asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თეა დარჩია: "სამეგობროდ ავსტრალიელები და ინგლისელები ყველაზე კარგები არიან"
"სამეგობროდ ავსტრალიელები და ინგლისელები ყველაზე კარგები არიან"
თეა დარჩია: "სამეგობროდ ავსტრალიელები და ინგლისელები ყველაზე კარგები არიან"

2010-12-06 15:37:36



თეა დარჩია სუხიშვილების ანსამბლთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დედამიწის აღმოსავლეთში მოგზაურობა გახლდათ. თეას ძალიან უყვარს ზღვა და ზღვის პროდუქტები.



თეა დარჩია:

– თითოეულ ქვეყანაში ალბათ 5–ჯერ ვარ ნამყოფი. ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსზე ნამდვილად არ ვყოფილვარ. ციმბირში არაჩვეულებრივი იყო, ჩილეც ძალიან მომეწონა. სანამ მექნებოდა ბედნიერება, რომ მემოგზაურა, საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი იყო. მშობლები მხატვარ–მოქანდაკეები გახლდნენ. ისინი მხატვართა კავშირიდან აკეთებდნენ ე.წ. პუტიოვკებს. ტარდებოდა სიმპოზიუმები. გონებაში ყველაზე კარგად ბალტიისპირეთში მოგზაურობა დამრჩა. ერთ დიდ სასტუმროში არაჩვეულებრივი საზოგადოება იყრიდა თავს. ერთად ვსადილობდით, შემდეგ ტყეში გავდიოდით და ვსეირნობდით, ზღვის სანაპიროზე გავდიოდით. ძალიან კარგად მახსენდება მოცურავე ბარხანები. რიგა ულამაზეს ქალაქად დამამახსოვრდა. ჩემი უფროსი და ლენინგრადის კონსერვატორიაში სწავლობდა და მშობლებს იქ ხშირად დავყავდი.

– გვიამბეთ ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობის შესახებ.

– მაშინ 17 წლის ვიყავი. აქ გაქანებული კომუნიზმი იყო და ჩვენ ტოკიოში, შემდეგ ფილიპინებზე წავედით. ჩემთან ერთად ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. ვიმოგზაურე რეზო თაბუკაშვილთან ერთად, თან ჰყავდა წამოყვანილი თავისი ოპერატორი. თვითმფრინავში მოსკოვში ჩავსხედით, საიდანაც ტოკიოში უნდა გადავფრენილიყავით. 10 საათი ვიფრინეთ. მე ბატონი რეზოს გვერდით ვიჯექი და ამ დროში მან მთელი თავისი ცხოვრება მომიყვა. ყურებდაცქვეტილი ვუსმენდი და უბედნიერესი ვიყავი. ისე ჩავფრინდით, დაღლა არ მიგრძვნია. მან საოცარი თხრობა იცოდა. განსაკუთრებით, მისი სიყვარულის ისტორია დამამახსოვრდა. ის მეუღლეზე გიჟდებოდა. რადგან პატარა ვიყავი, ბატონი რეზო "ჭყინტის" მეძახდა. ტოკიოში ისეთი კონცერტი ტარდებოდა, რომ საქართველოზე ზოგადი წარმოდგენა შეჰქმნოდათ. იყვნენ ოპერის, პოპის, ესტრადის, ფოლკლორის მომღერლები. დიდებულ ადამიანებთან ერთად ვიყავი, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებდი. იმ მომენტში ისე იფერებ ყველაფერს, თითქოს, ასეც უნდა იყოს. ახლა რომ იგივე მოგზაურობა განმეორდეს, შეიძლება, ბედნიერებისგან ჭკუიდან გადავდგე. მანანა თოდაძე გარუჯვაში მეჯიბრებოდა. ფილიპინები ზედ ეკვადორზეა, სადაც მზის სხივები პერპენდიკულარულად ეცემა დედამიწის ზედაპირს. იქ გარუჯვა ძალიან საშიშია. მე ისედაც ხორბლისფერი კანი მაქვს, მანანა თეთრი, ფითქინაა და რატომღაც მოინდომა, დამწეოდა და გაესწრო კიდეც. ნომერში ერთად ვცხოვრობდით. ოთახში რომ შევედი, რას ვხედავ, მანანა წევს ლოგინზე მუქი ბორდოსფერი, მთელი სხეულით ძაგძაგებს, მესამე ხარისხის დამწვრობა მიეღო. მიუხედავად ამისა, კონცერტზე მაინც წამოვიდა, მაგრამ როგორც კი სიმღერა დაიწყო, გული წაუვიდა და სცენაზე დაეცა. ამის გამო, ბატონი რეზო თაბუკაშვილი ფეხდაფეხ დამდევდა, რომ აუზზე არ გავსულიყავი – "ჭყინტი" ამოდი წყლიდან, შენ რომ რამე დაგემართოს, მე ვერ ვიცეკვებ შენ მაგივრადო, – მეუბნებოდა. ნომერში მკეტავდნენ, წყალში რომ არ ჩავსულიყავი. აივანზე ვიჯექი, ვუყურებდი აუზს და ცხარე ცრემლით ვტიროდი. ფილიპინებზე, როცა წყლის მიქცევა იყო, უზარმაზარი მარჯნები მზეზე წითლად ბზინავდნენ. ულამაზესი სანახაობა იყო. რადგან მარჯნის დაბოლოებები ძალიან ბასრი იყო, ზღვაში არ შევდიოდით, სულ საცურაო აუზში ვიყავით და "ხიჟინებში" ვცხოვრობდით. კუნძულიდან კუნძულზე 45–წუთიანი გადაფრენები გვქონდა ხოლმე. კომუნისტური საქართველოდან წასული, თვითმფრინავის საჭმელებზე ჭკუას ვკარგავდი. ერთ მშვენიერ დღეს, რეზო თაბუკაშვილი, თავის ოპერატორთან ერთად, წავიდა ექიმთან, რომელიც ოპერაციებს უსისხლოდ და უმტკივნეულოდ აკეთებდა. თათუსა ყურაშვილს (ჯაზბენდის ხელმძღვანელი, კონტრაბასზე უბადლო შემსრულებელი) ცხიმგროვა ჰქონდა და ისე მოაშორეს, ნაწიბურიც არ დარჩენია. იქიდან დაბრუნებული, გაოგნებული მთელი ღამე ოპერაციის მსვლელობას მიყვებოდა. ტოკიოდან რომ ჩამოვედი და იქ გატარებულ დღეებზე ვყვებოდი, არავინ მიჯერებდა, ყველას მატყუარა ვეგონე. მაგრამ 20 წლის შემდეგ, ტოკიოში კიდევ წავედით და მაშინ ნამდვილად დამიჯერეს, თუ რა სასწაულია იქაურობა.

