asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ათა–თურქი – ევროპულად განათლებული, მაგრამ ამბიციური
ევროპულად განათლებული, მაგრამ ამბიციური
ათა–თურქი – ევროპულად განათლებული, მაგრამ ამბიციური

2010-12-06 15:37:37



ათა–თურქი – ასე შევიდა ისტორიაში მუსტაფა ქემალ–ფაშა, კაცი, რომელმაც ახალი დემოკრატიული თურქეთი შექმნა.



ათა–თურქი სამართლიანად განეკუთვნება იმ ეროვნულ მოღვაწეთა რიცხვს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს მე–20 საუკუნის ისტორიას.

888

მუსტაფა ქემალი დაიბადა 1881 წელს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. იმხანად ეს მხარე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. მამამისი ევროპული ორიენტაციისა გახლდათ, დედა – ძლიერ რელიგიური და სურდა, შვილს სასულიერო განათლება მიეღო:

– ამ ნიადაგზე ცოლ–ქმარს შორის ხშირად იმართებოდა დავა, – წერს ველი კაიმ–ხანი.

ბოლო და ბოლოს, მამამ თავისი გაიტანა და შვილს თანამედროვე ევროპული განათლება მისცა. ქემალმაც ბრწყინვალედ შეისწავლა არა მხოლოდ თურქეთის ისტორია, არამედ ფრანგული და ინგლისური ენებიც. შედარებით ნაკლებად იცოდა გერმანული, ლაპარაკობდა აგრეთვე ბულგარულად და სერბულად.

– ქემალს ბავშვობიდანვე ძალიან უყვარდა კითხვა, განსაკუთრებით პოეზია უყვარდა, – წერს ანატოლი ელკინი.

თურქი ისტორიკოსები (თიმური და ა.შ.) წერდნენ, რომ ქემალი ბავშვობიდანვე დამოუკიდებელი და ამბიციური ხასიათით გამოირჩეოდა. არ უყვარდა ძლიერის წინაშე ქედის მოდრეკა, რის გამოც ხშირად კონფლიქტები მოსდიოდა. რუსი მწერალი ვლადიმერ ბელიაევი წერს:

– სასწავლებელში, სადაც ქემალი სწავლობდა, ყველაფერს ერთი ყოჩი წყვეტდა. ქემალი მის პირველობას ვერ შეეგუა. საქმე ჩხუბამდე მივიდა და ქემალის გალახვით დასრულდა. სხვა მის ადგილზე ხელს ჩაიქნევდა, ქემალიმ კი კრივში ვარჯიში გაძლიერებულად დაიწყო. როდესაც საკმარისად დაოსტატდა, ყოჩთან მეორედ იჩხუბა და სასტიკად დაამარცხა.

ბუნებრივია, ასეთი ამბიციების ადამიანს ცოტა მეგობარი ეყოლებოდა. ქემალიც ორ–სამ ბიჭთან ამხანაგობდა. თანაკლასელები მასზე ამბობდნენ:

– ძალზე ფიცხი და ამბიციურია!

როგორც ცნობილია, ქემალმა სამხედრო კარიერა აირჩია. აქ მისმა ამბიციურობამ და სიფიცხემ არც თუ კარგი სამსახური გაუწია. ქემალი არავის ეპუებოდა, მათ შორის, ჩინით უფროსებსაც კი. ის ხმამაღლა გამოდიოდა ჯარში არსებული კორუფციის წინააღმდეგ. ამას იმხანად ბევრი თურქი ოფიცერი აკეთებდა, რადგანაც ოსმალეთის იმპერიაში საქმეები მართლაც ცუდად მიდიოდა. კრიტიკა, როგორც იტყვიან, "მოდაში იყო", მაგრამ ქემალი ცარიელ ლაპარაკს როდი დასჯერდა. მან კორუფციასთან მებრძოლი საიდუმლო ორგანიზაცია შექმნა და ქმედითი ზომების გატარებას შეეცადა.

– ევროპულად განათლებულია, მაგრამ ძალზე ამბიციური, – ასე ამბობდნენ მასზე.

