asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სად ესაუბრება მიშა ცაგარელი ღმერთებს
სად ესაუბრება მიშა ცაგარელი ღმერთებს
სად ესაუბრება მიშა ცაგარელი ღმერთებს

2010-12-01 14:18:25



ასტროლოგ მიშა ცაგარელს პირად ჰოროსკოპში ბევრი მოგზაურობა არ უწერია, მაგრამ მაინც შეძლებისდაგვარად დადის საზღვარგარეთ და ბევრი საინტერესო ისტორიაც დაუგროვდა. მისთვის ეგზოტიკური ქვეყნები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ცივილიზებული დასავლეთი. შესაბამისად, აღმოსავლეთის ქვეყნებში უფრო ხშირად მოგზაურობს. ასტროლოგისთვის არასასურველი ქალაქები და ქვეყნებიც არსებობს, რომელთაც ჰოროსკოპის მიხედვით კი არ იწუნებს, უბრალოდ, მათი არქიტექტურა არ მოსწონს.

– ბატონო მიშა, რას ნიშნავს თქვენთვის მოგზაურობა?

– ორი სახის მოგზაურობაა. ერთი არის მივლინების ფორმა, როდესაც საქმეზე მიდიხარ და თითქმის მთელი დრო შენს სამუშაოს ეთმობა, თუმცა მაინც ახერხებ დროის გამონახვას და დასვენებას. არის მეორე, როდესაც მიდიხარ იმისათვის, რომ სრული კომფორტი და სიამოვნება მიიღო, ანუ ისვენებ, ტკბები იმით, რაც იქ არის და სხვათა კულტურას ეცნობი.

– თქვენ როგორი გირჩევნიათ?

– არ მიყვარს სამუშაო ვიზიტი, რადგან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ჩემთვის პირველი არის საქმე და, თუ დრო დამრჩა, შესაძლებელია ცოტა გავიარ–გამოვიარო. როდესაც საქმიანი ვიზიტით მიდიხარ, შეიძლება საერთოდაც არ დაგრჩეს დრო შენთვის, ვერ მოიცალო, ამიტომ გემოს მაინც ვერ ვატან ასეთ მოგზაურობას.

ყველა ქვეყანას აქვს თავისი შარმი და სურნელი, რაც ადამიანმა უნდა შეიგრძნოს. ამისათვის საჭიროა გაიარო ფეხით, ცოტა დაჯდე, შეხედო ადამიანებს, ნახო, რა აინტერესებთ, რითი სუნთქავენ... მარტო ის არ არის საკმარისი, ავტობუსით რომ გაივლი და დაათვალიერებ, გარშემო რა ხდება.

– საქართველოს მხარეები თუ გაქვთ მოვლილი?

– ასეთი წესი მაქვს – წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა დავისვენო. ეს არის ჩემი ერთ–ერთი მთავარი პრინციპი. ეს არ გულისხმობს, რომ აუცილებლად უცხოეთში უნდა წავიდე. წელიწადში ორჯერ ყველამ უნდა დაისვენოს, რადგან ეს ორგანიზმს სჭირდება, ზამთარში – 10 დღე და ზაფხულში 3 კვირა მაინც. თუ გინდათ, ტვინმა იმუშაოს და ორგანიზმმა ოთხი სტიქიის ზეგავლენა იგრძნოს, კარგად იმუშაოთ, არ იყოთ ნევროზული, გაღიზიანებული და ა.შ. დასვენება აუცილებელია.

მე ძალიან მომწონს საქართველოში დასვენება, გინდაც – რაჭის მთებში. დამისვენია შოვში, უბრწყინვალესი ადგილია. ფაქტობრივად ღრუბლებში ხარ და ღმერთებს ესაუბრები. აღარაფერს ვამბობ სვანეთზე, საოცარი ადგილია და ხანდახან მგონია, რომ ამქვეყნად არ ვარ. ძალიან კარგია ხევსურეთი. ისეთი ბუნება და ენერგიაა, არასოდეს დაგავიწყდება ცხოვრებაში. კახეთში სახლი მაქვს, მშვენიერი კარმიდამოთი და ძალიან მიყვარს. მე სოხუმში დავიბადე და მიყვარს იქაურობა, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ჩვენ იქ ვერ ჩავდივართ, ამ მხრივ ბათუმიც კარგია. ძალიან მიყვარს შავი ზღვა და თან ბათუმი თავისი სტრუქტურით ახლოა სოხუმთან. ამიტომ მიყვარს იქაურობა.

