asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რეზო ჩხეიძე: "მონასტერში ცხოვრებით ღმერთთან ახლოს ვიყავი"
პატრიარქმა ქართველი ინტელიგენციისთვის კელიები გაამზადა
რეზო ჩხეიძე: "მონასტერში ცხოვრებით ღმერთთან ახლოს ვიყავი"

2010-12-01 14:18:22



"ნოემბრის ცივი ღამე ილეოდა; გადაუღებლად წვიმდა და წვიმდა. იმ ღამეს მე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი სამების ტაძრის გვერდით მდებარე მონასტრის ერთ–ერთ კელიაში და სარკმლიდან მეცქირა სამების გრანდიოზული ტაძრისთვის.

წვიმს, ცა ბურუსით არის მოსილი, სამების დიდებული ტაძარი თითქოს მიაპობს ამ ბურუსს, მიაპობს წყლის აზვირთებულ ტალღებს...

ათასი ზღაპრული ზმანება ირევა ჩემს გონებაში და ერთმანეთს ცვლის. ჩემს თვალწინ თითქოს დედამიწაზე უძველესი წარღვნის სურათები იხატება...

სამების ტაძარი!!! ღმერთო ჩემო, ეს ხომ ვგონებ ნოეს კიდობანია!!! უეცრად ვიხილე, სამების ტაძართან როგორ მოფრინდა თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტში ზეთისხილის შტო ჰქონდა, მტრედი ტაძარში შეფრინდა. მე სასწრაფოდ დავეშვი ძირს. ჰოი, საოცრებავ, მე სამების ტაძარში აღმოვჩნდი... იგი ხალხითაა სავსე, ყველა ლოცულობს. ხალხი სიყვარულით და იმედით შესცქერის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს, რომელიც თეთრ სამოსში მოსილი დინჯად ქადაგებს უფლის დიად ნებაზე. სამების ტაძარი, ვითარცა ხომალდი უძლეველი, კვლავ მიაპობს ცხოვრების აზვირთებულ ტალღებს. უწმინდესი და უნეტარესი კი მყარად დგას, როგორც ყოველთვის და ღვთაებრივი ღიმილით ქადაგებს სამყაროს სიმშვენიერეზე.

"თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე, მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები" (დაბადება, თავი მერვე–5).

დგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე და ერს ესმის ჩვეული სიდინჯით წარმოთქმული მისი სიტყვები: გადარჩება საქართველო, ვითარცა გადარჩა ნოეს კიდობანი!

დიახ! გადარჩება საქართველო! აზვირთებულ ტალღებს მიაპობს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო – სამების დიადი ტაძარი".

ეს ჩანახატი კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ სამების ტაძრის მამათა მონასტერში დაწერა, სადაც საქართველოს პატრიარქის კურთხევით რამდენიმე კვირა ბერის კელიაში ცხოვრობდა. 83 წლის რეჟისორი თითქოს სულიერად გადასხვაფერდა, სამყაროს სხვა თვალით შეხედა, სხვანაირად გაიაზრა.

ბატონ რეზოს მაშინ ვესტუმრეთ, როცა მონასტრიდან სახლში დაბრუნდა...

რეზო ჩხეიძე:

– საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე ჩვენი ერის მანათობელი ვარსკვლავივით არის. მისი ყოველი გამოსვლა, ქადაგება ადამიანის სულიერების პროგრამაა. ახლახან, გერმანიიდან რომ დაბრუნდა, ასეთი ამბავი გაიხსენა: ერთხელ სახლში ვიჯექი და დავინახე, მერცხლები როგორ შემოფრინდნენ და ბუდის გაკეთება იმ ადგილას დაიწყეს, სადაც დენის სადენები გადიოდა. მე ვუთხარი, მერცხლებო, ამას რას აკეთებთ, ელექტროხაზები აფეთქდება, თქვენი ბუდე დაიწვება, ამიტომ, აი, აქეთ გადმოიტანეთ–მეთქი. მერცხლებმა შემომხედეს და სწორედ იმ ადგილას დაიწყეს ბუდის შენება, სადაც მივუთითეო. მითხარით, თუნდაც ამის შემდეგ განა შეიძლება თქვა, რომ პატრიარქი ჩვეულებრივი ადამიანია?! ღვთის წყალობაა, რომ წინამძღოლი გვყავს.