ცნობილი უზბეკი მოღვაწე მუსტაფა ჩოკაევი თვლის, რომ სწორედ ამ ამბიციურობის გამო ენვერ–ფაშამ მუსტაფა ქემალი აითვალისწუნა:

– მათ შორის, კონფლიქტი არა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, არამედ ბევრად ადრე, – წერს ჩოკაევი.

ენვერი "ახალგაზრდა თურქების" მოძრაობის ლიდერი გახლდათ. მან მიაღწია იმას, რომ თავდაცვის მინისტრი და სულთანის სიძე გახდა. ამის შემდეგ, ენვერ–ფაშა ფაქტიურად თურქეთის დიქტატორად გადაიქცა. განათლებული, მაგრამ ამბიციური მუსტაფა ქემალი მას მართლაც ყელში ძვალივით ეჩხირებოდა. ენვერიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ქემალი ჩრდილში ყოფილიყო.

ორი გზა

ქემალის მხედართმთავრული ნიჭი პირველად ბალკანეთის ომის დროს გამომჟღავნდა. მან ბულგარელებთან ბრძოლაში თავი ისახელა:

– ქემალი არა მარტო მამაცი, არამედ ნიჭიერი მხედართმთავარიც გამოდგა, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – მან შეძლო ჯარისკაცების დარაზმვა და თითქმის წაგებული ბრძოლის მოგება.

ამან ქემალს მთელ თურქეთში ფართოდ გაუთქვა სახელი. მოგვიანებით, მან დაამტკიცა, რომ დიპლომატიური ნიჭიც გააჩნია. ეს ცხადად გამოჩნდა მაშინ, როდესაც სოფიაში თურქეთის სამხედრო ატაშედ დაინიშნა.

– ენვერმა საგანგებოდ გაუშვა ქემალი ბულგარეთში, ქვეყანაში, სადაც თურქები სძულთ. ენვერი დარწმუნებული იყო, რომ ქემალი კისერს მოიტეხდა. მოხდა პირიქით: ქემალმა საქმეს ჩინებულად გაართვა თავი, – წერს ჩოკაევი.

მართლაც, მალე თურქეთის ძირძველი მტერი ბულგარეთი მის მოკავშირედ გადაიქცა, ეს განაპირობა როგორც ინგლის–საფრანგეთის პოზიციამ (მათ სერბებსა და ბერძნებს დაუჭირეს მხარი და ბულგარეთს ტერიტორიები წაართვეს), ასევე რუსეთის სისუსტემ (მან ვერ დაიცვა თავისი ტრადიციული მოკავშირე ბულგარეთი) და თურქული დიპლომატიის მოქნილობამაც.

– ქემალის წვლილი უდიდესია იმაში, რომ პირველ მსოფლიო ომში ბულგარეთი გერმანია–ოსმალეთის მოკავშირე გახდა, – წერს ცნობილი საბჭოთა მხედართმთავარი ვიტალი პრიმაკოვი.

პირველი მსოფლიო ომის დროს, ქემალის საუკეთესო თვისებები სრულად გამომჟღავნდა. ოსმალეთის იმპერია ომისათვის მზად არ იყო. ქვეყანაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ქემალი, რომელიც ინგლისელებთან არაერთ შეტაკებაში მონაწილეობდა, მართლაც არნახული სიმამაცით გამოირჩეოდა.

– ინგლისელებმა თურქებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. გარშემო ბომბები სკდებოდა, მაგრამ ქემალი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მან მეომრებს სიმხნევე შეჰმატა. მალე, ქემალის მეთაურობით, ისინი შეტევაზე გადავიდნენ და მტერი უკუაქციეს, – წერს ჩოკაევი.

ენთუზიაზმითა და თავგანწირვით შესაძლებელია მოიგო ბრძოლა, მაგრამ ვერ მოიგებ ომს. ოსმალეთის იმპერია განწირული გახლდათ და მისი დამარცხებაც გარდუვალი იყო. გერმანელთა დახმარებამ და რუსეთში ოქტომბრის გადატრიალებამ ეს მარცხი გადაავადა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, კატასტროფა მაინც მოხდა. "ღერძის ქვეყნები" (გერმანია, ავტრო–უნგრეთი) დამარცხდნენ. მათი ბედი გაიზიარა ოსმალეთის იმპერიამაც. ომში დამარცხებულის ბედი კი სავალალოა. გამარჯვებული ანტანტაც მათ დასჯას შეუდგა.

