოსვლას, როცა თქვენი შვილების ტოლი იყავით და როცა სვანეთში ცხოვრობდით?

– ეს იყო პერიოდი, როცა ახალი წელი მართლა დღესასწაულად აღიქმებოდა. არა ნაძალადევად, როგორც დღეს, როცა მილიონი საწუხარი გაქვს და მაინც ვცდილობთ, პრობლემები რამდენიმე დღით დავივიწყოთ. მაშინ არ ვიყავით ასე დამძიმებულნი. ჩემ თვალწინ მოხდა 1 იანვრის, როგორც ახალი წლის, დამკვიდრება. 1 იანვარსაც იყო ზეიმი, მაგრამ ძირითადად 14–ში აღნიშნავდნენ. ტელევიზორი სვანეთში იმ პერიოდში შემოვიდა და დღესასწაულების თანმიმდევრობას მოსახლეობა ტელევიზიით გადმოცემის თანახმად აჰყვა. 14 იანვრისათვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციები 1–ში გადმოვიდა. ოჯახის მეკვლე მამა გახლდათ, ვედროთი წყალი მოჰქონდა, ჩვენ, ბავშვები მას მივყვებოდით. ბებია ხნიერი ქალი იყო, როცა გარდაიცვალა. მაშინ მეკვლედ მეზობელი ვარანცო ანსიანი გვყავდა. სვანური ტრადიციის თანახმად, თუ ოჯახის წევრი გარდაიცვლება, მეკვლეს ცვლიან. ვარანცო ხუმრობდა, მე რა დავაშავე, რატომ უნდა შემცვალოთ, იმას თავისი ასაკი ჰქონდა და გარდაიცვალაო. საბოლოოდ, ჩვენი მეკვლე მისი 5 წლის შვილი გახდა. სახლის წინ ბავშვი მოდიოდა, უკან მამა მოჰყვებოდა. მთელი სამეზობლო ერთად ვიკრიბებოდით და დღესასწაულებს ერთად აღვნიშნავდით.

– ის დრო არ გენატრებათ?

– იმ დროის ყველაფერი მენატრება – ადამიანები, რომელთა ნაწილი აღარაა ცოცხალი; ის ურთიერთობები, რომლებიც მართლა უნიკალური იყო. ყოველდღე ერთად ვიყავით და ერთმანეთი არ გვბეზრდებოდა. მეზობლისა და ახლობლის ნახვა ყოველდღე გიხაროდა. სამწუხაროდ, დღეს ისე აღარაა, როგორც ადრე. ჩემს სოფელში, ჭუბერში ძალიან დიდი ზეიმით აღინიშნებოდა ორივე ლამპრობა – ერთი არის მოძრავი და აღდგომამდე ათი კვირით ადრე იმართება მეზვერისა და ფარისევლის კვირას ემთხვევა, მეორე ლამპრობა – სვიმნობა – მირქმას ემთხვევა. ახალი სტილით 15–16 თებერვალს იმართება. დიდ ლამპრობას ძალიან იშვიათად ვაცდენ. ამ დღეს ყოველთვის დმანისში ვარ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჰულიშობის დღესასწაული, ის ჩუბეხევში, მჰის ეკლესიასთან ტარდებოდა. ჩუბე ხევის თემში რამდენიმე სოფელი შედის. ერთ–ერთია ლაშხრაში, ჩვენ იქედან ვართ. ჭუბერი და ნაკრა პრაქტიკულად ჩუბე ხევში მცხოვრები ოჯახებით დასახლდა. ახლა ლაშხრაში არავინ ცხოვრობს. იქ ორი გვარი – სუბარები და ორთხვანები სახლობდნენ. დღეს მხოლოდ ჩვენი სახლის ნანგრევები და კოშკია დარჩენილი. არის ეკლესიაც, სადაც გამორიცხული იყო, რომ არ ავსულიყავით. ეს დღესასწაული სულთმოფენობას ემთხვეოდა. დღესასწაულზე ლოცვისა და სპორტული შეჯიბრების გარდა, სამი საკლავი იკვლებოდა და სამი სუფრა კეთდებოდა. ეკლესიასთან ჩვენი – სუბარებისა და ოთხვანების ადგილი იყო, ქვემოთ – დანარჩენების.

– სპორტულ შეჯიბრებებში თუ იღებდით მონაწილეობას?

