asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მეფე, რომელმაც დედის ძმა მოკლა
ადერკის დროს იშვა ქრისტე
მეფე, რომელმაც დედის ძმა მოკლა

2011-10-10 13:59:27



„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ თანახმად, ქართლის მეთერთმეტე მეფე იყო როკი: „და მეფობდა როკ, რომელმან რაჲთურთით მცხეთაჲ განიშორა". როკის მეფობის შემდეგ სამეფო ორად გაყოფილა და ერთი მეფე დამჯდარა არმაზში, ერთიც – მცხეთაში. „მეფეთა ცხოვრებაში" ამ მეფეს ადერკი ეწოდება და იგი ყოფილა „ძე ქართამისი, ასულის წული ბარტომ მეფისა". ბარტომ მეფეს არ ჰყოლია ძე, ამიტომ ეგრისიდან მოუყვანია ქუჯი ერისთავის ძმისწული, ქართამი, მისთვის მიუცია ცოლად თავისი ასული და უშვილებია. ორივე, ქართამი და ბარტომიც, სამეფო ტახტის სხვა პრეტენდენტთან, მირვანთან ბრძოლაში დაღუპულა. ფეხმძიმედ დარჩენილ ქართამის ცოლს სომხეთისთვის შეუფარებია თავი და იქ გასჩენია ადერკი. ადერკი აღიზარდა სომხეთში, „იყო კაცი ასაკით შუენიერი, ტანით დიდი და გოლიათი, მრავალგზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი და სახელოვან ქმნილ იყო იგი". ადერკიმ ითხოვა ჯარი სომეხთა მეფისაგან და გამოემართა ქართლისკენ თავისი დედის ძმის, არშაკის წინააღმდეგ, რომელიც ქართლში გამეფებულიყო. არშაკს ქართლის ერისთავები და სპარსელები დაეხმარნენ და მოწინააღმდეგეებმა თრიალეთში დაიბანაკეს. აქ გამართულა ადერკისა და არშაკს შორის პირისპირ ხანგრძლივი ბრძოლა, რომლის ბოლოსაც ადერკიმ ისრით მოკლა არშაკი. გამეფდა ადერკი, ცოლად სომეხთა მეფის ასული შეირთო და, როგორც მემატიანე აღნიშნავს, „ოცდაათის წლისა მეფე იქმნა და ორმეოც და ჩვიდმეტ წელ მეფობდა". „მეფეთა ცხოვრების" თანახმად, ამ ადერკის დროს „იშვა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა". შესაბამისად, მისივე მეფობის დროს დებს მემატიანე ელიოზ მცხეთელის მიერ მცხეთაში ქრისტეს კვართის მოტანას და ეგრისსა და აფხაზეთში ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის მიერ ქრისტიანობის ქადაგებას. ადერკი მეფე გასწყრომია მეგრელებს წარმართული რჯულის დატოვებისთვის, გაუგზავნია თავისი ერისთავი და იძულებით ისევ წარმართობაზე მიუქცევია. წყარო მოგვითხრობს ასევე ადერკის სამშენებლო საქმიანობაზე: მას გაუმაგრებია ქართლის ყველა ქალაქი და ციხე, მაგრამ განსაკუთრებით - მცხეთის ზღუდეები მტკვრის ორივე მხარეს. ქართლში ორმეფობის გაჩენას „მეფეთა ცხოვრება" ადერკის ორ ძეს უკავშირებს: „და ვიდრე ადერკის მეფობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თვისი" – მცხეთა, შიდა ქართლი და მტკვრის ჩრდილოეთით ქვეყანა მისცა ბარტომს, ხოლო არმაზი, მტკვრის სამხრეთით მდებარე ქართლი და კლარჯეთი – ქართამს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online