– იმხანად, ინგლისის პრემიერი ლოიდ ჯორჯი იყო, ლიბერალი კაცი, რომლის მიზანიც, რუსეთის მეშვეობით, ოსმალეთის დანგრევა იყო, – წერს ნოე ჟორდანია.

ოქტომბრის გადატრიალებამ ლოიდ ჯორჯის გეგმებში სერიოზული კორექტივები შეიტანა. როგორც ცნობილია, ლენინმა გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან სეპარატული ზავი დადო (ბრესტის ზავი). რუსული ფრონტის მოშლამ ანტანტა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა გერმანელთა დამარცხება მაინც მოხერხდა. ამის შემდეგ, ინგლისელები საკუთარი ძალებით შეუდგნენ თავიანთი განზრახვის შესრულებას, ანუ თურქული სახელმწიფოს ლიკვიდაციას. მალე თურქეთის ტერიტორია ინგლის–საბერძნეთის ჯარების მიერ იქნა ოკუპირებული.

– თურქული სახელმწიფოებრიობა გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, – წერს უკრაინელი საბჭოთა მწერალი იური სმოლიჩი.

ამ ვითარებაში გამოიკვეთა ორი ლიდერი, რომლებმაც ხალხს გადარჩენის თავიანთი გზა შესთავაზეს. ესენი იყვნენ – ენვერ–ფაშა და მუსტაფა ქემალ–ფაშა.

– შექმნილ სიტუაციაში თურქების ერთადერთი მოკავშირე საბჭოთა რუსეთი იყო, ამას ენვერიცა და ქემალიც ერთნაირად აცნობიერებდნენ, – წერს სმოლიჩი.

საბჭოთა რუსეთთან კავშირი იყო ერთადერთი, რაშიც ენვერი და ქემალი თანხმდებოდნენ.

– ენვერ–ფაშა იმპერიის შენარჩუნებასა და ე.წ. დიდი თურანის შექმნას მოითხოვდა, – წერს სმოლიჩი, – ქემალი კი აცნობიერებდა: იმპერიამ თავი ამოწურა და თურქული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა მხოლოდ ახალი, დემოკრატიული თურქეთის რესპუბლიკის შექმნით შეიძლებოდა.

დიდი თურანი თუ დემოკრატია? თურქი ერი ამ ორი არჩევანის წინაშე დადგა.

ქემალის პოზიცია მტკიცე იყო: დემოკრატია და მხოლოდ დემოკრატია! სხვაგვარად თურქული სახელმწიფოებრიობა ვერ გადარჩება!

ბოლშევიკებთან ალიანსის შედეგები

ქართულ პრესაში უკვე ბევრი დაიწერა იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვა ჩვენთვის თურქულ–ბოლშევიკურ ალიანსს, ამიტომ ამაზე არ შევჩერდებით. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ თავის მემუარებში ათა–თურქი სინანულით აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება ვერ შევძელიო.

თურქულ–ბოლშევიკურმა ალიანსმა არაერთი ტრაგიკული მოვლენა განაპირობა. ამის პირველი მსხვერპლი ხივის სახანო გახლდათ. საბჭოთა რუსეთმა მისი ოკუპაცია 1919 წლის ბოლოს დაიწყო. ხივის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უამრავი თურქი ოფიცერი, რომელიც იქაურ ჯარში მსახურობდა. რუსულ–ბოლშევიკური აგრესიის დროს, ეს ოფიცრები რუსების მხარეს დადგნენ. მათ მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა პანთურქისტულმა ელემენტებმა (ფალვან–ნიაზ იუსუპოვი, აბდურაჰმან შავქათი და ა.შ.), რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ თურქმენების დომინირებით (ხივის ფაქტიური მმართველი თურქმენთა ერთ–ერთი ტომის ბელადი ჯუნაიდ–ხანი იყო). როგორც კი რუსები ხივას მიუახლოვდნენ, ამ ძალებმა მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება. ჯუნაიდი თავისი ჯარით ყარა–ყუმის უდაბნოში გაიქცა. ხივა რუსულმა წითელმა არმიამ დაიკავა. მსგავსი სცენარი განმეორდა აზერბაიჯანშიც (1920 წლის ზაფხული), როდესაც თურქი ოფიცრების დახმარებით მოხდა გადატრიალება და წითელმა არმიამ ბაქო თოფის გასროლის გარეშე აიღო.

