asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად
მოკვლა გადასარჩენად

2010-12-01 14:18:21



- მითხარით, დონალდ ჰირში თქვენს ცხოვრებაში ისევ როგორ შემოვიდა? ახლა ის დუგლას ჰედმანად იქცა, ჰოლივუდში კი ჩიფს ეძახდნენ. მერიან, ის თქვენს დაშანტაჟებას შეეცადა?

ქალმა თავი დააქნია და დაიწყო:

– ის დელბერტის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე გამოჩნდა. საშინელი შესახედავი იყო: გრძელი თმა, მოშვებული წვერი, ჭუჭყიანი ჯინსები. მოახლეს მისი გაგდება უნდოდა, ის კი უმტკიცებდა, რომ ჩემი ნათესავი იყო. ბოლოს, როცა მისი სახელი გავიგე, ცუდად გავხდი, მაგრამ ამ ოთახში მაინც მივიღე. როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდში ის ქალიშვილს შეხვდა, რომელსაც ლუიზა ჰაუპტმანი ერქვა და რომელიც ჩემი უკანონო შვილი აღმოჩნდა. დონმა მითხრა, რომ ჰოლივუდში ის მეძავად იქცა და რომ ამ ამბავს ჩემი მეუღლის ყურამდეც მიიტანდა, თუ ფულს არ გადავუხდიდი. დელბერტს სკანდალების პანიკურად ეშინოდა და მეც იძულებული გავხდი, დონისთვის ყოველთვიურად 500 დოლარი მეძლია. თითქმის მთელი წლის მანძილზე ფულს ჰოლივუდში დევიდ ჰარისონის სახელზე ვაგზავნიდი, მერე კი დელბერტი გარდაიცვალა და დონი ნიუ იორკში ისევ გამომეცხადა, ჩემგან ფული რომ აერთმია, რადგან მდიდარი ქვრივი ვეგონე, მაგრამ შეცდა.

– ეს უკვე ვიცი, – თქვა კვისტმა.

– რაკი დონალდი მიხვდა, ჩემგან რომ ვეღარაფერს მიიღებდა, უკეთესი დროის მოლოდინში დაცდა გადაწყვიტა, – ქალმა ღრმად ამოიოხრა, – დონი მომდევნო ნახვისას ვერც კი ვიცანი, რადგან მოხდენილ, კარგად ჩაცმულ, გაკრეჭილ–გაპარსულ და თავაზიან დუგლას ჰედმანად იქცა. ჯულიან, ალბათ ხვდებით, როგორ განსხვავდებოდა დუგლას ჰედმანი ჩემი აქოთებული ნათესავისგან, ადრე რომ ჩიფი ერქვა. უფრო გამბედავი რომ ვყოფილიყავი, ალბათ მოვკლავდი კიდეც, მაგრამ ეს ვერ ჩავიდინე. ჰედმანი საოცრად თვითკმაყოფილი ჩანდა. მან თქვა, რომ ჩემი ფული აღარ სჭირდებოდა, რადგან შემოსავლის სხვა წყარო გაიჩინა. თქვენ ალბათ უკვე ხვდებით, რომ ის სენძს გულისხმობდა. ამ დროს მეც უფულოდ ვიყავი და ჰედმანს დავემუქრე, თუ სენძისგან მიღებულ ფულს არ გამიყოფდა, პოლიციაში დავასმენდი, რომელიც უკვე ეძებდა მას იმის გამო, რომ ვიღაც ქალიშვილმა თავი დაიწვა. ასე ვიღებდით ორი წლის მანძილზე თითოეული 50 ათას დოლარს.

– ვიდრე ჯონი ფულს შეგიწყვეტდათ.

– ცოტა ფული კი გვქონდა, მერე კი ჯონი თავად დაგვეხმარა. მან საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობა შემოგვთავაზა და დუგმაც მაშინვე დაურეკა.

– და როცა ჯონი შანტაჟს არ წამოეგო, მკვლელობებზე გადავიდა?

– არა!

– ოთხი ადამიანი მოკლეს!

– ჯულიან, ვფიცავ, – მერიანის ხმაში ისტერიკული ნოტები გაჩნდა, – დუგი და მე აქ არაფერ შუაში ვართ. წელზე მეტია, დუგი კალიფორნიაში არ ყოფილა. შაბათს ის ჩიკაგოში არ ჩაფრენილა. კვირა დილას, როცა ლიბმანი მანქანამ გაიტანა, დუგი ჩემთან იყო, რასაც სხვებიც დაადასტურებენ. ჯულიან, ჩვენ არავინ მოგვიკლავს. ვფიცავ. ჩვენ მისგან მხოლოდ ფული გვჭირდებოდა.