– მე არა, დიდად სპორტული არ ვიყავი. შეჯიბრი ცხენით ჯირითში, ჭიდაობასა და ხტომაში იმართებოდა. აქედან, პირველი ორი ყველაზე პოპულარული იყო. ლამპრობის შესახებ, როცა სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, კვლევა გავაკეთე. საუბარია იმ ლამპრობაზე, რომელიც მირქმას ემთხვევა. სხვათა შორის, მირქმას ძველ ქართულად ლამპრობა ერქვა. ლამპრობაზე, რომელიც მოძრავია, ყველა ოჯახიდან რამდენი მამაკაციცაა, იმდენი ლამპარი გამოდის, ლამპარი დიდი ხის ტოტია, რომელიც ბოლოში ფუნჯივით არის გაშლილი. ასე უფრო კარგად იწვის. გამთენიისას ერთ ადგილას ინთება და ამავდროულად არის ლოცვა. 15 თებერვალს საღამოს გადიან საფლავებზე და იქ ანთებენ ლამპარს, რომელსაც სვიმნიშ ჰქვია. იმ ღამეს არის მიცვალებულთა შესანდობარი, ხოლო დილას, ძირითადად, ახლაგაზრდები ცდილობენ, მივიდნენ ახლობლის ოჯახში ანთებული ლამპრით, თან ისე უნდა მოახერხონ მისვლა, რომ მასპინძელმა ვერ შენიშნოს, ანთებულ ლამპარს სახლში აგდებენ და იძახიან: "ზავემ ჯაჩიჩხ" (წელიწადმა მოგახვავა) და ლამპრის სახლში შემგდები გარბის იმ ოჯახიდან, მასპინძელი უნდა გაეკიდოს და დაიჭიროს. ამ დღესასწაულზე ორი სხვადასხვა შეხედულება არსებობდა: ერთი ივანე ჯავახიშვილის, რომელიც ამას აკავშირებს ხეთურ მთვარის დღესასწაულთან, მეორე – სერგი მაკალათიასი, რომლის მიხედვითაც, ეს იყო ცეცხლთაყვანისმცემლობა და ირანის გავლენა. მე ვფიქრობ, რომ ლამპრობა არის ქრისტიანობის გახალხურებული ვერსია.

– თუ დასწრებიან ამ დღესასწაულს თქვენი მეგობრები და როგორია მათი რეაქცია?

– ძალიან ხშირად. მიყვარს მეგობრების თან წაყვანა. ჩემი მეგობარი გია რაზმაძე მეუბნებოდა (მაშინ ერთმანეთს დაემთხვა ეს ორი დღესასწაული 2–ში სვიმნობა, 3–ში ლამპრების სახლში შეგდება და ამავე დღეს დაემთხვა მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე, როდესაც გათენებამდე ინთება ლამპრები): ამ ხალხის გადაჯიშება და ტრადიციის დაკარგვა ვერ მოხდებაო. იშვიათად ვახერხებ სვანეთში ჩასვლას. ყოველ წელს ვამბობ, გამორიცხულია, რომ ჰულისშზე არ ჩავიდე–თქო, მაგრამ დღემდე ვერ შევასრულე.

– თქვენი მეუღლე როგორ შეეჩვია სვანურ წეს–ჩვეულებებს?

– ძალიან მძიმე დღეში იყო ჯაჭვლიანის ფილმი "სვანი" რომ ნახა. მაშინ თქვა: თუ ასეთები ხართ, შენ კი დაგშორდები, მაგრამ შვილებს რა ვუყო, იმათაც თუ ეს გენი აქვთო. მოკლედ, შვილებმა გადამარჩინეს, თორემ ოჯახი მენგრეოდა. სოსო მეუბნებოდა, მეორე ფილმსაც გადავიღებ და გამოვასწორებო, მაგრამ მოახერხა თუ არა, ამაში დარწმუნებული არ ვარ.

– თბილისში თუ აღნიშნავთ სვანეთისთვის დამახასიათებელ რომელიმე დღესასწაულს?

– ერთადერთი, როცა არის მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი დღეები, საკურთხს ვაკეთებთ. სვანური წესის მიხედვით, ძველით ახალი წლის მერე არის მიცვალებულთა ხსენების დღეები. უმრავლესობა ქრისტიანული დღესასწაულებია, მათ შორისაა, ელიაობა.

– ბავშვები დასწრებიან ლამპრობას?

– არა, მაგრამ წელს მოუწევთ. თუმცა, რიტუალები იმ დროს კეთდება, როცა ბავშვებს სძინავთ, ჯერ პატარები არიან. ნინის არა აქვს დასწრების უფლება, რადგან ეს კაცების დღესასწაულია. მთელი ჩემი სანათესაო დმანისში ცხოვრობს. სახლიც ვიყიდეთ და იქ ჩავალთ. წლევანდელი ზაფხული ჩვენს სახლში გავატარეთ. თან პირველ სართულს ცოტა ხელი შევავლეთ, რომ ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო.