– ბაქოს აღება აზერბაიჯანის დამორჩილებას როდი ნიშნავდა, – წერს ჩოკაევი, – ქვეყანაში პარტიზანული ომი გაჩაღდა, დაიღვარა ძალიან დიდი სისხლი.

საბჭოთა რუსეთში ჩასულ ენვერ–ფაშას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. როგორც ჩანს, ბოლშევიკებს იმედი ჰქონდათ ენვერი საკუთარი ინტერესებისათვის გამოეყენებინათ. თავის მხრივ, ენვერ–ფაშა დარწმუნებული იყო, რომ ლენინი ხელისუფლებაში დაბრუნებასა და იმპერიის აღდგენაში ხელს შეუწყობდა. როდესაც დაინახა, რომ ეს ფუჭი იმედებია, ის ბოლშევიკებს აუჯანყდა. შუა აზიაში უკვე მთელი ძალით მძვინვარებდა პარტიზანული ომი, ასე რომ, ენვერმა მოკავშირეები ადვილად იპოვა.

– ენვერ ფაშამ შეძლო მოქიშპე ძალების გაერთიანება და შუა აზიაში კონტრრევოლუციის გამარჯვების უდიდესი საფრთხე შექმნა, – წერს ცნობილი მწერალი ბრუნო იასენსკი, ავტორი გახმაურებული რომანისა "ადამიანი იცვლის ტყავს".

ბოლშევიკებმა ენვერის აჯანყება ძლივს ჩააქრეს, თავად ენვერ–ფაშა კი წითელარმიელებთან შეტაკებისას დაიღუპა.

– ენვერის სიკვდილით, ფაქტიურად, ოსმალეთის იმპერიის რესტავრაციის იდეა მოკვდა, – წერს იასენსკი, – ქემალიც ერთადერთი და უალტერნატივო ლიდერი გახდა!

საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერით, ქემალმა შეძლო ინტერვენტების (საბერძნეთი–ინგლისი) წინააღმდეგ მასიური პარტიზანული მოძრაობის გაშლა. 1920 წლის 23 აპრილს, ანკარაში (სტამბული ჯერაც ინტერვენტების ხელში იყო) გამოცხადდა, რომ შეიქმნება თურქეთის რესპუბლიკა. ქემალმა სწორედ აქ გაახმოვანა ექვსი პუნქტისაგან შემდგარი დებულება, რაც ახალი დემოკრატიული თურქეთის იდეოლოგიური საფუძველი გახდა:

1. ეროვნული თანხმობის პაქტი და კლასობრივი სოლიდარობა;

2. ეროვნული აღზრდა;

3. ეროვნული კულტურა;

4. ენის, ისტორიისა და კულტურის ერთობა;

5. თურქული თვითშეგნება;

6. სულიერი ერთობა.

ამ ლოზუნგებმა მართლაც გააერთიანა მთელი ერი. უილიამ შირერი შემდგომში წერდა:

– მუსტაფა ქემალმა თითქმის დაღუპულ ქვეყანას სიცოცხლე დაუბრუნა!