– თქვენ პატრიარქს პირადად იცნობთ, კელიაში ყოფნის დროსაც ხვდებოდით. ბატონო რეზო, გაიხსენეთ, როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა მასთან?

– ახალი არჩეული იყო ერის სულიერ წინამძღვრად, როცა კინოსტუდიაში მოსვლის სურვილი გამოთქვა. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ მისი მიზანი იყო, ქართველი ერის ხასიათი შეეცნო და ქართული ინტელიგენციის ცხოვრებას, აზროვნებას ჩასწვდომოდა. გამოთქვა სურვილი, რომ ახალი ქართული ფილმები ენახა, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. როცა პირველად ვნახე და ვესაუბრე, ჩემზე დიდი, ბრძენი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ერთ დღეს დამირეკა და თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხის" ნახვა ისურვა, რომელიც კინოეკრანებზე ახალი გამოსული იყო. მობრძანდა კინოსტუდიაში. მას თან 15–მდე სასულიერო პირი ახლდა. არც მე და არც თენგიზს აზრად არ მოგვსვლია, რომ ფილმში რამაზ ჩხიკვაძის პერსონაჟი მღვდელი კომიკურია, რომელსაც რამაზი არაჩვეულებრივად თამაშობს. ეს პერსონაჟი რომ გამოჩნდა, მე და თენგიზმა მაშინ შემოვირტყით თავში ხელი და ვიფიქრეთ, ვაითუ, პატრიარქმა ეს ეკლესიის შეურაცხყოფად მიიღოსო. თავი რომ გვემართლებინა, პატრიარქს ვუთხარი, ეს პერსონაჟი გიორგი ლეონიძეს ჰყავს მოთხრობაში–მეთქი. მიპასუხა, ნუ ღელავთ, ბატონო რეზო, ასეთები ჯერჯერობით კიდევ არიანო. მისმა სიტყვებმა დაგვამშვიდა. ყველაფერს სწორად მიხვდა.

– 70 წლიანი კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ხელისუფლება ხალხის გულიდან რელიგიის, რწმენის ამოშანთვას ცდილობდა. ხელოვნება, მათ შორის კინო, საბჭოთა იდეოლოგიით იყო დაღდასმული. საინტერესოა, ახლა როგორ აფასებთ მაშინდელ ქართულ კინოს.

– კომუნისტები ეკლესიას ებრძოდნენ, მაგრამ ეს ომი მათი გამარჯვებით არ დასრულებულა, ისინი დამარცხდნენ. ამის მიზეზს მაშინ ჩავწვდი, როცა ძველი ქართული ფილმების ყურება დავიწყე. მივხვდი, რომ ყველა ქართველი რეჟისორი ქრისტიანულ სურათს იღებდა. მართალია, ფილმები რელიგიური თემატიკის არ იყო, მაგრამ მათში ქრისტესმიერი სიყვარული ჩანდა. მართალია, ჩემი თაობა ათეისტურ ხანაში იზრდებოდა, მაგრამ ჩვენს მშობლებს უფლის რწმენა ჰქონდათ. ოჯახებში ხატები იყო დაბრძანებული. უფლის მცნებები, როგორც მითები, ისე შემოდიოდა ჩვენში. ამიტომაც ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ ისეთ ქართულ კინოსურათს, რომელიც ქრისტიანული იდეებით არ იყოს განათებული. ქართული კინო რაიმეს კი არ ქადაგებდა, თავისთავად ქრისტიანობაზე იყო აგებული, რადგან თვითონ ქართველი კაცის ცნობიერება იყო მართლმადიდებლური. ამიტომ ეს აგიტაცია რელიგიის წინააღმდეგ ქართულ კინოში ვერ შედგა.

– თქვენს ოჯახში როგორი ატმოსფერო იყო რელიგიის კუთხით?