– დღესასწაულებზე თუ მიდიხართ ეკლესიაში ოჯახთან ერთად?

– წირვას თავიდან ბოლომდე ვერ ვესწრებით. ჩვენს უბანში ახლახანს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ჩავდივართ ხოლმე, სანთელს ვანთებთ, ბავშვებს ჩვევად აქვთ, რომ წყალი აუცილებლად იქ უნდა დალიონ.

– როგორ ეგუებიან მამის ახალ ამპლუას?

– არ მოსწონთ და ვერ ეგუებიან, იმიტომ, რომ ერთი პერიოდი სულ სახლში ვიყავი, ახლა შინ სულ არ ვარ. ეს არ მოსწონთ, ნინი ამბობს ხოლმე: ჩემი პოლიტიკური მეგობრები არიან სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე და ასე ჩამოთვლის ყველას.

– სამუშაო მაგიდაზე დევს დროშა "ქართული პარტიის" ლოგოთი, ეს ნინიმ დახატა?

– პარტიის ყრილობას რომ დაესწრო, მერე დაიწყო დროშის ხატვა, მეორე მანქანაში მაქვს, სახლშიც გვაქვს. რამდენიმე დღე დროშებს ხატავდა.

– "სახალხო კრების" თავჯდომარე ნონა გაფრინდაშვილმა განცხადა, რომ "ქართული პარტია" მალე დაიშლებაო, ამის ერთ–ერთ არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი სხვა თანაპარტიელებს უხერხულობას უქმნის.

– ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ძალიან არასერიოზულია. ქალბატონი ნონას დარი ადამიანი დღევანდელ საქართველოში არ მეგულება – ის საუკუნის საქართველოს სახეა. მაგრამ არის თემები, რაზეც მას არ შეიძლება, ინფორმაცია ჰქონდეს და ალბათ ვინც ინფორმაციას აწვდის, სრულიად შეგნებულად და არაკეთილსინდისიერად აკეთებს ამას. "ქართული პარტიის" დაშლის არანაირი ნიშანი არ ჩანს. ვართ მჭიდროდ და ვაპირებთ მყარი პარტიის აშენებას. სულ მეშინია ხოლმე რამის თქმის, სხვა კონტექსტით იშიფრება, რაც ჩემი აზრის საწინააღმდეგოა. ვინმემ რომ მკითხოს: ეს პარტია არასდროს დაიშლებაო? ეს სულელური კითხვაა, ოდესმე შეიძლება დაიშალოს კიდეც, ან პარტია იყოს და სათავეში სხვა ადამიანები ჰყავდეს. მარადიული არაფერია. მე ვიცი, რომ მარადიულად ჩემს ოჯახთან ერთად ვიქნები და მის დანგრევას არ ვაპირებ. მაგრამ პარტიაში როდემდე ვიქნებით ერთად და რა ცვლილებები იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. მომავალზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. პარტიის წევრებს ძალიან ბევრ საკითხში გვაქვს განსხვავებული ხედვები და ვკამათობთ კიდეც. არ ვართ ნაცები, რომლებიც ინკუბატორიდან გამოსული წიწილებივით, ნათქვამს ერთხმად იმეორებენ. ჩვენ ვთანხმდებით, ვპოულობთ განსხვავებული ხედვების შეჯერების გზას და ამაში იბადება ზოგჯერ ჭეშმარიტება, ზოგჯერ შეიძლება შეცდომებიც იყოს.

– საზოგადოების აზრით, სოზარ სუბარს აქვს ძალიან სამართლიანი ადამიანის იმიჯი და შესაძლოა შექმნილ შეხედულებაზე ცუდად იმოქმედოს იმან, რომ პარტიის წევრებს, ამ შემთხვევაში ოქრუაშვილი იგულისხმება, არც თუ ისე შთამბეჭდავი წარსული აქვს.

