asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა საბა: "ადამიანის სულიერი მდგომარეობა ყურძენს ჰგავს"
ანტიქრისტეს აქვს ძალიან ბევრი სახელი
მამა საბა: "ადამიანის სულიერი მდგომარეობა ყურძენს ჰგავს"

2010-12-06 15:37:35



დღეს, თითქმის ყველა ადამიანს, მით უფრო მორწმუნეს, წარმოდგენა აქვს ბოლო ჟამის პერიოდზე, მის ნიშნებსა და გამოვლინებებზე. ეს თემა ჩვენს ყოფიერებაში, უფრო და უფრო აქტუალობას იძენს და შესაბამისად, ინტერესი და მრავალი კითხვაც ჩნდება. დღევანდელი ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ თემას შეეხება. გვესაუბრება წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი საბა (ბიკაშვილი).



მამა საბა:

– წმიდა კირილე იერუსალიმელი როდესაც ბოლო ჟამის პერიოდზე საუბრობს, ბრძანებს, თუ იცით, ბოლო ჟამის, ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები, მარტო თქვენთვის ნუ დაიმარხავთ, ყველას გულუხვად უთხარით, გადაეცით და გააგებინეთო. ეს ითქვა პირველ საუკუნეებში, როდესაც ეკლესია ყალიბდებოდა. დღეს კი, ამ თემის შესახებ მრავალი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანები ამას ყურადღებას არ აქცევენ. კაცობრიობის ცხოვრება მიედინება იმ კალაპოტისკენ, სადაც უმეცრება და უსიყვარულობა სუფევს. ესეც ბოლოჟამის ერთ–ერთი გამოვლინებაა.

– დღევანდელ ცხოვრებაში, კონკრეტულად რა გამოვლინებები გვაფიქრებინებს იმას, რომ ბოლო ჟამის პერიოდში ვცხოვრობთ? ყველაზე თვალსაჩინო ნიშნებზე გვესაუბრეთ.

– დღევანდელ მოვლენებს თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ჟამი შორს აღარაა. უკვე ნათლად აღესრულება ის ნიშნები, რომელთა შესახებაც საუბარი, თუნდაც ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში გვხვდება. კერძოდ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამ ყველაფრის შესახებ აპოკალიფსში გადმოგვცემს. ბოლო ჟამზე ყურადღებას ამახვილებს მრავალი სხვა წმიდა მამა. პავლე მოციქულიც, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში საუბრობს ამ ნიშნებზე. ბოლო ჟამის ერთ–ერთი პირველი დამახასიათებელი ნიშანია მთელს მსოფლიოში სახარების საყოველთაო გავრცელება. წმიდა სახარება თავად მაცხოვარმა იქადაგა. შემდეგ ის მოციქულებმა გაავრცელეს და ადამიანთა მოქცევის ეს ისტორია, უკვე 20 საუკუნეა გრძელდება, ანუ სახარების ქადაგება ჯერ არ დასრულებულა. კიდევ მრავალი ქვეყანა, ტომი და ხალხია, სადაც მაცხოვნებელი სწავლების შესახებ სიტყვა არ განცხადებულა. არცერთი ადგილი არ უნდა დარჩეს ისე, რომ არ იქნეს ნაქადაგები უფლის სწავლება. სახარების საყოველთაო ქადაგება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მეორედ მოსვლის ჟამს, მაცხოვრის სამსჯავროზე არცერთ ტომს და ერს არ ჰქონდეს სათქმელი, ჩვენ არ გაგვიგია ქრისტეს სწავლება და რანაირად მიგვეღო ჭეშმარიტებაო. ამიტომ ყველას უნდა ეუწყოს ქრისტეს სიტყვა. თუ ადამიანს არ გადაეცა სახარებისეული მაცხოვნებელი სწავლება, რა თქმა უნდა, მას უფალი ვერ განსჯის. ამიტომ სამხილი რომ უფრო აშკარა იყოს, სახარება მთელს მსოფლიოში უნდა გავრცელდეს. რასაკვირველია, ყველა არ შეინანებს. ძალიან ბევრი მოიქცევა, მაგრამ მრავალიც განუდგება ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ბოლოჟამისეული ნიშნებიდან, რაც დღეს აშკარად ჩანს, ეს არის ადამიანების სარწმუნოებისადმი გულქვა, გულგრილი დამოკიდებულება და მოყვასის მიმართ უსიყვარულობა, უპატივცემულობა, შური, განკითხვა. მთლიანობაში, ყველაფერ ამას განდგომილება ჰქვია. განდგომილება მიეწერებათ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქმეებით განუდგებიან უფალს და შეიყვარებენ ბოროტ საქმეებს. ასევე, ძალიან ცხადად ვხედავთ პროპაგანდას, შეიძლება ამას მოდერნისტული შეხედულება დავარქვათ, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მაცხოვარი და ეკლესიის მაცხოვნებელი სწავლება განიდევნოს კაცობრიობიდან.