კვისტი წამოდგა:

– ვშიშობ, ჩემთან ერთად წამოსვლა მოგიწევთ, კრივიჩს და საოლქო პროკურორს ამ ყველაფრის შესახებ რომ მოუყვეთ. თუ თქვენ ჰედმანის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემთ, საკუთარ ხვედრს შეიმსუბუქებთ.

– ჰო, მაგრამ... იქნებ სხვა გამოსავალიც არსებობს?

– სამწუხაროდ, არა.

ქალი წამოდგა:

– მაშინ, ნება მომეცით, ტანსაცმელი გამოვიცვალო.

– რა თქმა უნდა.

მერიანი უკვე კართან იყო, როცა კვისტის კითხვამ შეაჩერა:

– მაპატიეთ, მერიან, თქვენი ფოტო ბევერლი ტრენტთან ანუ ლუიზასთან როგორ გაჩნდა?

– დუგმა იხუმრა, – მიუგო ქალმა, – ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩიფი იყო, ფოტო მომპარა და ლუიზას წაუღო.

კვისტი მარტო დარჩა. ხუთ წუთსაც არ გაევლო, რომ ქვევიდან საშინელი კივილის ხმა მოისმა. კვისტი ოთახიდან გავარდა და კიბეზე დაეშვა. მას სახეშეშლილი მოახლე შეეფეთა, რომელიც კივილს განაგრძობდა. ჯულიანი ქალს მხრებში სწვდა და შეანჯღრია:

– ნუ ყვირით და მითხარით, რა მოხდა!

– მადამ მერიანი ფანჯრიდან გადმოვარდა და...

"მან ჩვენებების მიცემა ითაკილა და ამას სიკვდილი ამჯობინა", – გაიფიქრა კვისტმა.

რესტორან "წელიწადის დრონის" მახლობლად მდგარ რენოში დენ ჰარვი იჯდა და თანდათან სიბრაზე ერეოდა, რადგან ჰედმანი არსად ჩქარობდა. დენს უკვე ეჩვენებოდა, რომ დროს უქმად კარგავდა, მაგრამ იმასაც ფიქრობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში გლორიას შეიძლება მისი დახმარება დასჭირვებოდა.

ბოლოს, როგორც იქნა, ორსაათიანი ლოდინის შემდეგ რესტორნის კარი გაიღო და იქიდან გამხიარულებული ჰედმანი და გლორია გამოვიდნენ. ჰარვიმ თავისთვის შეიგინა. ეს ტიპები იცინოდნენ, მას კი სიგარეტიც გაუთავდა.

როცა შვეიცარმა წყვილს ტაქსი გაუჩერა, მოტორი ჰარვიმაც აამუშავა. კრივიჩისგან დარიგებულ ჰარვის ეგონა, რომ ტაქსი ქალაქის აღმოსავლეთისკენ წავიდოდა, მაგრამ ის დასავლეთისკენ წავიდა, ცენტრალურ პარკს ჩაუარა და ერთ უღიმღამო სახლთან გაჩერდა.

"ამ ძაღლიშვილს სხვა ბინაც ჰქონია", – გაიფიქრა ჰარვიმ და როცა წყვილი თვალს მიეფარა, ხანგრძლივი ლოდინისთვის განეწყო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, კარი ათიოდ წუთში გაიღო, ქუჩაში მხოლოდ ჰედმანი გამოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით გეზი ბროდვეისკენ აიღო.

ჰარვი დაიბნა. მას ჰედმანის თვალთვალი დაავალეს, არადა არც გლორიას მიტოვება სურდა. ბოლოს მოვალეობის გრძნობამ სძლია და რენო ჰედმანის მიმართულებით დაძრა.

კვისტი სახლში თორმეტის დასაწყისისთვის დაბრუნდა. ლიდია და ჯონ სენძი სასტუმრო ოთახში ისხდნენ. ლიდია მაშინვე მიხვდა, ჯულიანი რომ დათრგუნული იყო. ეს უკანასკნელი ბართან მივიდა, ვისკი დაისხა, ყინული დაამატა და ნელ–ნელა მოსვა.

