
ვახტანგ V (იგივე შაჰნავაზ I), ქართლის მეფე 1658-1676 წლებში, ძე თეიმურაზ მუხრანბატონისა, როსტომ მეფის შვილობილი, მუხრანული შტოს ფუძემდებელი ქართლის სამეფო ტახტზე. ვახტანგ V დაბადებულა 1606 წელს, თეიმურაზ მუხრანბატონის ოჯახში. ბახუტაბეგ-ვახტანგ ბატონიშვილმა ახალგაზრდობიდანვე თავი გამოიჩინა როსტომ ქართლის მეფისადმი (1632-1658) ერთგულებით. იგი თან ახლდა როსტომს შეთქმულ ერისთავთა წინააღმდეგ ლაშქრობისას. სწორედ ვახტანგმა აცნობა ცხირეთში მყოფ როსტომს თეიმურაზ I-ის მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. 1648 წელს ქართლის მეფის დავალებით თიანეთში გაგზავნილმა ვახტანგ ბატონიშვილმა სასტიკად დაამარცხა თეიმურაზ I. როსტომისადმი თავდადებული სამსახურით მან ქართლის მეფის ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. უშვილო როსტომ მეფემ მემკვიდრის არჩევანი მასზე შეაჩერა. როსტომ მეფემ ირანის შაჰს თავის სიცოცხლეშივე დაამტკიცებინა ვახტანგ ბატონიშვილი ტახტის მემკვიდრედ. ქართლის გამგებლად დანიშვნის სანაცვლოდ ირანის შაჰმა ვახტანგ ბატონიშვილი გაამაჰმადიანა და შაჰნავაზი (შაჰის სუნთქვა) უწოდა. 1658 წელს როსტომ მეფე გარდაიცვალა. ქართლში ვახტანგ V შაჰნავაზ I გამეფდა. ქართლში ვახტანგ V-ის გამეფებით დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა მუხრანული შტოს მეფობას ჯერ აღმოსავლეთ, ხოლო შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტზე (არჩილ II). შაჰნავაზ I, მისი წინამორბედი როსტომ მეფის მსგავსად, მართალია, ქართლში მეფედ იწოდებოდა, მაგრამ იურიდიულად ირანის შაჰის დიდმოხელე ვალი (დიდი ამირი) იყო. სპარსული დასტურლამალის მიხედვით სეფიანთა სახელმწიფოში სულ ოთხი ვალი არსებობდა. ქართლის ვალის მესამე ადგილი ეჭირა არაბისტანისა და ლურისტანის ვალიების შემდეგ, რომლებიც უფრო მაღლა იდგნენ თავიანთი სამხედრო ძლიერების წყალობით. ქართლის ვალის მომდევნო ადგილი თურქისტანის ვალის ეჭირა. ქართლის ტახტზე დამტკიცებისთანავე სპარსეთის მეფემ შაჰნავაზ-ხანს მოსთხოვა როსტომ მეფის ქვრივზე, მარიამ დედოფალზე დაქორწინება. ვახტანგი იძუელებული გახდა, გაეშვა პირველი ცოლი, ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის ასული როდამი, რომელთანაც ექვსი ვაჟი და ორი ასული ჰყავდა, და ექორწინა მარიამზე. ვახტანგ მუხრანბატონის ქართლის ჯანიშინად დანიშვნამ, შემდეგ კი მისმა გამეფებამ ქართველ წარჩინებულთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი ფფეოდალი ზაალ არაგვის ერისთავი, რომელიც წინააღმდეგი იყო ქართლში ძლიერი ხელისუფლებისა, შეეცადა წინ აღდგომოდა მის გამეფებას და ჯარით დადგა ავლაბარს, მაგრამ ერისთავმა ვერაფერი მოიმოქმედა და იძულებული გახდა, დუშეთს დაბრუნებულიყო. მარცხის მიუხედავად, ის მაინც მეფის წინაშე ქედის მოხრას არ აპირებდა და სკანდის ციხეში (იმერეთი) მყოფ უკვე ხანდაზმულ თეიმურაზ I-ს უთვლიდა, “ქართლსა და კახეთს