asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თიკო ნატროშვილი: "ახლა მხოლოდ ბავშვის ცხოვრებით ვცხოვრობ"
"ახლა მხოლოდ ბავშვის ცხოვრებით ვცხოვრობ"
თიკო ნატროშვილი: "ახლა მხოლოდ ბავშვის ცხოვრებით ვცხოვრობ"

2010-12-06 15:37:33



ცნობილი მოდელის, თიკო ნატროშვილის ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა. მას სულ რამოდენიმე ხნის წინ, პატარა ვაჟკაცი, მათე შეეძინა. ის, თუ როგორ გრძნობს პატარა თავს, და ვის უფრო ამსგავსებენ მას, ამის გასარკვევად ჟურნალი "გუმბათი" თიკოს ესტუმრა და რამოდენიმე კითხვა დაუსვა.



– თიკო, როგორ ემზადებოდით შვილთან შესახვედრად?

– ძალიან დიდი მოლოდინის, სიხარულის, აღფრთოვანების შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ შენი შვილი უნდა გაიცნო, რადგან ორსულობის პირველივე დღეებიდან სულ გაინტერესებს, როგორი იქნება შენი შვილი. კი, თანამედროვე მედიცინა იმდენად განვითარებულია უკვე, რომ თავისუფლად შეიძლება იხილო, თუ როგორია შენი შვილი, მაგრამ პირისპირ შეხვედრა მაინც სულ სხვაა. მაგრამ იმ გრძნობის აღწერა, რასაც იმ დროს გრძნობ, ძალიან რთულია. საერთოდ, არის ხოლმე ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოვლენები, რომლის ენით აღწერა შეუძლებელია. ნამდვილად საოცარი გრძნობა გეუფლება დედას, როდესაც შვილს პირველად გულზე გაწვენენ.

– მშობიარობამ როგორ ჩაიარა?

– მშობიარობამ ფიზიოლოგიურად, კარგად ჩაიარა. ჩაჩავას კლინიკაში ვიმშობიარე ბატონ ზურა დარახველიძესთან და ძალიან მადლობელი ვარ ამ ადამიანის, რადგან ყველანაირი პრობლემისა და გართულების გარეშე ვიმშობიარე, თუმცა, მთელი ათი საათის განმავლობაში ინტენსიური შეტევები მქონდა. ბავშვი 15 ოქტომბერს სამი კილოგრამი და 600 გრამი და 51 სმ დაიბადა. სიმაღლეში უკვე 5 სანტიმეტრი აქვს მომატებული, წონაში კი 1400 გრამი. პირველივე დღესვე, დაიბადა თუ არა, საკვების ძებნა დაიწყო. ბუნებრივ კვებაზეა და არანაირ დამატებას არ იღებს. უყვარს ჭამა და ძალიან ბევრს ჭამს. სხვათა შორის, მეც საკმაოდ გურმანი ადამიანი ვარ, ამიტომ ვხუმრობ ხოლმე, რომ დედას დაემსგავსა მადაში–თქო.

– როგორი ბავშვია?

– ჭირვეული ბავშვი ნამდვილად არ არის. თუ არაფერი აწუხებს, ტყუილად არ იტირებს და არ შეგაწუხებს. თუ ნაჭამია, გამოცვლილი აქვს და კმაყოფილია, ამ კმაყოფილებას შენც გინაწილებს და ჩუმად არის. ჩახუტებისა და მოფერების მეტი არაფერი უნდა. ღამეც მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როცა შია. დღეს ვიყავით პედიატრთან და გვითხრა, რომ ბავშვს ყველაფერი კარგად აქვს და ხუთიანიც დაგვიწერა.

– სახელი ვინ შეურჩია?

– მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევურჩიეთ. თავიდან გვქონდა სამი ვერსია, ეს იყო ერეკლე, მათე და კახი. სხვათა შორის, მერე შემახსენეს, რომ სამივე სახელი არის ფილმ "მაია წყნეთელიდან" და სამივე ერთნაირი ენერგეტიკის მატარებელია. ჩემს მეუღლეს უფრო კახი უნდოდა, მე კი პირიქით, ყველაზე ნაკლებად ამ სახელს ვარჩევდი, მაგრამ მერე უკვე, როცა ბავშვი დაიბადა და ვნახე, რომ ჯანმრთელი იყო, ჩემი მეუღლე მეკითხებოდა, რომელი სახელი აგვერჩია, ამ დროს კი ჩემთვის ეს უკვე მეასე ხარისხოვანი იყო სახელი, რადგან როცა დაინახავ, რომ შენი შვილი კარგად არის და თავს კარგად გრძნობს, სახელზე უკვე ნაკლებად ფიქრობ, ამიტომ გაგას ვუთხარი, რომ არჩევანი თავად გაეკეთებინა. მანაც მიიღო გადაწყვეტილება და საბოლოოდ მათე არჩია.

– თიკო, გარდა იმისა, რომ ბავშვი გურმანობაში თქვენ გგავთ, გარეგნობაზე რას იტყვით, რომელს უფრო გგავთ?

