asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რით შეაშინა ირანი ლევან კახთა მეფემ
ხელმწიფეთა ალერსით განდიდებული მმართველი
რით შეაშინა ირანი ლევან კახთა მეფემ

2011-08-14 13:39:38



ლევან კახთა მეფე 1518-1578 წლებში მეფობდა. იგი დაიბადა 1506 წელს და იყო ძე გიორგი (1511-1513) მეფისა და დედოფალ ელენესი. ლევანის გამეფება კახეთში ქართლთან გართულებული ურთიერთობის პირობებში მოხდა. კახეთის მეფე გიორგი II-მ (ავ-გიორგი) ქართლის საკითხზე უთანხმოების გამო მოკლა საკუთარი მამა და თვალები დათხარა ძმას, დემეტრეს. ამის შემდეგ გიორგი განუწყვეტელ თავდასხმებს აწყობდა ქართლზე, რამაც ქართლის ხელისუფლება აიძულა, გადამწყვეტი ზომები მიეღო. 1513 წელს, ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ქართლელებმა ბაგრატ მუხრანბატონის ხელმძღვანელობით ავ-გიორგი დაატყვევეს. მალე იგი ციხეში მოკლეს. დავით ქართლის მეფემ ეს შემთხვევა ქართლ-კახეთის გაერთიანებისათვის გამოიყენა და კახეთი დაიკავა. მცირეწლოვანი ლევან ბატონიშვილი, მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კახეთის სამეფო კარის სახლთუხუცესმა გარსევან ჩოლაყაშვილმა ჯერ თავისთან გადამალა, შემდეგ ოჩანის ციხეში გადაიყვანა. 1514 წელს დაიწყო ოსმალეთისა და ირანის ომი, რომელიც ოსმალეთის აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. ამ ომში ირანმა დაკარგა თავისი დასავლური პროვინციები, ამიტომ შაჰ ისმაილმა (1501-1524) მთელი თავისი ძალები მიმართა სამხრეთ კავკასიისაკენ, რათა ამ რეგიონში ოსმალეთის გაბატონება არ დაეშვა. პირველ დარტყმებს იღებდა სამცხე-საათაბაგო, რადგანაც ამ მხარის დამორჩილება მოწინააღმდეგეებს დანარჩენი „საქართველოებისაკენ” გზას უხსნიდა. საქართველოს სამეფო-სამთავროები ამ პერიოდში ერთმანეთისაგან განსხვავებულ ტაქტიკას ადგანან. 1516 წელს შაჰმა საათაბაგოში სარდალი დივ-სულთან რუმლუ გაგზავნა, რომელმაც თმოგვის ციხესთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალური ორიენტაციის მანუჩარ ათაბაგი და საათაბაგოს ტახტზე ირანელთა ერთგული ყვარყვარე III დასვა. ამის შემდეგ შაჰი ქართლ-კახეთის დამორჩილებას განაგრძობს. 1518 წელს ირანელები საათაბაგოს გზით შუაგულ ქართლში შემოიჭრნენ. დავით X-მ მორიგება არჩია და ხარკის გადახდის პირობით შაჰს დაეზავა. ამ ვითარებით ისარგებლეს კახეთის თავადებმა და ლევან ბატონიშვილი ბოდბეში მეფედ აკურთხეს. ლევანმაც შაჰ-ისმაილს მორჩილება გამოუცხადა და ხარკის გადახდა იკისრა. 1520 წელს დავით მეფე კვლავ შეეცადა კახეთის შემოერთებას - ქართლის ლაშქარმა მაღრანის ციხეს ალყა შემოარტყა, სადაც ლევანიც იმყოფებოდა, მაგრამ ამ დროს ცნობა მოუვიდა, რომ ქართლში ოსმალები შემოიჭრნენ. მეფემ ალყა მოხსნა და ქართლში გაბრუნდა. დავით მეფეს ამის შემდეგაც ჰქონდა კახეთის შემოერთების მცდელობა, მაგრამ ამასობაში ლევანი გაძლიერდა, თან მოკავშირეც გამოუჩნდა გურიელის სახით (გურიელის ასული თინათინი ლევანის მეუღლე გახდა). გურიელმა საბოლოოდ შემარიგებელი როლი ითამაშა დაპირისპირებულ მხარეებს შორის: „რათა ჰყოთ ზავი და სიყუარული თქვენს შორის, რამეთუ არიან მტერნი ძლიერნი გარემოს, ვითარცა ყეენი, რომელი იპყრობს ქვეყანათა” (ვახუშტი,29). დავითსა და ლევანს შორის დადებული ზავი ადასტურებდა საქართველოს დაყოფას სამ თანაბარუფლებიან სამეფოდ. განცალკევებული პოლიტიკური ერთეულების არსებობა ბადებდა განსხვავებულ შინაგან და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, რომელიც თითოეული ქართული სამეფოს კერძოობით საქმიანობას განაპირობებდა (ნ. ბერძენიშვილი). ლევანმა ცოლად შეირთო გურიელის ასული თინათინი, რომელთანაც შეეძინა ალექსანდრე და იესე. 1527 წელს თინათინი გაშორდა ლევანს, „ვინაითგან იყო ლევან ფრიად მეზავი და არა ინება მეუღლეობა მისი” (ვახუშტი,572), საკუთარი მზითევით შუამთაში მონასტერი ააშენა და გარდაცვალებამდე იქ დარჩა. კახეთს