– კიდევ რა ნიშნებს გამოყოფდით?

– ძველი აღთქმის მრავალ წინასწარმეტყველს აქვს გამახვილებული ყურადღება ამ პერიოდზე. მაგალითად, მალაქია წინასწარმეტყველი ამბობს და წერს, რომ მეორედ მოსვლის წინა პერიოდში, აუცილებლად ვიხილავთ ისრაელის მოქცევას. აქ საუბარია იუდეველებზე. ბოლო ჟამს, მათთვის, პირადად, იქადაგებს ზეციდან უფლისმიერ გამოგზავნილი ილია თეზბიტელი, რომელიც მოაქცევს ებრაელ ერს. იუდეველმა ხალხმა, თავის დროზე განკაცებული მესია არ მიიღო. მათ არ სჭირდებოდათ ის, მაგრამ ელოდებიან იმ მესიას, რომელიც იქნება ანტიქრისტე. უფლის კაცთმოყვარებით, როგორც აღვნიშნე, სახარება მთელს ქვეყანაში იქადაგება, რადგან ვინც კი ვერ მოისმინა სახარებისეული სიტყვები, მოისმინოს, გაიგოს. ამდენად, ის, რომ ილია თეზბიტელი იქადაგებს იუდეველი ერისთვის, ეს არ იქნება გამონაკლისი.

– გადმოცემებიდან ასევე ცნობილია, რომ ბოლო ჟამს გამეფდება ანტიქრისტე. ამის შესახებ გვესაუბრეთ. ვინ იქნება ის, როგორ გამეფდება და ა.შ

– ანტიქრისტეს შესახებ საუბრისას, ისევ და ისევ უდიდესი საეკლესიო მოძღვრების, მოციქულებისა და წმიდა წერილისეულ სწავლებას მოვიშველიებ. მისი ხალხში წარმოჩენა და გამეფება უცბად, სპონტანურად კი არ მოხდება, არამედ, ნელ–ნელა, დახვეწილი ფორმებით, ეტაპობრივად აღზევდება იგი მსოფლიოს მმართველად.

– ჩვეულებრივი ადამიანისგან დაიბადება?

– ის სულითაც და ხორცითაც იქნება ჩვეულებრივი ადამიანი. ადამიანისგან დაიბადება, მაგრამ უკანონოდ. მასში მთელი სისავსით აღიბეჭდება ეშმაკის მანქანება. მთელი სულითა და გულით დაემონება და დაემორჩილება ეშმაკს და, რა თქმა უნდა, თავის საწადელს რომ მიაღწიოს, გადმოგვცემს წმიდა წერილი, თავიდან როგორც დადებითი პიროვნება, ძალიან მოსიყვარულედ, თავაზიანად წარმოჩინდება, მასზე ყველა იტყვის, რომ არის სამაგალითო პიროვნება. ერთი შეხედვით, ვერავინ შეიტანს ეჭვს მის უარყოფითობაში. გამეფების შემდეგ კი სრულად გაცხადდება და გამოაშკარავდება მისი ბინძური საქმეები. თავის თავს რომ ღმერთად გამოაცხადებს, დაცემულობის კულმინაციურ მომენტს მიაღწევს. ბოროტებას სრულად შეითვისებს. გაითავისებს ბოროტ და ბილწ საქმეებს. გადმოცემის თანახმად, ეშმაკის დახმარებით, მოახდენს სასწაულებსაც. დაიწყებს ბრძოლას დედაეკლესიის წინააღმდეგ და ყველანაირად ეცდება, კაცობრიობიდან ღმერთის განდევნას. მაცხოვარმა კაცობრიობას სახარება უბოძა. ანტიქრისტე კი ანტისახარების გავრცელებას ეცდება. როგორც ქრისტე არის ჭეშმარიტება, ის იქნება ყოვლად განხორციელებული ბოროტება. თავის თავს მსოფლიო მბრძანებლად მას შემდეგ გამოაცხადებს, როდესაც იერუსალიმში, წმიდა ადგილზე, სოლომონოს ტაძარი აშენდება.