– რა მოხდა, ჯულიან? – შეეკითხა ლიდია.

კვისტი შემობრუნდა:

– მერიან შეერმა თავი მოიკლა და ამაში მეც დავეხმარე.

– ჯულიან!

– თითქოს ყველაფერი გავთვალე, მაგრამ არ მეგონა, ამას თუ იზამდა, – კვისტმა ჯონს შეხედა, – შენ ჰედმანი, იგივე ჰირში, იგივე ჩიფი გაშანტაჟებდა. ეს გრძელი ისტორიაა და მასში მერიანიცაა გარეული. თავის მხრივ ის ჰედმანს აშანტაჟებდა და ფულის ნაწილს იღებდა.

– მაშ, მისი ალიბისგან აღარაფერი რჩება? – შესძახა ჯონმა, – მან ედი და დანარჩენები მოკლა! ერთი ხელში ჩამაგდებინა და...

– ჩვენ მას ფაქტზე უნდა წავასწროთ.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ლიდიამ აიღო და კვისტს მიუბრუნდა:

– შენ გთხოვს, ჯულიან. დუგლას ჰედმანია!

კვისტმა ყურმილი ჩაბღუჯა:

– გისმენთ, ჰედმან.

– კვისტ, ვიცი, შენი ტელეფონი რომ ისმინება, ამიტომ შემიძლია პოლიციას საქმე გავუადვილო და პირდაპირ გითხრა, საიდან ვრეკავ.

– რა გინდათ?

– ცხადია, ფული. რადიოს მოუსმინეთ? მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი საყვარელი მერიანი ფანჯრიდან გადახტა.

– რა გინდათ? – გაუმეორა კვისტმა.

– აკი გითხარი, ფული, ოღონდ ამჯერად ის შენ უნდა მოიტანო, კვისტ. ჯონის არ მჯერა და თუ შენი მომხიბვლელი მის ჩარდის სიცოცხლე რამედ გიღირს, ისე უნდა მოიქცე, როგორც გითხარი.

– გლორიას რა სჭირს?

– ჯერ არაფერი, მაგრამ თუ ჭკუით არ მოიქცევი, მაგრად ინანებ. ახლა კი მისმინე!

– გისმენ.

– ფულიან საკვოიაჟს ბროდვეისა და 57–ე ქუჩების გადაკვეთაზე მიიტან და ნაგვის ურნაში ჩადებ, მერე კი იქიდან აითესები. გასაგებია?

– როდის უნდა მოვიტანო?

– ზუსტად ღამის პირველ საათზე, – ჰედმანმა ჩაიხითხითა, – ოღონდ იცოდე, რამე არ იმაიმუნო, თორემ ცუდად წაგივა საქმე.

– გასაგებია.

– სამწუხაროდ, ბანკების გაღებას ვერ დაველოდები, თორემ ორჯერ მეტს გამოგართმევდი.

კვისტმა აკანკალებული ხელით ყურმილი აპარატზე დადო და ლიდიასა და ჯონს ჰედმანთან საუბრის შინაარსი გადასცა, რაც მომდევნო სატელეფონო ზარმა გააწყვეტინა.

– ჩავავლეთ, უფროსო, – მოისმა დეტექტივის ხმა, – ჰედმანის ასაყვანად ახლავე საპატრულო მანქანას ვაგზავნი.

– არა! – შესძახა კვისტმა, – ხელი არ ახლოთ. შეგიძლიათ ლეიტენანტს დაუკავშირდეთ?

– შევეცდები.

– მაშინ იპოვეთ და ჰედმანთან საუბრის შინაარსი გადაეცით. თავადვე მიხვდება, რატომ არ მსურს მისი დაფრთხობა, – კვისტმა ყურმილი დადო.

მის ხელს ლიდია შეეხო:

– შენი აზრით, გლორიას რამეს დაუშავებს?

– ის ფსიხია, – ისროლა ჯონმა, – მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ!

– მე უფრო დენი მადარდებს, – თქვა კვისტმა, – ის ჰედმანს უთვალთვალებს და თუ ამ უკანასკნელმა რამე შენიშნა...

– ის ბინა თუ იცი, სადაც გლორია წაიყვანა? – იკითხა ჯონმა.

– მაგათ ჩვენზე ადრე კრივიჩი მიაგნებს.

ამ დროს კრივიჩმა დარეკა.

– ჰედმანის ბინის მისამართი თუ იცით? – შეეკითხა კვისტი.

