asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სპარსელებთან 50-წლიანი ბრძოლის მესაჭემ საკუთარი სიძე მოაკვლევინა
ის თავისმა მომხრეებმაც გაწირეს
სპარსელებთან 50-წლიანი ბრძოლის მესაჭემ საკუთარი სიძე მოაკვლევინა

2011-08-15 14:08:26



თეიმურაზ I 589-1663 წლებში მეფობდა. იგი იყო კახეთისა და ქართლ-კახეთის მეფე, ძე დავით მეფისა და ქეთევან დედოფლისა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაუცხრომელი მებრძოლი, აღორძინების ხანის გამორჩეული პოეტი. თეიმურაზ I-ის მეფობის პერიოდი უაღრესად რთული ხანა იყო საქართველოს ისტორიაში. ქვეყანამ მძიმე მარცხი განიცადა ყიზილბაშებთან და ოსმალებთან ბრძოლაში. XVI ს-ის 80–90-იან წლებში გაძლიერებულმა ოსმალეთის იმპერიამ თითქმის მთელი კავკასია დაიპყრო. საქართველომ დაკარგა სამცხე-საათაბაგო, დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შეფერხდა ქვეყნის კონსოლიდაციის პროცესი. XVII საუკუნის დამდეგიდან აღმოსავლეთ საქართველოს თავს დაატყდა შაჰ-აბასის აგრესია, გავერანდა კახეთი. აქ ჩამოსახლებულმა თურქმანებმა დაიწყეს მკვიდრი მოსახლეობის ინტენსიური მეურნეობის გაჩანაგება. საგარეო მტრების მოძალების პირობებში ირანსა და ოსმალეთში ტყვედ მიჰყავდათ ქართველი ახალგაზრდები; ისინი მამლუქებისა და “ყულის ჯარში” იბრძოდნენ, საქართველოში კი მეომართა რიცხვი მცირდებოდა. ასეთი რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადის ტახტზე თეიმურაზ I. თეიმურაზისა და მისი ოჯახის ბიოგრაფია არაჩვეულებრივი სიზუსტით აირეკლავს მოცემული ეპოქის საქართველოს ისტორიის მთელ სიმძიმესა და ტრაგიზმს. 1604 წელს თეიმურაზი და მისი და ელენე მათმა ბიძამ, გიორგი ბატონიშვილმა მამის დასტურით შაჰის კარზე გაგზავნა, რათა შაჰი კახეთის ხელისუფალთა ერთგულებაში დაერწმუნებინა. 1605 წელს შაჰ-აბასი შეეცადა, კონსტანტინე ბატონიშვილის ხელით კახეთი ირანის სახანოდ ექცია, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. კახელებმა მამისა და ძმის მკვლელი კონსტანტინე ბატონიშვილი მეფედ არ ინდომეს და ბელაქნის წყალთან ბრძოლაში მოკლეს. 1606 წელს ქეთევან დედოფლის ელჩებმა შაჰ-აბასს 16 წლის თეიმურაზის კახეთის მეფედ დანიშვნა სთხოვეს. შაჰმა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოსთან კომპრომისის პოლიტიკას ატარებდა, თეიმურაზს ქრისტიანობით დაუმტკიცა მეფობა. 1607 წელს ახალგაზრდა მეფემ მამია გურიელის ასულ ანაზე იქორწინა. მათ ორი ვაჟი – ლევანი და ალექსანდრე ეყოლა. შაჰმა ოსმალები განჯა-ყარაბაღიდან განდევნა, შემდეგ ქართლში შემოიჭრა და აყჯაყალის, ლორის, დმანისის და თბილისის ციხეები გაათავისუფლა ოსმალთაგან. თბილისში მან ლუარსაბ II დაამტკიცა ტახტზე. ქართლის ციხეებში ახლა ოსმალების ნაცვლად ყიზილბაშები ჩადგნენ. ქართლიდან წასული შაჰ-აბასი შემახას ციხეს შემოეწყო და თეიმურაზიც იხმო ჯარით. თეიმურაზმა თავი აარიდა ლაშქრობას და დედა გაუგზავნა ათასკაციანი ლაშქრით. შაჰი განაწყენდა. მას შემდეგ, რაც 1609 წელს ქართველებმა ქართლში შემოჭრილი ოსმალები დაამარცხეს, ქართლისა და კახეთის მეფეები, ლუარსაბი და თეიმურაზი, დიდი ძღვენით ეახლნენ შაჰს. ამ ნაბიჯის შედეგად ქართლ-კახეთში დროებითი მშვიდობა დამყარდა. 