– ჩემი მშობლების ბაბუები მღვდლები იყვნენ. დედაჩემის ბაბუა სოფელ სიმონეთში მსახურობდა. მახსოვს, ახალი წელი დგებოდა. ღამე იყო. ვიღაც კაცმა აივანზე გაიარა. დედამ მითხრა, ეს თოვლის ბაბუაა, საჩუქრები მოგიტანაო. მეც დავიჯერე, რომ ეს სიმართლე იყო. მამაჩემი (მწერალი დია ჩიანელი. – ავტ.) პარტიის წევრი იყო, ამიტომ ეკლესიაში ვერ დადიოდა, მაგრამ ერთ–ერთ ოთახში, სადაც სტუმრები არ შედიოდნენ, ხატების კუთხე ჰქონდა მოწყობილი. დედაჩემი ხატების წინ ყოველ საღამოს სანთელს ანთებდა და ლოცვებს კითხულობდა. ალბათ ამ ყველაფერმა ჩემზე გავლენა მოახდინა, ჩემს ცნობიერებაში დაილექა.

სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა წლებში, კერძოდ კი 1937 წელს, რელიგიის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო გარდატეხა მოხდა. რუსეთში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. ანკეტაში ერთ–ერთი გრაფის გასწვრივ უნდა ჩაეწერათ, რომელ სარწმუნოებას მიეკუთვნებოდნენ. წარმოიდგინეთ, იმ საშინელ წლებში, როცა ადამიანებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხვრეტდნენ, 75–მა პროცენტმა ჩაწერა, რომ იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. როგორც ჩანს, ამ ამბავმა სტალინზე, ძველ სემინარიელზე, ძალიან იმოქმედა და დიდი შემოტრიალება მოხდა. ისეთი სისასტიკით აღარ უსწორდებოდნენ სასულიერო პირებს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველ წლებში კი ერთი სასწაული მოხდა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

ლიბანში მოღვაწე ერთ–ერთ მღვდელს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ამცნო, რუსეთი სისხლში ცურავს და მოიფიქრეთ რამე, როგორ უნდა გადარჩესო. მღვდელი ეკლესიის ძირში ჩავიდა, რამდენიმე დღე ცემენტის იატაკზე ფეხშიშველი იდგა და ღვთისმშობელს ევედრებოდა, ისევ გამოცხადებოდა და სათქმელი ბოლომდე ეთქვა. რამდენიმე დღის შემდეგ მართლაც გამოეცხადა წმინდა მარიამი და უთხრა, სტალინს შენ უნდა მიაწვდინო ხმა, რომ რუსეთი დაიღუპება, თუ ეკლესიებს არ გახსნის და ციხეებიდან მღვდლებს არ გაათავისუფლებსო. მღვდელი მოსკოვში ჩავიდა და სტალინს წერილი მისწერა. მალე კრემლში გამოიძახეს და მან თავისი გამოცხადების შესახებ სტალინს უამბო. ეს ის პერიოდი იყო, როცა ფაშისტური გერმანია უკვე მოსკოვთან იყო მისული. მღვდელმა უთხრა, მოსკოვს გარშემო უნდა შემოატაროთ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ილოცოთ, მაშინ ვერც ერთი გერმანელი ამ ხაზს ვერ გადმოვაო. მართლაც, მოსკოვს შემოუფრინა თვითმფრინავმა, რომელსაც უკან ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა მიბმული. გერმანელებმა მოსკოვი ვერ აიღეს. ფაშისტური გერმანიის არმიის მარშალი გუდერიანი თავის დღიურში წერს, ჩემი არმია მოსკოვიდან უკან მორბოდა, მაგრამ ვერ გავიგე, ეს რატომ ხდებოდა მაშინ, როცა ამ ქალაქის დაცვის კარი უკვე ღია იყო და იმის ნაცვლად, რომ შევსულიყავით, ჯარისკაცები უკან გამორბოდნენო.

ის, რაც ახლა მოვყევი, ზღაპარი არ არის, რეალური ფაქტია. ხალხმა ღვთის ძალა ირწმუნა. ასე რომ, რელიგიის ამოშანთვა არც ისე ადვილი იყო.

– თქვენს ცხოვრებაში თუ მომხდარა რაიმე სასწაული?