თქვენის მეტი მემკვიდრე პატრონი არსად დარჩომიათო”. ვახტანგ V-ის თანამოაზრეებს ჩაუგონებიათ თეიმურაზისათვის, არ აჰყოლოდა ერისთავის მოწოდებას: რათ გინდათ ამისთანა სიცოცხლეო, რომ ზაალ ერისთავიო უნდა გაგაგდებს უნდა გაგაბატონებსო (ფარსადან გორგიჯანიძე). დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებულმა ქართლის მეფემ ადვილად მოახერხა ამ შიდადინასტიური ბრძოლის თავიდან აცილება. ურჩი ფეოდალის დასასჯელად ის ხელსაყრელ დროს ელოდა. ვახტანგმა კარგად ისარგებლა ერისთავთა სახლის შიგნით არსებული კონფლიქტით. მან ზაალის ძმისწულებს იმავდროულად თავის დისწულებს, რომლებიც “განბოროტებულნი იყვნენ” ზაალისაგან, 1660 წელს მოაკვლევინა ზაალ ერისთავი (ვახუშტი). ამის შემდეგ ბიძის მკვლელ ოთარს არაგვის ერისთაობა, ედიშერს მსაჯულთუხუცესობა, იასონს დედოფლის სახლთუხიცესობა უწყალობა (ვახუშტი). ვახტანგ V გაბედულად შეუდგა ქვეყნის გაერთიანებაზე ზრუნვას. იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის გარდაცვალების (1660) შემდეგ ვახტანგმა იმერეთში დაწყებული არეულობით ისარგებლა და 1661 წელს იმერეთის ტახტზე თავისი უფროსი შვილი – არჩილი დასვა. ფაქტობრივად ვახტანგის გავლენა კახეთსაც წვდებოდა. ამავე დროს ვახტანგის მომხრეებმა დაარწმუნეს `ყოველგნით უღონო-ქმნილი კახთ ბატონი თეიმურაზი ყაენთან წასულიყო, რითაც ირანის გულიც მოიგო (ვახუშტი ბატონიშვილი). ამრიგად, ვახტანგმა დროებით, მაგრამ მაინც მოახერხა საქართველოს გაერთიანება და ქვეყანაში სტაბილურობის დამყარება: და მეფობდა მეფე ვახტანგ სამთავე სამეფოთა ქართლისა, კახეთისა და იმერეთისა ზედა და ესრეთ განდიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა შინა (ბერი ეგნატაშვილი). მაგრამ ვახტანგის შიდა პოლიტიკურ წარმატებებს საფრთხე გარედან დაემუქრა. 1639 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებულმა ზავმა აღადგინა ამასიის 1555 წლის პირობები, რაც ნიშნავდა, რომ დასავლეთი საქართველო ოსმალეთის, აღმოსავლეთი _ ირანის გავლენის სფეროებად იქნა აღიარებული. არჩილის იმერეთში გამეფებამ სულთნის მწვავე რეაქცია გამოიწვია. შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გამო ვახტანგ V იძულებული გახდა არჩილი იმერეთიდან გამოეწვია. მან მხოლოდ სამი წელი (1661-1663 წწ) იმეფა დასავლეთ საქართველოში. იმერეთის ტახტის სანაცვლოდ შაჰ-აბას II-მ 1644 წელს არჩილს კახეთი უბოძა. კახეთის ტახტზე პოზიციების განსამტკიცებლად ვახტანგ და არჩილ მეფეებს რამდენიმე ბრძოლის გამართვა მოუხდათ თეიმურაზ I-ის შვილიშვილთან - ერეკლე დავითის ძესთან (შემდგომში ერეკლე I ნაზარალი-ხანი), რომელსაც კახი დიდებულები უჭერდნენ მხარს. ვახტანგმა და არჩილმა გაიმარჯვეს, თუმცა ერეკლეს მომხრე ფეოდალების შფოთი არ დამცხრალა. მეფეს კვლავ არაგვის ერისთავი დაუპირისპირდა. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, `სცნა არჩილ, რამეთუ ოთარ არაგვის ერისთავი და ძმანი მისნი ეზრახვიან გამეფებად ერეკლეს~. ზომიერი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმდევარი ვახტანგ V არაგვის ერისთავთან კახეთის გამო ჩამოვარდნილი კონფლიქტის გამო ირანის შაჰთან ურთიერთობის დაძაბვას მოერიდა ( არაგვის ერისთავს მამული ირანის შაჰისაგან ჰქომდა დამტკიცებული), არჩილ მეფეს კი ურჩი ფეოდალისათვის ყმა-მამულის ჩამორთმევა სურდა. მაშინ, როდესაც ოთარ ერისთვი ირანში გაემგზავრა, არჩილ და ვახტანგ მეფეებმა დუშეთი დალაშქრეს. ქართლში დაბრუნებულ ოთარს მეფემ დაუბრუნა ერისთაობა. არაგვის საერისთავოს დამორჩილების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში სიმშვიდე დამყარდა. თავად იძულებით გამაჰმადიანებული ქართლის მეფე ყოველმხრივ უწყობდა ხელს ქრისტიანული ეკლესიების გაძლიერებასა და მოშლილი ქრისტიანული წესების აღდგენას: ვახტანგმა `მატა რჯულსა ქრისტიანობისასა და ეკლესიათა, რამეთუ მცდელობდა, რათა როსტომის განრყუნილნი მოეგო კუალად კუალსავე თვისსა, ვინაითგან ჟამსა მისსა ზიარება სისხლისა და ხორცისა უფლისა სირცხვლად უჩნდათ, ამან კათალიკოზით დომენტით კუალად შემოიყვანნა აღსარებად და ზიარებად~ (ვახუშტი). საეკლესიო საქმეების მოსაწესრიგებლად ეკლესიის სათავეში მან ჩააყენა კათალიკოსი დომენტი (1660-1675 წწ), რომლის ხელმძღვანელობით “განშუენდეს წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი და ყოველნივე წესნი ეკლესიათანი განმრავლდეს საქართველოსა შინა მიზეზითა ძეთა მეფისა შაჰნავაზისათა (ბერი ეგნატაშვილი). ვახტანგმა დაიწყო ავბედობის ჟამს მოსახლეობისაგან დაცლილი ტერიტორიების მოშენება: ამან აღაშენა და განავსო ქართლი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი, რომელსა შინა კაცნი არა იყვნენ (ვახუშტი). საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისათვის ზრუნვამ ვახტანგ V-ს ნათლად დაანახვა ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობა. იგი ევროპელი ვაჭრების მოსაზიდად მზად იყო მათთვის ყოველგვარი პრივილეგიები მიენიჭებინა. “ევროპელები, რომლებიც მოისურვებენ ჩემი ქვეყნის გავლით ინდოეთში წასვლას, ამ ქვეყანაზე უკეთეს გზას ვერსად იპოვნიანო დარწმუნებული ვარ, თუ ერთხელ გაივლიან ამ გზით, მომავალში სხვა გზას აღარ აირჩევენო - შეუთვლია მეფეს ფრანგი კომერსანტის, შარდენისათვის. ჟან შარდენის ამ ცნობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ვახტანგ V-ის საგარეო პოლოტიკის მიზანი, რომელიც ითვალისწინებდა ქართლ-კახეთის ირანის ვასალად აღიარებას და მშვიდობიანი გზით ქართული საქმის კეთებას. ვახტანგ მეფის ქართულ პოლიტიკას ფხიზლად ადევნებდნენ თვალს ისპაჰანში. ერთგული ქვეშევრდომის გაძლიერება სპარსეთის შაჰს აღარ მოსწონებია და მისი შევიწროება განუზრახავს. ამ მიზნით შემოუვლია ახალი ზღუდე თბილისისათვის, სადაც ყიზილბაში მეციხოვნეები ჩაუყენებია. “ესე ჰყვეს ყიზილბაშთა, რამეთუ სწადდათ ღამესა ერთსა დახშვა კართა და მოსლვა სპათა მათთა და შეპყრობა მეფისა სახლეულითა სრულიად~ (ვახუშტი). მეფემ კარგად იცოდა ყიზილბაშთა ზნენი და ქალაქის შიგნით აღარ გაჩერდა. ქალაქის სამხრეთით, მტკვრის პირას აუშენებია სასახლე. ისპაჰანში არსებობდა ძლიერი ანტიქართული დაჯგუფება, რომელიც ყოველი საშუალებით ცდილობდა ძირი გამოეთხარა საქართველოს გაერთიანებისაკენ მიმართული პოლიტიკისათვის. ამ დაჯგუფების კარნახით შაჰ სულეიმანმა (1666-1694 ) ვახტანგისა და არჩილის დასასუსტებლად კახეთის ტახტის მემკვიდრე ერეკლე ბატონიშვილი გამოიყენა. ამ დაჯგუფების მეთაურის, შეიხ ალი ხანის ვახტანგ მეფესთან დაპირისპირების მიზეზად ვახუშტი ბატონიშვილი მეფის მიერ თავისი ასულის (ანუკა ბატონიშვილის) ცოლად მიცემაზე უარის თქმას ასახელებს. ამავე ალი ხანის ინტრიგების წყალობით ვახტანგის ოჯახში განხეთქილება მოხდა. მეფის ძე ლუარსაბი მამასთან შეუთანხმებლად ახალციხის ფაშასთან გადავიდა და იმერეთის ტახტის დაჭერა სთხოვა. ლუარსაბმა იმერეთის ტახტი ვერ მიიღო. 1674 წელს არჩილ მეფემაც იგივე მოიმოქმედა ერეკლეს სასარგებლოდ მიატოვა კახეთი და დასავლეთ საქართველოში გამეფების თაობაზე ასლან-ფაშას ოსმალეთის სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. ვახტანგი ამ ამბებმა ფრიად გაანაწყენა. არსებობს მოსაზრება, რომ მისმა ვაჟებმა ეს ნაბიჯი ვახტანგის საიდუმლო გეგმის მიხედვით გადადგეს. `ვახტანგი კარგა ხანია დარწმუნდა, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საქართველოს რუსეთი ჯერ არ გამოადგებოდა, სხვის დაუხმარებლად კი აღმოსავლეთ საქართველო ვერ დაიხსნიდა თავს ირანისაგან. რჩებოდა ერთადერთი გამოსავალი - თურქეთი, რომლის საშუალებითაც ვახტანგმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო საქართველოში ირანის ბატონობისათვის და მისივე დახმარებით ქვეყნის გაერთიანებისათვის ებრძოლა. სწორედ ამან განაპირობა ლუარსაბის და არჩილის გაგზავნა ახალციხის ფაშასთან. რაც შეეხება ქართულ ნარატიულ ძეგლებში დაცულ გაქცევის ცნობას, ეს მომდინარეობს ალბათ, თვით ვახტანგ V-ისაგან, რომელსაც სურდა დრო მოეგო და შაჰისათვის დაემტკიცებინა ერთგულება და უცოდველობა თვისი (დ. ჟღენტი). ვახტანგ V-ის ძეთა ახალციხეს წასვლამ ქართლ-კახეთში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბა. საგარეო პრობლემებს, როგორც ჩანს, საშინაოც დაერთო. შაჰ სულეიმანთან ისპაჰანს მიმავალი ქართლის მეფე 1676 წელს გზაში გარდაიცვალა. სომხური წყაროს ცნობით, ქართლის მეფის გარდაცვალების სხვა ვერსიას იძლევა სომეხი მემატიანე ზაქარია კანაკერცი: ისპაჰანთან მიახლოებულმა ვახტანგმა შეიტყო, რო შაჰი მას წამებით მოკლავდა (ლომებს მიუგდებდა), ამიტომ საწამლავი მიიღო და აღესრულა”. ვახტანგ V-ის გარდაცვალების შემდეგ ქართლის ტახტი მისმა ძემ გიორგი XI-მ დაიკავა.
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 