1612 წელს ოსმალეთთან დაზავების შემდეგ შაჰ-აბასმა ქართლ-კახეთისათვის მოიცალა. მას განზრახული ჰქონდა ქართლ-კახეთის აყარა, აქ მაჰმადიანური მოსახლეობის ჩასახლება და ირანისადმი უშუალოდ დაქვემდებარებული სახანოების შექმნა. 1612 წელს შაჰმა თეიმურაზი და ლუარსაბი მაზანდარნში დაიბარა ნადირობის საბაბით, თუმცა მეფეები არ წავიდნენ, რაც აშკარა ამბოხს ნიშნავდა. 1613 წელს შაჰი დაიძრა ქართლ-კახეთისკენ და განჯაში დაბანაკდა. მან მძევლებად მოითხოვა თეიმურაზის შვილები და დედოფალი ქეთევანი. თეიმურაზი იძულებული გახდა, დედა და შვილები გაეგზავნა. 1614 წელს შაჰი კახეთში შემოიჭრა და 50 დღის განმავლობაში მიწასთან გაასწორა აყვავებული ქვეყანა. თეიმურაზი ბრძოლით იხევდა ქართლისაკენ. არც ლუარსაბს არ ჰყავდა საკმარისი ძალები და ორივენი იმერეთში გადაიხვეწნენ. კახეთის მმართველად შაჰმა გამაჰმადიანებული კახი ბატონიშვილი ისა-ხანი დანიშნა. 1615 წელს, როდესაც ოსმალეთის არმია მეჰმედ ფაშას მეთაურობით ირანის საზღვრებს მიადგა, კახელებს იმედი მიეცათ და აჯანყდნენ. აჯანყებულებმა, დავით ჯანდიერის, ხელმძღვანელობით სულ გაწყვიტეს ალავერდის ტაძარში ჩაყენებული ყიზილბაშთა გარნიზონი და სასწრაფოდ თეიმურაზი მოიწვიეს. თეიმურაზი ჩამოვიდა კახეთში და დაიწყო ყიზილბაშთაგან კახეთის ციხეების გაწმენდა. ამასობაში შაჰმა ისევ შეკრიბა ჯარი და ცნობილი სარდლის, ალიყული-ხანის მეთაურობით შეუტია კახეთს. თეიმურაზმა ამჯერადაც მოახერხა მტრის დამარცხება. 1616 წელს შაჰ-აბასი უზარმაზარი ჯარით ქართლში შემოვიდა. აქედან გაუსია რაზმები კახეთს. თეიმურაზი, რომელიც ირანზე ოსმალთა შეტევას მოელოდა, გაეცალა შაჰს და ისევ იმერეთში გადავიდა. მტრის ხელში დარჩენილი ქვეყანა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა. კახელები თავგანწირვით იგერიებდნენ მტერს ყველგან, ყველა სიმაგრესთან, ციხესა და ქალაქთან, მაგრამ მტრის სიმრავლეს ვერ აუდიოდნენ. ყიზილბაშები გზადაგზა ჩეხავდნენ ნარგავებს, წვავდნენ სოფლებს, დატყვევებულ მოსახლეობას ირანში ერეკებოდნენ. ქვეყანა “დაინგრა და მიწასთან იქნა გასწორებული” (ისკანდერ მუნში). 1616-1617 წლებში შაჰი კიდევ ორჯერ შემოიჭრა კახეთში, მოსპო და დაანგრია თუ რამ დარჩენილიყო. ამ შემოსევებისას კახეთმა დაკარგა მოსახლეობის ორი მესამედი. ირანელი ისტორიკოსის აზრით, ეს თეიმურაზის მოღალატეობრივი პოლიტიკის, მისი “უწესობისა და ურჩობის” შედეგი იყო. თეიმურაზი გაუტეხელი მებრძოლი იყო. მასზე შაჰმა საშინლად იძია შური – დაასაჭურისა მისი ვაჟები, რამაც იმსხვერპლა კიდეც ერთ-ერთი მათგანი, ხოლო ქეთევან დედოფალი კი 1624 წელს საშინელი წამებით მოკლა. 1625 წელს ირანის წინააღმდეგ კვლავ აღდგა ქართლი და კახეთი გიორგი სააკაძის მეთაურობით. აჯანყებულებმა რამდენიმე დღეში გაწმინდეს ქართლ-კახეთი ყიზილბაშთაგან, მაგრამ ამ ბრძოლებს შაჰის არმიის ნახევარიც შეეწირა. თურქი ისტორიკოსის იბრაჰიმ ფეჩევის თქმით, “შაჰს ორმოცი წლის განმავლობაში ასეთი ზარალი არ მოსვლია”. 