– რა თქმა უნდა.

– ჩემი ვარაუდით, დენი თავისი რენოთი სადღაც იქვე უნდა იყოს. თანახმა ხართ, რომ მან დევნა შეწყვიტოს?

– რასაკვირველია. საპატრულო მანქანა უკვე წასულია და ალბათ ყველაფერს მოაგვარებენ და ჰარვისაც იპოვიან, – მიუგო ლეიტენანტმა, – როგორ ფიქრობთ, ჰედმანი სადმე გამგზავრებას აპირებს?

– ეჭვიც არ მეპარება. მექსიკის ან ბაჰამის კუნძულების ბილეთი ალბათ უკვე აღებულიც აქვს.

– ქალიშვილსაც თან წაიყვანს?

– ეს უკვე აღარ ვიცი.

– თუ ჩემი ბიჭები ჰარვის იპოვიან, ის იტყვის, ქალიშვილი სადაცაა.

– შეიძლება იმ ბინაში იყოს ჩაკეტილი. საინტერესოა, კარის შენგრევა მოგვიწევს?

– თუ ჰედმანს დავიჭერთ, ის იოლად არ დაგვნებდება და შეიძლება გლორია დაასახიჩროს კიდეც.

– მაშ, გაქცევის საშუალება უნდა მივცეთ?

– ასე გამოდის, – დაასკვნა კრივიჩმა და ხაზი გათიშა.

კვისტი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

– თავს ნუ იდანაშაულებ, ძვირფასო, – შეეცადა მის დამშვიდებას ლიდია, – გლორიამ იცოდა, რაზეც მიდიოდა.

– მაგრამ მე არ ვიცოდი და შესაძლო მკვლელს ქალი ხელში ჩავუგდე.

– შენ მას ფულს გადასცემ, მერე კი ქალს ჩვენ მოვძებნით.

– სად მოვძებნით? თან რომ წაიყვანოს?

ამ დროს კრივიჩმა ისევ დარეკა.

– ჰედმანის სახლის ახლოს ჰარვი არ არის, – მოწყენით თქვა მან, – ფულს ხომ წაიღებთ?

– აუცილებლად.

– ჩვენც იქვე ახლოს ვიქნებით.

– ვიდრე გლორიას არ ვიპოვით, ჰედმანი რომც ნახოთ, ხელი არ ახლოთ.

– გასაგებია, – იყო პასუხი.

ღამის პირველის ნახევარზე ჯულიან კვისტი, ფულიანი საკვოიაჟით ხელში დაბლა დაეშვა, მეორე ავენიუმდე ფეხით მივიდა, ტაქსი გააჩერა და საჭირო ადგილზე მიყვანა სთხოვა. შესანიშნავი ღამე იდგა. მთვარის შუქი წვიმით განბანილ ქალაქს ანათებდა. მანქანები ცოტა იყო და ტაქსი დანიშნულ ადგილზე დროზე ადრე მივიდა. კვისტმა მძღოლს გადაუხადა, მანქანიდან გადავიდა, სახლის ჩრდილს მიეფარა და ლოდინი დაიწყო.

დათქმულ დროზე სამი წუთით ადრე ის ენერგიული ნაბიჯებით გაემართა 57–ე ქუჩისკენ, საჭირო ურნას მიადგა, საკვოიაჟი შიგ ფრთხილად ჩაუშვა და გზა განაგრძო.

მიჰყვებოდა რა ჰედმანს, ჰარვიმ დაინახა, როგორ შევიდა ის სატელეფონო ჯიხურში. როგორც ჩანს, საუბარი მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, რადგან გამუდმებით იღიმებოდა.

შემდეგ ჰედმანმა ბროდვეი გადაკვეთა და პატარა ბარში შევიდა. ჰარვიმ რენო შორიახლოს გააჩერა და გაიფიქრა, ალბათ გლორიასთვის ღვინის ყიდვას აპირებს, რადგან თორმეტის ნახევრისთვის ამგვარი მაღაზიები დაკეტილიაო.

დრო გადიოდა, ჰედმანი კი არ ჩანდა. ნახევარი საათის შემდეგ ჰარვი მანქანიდან გადავიდა, შლაპა შუბლზე ჩამოიწია, გზა გადაჭრა და ბარში შეიხედა. ჰედმანი კუთხეში მარტო იჯდა, წინ მაღალი ბოკალი ედგა, აბოლებდა და აშკარად არ ჩქარობდა.