– მოგზაურობა მარტოს გირჩევნიათ თუ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად?

– რა თქმა უნდა, სულ მარტო სიარული არაა სასიამოვნო. ყველაზე კარგია ოჯახთან ერთად დასვენება. თუ მეგობრები იქნებიან, ცუდი არ იქნება, მაგრამ სასურველია, მათაც ის ინტერესები ჰქონდეთ, რაც მე მაქვს. მეგობრების სხვადასხვა კატეგორია მყავს, ზოგი დილის 4–5 საათზე წვება. ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელი და გაუგებარია. თუ ისეთი მეგობარია, რომელსაც ჩემსავით უყვარს ადრე დაწოლა და ადრე ადგომა, დილით ვარჯიში და ა.შ. ეს სხვა ამბავია. ერთმა მეგობარმა ბათუმში დილის ვარჯიშზე დამპატიჟა დიდის ამბით, გავედი და თურმე ლუდზე მეპატიჟებოდა.

– სამოგზაურო ქვეყნებს ჰოროსკოპის, ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით ირჩევთ?

– პირად ჰოროსკოპში არც მიწერია ხშირი მოგზაურობა ისე, ხალხი რომ დადის და ყველაფერს ნახულობს. უცხოეთი ჩემს პირად ჰოროსკოპში ნეიტრალურია – არც დიდი წარმატების მომტანია და არც ცუდის. ამიტომ საცხოვრებლად არსად მივდივარ, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მიპატიჟებები. ვიცი, რომ უცხოეთი დიდ წარმატებას ვერ მომიტანს, ამიტომ მხოლოდ ტურისტული მოგზაურობით მივდივარ.

– რომელ ქვეყნებში გიმოგზაურიათ?

– ძალიან მიყვარს პოლონეთი, რადგან ბებია მყავს პოლონელი. ნათესავებიც არიან იქ და, სხვათა შორის, როცა ჩავდივარ, მეც ყველას პოლონელი ვგონივარ. არაფრით გამომარჩევენ იქაურებისგან და პოლონურად მელაპარაკებიან.

– პოლონური იცით?

– ისე რა, წვალებ–წვალებით პასუხს გავცემ ხოლმე. რაღაცეებს ვსწავლობ, მაგრამ მერე მავიწყდება. პოლონეთში მსუბუქი ხალხია. ურთიერთობისთვის ძალიან ლაღი ერია. ასევე ნამყოფი ვარ ჩეხეთში. ჩეხები უფრო სხვა ხალხია, ცოტა გერმანული სტილის ცხოვრება უყვართ. ჩეხეთი პოლონეთზე ბევრად მაღლა დგას ყველაფრით – კულტურით, მრეწველობით, ეკონომიკით და ა.შ. მაგრამ უფრო მძიმეები არიან ურთიერთობაში. თუმცა ის რად ღირს, რომ ჩეხებს ვარსკვლავის მოედანზე აქვთ ცნობილი რატუშა, სადაც თორმეტი ზოდიაქოს ნიშანია გამოსახული. ფიგურები გამოდიან და შედიან. ჩეხეთში ასტროლოგია ოდითგანვე იყო განვითარებული.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დავდიოდი და მიყვარს ბალტიისპირეთის ქვეყნები. მეგობრები მყავს ლიტვაში, ესტონეთში. ძალიან ხშირად მიწევს იქ ჩასვლა. ვადარებ ხოლმე, როგორი იყო ადრე ეს ქვეყნები და ახლა როგორი გახდა. თუმცა საბჭოთა პერიოდშიც კი იქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ევროპაში – რუსულად არავინ ლაპარაკობდა, ბანერები ჰქონდათ, რომლებიც სხვა ქალაქებში არ იყო, განათებები ჰქონდათ, კულტურა, რომელიც გვაკვირვებდა. არავინ ყვიროდა, არ ჩხუბობდა, სრული სისუფთავე იყო, ერთ ნამწვავს ვერ ნახავდით ქუჩაში. სასწაული ბარები ჰქონდათ, რომელთა მსგავსი არსად იყო. პირველად ბალტიისპირეთში იყო ასეთი ბარები, მათ შორის, სტრიპტიზ ბარები. ეს იყო 1970 წელს. ახლა კი რა შედარებაა, საბჭოთა კავშირის გადმონაშთსაც ვერ ნახავ.