– მამაო, ადამიანთა გარკვეული ნაწილი ბოლოჟამისეულ საფრთხეს ხედავს პლასტიკური ბარათებისა და ბიომეტრული პასპორტების გავრცელებაში. წარმოადგენს თუ არა აღნიშნული საშუალებებით სარგებლობა, ამ მხრივ, რაიმე საფრთხეს?

– უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, დამაბრკოლებელი და საშიში არ არის, რადგან ის აშკარა ნიშნები, რომლებზეც უკვე აღვნიშნე, ჯერ არ გამოვლინებულა. ჩვენ ამ ყველაფერს თვალს ვადევნებთ და არ გამოგვეპარება. თუმცა, სხვა მრავალი ნიშანი, თუნდაც, ბუნების ცვალებადობა, მიწისძვრები, კატასტროფები, კატაკლიზმები, შიდა ომები და სხვა, გვაფიქრებინებს, რომ ბოლო ჟამი გარკვეულ ფაზაშია შესული და კაცობრიობა, ნელ–ნელა იმ ეტაპისკენ მიდის. აქვე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს ჟამი გუშინ ან დღეს არ დაწყებულა. ბოლო ჟამის შესახებ მაცხოვარი ჯერ კიდევ თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის პერიოდში აფრთხილებდა მოციქულებს. ასევე, მოციქულებიც, როდესაც ახალ ეკლესიებს აარსებდნენ, ადამიანებს აუწყებდნენ, რომ ახლოს იყო ჟამი, მაგრამ ის, თუ უშუალოდ როდის დადგებოდა, მხოლოდ უფალმა იცოდა. უფალმა მოციქულებს ბევრი რამ გამოუცხადა, მაგრამ ბოლო ჟამის კონკრეტული დრო არ განუცხადებია. სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება გვაფიქრებინებს, რომ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია. ერთი ეროვნული ვალუტა, ქვეყნების გაერთიანება, ერთი ან რამდენიმე მმართველის ქვეშ და სხვა. ეს მოვლენები, მათ რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, მაინც ცხადყოფს, რომ მსოფლიო ერთი მმართველობისკენ მიექანება, რათა ბოლოჟამს შესაძლებელი იყოს ადამიანებისა და ქვეყნების მართვა. თუმცა, დღეს რომ ვთქვათ, თითქოსდა პლასტიკური ბარათი რაიმე საშიშროებას წარმოადგენს, ასე არ არის.

– იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოჟამს ადამიანები აღიბეჭდებიან ანტიქრისტეს ბეჭდით, ეს იქნება გამოსახულება ხელებზე, შულზე. ეს როგორ უნდა გავიგოთ?

– ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ, სულიერი თვალსაზრისითაა მოცემული. იგივე გამოცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიქრისტე არის დანიშნული გარკვეული ციფრებით, რაც შეადგენს სამ ექვსიანს. ესაც პირობითია და ამ ყოველივეს აქვს სულიერი მნიშვნელობა. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ტექსტი ბერძნულ ენაზეა დაწერილი და ის ციფრები, რომლებიც ანტიქრისტეს ნიშანს ასახელებენ და ჩვენ სამ ექვსიანად გადმოგვეცემა, იმ ტექსტში ციფრობრივი მნიშვნელობა აქვს. ანუ სპეციალური გამოთვლებით ამ სამ ციფრს თუ დავყოფთ ასოებზე, თავისი შემადგენლობით, მივიღებთ გარკვეულ სახელებს. პავლე მოციქული ამბობს, რომ ანტიქრისტეს აქვს ძალიან ბევრი სახელი, მაგალითად, ძე წარსაწყმედელისა, განდგომილებისა, ურჯულოებისა და ა.შ.

– მამაო, როგორი იქნება ქრისტიანთა ცხოვრება ანტიქრისტეს აღზევების ჟამს?

