asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მძინარე დავით კურაპალატი ბალიშით დაახრჩვეს
ფეოდალური საქართველოს გამაერთიანებელი
მძინარე დავით კურაპალატი ბალიშით დაახრჩვეს

2011-08-07 12:03:37



დავით III კურაპალატი, ადარნასე III-ის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა X საუკუნეში (გარდაიცვალა 1001 წელს). ქართულ და უცხოენოვან წერილობით წყაროებში დავით კურაპალატი იხსენიება ერისთავთა-ერისთავად და მაგისტროსად, კურაპალატად (978 წლიდან), “ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატად”. X-XII სს. სომეხი ისტორიკოსები (სტეფანოს ტარონეცი, არისტარკეს ლასტტივერტეცი, მათეოს ურჰაეცი) მას ძირითადად “დიდ კურაპალატად“, „ტაოელთა კურაპალატად“ და „ქართველთა კურაპალატად“ მოიხსენიებენ. 994-1001 წლებში იგი “ქართველთა მეფის“ ტიტულს ატარებდა. საქართველოს სხვა ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის ტაოს სამეფოს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა. იგი ორად იყო გაყოფილი. ამიერ-ტაო ბაგრატ ქართველთა მეფეს ეკუთვნოდა, ხოლო იმიერ-ტაოს ჩრდილო ბასიანით, თორთომითა და სპერით X საუკუნის 60-იანი წლებიდან დავით კურაპალატი განაგებდა. სამხრეთ-დასავლეთიდან ტაოს სამეფოს უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის სამფლობელოები ემიჯნებოდა, საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თურქული მოსახლეობით დასახლებული სომხეთის მიწები ესაზღვრებოდა. მართალია, დავით კურაპალატს მხოლოდ იმიერტაო ეკუთვნოდა, მაგრამ ფაქტობრივად იგი მთელი სამხრეთ საქართველოს ბატონ-პატრონი იყო. მან საკმაოდ გააფართოვა თავისი სამფლობელოს საზღვრები ტაო-კლარჯეთის სამხრეთით მდებარე იმ მიწების ხარჯზე, რომლებიც ადრე არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. ბიზანტია იძულებული იყო, ეს მიწები ქართველთა სამფლობელოდ ეცნო. X საუკუნის შუა ხანებიდან ბიზანტიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ X საუკუნის 70-იან წლებში შიდა დაპირისპირებებმა იმდენად დაასუსტა იმპერია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, დახმარებისათვის დავით კურაპალატისათვის მიემართა. საქმე ეხება ბარდა სკლიაროსის აჯანყებას, რომელმაც ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები მთლიანად მოიცვა. სტეფანოს ტორონეცი თავის „მსოფლიო ისტორიაში“ საკმაოდ ვრცლად აღწერს ბარდა სკლიაროსის აჯანყებას 979 წ. მისი გადმოცემით, ბერძენთა კეისარმა ბასილიმ გამოიძახა ქართველი ბერი იოანე-თორნიკე და წარგზავნა ტაოელთა კურაპალატთან დავითთან, რომელსაც აღუთქვა კარინის ოლქის, სამხრეთ ბასიანის, ჩორმაირის თემის, მარდაღში პატარა ციხე სევუკის, ჰაქსის და აპაჰუნიქის გადაცემა (ქართული წყაროებით “ზემონი ქუეყანანი”), თუკი მას დავითი ჯარს გაუგზავნიდა დასახმარებლად. ამ პროვინციების ბოძებას ბიზანტია დავითს შეჰპირდა არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ მისი სიცოცხლის განმავლობაში. ბიზანტიის მოწოდება სრულიად ეთანხმებოდა ტაოს მეფის ინტერესებს. დავით კურაპალატმა ბიზანტიელებს დასახმარებლად გაუგზავნა 12000 მეომარი იოანე-თორნიკეს სარდლობით და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. ბიზანტიის ხელისუფლებამ პირობა შეასრულა და დავით კურაპალატს დაპირებული მიწები გადასცა. მაგრამ ბარდა სკლიაროსის დამარცხებიდან ექვსი წლის შემდეგ დავით კურაპალატს უკვე ვეღარ ვხედავთ ბიზანტიელთა მოკავშირედ. ვარაუდობენ, რომ დავითს ბიზანტიისაგან დროებით მიღებული მიწების ტაოს სამეფოსათვის შემოერთება სურდა და ამიტომაც მიემხრო ბარდა ფოკას, რომელიც 987 წელს იმპერატორს აუჯანყდა. როგორც იაჰია ანტიოქიელი გადმოგვცემს, დავით