დენიელი უკან გამობრუნდა და თავის მანქანაში ჩაჯდა, ნახევარი საათის შემდეგ კი ჰედმანიც გამოჩნდა, მაგრამ ხელში არაფერი ეჭირა. მან ტაქსი გააჩერა და იმ სახლის საპირისპიროდ გაემართა, სადაც გლორია იმყოფებოდა. 54–ე ქუჩა, ისევ ბროდვეი და ტაქსის ტროტუართან გაჩერება, მაგრამ ჰედმანი იქიდან არ გადმოსულა.

და აქ ჰარვის თითქოს დენმა დაარტყა: ქუჩის მეორე მხარეს საკვოიაჟით ხელში, ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი კვისტი დაინახა. ის 77–ე ქუჩამდე მივიდა, საკვოიაჟი ურნაში ჩაუშვა და გზა განაგრძო. მას შემდეგ, რაც კვისტი თვალს მიეფარა, ტაქსმა გზა განაგრძო და ურნასთან გაჩერდა. მისი უკანა კარი ფრთხილად გაიღო, ჰედმანი აუჩქარებლად გადმოვიდა და ის იყო, გეზი ურნისკენ აიღო, რომ... უკნიდან ჰარვი დააცხრა და ასფალტზე დასცა.

ჰედმანის მომლოდინე ტაქსი ადგილს მოსწყდა, თავად ის კი, ცხვირიდან სისხლწამსკდარი, ასფალტზე თავდაღმა იწვა. ჰარვიმ ურნიდან საკვოიაჟი ამოიღო, მერე ჰედმანს ქეჩოში სწვდა და კარტოფილის ტომარასავით რენოსკენ წაათრია. გონდაკარგული ჰედმანი სალონში ძლივს შეტენა, საკვოიაჟი უკანა საჯდომზე დააგდო, საჭეს მიუჯდა და იმ სახლისკენ გასწია, სადაც გლორია ეგულებოდა.

ახლა ჰარვი მხოლოდ ამ ქალზე ბრაზობდა. როგორ შეეძლო ისეთ ნაძირალასთან, მკვლელთან და შანტაჟისტთან შეხვედრაზე წასვლა, როგორიც ჰედმანი იყო?

სახლს რომ მიადგნენ, ჰარვიმ ჯერ ისევ უგონოდ მყოფი ჰედმანი მანქანიდან გადმოათრია და, იღლიაში საკვოიაჟამოჩრილმა, კარისკენ წაათრია. მან მცხოვრებთა შორის დევიდ ჰარისონი ამოიკითხა და სათანადო ღილაკს თითი დააჭირა, მაგრამ კარი არ გაიღო. შემდეგ ღილაკს კიდევ ოთხჯერ დააჭირა და კარი მხოლოდ მას მერე გაიღო. ის იყო, ჰარვიმ ჰედმანი სადარბაზოში შეათრია, რომ ზემოდან ქალის გამყივანი ხმა მოისმა:

– მანდ ვინ არის?! – და რაკი პასუხი არ მიუღია, დაამატა, – ახლავე პოლიციაში დავრეკავ!

– დარეკეთ, დარეკეთ, – ჩაილაპარაკა ჰარვიმ, ცოტა გაიარა და საჭირო კარზე დააკაკუნა.

რაკი პასუხი არ მიუღია, ცოტა უკან დაიხია, გაქანდა, კარი ძალით შეამტვრია და... მაშინვე გლორია დაინახა, რომელიც სკამზე ხელფეხშეკრული იჯდა, პირი კი პლასტირით ჰქონდა აკრული. ჰარვიმ ძირს დაგდებულ ჰედმანს წიხლი უთავაზა, მერე კი გლორიასთან მივიდა და პლასტირი ააძრო.

– ო, ღმერთო, დენიელ! როგორ მიხარია შენი ნახვა!

– მეც მიხარია, ცოცხალი რომ ხარ, – მიუგო ჰარვიმ და ქალს ხელ–ფეხიც გაუთავისუფლა.

– ეს... მკვდარია? – დაიჩურჩულა გლორიამ.

– ჯერ არა, – ჰარვი ტელეფონთან მივიდა და კვისტის ნომერი აკრიფა, – ჯულიან, ჰედმანი აყვანილია და ფულიც აქაა.

– დენიელ, გლორია როგორაა, ლაპარაკი შეუძლია?