– როდესაც ანტიქრისტე აღზევდება, მისი ძალაუფლება მთელს მსოფლიოზე გავრცელდება. ადამიანთა სასიცოცხლოდ აუცილებელი სფეროები მისი გავლენის ქვეშ მოექცევა. მაშინ ქრისტიანი რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება. თუ არა ღმერთის დიდი მოწყალება, ვკითხულობთ გამოცხადებაში, ვერცერთი სულიერი ვერ გადარჩებოდაო. ღმერთი შემცირებულ დროს დაადგენს იმ სატანჯველისთვის, ანუ როცა ანტიქრისტე იმეფებს, მორწმუნეებისთვის ისე განაგებს უფალი, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად დაითმინონ სატანჯველის დღეები. იმ პერიოდში, ვინც არ იქნება სულიერად მტკიცე, განუდგება ეკლესიას, ფიზიკური არსებობისათვის მიიღებს ანტიქრისტეს სამსახურსა და მის მფარველობას. სწორედ ამაში მდგომარეობს ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება და ეშმაკის მსახურება.

– რა რჩევას მისცემდით ადამიანებს?

– ყოველი ადამიანი, ვინც აქამდე არ იყო ეკლესიის წევრი, არ ლოცულობდა, არ მარხულობდა, თავის გულში მაცხოვარი არ ჰყავდა, დაფიქრდეს, რომ მეორედ მოსვლა გარდაუვალია. დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ყველაფერი აუცილებლად განცხადდება. ქრისტიანი სულიერი მნიშვნელობით, ქრისტეს მეომარია. ამიტომ ბრძოლის ველზე ის მომზადებული უნდა წარსდგეს. სარწმუნოებრივი ცხოვრება, თავის თავში მოიცავს ბრძოლებს, დაცემებსაც და აღდგომებსაც, ამის გარეშე არ იქნება ჭეშმარიტებისკენ სვლა. ერთ–ერთი წმიდა მამა ადამიანის სულიერ მდგომარეობას ყურძენს ადარებს. ყურძნის მტევანი თუ არ დაიჭყლიტა, მისგან ღვინო არ დადგებაო. ასევეა, ადამიანის სული, თუ მან განსაცდელი, ბრძოლები არ გამოიარა, მისი ქრისტიანული ცხოვრება, ზნეობრივი თუ რელიგიური თვალსაზრისით, შედეგს ვერ გამოიღებს და ძალიან მალე დამარცხდება. შეიძლება, მეორედ მოსვლა 100 წლის მერე იყოს, მაგრამ პირადი სამსჯავრო ხომ გარდაუვალია?! პირადი სამსჯავრო, შეიძლება უფრო მალე დადგეს. ამიტომ უფალთან შესახვედრად მზადება და სულიერი ცხოვრება ყოველთვის საჭიროა. სულიერ ცხოვრებაში თუ არ გამოვიბრძმიდებით, ეშმაკის საცდურს ვერ დავამარცხებთ და მაშინ, როდესაც არჩევანის წინაშე დავდგებით, შეიძლება ანტიქრისტე ავირჩიოთ, რადგან შესაძლოა, ვერ გავუძლოთ განსაცდელს და ძალიან ადვილად გავტყდეთ. თუკი ცოცხალი სარწმუნოება, დაგროვებული მადლი, გამოცდილება არ გვექნება, გაგვიჭირდება. პირადი სამსჯავრო ახსენეთ. ადამიანებს ღმერთის კაცთმოყვარების იმედი აქვთ და მიაჩნიათ, რომ უფალი არ იქნება მკაცრი მსაჯული.

ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ილუზირებული იმედი და ამბობენ, ღმერთი მოწყალეა, გადაგვარჩენს, გვაპატიებს და შეგვინდობსო, მაგრამ ჩვენ მათ, აქვე სიმართლე უნდა ვუთხრათ, რომ ასე არ იქნება. ღმერთი თუ მოწყალეა, ის არის სამართლიანიც. რადგან სამართლიანია, იგი, აუცილებლად, ყველას თავისი საქმეების მიხედვით მიაგებს. თუ ზნეობრივი, ღვთისმოსავი, სიკეთის მიმდევარი და ამ ყველაფრისგან ძალიან შორს მდგარი, მხოლოდ საკუთარი გულისთქმებით მაცხოვრებელ ადამიანებს თანაბარ ხვედრს არგუნებს, მაშინ რანაირად იქნება უფალი სამართლიანი? მაშინ რაღა საჭირო ყოფილა ეკლესიური ცხოვრება, მოღვაწეობა, მოწამეობა? ასე რომ, თითქოსდა, ღმერთი ყველას აცხონებს, ფუჭი იმედია. უფალი მოწყალეა, მაგრამ ის ამავე დროს სამართლიანიც არის და ყველას თავისი საქმეების მიხედვით მიაგებს.

ეფემია წიკლაური



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქრისტიანი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online