პარტიზანული მოძრაობაც მთელი ძალით გაიშალა. ამას დიდად შეუწყო ხელი საბჭოთა რუსეთთან "მეგობრობისა და ძმობის" ხელშეკრულებამ. 1922 წლისათვის ინგლისელი და ბერძენი ინტერვენტები ქვეყნიდან განდევნეს. 1923 წელს გამოცხადდა თურქეთის რესპუბლიკის შექმნა:

– მაშინ ქემალს ბევრი ბოლშევიკებთან კავშირს აყვედრიდა,– წერს ჩოკაევი, – დღეს ცხადია, რომ ეს კავშირი იყო იძულებითი, სხვაგვარად თურქული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა – ქემალი არც პრორუსული, არც პროგერმანული ან პროინგლისური ორიენტაციისა გახლდათ. ის პროთურქული ორიენტაციის პოლიტიკოსი იყო, უდიდესი ინტელექტითა და სიმამაცით დაჯილდოებული. ქემალს ჰქონდა საკუთარი იდეოლოგია, საკუთარი ტაქტიკა და სტრატეგია. ზუსტად იცოდა, რა, როდის და როგორ გაეკეთებინა. ამიტომ გაიმარჯვა კიდეც.

თურქეთის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

რეფორმატორი

დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სათანადო ტრადიციები არ არსებობს. ახალ თურქეთს ქემალი ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე ქმნიდა. შესაბამისად, თურქული დემოკრატიაც უდიდესი თავისებურებებით გამოირჩეოდა:

– ოსმალეთის იმპერია ხალხთა ჩაგვრასა და ძალადობას ეფუძნებოდა. შესაბამისად, ჩვენი კეთილდღეობაც არა შრომას, არამედ იარაღს ეფუძნებოდა. ამაშია სწორედ ჩვენი ტრაგედიის სათავე! სერბებმა, ბულგარელებმა თუ სხვებმა, რომლებიც ერთ დროს ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყვნენ, კეთილდღეობის საფუძვლად არა იარაღი, არამედ გუთანი გაიხადეს. ამიტომაც გაგვისწრეს. ჩვენ კი ძალიან ჩამოვრჩით. იმისათვის, რომ ეს ჩამორჩენა აღმოვფხვრათ, აუცილებელია იმპერიასა და ძალადობაზე უარი ვთქვათ! ამიერიდან ჩვენი კეთილდღეობის საფუძველი უნდა გახდეს არა იარაღი, არამედ გუთანი!

ქემალმა ამ სიტყვით ერს მეჯლისის (პარლამენტი) ტრიბუნიდან მიმართა. ეს გამოსვლა ფაქტიურად მისი პროგრამის დეკლარაცია იყო. ბუნებრივია, პოსტიმპერიულ ქვეყანაში ამის განხორციელება ადვილი როდი გახლდათ. ამიტომაც ქემალმა საკუთარ ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა:

– მუსტაფა ქემალს სულთანი არ ჰქვია, თუმცა, მისი ძალაუფლება სულთნისას ბევრად აღემატება, – წერდა ლატვიელი მწერალი ალექსანდრას გრინსი, რომელიც იმ წლებში თურქეთს ესტუმრა, – ევროპული სტანდარტით, თურქეთში ქემალის დიქტატურაა დამყარებული. იმავდროულად, ქემალი ახორციელებს გარდაქმნებს, რომელთა მიზანია ეს აზიური ქვეყანა ევროპულად გადააქციოს. შეძლებს კი ამას, თვით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ქემალია? დღეს ამისი თქმა ძნელია. უდავოა ერთი – დემოკრატიის ქემალისეული მოდელი თურქი ხალხისათვის ერთადერთი გასაგები და მისაღები მოდელია!

ქემალსაც მტკიცედ ეპყრა ხელთ მართვის სადავეები. მას კარგად მოეხსენებოდა აზიური მენტალიტეტის ძირითადი თავისებურება: მართალია ის, ვინც ძლიერია! თურქებს ეს ძვალ–რბილში ჰქონდათ გამჯდარი. ქემალიც სისტემატიურად ახდენდა ძალის დემონსტრაციას. ის სასტიკად უსწორდებოდა როგორც ხაზინის ქურდებს, ასევე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსაც. ქემალის დროს პოლიცია ბევრად სასტიკი იყო, ვიდრე სულთნის მმართველობის ხანაში. იმავდროულად, ქემალი ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ნერგავდა პოლიტიკურ პლურალიზმს, კამათის კულტურას, იმას, რაც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში იყო, მაგრამ თურქეთისათვის სიახლე გახლდათ:

– ქემალმა იცოდა, რომ დემოკრატიის ევროპული მოდელის ბრმად გადმოტანა უბედურების მეტს არაფერს მოიტანდა, ამიტომაც გარდაქმნებს უაღრესად ფრთხილად ახორციელებდა, – წერს მუსტაფა ჩოკაევი.