– მრავალი სასწაული ყოფილა, მაგრამ არა – ისეთი, რომ რომელიმე წმინდანი გამომცხადებოდა. აუცილებელი არ არის, რომელიმე წმინდანი გამოგეცხადოს და უფლის ნება გამცნოს. ზოგჯერ უფალი სხვა ადამიანს შთააგონებს, რომ სიკეთე გააკეთოს, დახმარების ხელი გამოგიწოდოს. ასეთები კი ჩემს ცხოვრებაში მრავლად გამოჩენილან. ამას მე უფლის სასწაულად ვთვლი, ისინი უფალმა გამომიგზავნა, რომ მე და ჩემი ოჯახი გადავერჩინეთ. მამაჩემი 1937 წელს დახვრიტეს, დედაჩემი, რომელიც მაშინ სტუდენტი იყო, სამ შვილთან ერთად სახლიდან გამოასახლეს და ზამთარში, თოვასა და ყინვაში ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩვენი შორებელი ნათესავი, რომელმაც ჩვენს ბარგს ხელი დაავლო და თავის სახლში წაგვიყვანა. თვითონაც უჭირდა, მაგრამ თავის ორ შვილთან ერთად სამ უმამოდ დარჩენილ ბავშვს გვაჭმევდა და გვივლიდა. მთელი ზამთარი შეგვიფარა, დაგვაპურა. ეს იყო უფლისგან გამოწვდილი ხელი, რომელმაც დაგვიფარა და გადაგვარჩინა. განა უფლის გამოგზავნილი არ იყო ქალი, რომელსაც შინსახკომიდან პაპიროსის ფურცლებზე დაწერილი მამაჩემის წერილები გამოჰქონდა?! ეტყობა, იქ დამლაგებლად მუშაობდა. შავებში იყო ჩაცმული. ჩვენთვის არც სახელი უთქვამს და არც გვარი. შემოვიდოდა, წერილებს დადებდა და სიტყვის უთქმელად გადიოდა. განა ეს ღვთის სასწაული არ იყო?!

ცხოვრებაში უფლის მიერ გამოწვდილი ხელი ბევრჯერ მიგვრძვნია და ამისთვის მადლობა უფალს!

– ბატონო რეზო, ახლა იმაზე გვიამბეთ, რამ განაპირობა, რომ ცოტა ხნის წინ ბერის კელიაში გაატარეთ რამდენიმე კვირა.

– ასე თავად პატრიარქმა გადაწყვიტა. თქვა, ქართველი ინტელიგენციისთვის ხუთი ოთახი მაქვს გამზადებული, მინდა, რომ გარკვეული პერიოდი მოვიდნენ და აქ იცხოვრონ, ამ სამყაროს გაეცნონო. ეს ბრძნული გადაწყვეტილება იყო. ეს ჩემს გონებაში საოცრებად შემოვიდა. გარკვეულ დროს მონასტერში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობდა. ალბათ მერე სხვებიც იცხოვრებენ და, სულიერების თვალსაზრისით, კარგ ნაყოფსაც გამოიღებს. პატრიარქს უნდა, რომ ეს წესად დამკვიდრდეს. მონასტერში თვეზე მეტხანს ვიყავი. იქიდან იმიტომ წამოვედი, რომ მოსკოვში წასასვლელად უნდა მოვმზადებულიყავი, თორემ კიდევ დიდხანს დავრჩებოდი.

– ძნელი არ იყო იმ წესებით ცხოვრება, რაც მონასტერშია დამკვიდრებული?

– არა, ძნელი ნამდვილად არ ყოფილა, არ გამჭირვებია. ისე ერთვები ამაში, რომ ნორმად გეჩვენება. ახლოს ვიყავი ღმერთთან და ვცდილობდი, ყველაფერი შემესრულებინა, რაც ქრისტიანს მოეთხოვება.

– როცა ხალხმა მონასტერში თქვენი ცხოვრების ამბავი გაიგო, ზოგი ამბობდა, რეზო ჩხეიძე მორჩილების გზას დაადგა და ჭაბუა ამირეჯიბის მსგავსად ბერად აღიკვეცებაო...

– არა, ეს არც პატრიარქს უფიქრია და არც – მე. ჭაბუას მხრიდან ეს გაბედული საქციელი იყო. ჩემი აზრით, ესეც ახალი რომანია ადამიანისა, რომელიც თითქოს ემშვიდობება ამ ქვეყანას. ეს ამბავი რომ გავიგე, მისი შემშურდა და ვთქვი, ყოჩაღ, ჭაბუა, კარგად მოგიფიქრებია–მეთქი. რაც შეეხება ჩემს ბერად შედგომას, ეს არ მიფიქრია.

ირინე მჭედლიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online