– ბევრი ამბობს, რომ მე და ჩემი მეუღლე იერით ერთმანეთს ვგავართ, ამიტომ ბავშვიც ორივეს გვგავს. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მაინც უფრო მამას ჰგავს, რადგან თვალის ჭრილი, წარბები და კიდურებიც კი, მამიკოსნაირი აქვს. თუმცა, ერთი თვალის შევლებით, იერი ჩემიც აქვს. მაგრამ ვინც ბავშვი ნახა, უმეტესობა მაინც იმას ამბობს, რომ მათე მამას ჰგავს.

– რაში გინდათ, რომ შვილი დაგემსგავსოთ?

– მინდა, რომ ბავშვი ზრდილობიანი და დამჯერე გაიზარდოს. არ მინდა, როცა ბავშვობის პერიოდი ექნება, ვინმემ მასზე თქვას, უზრდელი და უზნეო ბავშვიაო. ასეთი, ნამდვილად, არ მინდა, რომ იყოს. მე ვფიქრობ, რომ სამი წლის ბავშვსაც კი, თუ აუხსნი ნორმალურად, რომ ეს ასე არ შეიძლება და არ უნდა გააკეთოს, აუცილებლად გაიგებს. მე, მაგალითად, ჩემს ძმიშვილზე ასეთი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული: როცა რაღაც სისულელეზე ტიროდა, ვეუბნებოდი, რომ შენ ვაჟკაცი ხარ და არ უნდა იტირო–თქო. ამას ბევრჯერ რომ გაუმეორებ, მერე ბავშვიც იბეჭდავს გონებაში, რომ ის ვაჟკაცია და ვაჟკაცს ცრემლები არ უხდება. მე არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ბავშვი ყველაფრის გამო ცემო. ნებისმიერ ფსიქოლოგს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ბავშვს ხელებზე დაარტყა, რადგან ამ დროს ის იჩაგრება და ეს მის ფსიქოლოგიაზე ცუდად მოქმედებს. მინდა, რომ მასში ბევრი კარგი თვისება იყოს თავმოყრილი, იყოს მიზანდასახული, შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანი.

– რას იტყვით, რთულია, ბავშვის გრაფიკით ცხოვრება?

– არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ჩემი თავი ჩემს შვილს დავამადლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე ცხოვრება რთულია, ელემენტარულად ჩემი თავისთვის აღარ მრჩება დრო, ანუ ამ ეტაპზე მთლიანად ბავშვის ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს, რადგან ის უკვე ინდივიდია. რა თქმა უნდა, ორი წლის ბავშვზე ამას ვერ იტყვი, მაგრამ, როცა გაიზრდება, მინდა, რომ გარკვეულწილად დამოუკიდებელი იყოს. არ მინდა, რომ ეგოისტური დამოკიდებულება მქონდეს შვილის მიმართ, როგორც ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე. კი, რთულია, ბავშვის გრაფიკით ცხოვრება, მაგრამ ამ ეტაპზე მე ეს მომწონს, რადგან მე ხომ სწორედ მისთვის ვცხოვრობ.

– ბევრს თოთო ბავშვის ხელში დაჭერა უჭირს, თქვენ როგორ შეეგუეთ მის დამოუკიდებლად მოვლას?

– სანამ მათე გაჩნდებოდა, ორსულობის ბოლო პერიოდში სულ იმას ვფიქრობდი, თუ როგორ შევძლებდი პატარას ხელში აყვანას და მის მოვლას, მაგრამ სამშობიაროში ყველაფერს ეჩვევი. საერთოდ, არც ის მიმაჩნია სწორად, რაც ადრე სამშობიაროში იცოდნენ, ახალშობილები ცალკე ოთახში გაჰყავდათ და თვითონ უვლიდნენ, დედასთან კი მხოლოდ საჭმელად თუ მოიყვანდნენ. ახლა, პირიქით შეიცვალა და ეს სწორიც არის. ნამდვილად რთულია, პატარა ჩვილის მოვლა, რადგან გეშინია, რაიმე არ ატკინო, მაგრამ ჩვენ მშვენივრად გავართვით ამას თავი.

– ორსულობის შემდეგაც მშვენივრად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ ფორმაში ჩადგომას?

– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ახლა კარგ ფორმაში ვარ. ძველი ჯინსები, რომლებსაც ორსულობამდე ვხმარობდი ახლაც ჩვეულებრივად მეტევა, მაგრამ იმ ფორმაში მაინც არა ვარ, როგორშიც უნდა ვიყო. ორსულობაში ოცი კილო მქონდა მომატებული, მაგრამ ყველას უკვირდა, რომ საერთოდ არ მეტყობოდა ამდენი ზედმეტი წონა. ახლა, კუნთები მაქვს მწყობრში მოსაყვანი და სავარჯიშო. ჯერჯერობით, ორ თვემდე არაფრის გაკეთება შეიძლება, ამიტომ, ამ მხრივ, წონის მოსაკლებად ბევრს ვერაფერს ვაკეთებ გარდა იმისა, რომ ცომეული ბევრი არ მივიღო და 6 საათის მერე აღარ ვჭამო. იმის გამო, რომ ბავშვი, ჯერჯერობით, ბუნებრივ კვებაზეა, დიეტას ნამდვილად ვერ დავინიშნავ, მერე კი უკვე ნელ–ნელა ფორმაში ჩავდგები.

ნინო ჯანიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თიკო ნატროშვილი
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online