– გლორია ჩემთანაა და უკვე აღარაფერი ემუქრება.

– ახლა სად ხართ?

– სამოცდამეხუთე ქუჩის დასავლეთ ნაწილში, – ჰარვიმ სახლის ნომერი დაუსახელა.

– კრივიჩს ვთხოვ, სასწრაფოდ თქვენთან წამოვიდეს.

– კარგი იქნება, – ჰარვი გლორიას მიუბრუნდა, – უმჯობესია, კრივიჩს გლორიამ თავად უამბოს ყველაფერი. აბა, ჯერჯერობით, – და ჰარვიმ ყურმილი დადო.

ყურმილი დადო კვისტმაც და იქ მყოფთ მიმართა:

– ფულიც გადარჩა და გლორიაც, ჰედმანი კი დაკავებულია.

– მადლობა ღმერთს! – შესძახა ლიდიამ.

– არც კი მჯერა! – აჰყვა ჯონი, – ახლა კი შემიძლია, მთელი კვირა უდარდელად ვიძინო!

კვისტი ლიდიას მოეხვია:

– ძვირფასო, შეგიძლია შინ წახვიდე. ჩვენთვის ეს მძიმე დღე იყო.

– რაკი ასე თვლი, წავალ.

– არ გამიბრაზდე, საყვარელო, – აკოცა კვისტმა და ქალი კარამდე მიაცილა.

– დავლიოთ? – თქვა ჯონმა, როცა მარტონი დარჩნენ.

– რატომაც არა, – დაღლილი ხმით მიუგო კვისტმა.

სენძმა ვისკი ჭიქებში ჩამოასხა და ერთ–ერთი კვისტს გაუწოდა. ამ უკანასკნელმა ვისკი ოდნავ მოსვა და მუსიკოსს შეხედა:

– ჯონ, ჰედმანი კი დაჭერილია, მაგრამ ეს დასასრული არ არის.

– ამაზე უკვე კრივიჩმა იფიქროს, მე კი, მადლობა ღმერთს, ისევ თავისუფალი ვარ.

– არა, ჯონ, შენ თავისუფალი არ ხარ.

– არ მესმის, რისი თქმა გინდა.

– ჰედმანს რკინის ალიბი აქვს. ჩემზე უკეთესად იცი, მას ამ ოთხიდან არავინ რომ არ მოუკლავს.

– მაშ, ვინ მოკლა?

– შენ, ჯონ, შენ მოკალი.

– როგორც ვხედავ, ჰედმანის ზღაპრების გჯერა.

– არა, ჯონ, ჰედმანი არაფერ შუაშია.

– მორჩი რა, ჯულიან. ხუმრობის დრო არ მაქვს.

– ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვი: შენ იფიქრე, რომ ამ ოთხეულიდან ერთ–ერთი შანტაჟისტია და რაკი არ იცოდი, მათგან იუდა ვინ იყო, ყველას მოკვლა გადაწყვიტე, რაც ჩაიდინე კიდეც. მითხარი, ედი მაინც არ შეგეცოდა? ის ხომ შენი მეგობარი იყო და ამას გეფიცებოდა კიდეც?

– ედი მართლა საბრალო იყო, – ამოიოხრა ჯონმა, მერე კი უცებ ჯიბიდან პისტოლეტი დააძრო და კვისტს დაუმიზნა, – ეს იარაღი შენია, მეგობარო, და კარგად იცი, რაც შეიძლება მოხდეს.

– ჯონ, ნუთუ შენთვის ეს ასე ადვილია? სხვების მოკვლა საკუთარი თავის გადასარჩენად?

– სხვა გზას არ მიტოვებ და რა ვქნა? – ჯონს სახე აჭარხლებოდა, – მე არც სასამართლოში მისვლას ვაპირებ და არც რამის აღიარებას. თუ ხელს შემიშლი, გესვრი!

– შენ ვერსად წახვალ, ჯონ.

– მაგასაც ვნახავთ!

– იარაღი დააგდე, სენძ! – მოისმა ამ დროს კრივიჩის მკვეთრი ხმა.

ჯონი შედრკა. კვისტმა მას სავარძელი ესროლა, თავად კი იატაკზე გაწვა. მაშინვე სროლის ხმაც გაისმა, მერე მეორე ხმაც...

კვისტი წამოდგა. კრივიჩის ბიჭებს სენძი უკვე გაკავებული ჰყავდათ.

დასასრული

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online