1620-1624 წლებში, როდესაც გიორგი სააკაძის თაოსნობით იგეგმებოდა აჯანყების მომზადება ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ, თეიმურაზი ოსმალეთიდან ცდილობდა დახმარების მიღებას. 1618, 1623 წლებში მან რუსეთსაც მიმართა, თუმცა ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. 1622 წელს თეიმურაზმა რომის პაპთან დახმარების სათხოვნელად გააგზავნა ნიკიფორე ჩოლაყაშვილი, რომელიც 1629 წელს მხოლოდ პაპის გამამხნევებელი წერილით დაბრუნდა. შაჰ აბასის გეგმის ჩაშლისა და ირანთან ვასალური ურთიერთობის აღდგენის შემდეგაც თეიმურაზი აგრძელებს ბრძოლას ამიერკავკასიიდან ირანის განდევნისათვის. ამის გამო ჰქონია მას მიწერ-მოწერა სულთან მურად IV-სთან (1623-1640), რომელიც გარკვეულ იმედებს უსახავდა უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულ მეფეს. 1631 წელს თეიმურაზის სიძემ ზურაბ ერისთავმა ქართლის ნომინალური მმართველი, სიმონ-ხანი, მოკლა. თეიმურაზი ფაქტობრივად მთელ ქართლ-კახეთს დაეუფლა. მხოლოდ თბილისში იდგა ყიზილბაშთა ჯარი. თეიმურაზმა შაჰ-სეფის გულის მოსაგებად საკუთარი სიძეც, ზურაბიც მოაკვლევინა და თავისი დაქვრივებული ქალიშვილი ცოლად იმერეთის მეფის გიორგის ძეს, ალექსანდრეს მისცა. შაჰ-სეფიმ ოფიციალურად ცნო თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ. 1629 წელს შაჰ-აბასი გარდაიცვალა და ირანის ტახტი დაიკავა შაჰ-სეფი I-მა. მისი ფავორიტი ხოსრო-მირზა (მომავალი როსტომ მეფე) შაჰის კარზე თეიმურაზის წინააღმდეგ მოქმედებდა და მის შესაცვლელად ემზადებოდა. თეიმურაზი ისევ დაუფარავად იბრძოდა ირანის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყანას საამისო ძალა აღარ გააჩნდა. მან როსტომის მცდელობით ირანიდან გამოძევებულ ყარაბაღის ბეგლარბეგ დაუდ-ხან უნდილაძესთან ერთად დაარბია ბარდა და ყარაბაღი, რამაც შაჰის რისხვა გამოიწვია. ჱდიდი მცდელობითა და კომპრომისების გზით მიღწეული მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში უკვე შეუძლებელი იყო. თეიმურაზის ღალატით განრისხებულმა შაჰ-სეფიმ მისგან დაუდ-ხანის გაცემა მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო. “როსტომ-ხანსა და მის მომხრეთ მარჯვე შემთხვევა მიეცათ, როსტომის ხანობა მეფობად დაემშვენებინათ” (ივ. ჯავახიშვილი). 1632 წელს როსტომი ქართლის მეფედ, ხოლო კახეთის მმართველად ყიზილბაში სელიმ-ხანი დანიშნეს. ირანის არმია ისევ შემოესია საქართველოს. თეიმურაზმა იმერეთს შეაფარა თავი. მართალია, როსტომის დროს ქართლში მშვიდობა დამყარდა, მაგრამ მაჰმადიანი მეფის ყიზილბაშური წესებით “შეზავებულ მშვიდობას” ქართლის თავადები ვერ ეგუებოდნენ, ისევ თეიმურაზს უგზავნიდნენ “საფიცრის წიგნებს” და მეფედ იწვევდნენ. თეიმურაზმა რამდენჯერმე გაილაშქრა როსტომის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა. იგი კახეთში გადავიდა, გააძევა იქიდან