გართულებული ურთიერთობა ჰქონდა საშამხლოსთან. შამხალი კახეთს პირაქეთ დაღესტანს ეცილებოდა, რომელიც შორეული წარსულიდან საქართველოს გამგებლობაში იმყოფებოდა. კახეთისათვის ამ ტერიტორიას უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მისი დათმობით კახეთი კარგავდა საზაფხულო საძოვრებს და ამასთანავე აღმოსავლეთიდან კავკასიელ მთიელთა მუდმივი შემოსევების საფრთხე ემუქრებოდა. ამის გამო იყო, რომ ლევანმა მეორე ცოლად შამხლის ასული მოიყვანა და ამ გზით დაღესტანთან ურთიერთობა (დროებით) მოაგვარა. ლევანმა დაიმორჩილა გამდგარი ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი, სანაცვლოდ მათ კახეთის საზამთრო საძოვრები დაუთმო. ლევანის მეფობაში კახეთი მოშენდა, ირანთან შემრიგებლური პოლიტიკა, რომელიც ლევანმა აირჩია, ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. კახეთის აბრეშუმი, ღვინო და ენდრო ვოლგა–ასტრახანის გზით მრავლად გაჰქონათ უცხოეთში. ამ დროს იზრდება ახალი ქალაქები: ბაზარი (ზაგემი), გრემი, რომლებსაც გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ მეზობელ სახანოებთან. სამხრეთ-აღმოსავლეთით კახეთს შაქი და შირვანი ესაზღვრებოდა, რომელთა ხანები ირანის წაქეზებით კახეთს მოსვენებას არ აძლევდნენ. 1551 წელს ლევანმა შაქზე გაილაშქრა. შაქის მმართველი, ჰასან-ბეგი, ქართველებთან ომში დაიღუპა (ისკანდერ მუნში). შაჰი ლევანის საქციელმა გაანაწყენა, მაგრამ იმჯერად მას ლევანის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რადგან ჰასან-ბეგის მემკვიდრე დერვიშ-მოჰამედ ხანმაც ირანის ურჩობა დაიწყო. შაჰმა შირვანში დამსჯელი ჯარი გაგზავნა და ლევანიც იხმო. „ლევან-ხან ქართველმა იმ უდიდებულესობის სამსახურის ქამარი წელზე შემოირტყა და იმედის სახე ქვეყნის საფარველ სასახლეში მიიტანა, ქალაქ არეშში (იმ დროს შაჰი არეშში იმყოფებოდა) მეფობის ტახტის საფეხურს თაყვანი სცა და ხელმწიფეთა ალერსით განდიდებული შეიქნა”. (ისკანდერ მუნში). ლევანმა მონაწილეობა მიიღო შაჰის წინააღმდეგ აჯანყებული დერვიშ-მოჰამედის დამხობაში, ამით შაჰის რისხვა დააცხრო და კახეთი განსაცდელს გადაარჩინა. ლევანმა, იმის შიშით, რომ კახეთს ქართლის ბედი არ გაეზიარებინა, 1556 წელს შირვანში მდგომ შაჰ თამაზს თავისი ძე იესე გაუგზავნა დიდი ძღვენით. შაჰმა იესე მძევლად დაიტოვა. 1559 წელს იესე გამაჰმადიანდა და შაჰის მოწყალება დაიმსახურა, მაგრამ შემდეგ მალე უარყო მაჰმადიანობა და გაქცევა დააპირა, მაგრამ გაუგეს და ალამუთის ციხეში დაატყვევეს. ლევანის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ რთულ პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომლებიც ყალიბდებოდა ირან-ოსმალეთ-რუსეთს შორის ვოლგა-ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალის ირგვლივ. 1550-იან წლებში ივანე მრისხანემ ყაზანისა და ასტრახანის სახანოები დაიპყრო და რუსეთის საზღვარი სამხრეთით თერგის შესართავამდე განავრცო. ამ მოვლენამ შეაფერხა ოსმალეთის სვლა ვოლგისპირეთისაკენ, სამაგიეროდ ერთმანეთს დაუახლოვა რუსეთისა და ირანის ინტერესები. რაც შეეხება კახეთს, მისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან საფრთხე მუდმივად არსებობდა. მიუხედავად ირანისადმი ვასალური მორჩილებისა, 1562 წელს შაჰმა ლევანს წაართვა წახური (წუქეთი), ამავე დროს, არ წყდებოდა დაღესტნელთა ჩამოსახლება. ასეთ პირობებში ლევანმა ქრისტიანულ რუსეთში პოტენციური მოკავშირე დაინახა და მასთან დიპლომატიური კავშირის დამყარება სცადა. 1563 წელს ლევანმა ელჩები გაგზავნა მოსკოვში. საპასუხოდ რუსეთის მთავრობამ კახეთში რუსთა რაზმი გამოაგზავნა, რომლებიც ლევანმა კახეთის ციხეებში ჩააყენა. ირანი შეაშფოთა კახეთის მეფის ამ გადაწყვეტილებამ და ლევანი აიძულა, რუსული რაზმები ქვეყნიდან გაესტუმრებინა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბაზარი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online