– მოგზაურობისას რის გამო გექმნებოდათ დისკომფორტი?

– მოგზაურობა სასწაულია, დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ენა თუ არ იცი, ამ ბედნიერებას ვერ ითავისებ და მეგობრების შეძენის ბედნიერებაც არ გაქვს. ქვეყანას ადამიანივით ვიყვარებ. ავსტრალიაში ისეთი მეგობრები მყავს, როგორებიც თბილისში. ომიანობის პერიოდში სულ მეხმიანებოდნენ. ჩვენზე გული შესტკიოდათ. ენა თუ არ იცი, იგივეა, უკაპიკოდ იმოგზაურო. ენის არცოდნა სხვა ქვეყანაში, ტვინის შიმშილია.

– უცხოეთში კურიოზულ სიტუაციაში ყველა აღმოჩენილა, თქვენ?

– ფილიპინებზე, მანილაში დავიკარგე. ჩემს სასტუმროს თავზე ეხატა ყურცქვიტა, მაშინ პატარა ვიყავი, თან კომუნისტურ ეპოქაში გაზრდილი და არ ვიცოდი, რომ ეს "ფლეიბოის" ნიშანი იყო. 2 საათში კონცერტი მაქვს და უნდა გამოვცხადდე. არ ვიცი არც სასტუმროს სახელი და არც ქუჩის სახელი, ამიტომ პოლიციას ვუთხარი, რომ ჩემი სასტუმროს ლოგო ყურცქვიტა იყო. ასე მიმიყვანეს დანიშნულების ადგილზე. კონცერტზე დაგვიანების ძალიან შემეშინდა, თუმცა, სადაც უნდა ვიყო, ამის სულ მეშინია. ჩემთვის ყველაზე საშინელი სიზმარი კონცერტზე დაგვიანებაა. ერთი თვის მანძილზე კონგრესების სასახლეში 6000–მაყურებლიან დარბაზში კონცერტი გვქონდა. სცენა მეორე სართულზე იყო და ბუდუარები, სადაც კოსტიუმებს ვიცვლიდით, მეხუთე–მეექვსე სართულზე, იქ ლიფტით ავდიოდით. ერთხელაც ლიფტი სხვა მიმართულებით წავიდა, სცენაზე ვერ გავედით დროულად, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი პროფესიონალურად შეასრულეს, ფინალზე შევედით, ერთი დავტრიალდით და კონცერტიც დასრულდა. სცენაზე – გული არ წამსვლია, მაგრამ წავქცეულვარ. ბიჭს წამოვდე ფეხი და თეძოთი დავეცი, მაშინვე ნინო რამიშვილის სიტყვები გამახსენდა – "მთავარია, როგორ ადგები", ამაყად ავდექი და კულისებში გავედი. ერთხელ პარლამენტის წინ იყო სცენა გამართული. იქვე შადრევნები იყო ჩართული, დაუბერა ქარმა, სცენა სულ დასველდა. ჩემი პარტნიორი დაეცემოდა, ავაყენებდი, ბოლოს დავიღალე იმის ყურებით, მოვკიდე თმაში ხელი და სცენიდან გავასრიალე. ძირს ყველა პანტაპუნტით ვეცემოდით, მაყურებელმა მშვენიერი დრო ატარა. ერთხელ, ცეკვისას, ფეხსაცმელი გამძვრა და კულისებში შევარდა.