სელიმ-ხანი და 1634 წელს დაიკავა კახეთი. მას შემდეგ, რაც როსტომს ყიზილბაშთაგან სამხედრო ძალა წამოეშველა, თეიმურაზი დაუზავდა როსტომს, თავისი ქალიშვილი თინათინი კი შაჰს გაუგზავნა. მან შაჰისაგან კახეთის მეფედ “ცნობის” რაყამი მიიღო. ჱდუცხრომელი თეიმურაზი შემდგომშიც აგრძელებდა ბრძოლას ქართლის ტახტისათვის ქართლელ თავადთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით, თუმცა ყველა მისი გამოსვლა მარცხით მთავრდებოდა. ამასთან იგი არ წყვეტდა რუსეთთან და ოსმალეთთან მოლაპარაკებებს, რომლებიც კვლავ უშედეგოდ მთავრდებოდა. 1639 წელს ირან-ოსმალეთის ხანგრძლივი ომი დასრულდა ზავით, რომელმაც გაიმეორა ამასიის ზავის პირობები _ დასავლეთი და აღმოსავლეთი “საქართველოების” ორ ნაწილად, ირანისა და ოსმალეთის გავლენის სფეროებად დაყოფისა. როსტომისა და თეიმურაზის დაზავება ვერ მოხერხდა. 1648 წელს როსტომი ქართლისა და ყიზილბაშთა ჯარით კახეთს შეესია. თეიმურაზი ისევ დამარცხდა. ბრძოლაში დაიღუპა მისი ვაჟი დავითი. ჱდამარცხებულ თეიმურაზს, რომელიც მისმა მომხრეებმაც გაწირეს, როსტომმა იმერეთში გადასვლის საშუალება მისცა. თეიმურაზმა საბოლოოდ დაკარგა კახეთი. ამასობაში როსტომმაც მოიგო ქართველების გული და ქვეყანაში ნანატრი მშვიდობა ჩამოვარდა. თეიმურაზი ამ მარცხის შემდეგაც განაგრძობდა მოკავშირეთა ძებნას იმერეთსა და სამეგრელოში. ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავის გამო მას ოსმალეთის იმედიც გადაეწურა და მთელი ყურადღება რუსეთისაკენ მიმართა, სადაც მძევლად საკუთარი შვილიშვილიც გააგზავნა. რეალური დახმარება არც იქიდან ჩანდა. 1661 წელს სასოწარკვეთილი თეიმურაზი ბერად აღიკვეცა. იგი ჯერ სკანდის ციხეში ცხოვრობდა, ბოლოს კი შაჰნავაზის ჩაგონებით (ვახტანგ V) შაჰს ეახლა, რაც ირანის საბოლოოდ გამარჯვებას ნიშნავდა. “მტერს დამორჩილდა სპარსელ დამპყრობთა წინააღმდეგ ორმოცდაათწლოვანი ბრძოლის მესაჭე” (ნ. ბერძენიშვილი). სიკვდილის წინ თეიმურაზი ასტარაბადის ციხეში იმყოფებოდა. იგი დაამწყვდიეს მას შემდეგ, რაც მისი შვილიშვილი, ერეკლე ბატონიშვილი არ გამოცხადდა შაჰთან. მრავალჭირგადახდილი მეფე 1663 წელს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართული მწერლობის ისტორიაში თეიმურაზ მეფემ წარუშლელი კვალი დატოვა. მისი შემოქმედება მრავალმხრივია როგორც ჟანრობრივად, ისე შინაარსობრივად. მან დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში “გაბაასება” და “ანბანთქება”, შემოიტანა საისტორიო ეპოსი, “მაჯამა”, როგორც პოეტურ თხზულებათა “კრებული” და სხვ. თეიმურაზის ორიგინალურ შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “გაბაასების” (აღმოსავლეთში ცნობილი “მუნაზარეს”) ჟანრში დაწერილ თხზულებას “გაზაფხულ-შემოდგომიანი”, რომელსაც ერთვის “სოფლის სამდურავი”, სადაც ავტორი მოგვითხრობს თავისი ტრაგიკული ცხოვრების უმძიმესი ეპიზოდების შესახებ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საჭე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online