– მიზანი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაა. პირადად მე შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის მრჩეველი ვარ. გრანტის მიღების დიდი ალბათობა მაქვს. მიწვევებიც მქონდა სხვადასხვა არასამთავროებში. ჩემი სტატუსი და გამოცდილება მშვიდად მუშაობის საშულებას მაძლევდა და საზოგადოებაში ყოველთვის კარგი სახელი მექნებოდა, მაგრამ ამით ქვეყანას არაფერი ეშველებოდა. ირაკლი ოქრუაშვილსაც შეეძლო თავისი თავი საზოგადოებისთვის დაევიწყებინა და არ მიეცა ვინმესთვის მისი ლანძღვის საბაბი. 25 ნოემბრის გამართულ სახალხო კრებზე თქვა, რომ "საპნის ბუშტივით" გასკდებაო. შეეძლო ეს არ ეთქვა და კრიტიკის საგნად არ გაეხადა თავი, მაგრამ გავიდა დრო და მის სიტყვებში სიმართლის დიდი წილი იყო. ვხედავთ, მივდივართ კატასტროფისკენ და ეს კატასტროფა უნდა შევაჩეროთ. ცალ–ცალკე ეს არ შეგვიძლია, ერთად ჩვენ ამას შევძლებთ. ირაკლი ოქრუაშვილის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება, მისი ურთიერთობა და ნაცნობობა ქვეყნის გარეთ, გამოცდილება, თუ როგორ მუშაობს სააკაშვილი და მისი გუნდი; ეროსი კიწმარიშვილის პიარ–გამოცდილება საინორმაციო პოლიტიკაში, თუ როგორ მუშაობს გუნდი შიგნიდან; ჩემი გამოცდილება სამართლებრივი სისტემის მოწყობის, თუ ადამიანებთან მუშაობის დარგში; კოკა გუნცაძისა და ლევან გაჩეჩილაძის ამდენწლიანი ბრძოლის გამოცდილება. ამას გარდა, ლევანის ბიზნეს–მენეჯერული გამოცდილება მნიშვნელოვანია. ძალიან განსხვავებული ხედვის ადამიანები შევიკრიბეთ და საქმეს ერთად ვაკეთებთ.

– "სახალხო კრება" გაზაფხულზე აპირებს გააქტიურებას. თქვენ?

– ჩვენი გეგმაა, გაზაფხულზე ვიყოთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულები. არ ვასახელებთ არანაირ თარიღს, ვემზადებით ქმედებისთვის. სააკაშვილი ყოველდღე იმდენ შეცდომას უშვებს, რომ მისი დამხობისა თუ გადაყენებისთვის სხვა ქვეყანაში ეს შეცდომები საკმარისი იქნებოდა. საქართველოში ასე ხდება იმიტომ, რომ ამისთვის არავინ არის მზად. იგივე განათლების მინისტრის მუქარა დირექტიორების მიმართ. ვითომ აქ არაფერი მომხდარა.

– ისევ სახალხო დამცველი რომ იყოთ, ბოლო ერთი თვის მანძილზე მომხდარი ფაქტებიდან რომელზე დაიწყებდით აქტიურ მუშაობას?

– ტერორი სკოლებში, მოსწავლეების დაშინება, მუქარა დირექტორებზე; სკოლიდან დირექტორების გაგდება მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვებმა აქციებში მიიღეს მონაწილეობა; 6 მასწავლებისა და დირექტორის გაგდება ზუგდიდის #4 საჯარო სკოლიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს პარტიას მოაწოდეს ფლეთჩერისა და შაშკინის შეხვედრის ფოტოები.

– როგორ შეაფასებთ დღევანდელი სახალხო დამცველის – გიორგი ტუღუშის მუშაობას?

– გიორგი ტყღუშის მუშაობის სტილი არის ძალიან განსხვავებული იმისაგან, რასაც მე ვაკეთებდი და როგორც ვმოქმედებდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის ეფექტური. შეფასებით ჯობია საზოგადოებამ შეაფასოს, ჩემგან არ გამოვა ლამაზი არც კრიტიკა და არც ქება. შემიძლია ვთქვა, რომ ის ავტორიტეტი, რომელიც სახალხო დამცველმა მოიპოვა, დღემდე გრძელდება. ევროპის სასამართლოებზე მოწმედ მთხოვენ ყოფნას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემი მუშაობის პერიოდშია შესწავლილი. სამი დღის წინ თურქეთის სასამართლომ გაათავისუფლა პიროვნება, რომელიც საქართველოს მოთხოვნით იყო დაკავებული, რომლისთვისაც ჩემს მოხსენებებში მინიჭებული მქონდა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ამასთან დაკავშირებით სტამბულში სასამართლოზე ჩვენება მივეცი. გაზაფხულზე ლონდონში ვარ დაბარებული სასამართლო პროცესზე, სადაც საქართველოს მოქალაქეების საქმე განიხილება. ამ ყველაფერს სახალხო დამცველის ოფისმა დიდი შრომის ხარჯზე მიაღწია და მეამაყება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა დაიკავა ძალიან სერიოზული ნიშა მსოფლიო ომბუდსმენთა თანამეგობრობაში.

თეა გულედანი





Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე
კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online