asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვახტანგ გორგასლის შთამომავალს ბიზანტიის ქვეშევრდომობა თავისუფლებას ანიჭებდა
მას მეფობა სურდა
ვახტანგ გორგასლის შთამომავალს ბიზანტიის ქვეშევრდომობა თავისუფლებას ანიჭებდა

2011-09-28 13:50:15



სტეფანოზ I VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე გახლდათ ქართლის ერისმთავარი, სახელმწიფო მოღვაწე, მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის მაშენებელი. სტეფანოზ I იყო ბაგრატიონთა კლარჯული შტოს წარმომადგენელი, იმავდროულად, ვახტანგ გორგასლის შთამომავალი ქალიშვილის ხაზით, ძე გუარამ დიდი კურაპალატისა. სტეფანოზის ერისმთავრობა დაახლოებით 593-604 წლებზე მოდის. მისი სახელი ამოკვეთილია მცხეთის ჯვრის აღმოსავლეთი ფასადის საამშენებლო წარწერაში, ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულით _ „პატრიკიოსი”. 589 წლიდან 591 წლამდე ირანში რამდენიმე საკარო გადატრიალება მოხდა. ირანის ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ ხოსრო II ფარვიზმა (591-628) მხოლოდ ბიზანტიის კეისრის, მავრიკეს დახმარებით მოახერხა ბაჰრამ ჩუბინისაგან მიტაცებული ტახტის დაბრუნება. ამ დახმარების სანაცვლოდ ირანმა ბიზანტიას დაუთმო მცირე აზიის დასავლური პროვინციები, კავკასიაში კი სომხეთისა და ქართლის დიდი ნაწილი (მტკვრამდე), რომელთა გამო 70-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, მათ შორის ომი არ წყდებოდა. ამდენად, სტეფანოზის მმართველობის წლები პოლიტიკურად ძალზე ხელსაყრელი იყო ქართლის მშვიდობიანი განვითარებისათვის. სტეფანოზ I-მა, როგორც ჩანს, კარგად გამოიყენა შექმნილი ვითარება. ბიზანტიის ქვეშევრდომობა მას მხოლოდ მოკავშირეობას ავალებდა ირანის წინააღმდეგ, რაც ქართლის ხელისუფალს დიდ თავისუფლებას ანიჭებდა. სტეფანოზის დროინდელი ქართლის პოლიტიკურ, კულტურულ-სარწმუნოებრივ და ეკონომიკურ დაწინაურებაზე მეტყველებენ სტეფანოზის დროინდელი მატერიალური და წერილობითი წყაროები. მათ შორის უპირველესად უნდა მოვიხსენიოთ მცხეთის ჯვრის დიდი ტაძარი, რომლის აღმოსავლეთის ფასადზე სტეფანოზისა და მისი სახლის წევრების ღვაწლია უკვდავყოფილი. სტეფანოზის სახელით მოჭრილი მონეტები, რომლებზედაც ნაცვლად მაზდეანური ირანის სიმბოლოსი _ მოგიზგიზე ცეცხლისა _ კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოსახული, ქართული ეროვნული პოლიტიკის დიდ გამარჯვებას მოასწავებს (ბიზანტიის მფარველობის ქვეშ). სტეფანოზის ერისმთავრობის დროს ქართლის ეკლესია, როგორც „ეპისტოლეთა წიგნიდან“ ირკვევა, სარწმუნოებრივი ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებს, რაც ქართლის მოსახლეობის რელიგიური სიჭრელით იყო განპირობებული, თუმცა, თავად სტეფანოზი მონოფიზიტობის მხარდამჭერი ჩანს. ქვეყნის საერთო აღმავლობამ განაპირობა ალბათ სტეფანოზის “სამეფო” პრეტენზიებიც. „მეფეთა საყდართა ზედა ვზი”, _ ასე ათქმევინებს მას „შიოს ცხოვრების“ ავტორი, მაგრამ, „ქართლის ცხოვრების” ცნობით, სტეფანოზმა „მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგანო” (ჯუანშერი). მაგრამ ქართლის ერისმთავართა პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი პოზიცია, რასაკვირველია, საერთაშორისო ვითარებების ცვალებადობაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ეპოქა, როდესაც აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების აღმსარებლობითი არჩევანი დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის იმავდროულად მათ პოლიტიკურ ორიენტაციას გამოხატავდა: ბიზანტია დიოფიზიტობას (ქალკედონიტობა) ნერგავდა მისდამი დაქვემდებარებულ ქვეყნებში, ირანი მონოფიზიტობას უჭერდა მხარს. როდესაც წინააღმდეგობა ბიზანტიის იმპერიასა და ირანს შორის პიკს აღწევს, განსაკუთრებით, მავრიკე კეისრის მკვლელობის (602 წ.) შემდეგ, ირანის შაჰმა ხოსრო II ფარვიზმა (591-628 წწ.) ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ირანმა უკიდურესად შეავიწროვა ბიზანტია მცირე აზიასა და კავკასიაში და ძველად დაკარგული პოზიციებიც აღიდგინა. ამ დროს „სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა”. ამგვარად, სტეფანოზის ერისმთავრობის დასასრულს ქართლი კვლავ ირანის გავლენის ქვეშ მოექცა. ბიზანტია, რასაკვირველია, ასე ადვილად ვერ შეურიგდებოდა ქართლში პოზიციების დათმობას და თავის გავლენას ინარჩუნებდა საეკლესიო სფეროში, რაც თავისთავად ქართლის მესვეურთა ეროვნულ ინტერესებს ემთხვეოდა. დაახლოებით 604 წლიდან სტეფანოზი აღარ ჩანს ქართლის ერისმთავრად. სტეფანოზის ადგილს იკავებს მისი ძე, ადარნასე I. შემდგომი მოვლენების თხრობისას „ქართლის ცხოვრების” ქრონიკა შეცდომით სტეფანოზ I-ად მიიჩნევს იმ ერისმთავარსაც, რომელიც ხაზართა ლაშქრობისას ირანელთა მხარეზე იბრძვის თბილისის ციხეში ჰერაკლე კეისრის აღმოსავლურ ლაშქრობათა ბოლო ეტაპზე. სინამდვილეში სტეფანოზ I-სა და თბილისის ბრძოლაში მონაწილე სტეფანოზს ერთმანეთისაგან 24 წელი აშორებთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვახტანგ გორგასალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online