
კრონოსი პირველი თაობის დიდი ღმერთია, ოლიმპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი. დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. მან ცოლად შეირთო თავისი და - რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა, შენც შენი შვილი დაგამხობსო, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო. ასე შთანთქა ყველა, ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ, ნიმფები უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია ატეხა. დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა, ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია. ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ. კრონოსი თავდაპირველად მიწათმოქმედების ღმერთი უნდა ყოფილიყო, ასეთია თვით სახელის ეტიმოლოგია: კრანა, „კრაინო" ნაყოფის მომწიფებას, შემოსვლას ნიშნავს. იტალიაში ასეთ ღვთაებას სატურნი ერქვა. ამიტომაც გასაგებია ვერსია, რომელსაც ოვიდიუსი მოგვითხრობს. ზევსმა რომ დაამხო, სატურნი იტალიაში გაიქცა და იქ იანუსმა გააბატონაო. ეს იყო ოქროს ხანა, როცა „მარამწიფობდა ხეხილი, მარამწიფობდა ყანა". ხალხი დღეკეთილობდა; შემდეგ კრონოსი დაბერდა, დაჭკნა. აღარ შეეძლო, ბუნების განახლებისთვის თვალი ედევნებინა და ბრძენმა ხალხმა ჟამგადასული მეუფე ახლით, გონიერით შეცვალა. კრონოსის რომაული სახელის მიხედვით თვით იტალიას სატურნია ეწოდა. საბერძნეთში კრონიების ზეიმი შედარებით სუსტად გავრცელდა, მაგრამ ოლიმპიაში იყო ზევსის ჭალა, სადაც კრონოსს მსხვერპლს სწირავდნენ. ათენის სამლოცველოში 12 ჰაკატომბიონს ზეიმს უმართავდნენ. ხელოვნებაში მოხუც კაცად ხატავდნენ, რომელსაც ხელში ქნარი ეჭირა. ბევრი ავტორი კრონოსს ურევს დრო-ჟამის ღმერთთან - ხრონოსთას, ქრონოსთან, მაგრამ მათ მხოლოდ სახელთა მსგავსება და სიძველე აქვთ საერთო. ქრონოსი დროის ღმერთია, კრონოსი - ტიტანი, დღეს კი ბერიკაცია და მათუსალას სინონიმად ქცეულა. კრონოსის საკულტო როლი საერთოდ ნაკლებია, მაგრამ, სკიპტროსანი მეუფე ხშირად უხატავთ მორჭმით ტახტზე მჯდომი. შუა საუკუნეებში მისი როლი ამაღლდა, როგორც სატურნისა, რომლის სახელიც პლანეტას ეწოდა. ხელოვნებაში ხშირია კრონოსის ასახვა ქრონოსის სახით. მათ მხოლოდ ატრიბუტებით არჩევენ: ქრონოსს - ფრთებით, კრონოსს- ბავშვით.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






































































