პლურალიზმის დანერგვა ხდებოდა ერთი შეხედვით დემოკრატიის გამომრიცხავი პიროვნების კულტის ფონზე. გაზეთები ქემალის ფოტოებით იყო სავსე. ყველა დაწესებულებაში მისი უზარმაზარი პორტრეტები ეკიდა. სკოლაში ბავშვებს შთააგონებდნენ, რომ მუსტაფა ქემალი – ერის მამაა. შემდგომში პარლამენტმა ოფიციალურად მიანიჭა მას ათა–თურქის ანუ თურქთა მამის ტიტული.

– ქემალის კულტი ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, – წერდა ალესანდრას გრინსი, – ეს შეიძლება შევადაროთ ლენინის კულტს რუსეთში!

ლენინ–სტალინისაგან განსხვავებით, ქემალმა თავისი ძალაუფლება ევროპული ფასეულობების დამკვიდრებისათვის გამოიყენა. მან ჩაატარა მიწის რეფორმა, ჩამოართვა მეჩეთებს მიწები და გლეხებს დაურიგა. განხორციელდა განათლების რეფორმაც, ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგად, მიაღწიეს იმასაც, რომ ქალებმა ჩადრები მოიხსნეს. მოხდა რელიგიის სახელმწიფოსაგან გამოცალკევება. სკოლებში სწავლების ახალი ევროპული მეთოდი დაინერგა.

– ქემალის გარდაქმნებს თამამად შეგვიძლია ჯადიდური ვუწოდოთ, – წერდა ცნობილი უზბეკი ბოლშევიკი ფაიზულა ხოჯაევი, – ქემალმა განახორციელა ის, რის დეკლარირებასაც ჩვენი ჯადიდები ახდენდნენ.

ჯადიდთა მიზანი, როგორც ცნობილია, ქვეყნის განახლება იყო. ქემალმაც განაახლა თურქეთი, შექმნა რა საერო სახელმწიფო.

– მან შექმნა რესპუბლიკა, თუმცა, სინამდვილეში ნამდვილი დიქტატორია, – წერდა ხოჯაევი, – ის გაურბის იმ ძირეულ სოციალურ გარდაქმნებს, რომლებსაც ჩვენ, ბოლშევიკები, ვაკეთებთ. მისი გარდაქმნებიც ლიბერალურია, მაგრამ კლასობრივ ანტაგონიზმს ვერასოდეს აღმოფხვრიან.

ამრიგად, საბჭოთა რუსეთთან მეგობრობის მიუხედავად, ქემალმა უარი განაცხადა ბოლშევიკური წესების დამკვიდრებაზე. რუსეთის გარდა, მან შეძლო ყველა მეზობელთან ნორმალური ურთიერთობების აწყობა. ქემალმა შეძლო ინგლის–საფრანგეთთან ურთიერთობების დალაგებაც. ახალმა თურქეთმა მოახერხა მსოფლიო პოლიტიკაში თავისი ადგილის დამკვიდრება.

ეპილოგი

მუსტაფა ქემალი ანუ ათა თურქი 1938 წელს გარდაიცვალა. ის მთელმა ერმა გულწრფელად დაიტირა.

ქემალმა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო: მან მიაღწია იმას, რომ თურქეთმა იმპერიალიზმზე უარი განაცხადა და დემოკრატიისკენ აიღო გეზი. ამიტომაც დღეს თურქეთი ნატოს წევრი და საქართველოს მეგობარია და ჩვენ ერთად მივისწრაფით ერთიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისაკენ.

ნიკა თევზაძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლენინი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online