ასევე ხშირად ვარ თურქეთში, რადგან იქ ჩემი მეგობრები მუშაობენ. სტამბულშიც დავდივარ, მაგრამ უფრო ხშირად ტრაპზონში მიწევს ყოფნა. გაოცებული ვარ თურქეთის სახეცვლილებით, მით უმეტეს, ტრაპზონის მხარის. მახსოვს, სტამბულში პირველად რომ ჩავედი 1990 წელს, ტრაპზონის შესახებ ვიკითხე და მითხრეს, არ ვიცით, ეგ რა არის, ალბათ ძალიან მძიმე პროვინციაა, თურქეთი თუ არის, ეგეც არ ვიცითო. ახლა... თვალწინ მიდგას რაღაც სასწაული. უნდა ნახოთ, ბავშვები როგორ დადიან, ყველა სკოლას თავისი ფორმა აქვს და სამოსის მიხედვით მიხვდები, რომელი ბავშვი რომელი სკოლიდანაა. ყველაფერი მოწესრიგებულია. ქუჩაში ვერაფერს ნახავ დაგდებულს.

– როგორც ვიცით, ინდოეთსა და ჩინეთში ხართ ნამყოფი. მოგვიყევით ამ ქვეყნებზე.

– ძალიან მიყვარს ინდოეთი და ჩინეთი და რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ყოველთვის მაინტერესებდა იოგას სისტემა, ჩინური დაოსიზმი, თეორიები. ჩინეთი მომავლის ქვეყანაა. რაც ახლა ჩინეთში ხდება, მართლა სასწაულია. დაახლოებით 6–7 წლის წინანდელი და დღევანდელი ჩინეთი ცა და დედამიწასავით განსხვავდება. დღეს ჩინეთში მაღაზიაში რომ შეხვალ, გამყიდველი ადრე რომ ათჯერ დაგიკრავდა თავს, ახლა ნურას უკაცრავად, ამაყად დგას და ჩაის მიირთმევს. ჩინეთი არნახულად აყვავებული ქვეყანაა და არნახულად მაღალი ხელფასები აქვთ. ქვეყანამ სულ სხვა სტანდარტებით დაიწყო ცხოვრება. თვითონ ჩინელები გალაღდნენ. უნდა ნახოთ, რა მანქანები გამოუშვეს. მათ აქვთ ორი სახის ერთი და იგივე ნაწარმი. ავიღოთ კალმისტარი, აქვთ კარგი, ხარისხიანი და ზუსტად იგივენაირი, ოღონდ ცუდი ხარისხის. თუ ფული არ გაქვს, ცუდი ხარისხისას იყიდი, მაგრამ მალე გაგიფუჭდება, როგორც ხდება ხოლმე. მანქანებიც ორი სახის გამოდის, ერთი კარგია, მეორე – ცუდი. ვიზუალურად აბსოლუტურად ერთნაირია, ფასში და ხარისხშია განსხვავება. საქართველოში უხარისხოები შემოაქვთ და ამიტომაა, რომ ჩინურ ნაწარმს სახელი აქვს გატეხილი. ამაში მე ჩინეთმა დამარწმუნა.

ინდოეთში მაინტერესებდა სულიერი მხარე. ინდოეთი და ტიბეტი სულიერების დიდი ცენტრია. ამის მერე მოდის ჩინეთი და იაპონია. ინდოეთში მასა მშიერ–მწყურვალია, მაგრამ მათ აქვთ ისეთი ცენტრები, სადაც არნახული სიბრძნის ადამიანებს შეხვდები. ტაჯმაჰალს რომ ნახავს კაცი, ცხოვრებაში არ დაავიწყდება. ანდა კამასუტრას ცენტრს რომ ნახავს თავისი საოცარი ფრესკებით. ნეპალში და ტიბეტში სიძველის სურნელია. ევროპაში კარგია ცივილიზაციის ელემენტები, კომფორტი. იქ რომ ჩადიხარ, რაღაც სხვა უნდა ეძებო.

– ევროპა უფრო გაინტერესებთ თუ ეგზოტიკა?

– ასე ვერ ვიტყვი. ეს იგივეა, რომ მკითხოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი მომწონს და რომელი – არა. ყველა მომწონს, ყველა განსხვავებულია. დასავლეთი საინტერესოა თავისი ტექნიკური პროგრესებით, სულ სიახლეების ძიებაშია. მას აქვს მატერიალური ტვინი. აღმოსავლეთი სამყაროს სულიერი მხარე და სიბრძნეა. აღმოსავლეთის ქვეყნებში პოულობენ ოქროს შუალედს. მათ აქვთ სიბრძნე, რომელიც არ აქვს დასავლეთს და ამას უფრთხილდებიან. ამასთან ერთად, ყველა დასავლური სახის ცივილიზებული პროდუქტი შემოაქვთ.