– სცენის გაუმართაობის გამო, უკმაყოფილება არ გამოგითქვამთ?

– არასოდეს. მახსოვს, ნინო და ილიკო სუხიშვილი ჩაქუჩითა და ლურსმნებით დარბოდნენ. ერთხელ, საბერძნეთში უძველეს კოშკში გვქონდა კონცერტი, სცენა არ იყო, მაგრამ ავაშენეთ და ვიცეკვეთ. 25 წელია, რაც ანსამბლში ვარ და არ მახსოვს, პირობების გამო, პრეტენზია გამოგვეხატა. ჩვენთვის "ვერ" არ არსებობს, რადგან პროფესიონალები ვართ, ცეკვა ყველგან უნდა შევძლოთ. სცენის გაუმართაობა ბიჭებისთვის უფრო რთული გადასატანია, ისინი მუხლებზე ეცემიან და ბეტონზე მუხლებით დაცემა ძალიან მძიმეა. გოგოებს უფრო გვიადვილდება ცეკვა.

– ოჯახთან ერთად თუ დაგისვენიათ საზღვარგარეთ?

– მთელი ცხოვრება ვოცნებობ, რომ ფული მოვაკოწიწო და თურქეთში მაინც წავიდე. მაგრამ რაც "ასა" პროექტი შეიქმნა, მას შემდეგ ნამდვილი ჯარისკაცებივით ვართ. ყოფილა შემთხვევა, რომ ღამის 12 საათზე დაურეკავთ, მაშინვე შევკრებილვართ და გავსულვართ სცენაზე. ყოფილა ისეთიც შემთხვევაც, რომ ჩემოდნები მანქანიდან გადმომიღია, ჭიშკარში ფეხი შემიდგამს და უცებ ზარია, რომ კვლავ ბათუმში უნდა წავიდეთ. ჩვენთვის არ არსებობს "არ შეიძლება, არ შემიძლია, ავად ვარ". იმდენად ვარ შეჩვეული ამ რეჟიმს, რომ ორგანიზმიც ხელს მიწყობს – ავად არც ვხდები. ოჯახთან ერთად ზღვაზე იტალიაში სიამოვნებით წავიდოდი და ჩემს შვილებს იქაურობას დავათვალიერებინებდი. ვისიამოვნებდით იტალიელების გაბრწყინებული და მოვლილი სახეებით.

– სამეგობროდ რომელი ერის წარმომადგენელია თქვენთვის ყველაზე მისაღები?

– ავსტრალიელები, სულ გიღიმიან. ისინი განსაკუთრებულად თბილები არიან. იქ სულ მზეა, ოქროსფერი პლაჟი და ბედნიერი ხალხი ცხოვრობს. სამეგობროდ ინგლისელებიც ძალიან კარგები არიან.

– რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონთ?

– ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარს. იტალიურ სამზარეულოს ვამჯობინებ. იაპონური სუშები ძალიან ჯანსაღი საკვებია, მაგრამ ძალიან ძვირია. უმდიდრესი ადამიანი უნდა იყო, რომ ყოველდღე იაპონური კერძით იკვებო, მაგრამ ეს თუ მოახერხე, ჯანმრთელი იქნები.

– როგორც აქტიური მრევლი, უცხოეთში ყოფნისას მართლმადიდებლურ ტაძრებს მოილოცავთ?

– ეს ცალკე ბედნიერებაა, მთელი ანსამბლი მივდივართ ხოლმე. ვიყავით წმინდა ნიკოლოზის საფლავზე. პარიზში ვიყავით ქართულ ეკლესიაში და მამაოსგან დალოცვა მივიღეთ. უნგრეთში ჩვენი მამაოები იყვნენ ჩამოსულები, კონცერტს დაესწრნენ. მამაოებს ჩვენი შემოქმედება ძალიან მოსწონთ. როცა საზღვარგარეთ სასტუმროში ვართ, ანსამბლის ნებისმიერი წევრის ნომერში რომ შეხვიდეთ, ნახავთ, რომ ყველას ოთახში სალოცავი კუთხე აქვს. ანსამბლის ყველა წევრი მარხულობს. მინდა გითხრათ, რომ ბიჭები კიდევ უფრო მორწმუნეები არიან, ვიდრე გოგები. ჩვენ, სცენაზე გასვლამდე, პირჯვარს ვიწერთ.

თეა გულედანი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online