კურაპალატმა მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ბარდა ფოკას აჯანყებაში. დავითს ფოკასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და, ეტყობა, მისგან “ზემო ქვეყნების” მიღების პირობაც მიიღო. ფოკას აჯანყება დამარცხდა. ბასილი II-ს, რომელმაც, იაჰია ანტიოქიელის ცნობით, დავითის სიკვდილით დასჯაც მოინდომა, მაგრამ დავითმა პატიება ითხოვა. დავით კურაპალატი თანამედროვეთა თვალში მნიშვნელოვან ძალად ითვლებოდა, რომელიც მეზობელ სამეფო-სამთავროების შინაური საქმეების მოწესრიგებაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. იგი ბრძოლას აწარმოებდა მაჰმადიან მფლობელთაგან ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად. მასთან ერთად იბრძოდნენ ქართველთა მეფე ბაგრატ III, სომეხთა მეფეები ვანანდის მეფე აბასი, ანისის მეფე გაგიკ I. 990 წელს დავით კურაპალატმა აიღო მანაზკერტი, ხლათს კი ალყა შემოარტყა. მან დაამარცხა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქარი და მათგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე ქართველები და სომხები დაასახლა. მართალია, დავით კურაპალატი ატარებდა ბიზანტიის საკარისკაცო ტიტულებს და ნომინალურად დამოკიდებული იყო ბიზანტიაზე, მაგრამ ყოველ თავის მოქმედებაში, უპირველესად ყოვლისა, ხელმძღვანელობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და არა ბიზანტიის იმპერიის საჭიროებებით. ბასილი კეისართან ადრინდელი, შედარებით კეთილგანწყობილების შეცვლამ მტრული დამოკიდებულებით გარკვეული როლი ითამაშა დავით კურაპალატის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდზე და მის აღსასრულზეც. ბასილი კეისარმა აიძულა დავით კურაპალატი, ანდერძით დაედასტურებინა თავისი სიკვდილის შემდეგ“ზემო ქვეყნების” ბიზანტიისათვის დაბრუნების პირობა. ქართულ წყაროებში ძალიან მოკლედ არის აღნიშნული დავითის გარდაცვალების ამბავი და არაფერია თქმული მისი აღსასრულის გარემოებათა შესახებ. ქართული წყაროებისაგან განსხვავებით, სომხურ საისტორიო წყაროებში (სტეფანოს ტარონეცი, ლასტივერტეცი, მათეოს ურჰაეცი, სუმბატ სპარაპეტი) მითითებულია, რომ დავით კურაპალატი ბუნებრივი სიკვდილით კი არ მომკვდარა, არამედ იგი ფარულად მოკლეს. სომხურ საისტორიო წყაროთაგან დავითის დაღუპვის შესახებ პირველად მიუთითა არისტაკეს ლასტივერტეციმ, რომელმაც აღნიშნა, რომ დავითი კი არ მომკვდარა, არამედ მოახრჩვეს. არისტაკესის ცნობით, რუსებთან ბერძნებისა და ტაოელ აზნაურთა შეტაკების დროს იმავე ადგილას აზნაურთანგან ფრიად საპატიო ოცდაათი კაცი დაიღუპა. ეს მათ ტყუილუბრალოდ არ შემთხვევიათ, რადგანაც მათ დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს საიდუმლო მსხვერპლს, შეასვეს მას და მით მოახრჩვეს ნეტარი არსება. ასე განაშორეს იგი სიცოცხლეს. მათ მობეზრდათ მისი არსებობა (ყოველივე ეს გააკეთეს) იმ დაპირებებისათვის, რომელსაც მეფისაგან მოელოდნენ. ამისათვის ღმერთმა სამართლიანად მოუზღო (აზნაურებს) მათი საქმეების შესაფერისად. უფრო ვრცელი ვარიანტი დავით კურაპალატის მკვლელობის ამბისა XII საუკუნის სომეხ ისტორიკოსის მათეოს ურჰაეცის აქვს დაცული თავის „ჟამთააღმწერლობაში”. მას ამ საქმის შემსრულებელიც კი ჰყავს დასახელებული - ეპისკოპოსი ილარიონი, რომელმაც მძინარე დავითი მისსავე ოთახში ბალიშით მოახრჩო. როგორც ცნობილია, დავით კურაპალატის ცხოვრება-მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, X საუკუნის 70-იან წლებში, ქართველი ერი ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული აქტის განხორციელების წინაშე დადგა, როგორიცაა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. ეს აქტი შემზადებული იყო ქართული სამეფო-სამთავროების პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული განვითარებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებული იყო X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებასთან. ამ მნიშვნელოვანი აქტის განხორციელების იდეური ხელმძღვანელი ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე იყო. მან სავსებით სწორად განჭვრიტა აღნიშნული პერიოდისათვის შიდა ქართლისათვის ბრძოლის გამძაფრების საშიშროება, ქართველ მეფე-მთავართა შორის გამოარჩია ყველაზე გავლენიანი, ძლიერი მოღვაწე დავით კურაპალატი და შესთავაზა, ან თვითონ დაუფლებოდა ქართლს, ან, როგორც „მატიანე ქართლისაი“ გვაუწყებს, „უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოფოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი...” დავით კურაპალატის ჩარევამ ქართლში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში თავისი შვილობილის, ბაგრატ III-ის სასარგებლოდ საბოლოოდ გადაწყვიტა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პრობლემა. დავითმა შემოიკრიბნა აზნაურნი და უბრძანა: `ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი (მატიანე ქართლისაი). დავით კურაპალატმა უდიდესი როლი შეასრულა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში. განსაკუთრებით საყურადღებოა დავით კურაპალატის აღმშენებლობა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. მისი აგებულია ტაოს დიდებული ტაძრები: ოშკი და ოთხთა ეკლესია, რომლებიც განთქმულ სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენდნენ. დავით კურაპალატს გამუდმებული ურთიერთობა ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან. დავით კურაპალატის დროს კვლავ აღდგა ქართული მონეტის გამოშვება (წარწერით: „ქე, შეიწყალე დავით კურაპალატი“), რომელიც არაბთა ბატონობის დროს დროებით შეწყვეტილი იყო. დავით III კურაპალატმა თავისი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და საგანმანათლებლო-კულტურული მოღვაწეობით გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს ისტორიაში. დავით კურაპალატის ქართული წარმომავლობა და ტაოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა საკამათოდ არის ქცეული სომხურ ისტორიოგრაფიაში. სომხური ენციკლოპედიის III ტომში დავით კურაპალატისადმი მიძღვნილ სტატიაში იგი იწოდება ტაოსა და კლარჯეთის ბაგრატუნ მთავრად. იმავე სომხური ენციკლოპედიის XI ტომში `ტაოს საკურაპალატო სომხურ მხარედ არის წარმოდგენილი, ხოლო დავითი ბაგრატუნთა დროის კურაპალატად. სულ ახლახან მოსკოვში გამოცემულ “Православная энциклопедия” III ტომში სტატიაში “Армения – искусство армян халкидонитов” ტაოს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები ბაგრატუნთა ეპოქაში დავით კურაპალატ ბაგრატუნის გამგებლობის დროს შექმნილ სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებად არის გამოცხადებული. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სომეხ მკვლევრებს სურთ ამტკიცონ, რომ ტაოს ხუროთმოძღვრული ძეგლები შექმნილია სომეხ ქალკედონელთა მიერ. ჯერ კიდევ 1947 წელს აკადემიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ამხილა რუსი ავტორის ნ. ტოკარსკის ნაშრომის “Архитектура древней Армении” მიზანი - მთელი სამხრეთ საქართველო, მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობით, კონფესიონალობითა და კულტურით უცხო ეროვნულ, კერძოდ, ყოველგვარი ფაქტების, მოსაზრებებისა და წერილობითი წყაროების მონაცემთა გაუთვალისწინებლად სომხურ სამყაროდ წარმოაჩინოს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დახრჩობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online