– რომელი ქვეყნიდან დაბრუნებულხართ უკმაყოფილო?

– ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ რუსეთსა და უკრაინაში. არის ზოგიერთი ქალაქი, რომელიც რატომღაც არ მომწონს. ასეთია კრასნოდარი. ვერაფრით მივიღე ეს ქალაქი. რაღაც არ მომეწონა. არ ვიტყვი, რომ ცუდია, მაგრამ ჩემთვის არ არის მისაღები. ასევე ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ ერევნით. არ მომწონს მისი არქიტექტურა. არ მომწონს ერევნის ფერი და ტუფის ქვა, თუმცა მათ აქვთ საინტერესო საექსკურსიო ადგილები, რომელიც მომეწონა. მე ბაქო უფრო მომწონს, ვიდრე ერევანი. გერმანიაშიც ვარ ნამყოფი ცოტა ხნით და გოთიკამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

– ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებები რომელი ქვეყნიდან გამოგყვათ?

– ინდოეთიდან და ჩინეთიდან. შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდი. არასოდეს დამავიწყდება, ინდოეთში ადამიანმა ყური როგორ გამიწმინდა. ამას ვერ ნახავთ ვერც ამერიკაში, ვერც ევროპაში. დადის ყურის მწმენდავი და კაპიკებში წმენს ყურს. თავიდან რომ შემომთავაზა, ვუთხარი, რად მინდა ყურის გაწმენდა, ამისთვის არ ჩამოვსულვარ ინდოეთში–მეთქი. იქ მყავდა ერთი ნაცნობი და მირჩია, აუცილებლად გაიწმინდეო. მეც დავინტერესდი. მოკლედ, იმ კაცმა აიღო ნახევარმეტრიანი ნემსი, რომელიც ყურში უნდა შეერჭო. ის ნემსი საოცრად ელასტიკური ყოფილა, თითზე დაიხვია. ამ ნემსს ბამბისმაგვარი რაღაც მოახვია. სანამ ამას გააკეთებდა, სხვა პროცედურა მელოდა. გახსნა დიდი ჩემოდანი, რომელიც სასწაული სურნელის მქონე ათასნაირი ზეთით იყო სავსე. მათ ზუსტად იციან წერტილები და რა ზეთი რომელ წერტილს უხდება. დამიწყო წერტილოვანი მასაჟი ამ ეთერზეთებით და ისე გამაბრუა, რომ აღარ მახსოვდა, იქ რისთვის ვიჯექი. საოცარი სიამოვნებაა. ამის მერე ნემსით იმ ზეთით გაჟღენთილი ბამბის ყურში შეყვანა დამიწყო. რომ შეჰყავდა, შოკში ვიყავი! რაც იმან მიქნა, ვერც ერთი ქალი ვერასოდეს გააკეთებს. ნემსის ყურში შეყვანა და ჩემი ექსტაზი არასოდეს დამავიწყდება. არ მახსოვს, რამდენი ხანი გაგრძელდა ეს საოცრება. მერე მითხრეს, ნახევარი საათი სჭირდებაო. ამ ეთერზეთების სურნელება რამდენიმე დღე მიგყვება. სულ შავი ნემსი გამოიტანა გარეთ. ჩვენ ხომ გვგონია, რომ ყურებს ვიწმენდთ. ნურას უკაცრავად! აი, იმათ იციან ყურის გამოწმენდა. კაი ხანი ჩემი ყურები უსტვენდა, ისეთი თავისუფალი იყო. ამისთანა საოცარი მაგალითები აღმოსავლეთში ყოველ ნაბიჯზე გხვდება.

– რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

– საქართველოში. სადაც წავსულვარ, საქართველოში დაბრუნების მერე ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა მაინც სულ სხვაა. სამუშაოდ ყველგან წავალ ცოტა ხნით, რუსეთშიც კი.

– რა ტრანსპორტით გიყვართ მგზავრობა?

– თვითმფრინავი არ მიყვარს. მართალია, სწრაფი ტრანსპორტია, მაგრამ არ მსიამოვნებს მასში ჩაჯდომა. ყველაზე მეტად მიყვარს მანქანა და გემი. კარგად ვცურავ და ზღვაც ძალიან მიყვარს. გემით მოგზაურობა სასწაული ეგზოტიკაა!

ანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online