
ალავერდი-ხან უნდილაძე XVI - XVII სს. სეფიანთა ირანის ცნობილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, შაჰ-აბას I-ის სამხედრო რეფორმების ორგანიზატორი, ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი გახლდათ. ალავერდი-ხან უნდილაძე მოღვაწეობდა საქართველოს ისტორიის იმ პერიოდში (XVI –XVII საუკუნეები), როდესაც ქვეყანა დროებით მოწყვეტილი აღმოჩნდა ევროპისაგან და ისლამური აღმოსავლეთის გავლენის ქვეშ მოექცა. XVI საუკუნის დამდეგს ირანი ახალი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური რეალიებით შეხვდა: აღ-ყოინლუს (თეთრბატკნიანთა) თურქმანული სახელმწიფოს ნანგრევებზე ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო – ყიზილბაშური ირანი სეფიანთა დინასტიით სათავეში. სეფიანთა ირანის ექსპანსიურ ზრახვებს ახლო აღმოსავლეთში დაუპირისპირდა ოსმალეთის ინტერესები. ირანსა და ოსმალეთს შორის ბრძოლის მთავარი ობექტი გახდა ამიერკავკასია და საქართველო, როგორც უმთავრესი პლაცდარმი კავკასიაში ბატონობისათვის. XVI საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება ირანში. სეფიანთა ირანის ენერგიული და ნიჭიერი მმართველის, “ირანის ლომად” წოდებული შაჰ-აბას I-ის დროს (1587-1629) ქვეყანა ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ იქცა. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეასუსტა და ბოლო მოუღო ყიზილბაშური ტომების ბელადების ძლიერებას. ამავე დროს ეს რეფორმები მიზნად ისახავდა ირან-ოსმალეთის 1590 წლის ზავით დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ყიზილბაშთა ნაცვლად შაჰ-აბასი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისას ირანულ და ქართულ-კავკასიურ ელემენტს ეყრდნობოდა. როგორც ცნობილია, ქართველებმა უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის სამხედრო ძლიერების განმტკიცებისა და მართვა-გამგებლობის მოწესრიგების საქმეში. მათ შორის განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავათ ალავერდი-ხან უნდილაძეს და მის შთამომავლებს – იმამ-ყული ხანს, დაუდ-ხანსა და სეფი-ყული ხანს. XVI საუკუნის დამლევს ალავერდი-ხანი გახდა ახლად შექმნილი ყულის ჯარის – შაჰ-აბასის მიერ შექმნილი მილიტარული სტრუქტურის – პირველი ყულარაღასი და ფარსის ბეგლარბეგი. შემდგომ პერიოდშიც, XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის დასასრულამდე ირანის არმიის სარდლად მხოლოდ ქართველები ინიშნებოდნენ. მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავათ ირანში ალავერდი-ხანის ვაჟიშვილებსაც: იმამყული-ხანი მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგი გახდა, უმცროსი დაუდ-ხანი კი ყარაბაღის. უნდილაძეთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საკმაოდ მდიდარი მასალა მოიპოვება ქართულ, სომხურ, სპარსულ და ევროპულ წყაროებში. ქართული წყაროების მიხედვით XIII- XV საუკუნეების მანძილზე უნდილაძენი ინარჩუნებდნენ გავლენიანი სახლის მნიშვნელობას. ამ გვართან დაკავშირებული უკანასკნელი ქართული საბუთი XV საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, რომელშიც ასახულია საგვარეულო ბრძოლის დასაწყისი. უნდილაძეთა შესახებ უფრო გვიანდელი ქართული საბუთების არარსებობა ამ ფეოდალური საგვარეულოს დამცრობასა და მისი წარმომადგენლების უცხოეთში გახიზნვას უნდა მოასწავებდეს. ეს იმდროინდელ ქართველ საზოგადოებაში მიმდინარე ფეოდალურ საგვარეულოთა შორის მიმდინარე ბრძოლის ჩვეული შედეგი იყო (ვ. გაბაშვილი). უნდილაძეთა გვარის ცნობილი წარმომადგენლის ალავერდი-ხანის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ისკანდერ მუნშის საისტორიო თხზულება “თარიხ-ი ალემარა-ი აბასი”. ამ წყაროს მიხედვით ალავერდი-ხანი ქართველია, შაჰ-აბასის ერთ-ერთი სამხედრო კამპანიის დროს ირანში ტყვედწაყვანილი და გამაჰმადიანებული. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მისი ეროვნული კუთვნილების შესახებ: მკვლევართა ნაწილი (დ. ლენგი, ვ. მინორსკი. ი. პეტრუშევსკი, მ.ივანოვი) მას ქრისტიან სომხად მიიჩნევს, რაც მომდინარეობს ცნობილი იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელლა ვალეს ცნობიდან. იგი დაახლოებული იყო ირანში მყოფ ქართველებთან და პირადად იცნობდა იმამ-ყული ხანსა და დაუდ-ხანს. მკვლევართა აზრით, შესაძლებელია, დელლა ვალემ “სომხითი” “სომხეთად” თარგმნა (ვ. გაბაშვილი). გარდა ამისა, არსებობს 1601 წლის ცნობა, რომელსაც გვაწვდის დონ ხუანი, გაკათოლიკებული სპარსელი, შაჰ აბასის მიერ დასავლეთ ევროპის მეფეებთან და რომის პაპთან ელჩად წარგზავნილი ანტონი შერლეის თანმხლები პირი. მისი ჩანაწერის თანახმად, ალავერდი-ხანი ქართველი რენეგატი იყო. “ქართველ ქრისტიანს” უწოდებენ მას ამ მისიის სხვა წევრებიც. ალავერდი-ხანი პირველი იყო მისი გვარიდან, რომელიც გამოჩნდა ირანის პოლიტიკურ არენაზე და დიდი გავლენა მოიპოვა. მკვლეარები მიუთითებენ იმ სპარსულ წყაროებზე, სადაც პირველად მოიხსენიება ალავერდი-ხანი 1588 წელს მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. ამ დროს შაჰმა აღზევებული ხელისუფალი მურშიდ-ყული ხანი სწორედ ალავერდი-ხანის დახმარებით ჩამოიშორა. პირველი თანამდებობა, რომელიც შაჰის ქართველ მხარდამჭერს ეკავა, იყო ზარგარბაშის – ოქრომჭედლების უხუცესის – თანამდებობა. ამის შემდეგ ალავერდი-ხანი მალე დაწინაურდა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო რეფორმა. ალავერდი-ხანის ტექნიკური თანაშემწეები იყვნენ ინგლისელები, ძმები ანტონ და რობერტ შერლები, რომლებიც შაჰთან მსახურობდნენ 1598 წლიდან. შაჰის რეფორმები მიზნად ისახავდა ყიზილბაშთაგან გამოსული ლაშქრის შემცირებას 60 000-დან 30 000-მდე და კარგად გაწვრთნილი არმიის შექმნას. შაჰ- აბასის მთელი არმია 120 000 კაცისაგან შედგებოდა, აქედან 44 000 იყო მუდმივ ჯარში, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 10 000 ღულამისაგან შემდგარი ცხენოსანთა კორპუსიც. შაჰის ძლიერი გვარდია, “ყულის ჯარი” დაკომპლექტებული იყო ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისაგან. მას სათავეში ედგა ყულარ-აღასი, რომელიც, ჩვეულებრივ, წარმოშობით ქართველი იყო ავღანელთა მიერ ირანის დაპყრობამდე (1722 წ.); ამ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი უმაღლესი მეჯლისის (საკანონმდებლო ორგანოს) წევრიც ხდებოდა. სეფიანთა ირანის პირველი ყულარაღასი გახდა ალავერდი-ხან უნდილაძე. ეს 1595/6 წელს მოხდა. 1598 წელს ალავერდი-ხანმა, როგორც სარდალმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა უზბეკი ტომებისაგან ჰერათის გათავისუფლებაში. ამ გამარჯვების შემდეგ შაჰის ბრძანებით ყიზილბაში ემირი ფარჰად-ხან ყარამანლი სიკვდილით დასაჯეს. ამ მოვლენების შემდეგ ალავერდი-ხანი სპარსეთის იმპერიის მეორე ადამიანი გახდა შაჰის შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით ირანის არმიამ არაერთი წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელა ქვეყნის როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ფრონტებზე. ამ ბრძოლების ნათელ ილუსტრაციად შეიძლება განვიხილოთ ბაჰრეინის დაპყრობა შაჰის არმიის მიერ 1601-2 წლებში. 1595/6 წელს შაჰ-აბასმა ალავერდი-ხანი ფარსის ბეგლარბეგად დანიშნა, რაც ყიზილბაში ემირის სტატუსს უტოლდებოდა. ამასთანავე ეს ნიშნავდა იმასაც, რომ დიდი პროვინციები აღარ იმართებოდა, როგორც ავტონომიები და მას აღარ განაგებდნენ თავნება ფეოდალები; ამ პროვინციების მმართველებად უშუალოდ შაჰის მიერ ინიშნებოდნენ სახელმწიფო მოხელეები. უაღრესად დიდი იყო ალავერდი-ხანის გავლენა შაჰ-აბასის დროინდელ ირანში. პორტუგალიელი ანტონიო გოვეას (XVII ს.-ს დამდეგი) გადმოცემით, მისთვის ერთხელ შაჰს უთქვამს: “მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი-ხანს ვემორჩილები”. ალავერდი-ხანი და მისი ოჯახი დიდ სიმდიდრეს ფლობდა. ხანის ყოველწლიური შემოსავალი ფარსის საბეგლარბეგოდან შეადგენდა 50 000-100 000 ეკიუს. მას ყულარაღასის “სახარაჯო” ქვეყნიდან, გულფაიგანიდანაც მნიშვნელოვანი შემოსავალი ჰქონდა. ალავერდი-ხანი დიდ აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდა ირანში, ხელმძღვანელობდა სამხედრო მშენებლობებს; მაგალითად, ისფაჰანში, მდინარე ზაიანდერუდზე დღემდე არსებობს ხიდი, რომელიც მან ააგო. ეს ირანის არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. ხიდს დღესაც ალავერდი-ხანის სახელი ჰქვია. ხიდი 300მ სიგრძისაა და 3-თაღიანია. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის მუსლიმურ და ქრისტიანულ (სომხურ) უბნებს და აგრეთვე ისფაჰანს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებთან. ეს აგურის ნაგებობაა აგურის ჩუქურთმებითა და ღია აივნებით. პიეტრო დელა ვალეს ცნობით, ხიდქვეშა დერეფნები, რომელთა იატაკი თითქოს მდინარის ზედაპირის დონეზეა დაგებული ... ზაფხულის ცხელ დღეებში უამრავ ხალხს იზიდავს. ევროპულ წყაროებში აღწერილია ალავერდი-ხანის მეუღლის, წარმოშობით ქართველის, სახსრებით გაყვანილი გზები და გადასასვლელი ხიდები ირანის მთიანეთის უღელტეხილებზე. ფარსის ბეგლარბეგი ხელოვნების ქომაგიც იყო. მისი ხარჯით იყო მოხატული ისფაჰანში ჩეჰელ-სუთუნის - ორმოცსვეტიანი სასახლის - ზოგიერთი ფრესკა. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია შაჰ აბას I-ის წვეულება თურქესტანის გამგებლის პატივსაცემად. შაჰს გვერდს უმშვენებენ სეფიანთა ირანის ცნობილი მოხელენი, მათ შორის ალავერდი-ხანი. მოხატულ კედლებზე ქართული წარწერებიც ყოფილა. ალავერდი-ხანი 1614 წელს გარდაიცვალა. თანამედროვეთა შორის არსებობდა ეჭვი, რომ მის სიკვდილში თვით შაჰის ხელი ერია. ისქანდერ მუნში აღნიშნავს, რომ შაჰის კარზე იზრდებოდა უკმაყოფილება ალავერდი-ხანის განწყობის, საქციელისა თუ სხვა მიზეზების გამო. ჩანს, გარკვეულ ეტაპზე შაჰ-აბასი გიორგი სააკაძეს უფრო ენდობოდა, ვიდრე ფარსის ბეგლარბეგს. XVII ს-ის სომეხი ისტორიკოსის ზაქარია სარკავაგის ცნობით, ალავერდი-ხანის ერთ-ერთი ვაჟიშვილი დაკავშირებული იყო სპარსეთის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებასთან, რაც, შესაძლოა, შაჰის უკმაყოფილების მიზეზი გამხდარიყო. შაჰ-აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა












ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 












