asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოს უძლეველობის მითი რუსუდანის მეფობისას დაემხო
მეფემ თბილისი რამდენჯერმე გადააწვევინა
საქართველოს უძლეველობის მითი რუსუდანის მეფობისას დაემხო

2011-08-04 12:08:20



რუსუდანი ერთიანი საქართველოს მეფე გახლდათ 1222-1245 წლებში. იგი თამარ მეფისა და დავით სოსლანის ასული იყო. ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო დარბაზმა საქართველოს ტახტზე სასწრაფოდ რუსუდანი აიყვანა. ლაშა-გიორგი ცოცხალი იყო, როდესაც ჯერ ხლათის სულთანმა გამოთქვა სურვილი რუსუდანზე ქორწინებისა, შემდეგ - შირავან-შაჰმა. ლაშა-გიორგი შირვან-შაჰის კანდიდატურაზე დათანხმებულა და ბაგავანშიც ჩასულა. როგორც ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობს, რუსუდანის ქორწინება იქ უნდა შემდგარიყო, მაგრამ ლაშა-გიორგი იქვე გარდაცვლილა. რუსუდანი, მემატიანეთა ცნობით, თამარის მსგავსი სიბრძნითა და ძლიერი ნებისყოფით არ გამოირჩეოდა. მას, მართალია, სამეფო ოჯახის შესაფერისი აღზრდა-განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ მეფობისათვის ლაშას ამზადებდნენ. ამიტომ სამეფო ტახტზე რუსუდანის სახით აღმოჩნდა სახელმწიფო საქმეებში სრულიად ჩაუხედავი, გამოუცდელი და “პასუხსაგები მოვალეობისათვის სრულიად შეუფერებელი” პიროვნება (ჯავახიშვილი). მეტადრე იმ რთულ დროს, როდესაც რუსუდანს მეფობა მოუხდა, მეფის გამჭრიახობასა და გამოცდილებაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. რუსუდანის საქმრო კანდიდატურებს შორის სამეფო დარბაზმა არჩევანი რუმის სასულთნოს მფლობელის თოღრილ შაჰის ძეზე, მოღის ედ-დინზე შეაჩერა. მემატიანის ცნობით, პოლიტიკური ანგარიშის გარდა, მაჰმადიან უფლისწულს რუსუდანის მხურვალე სიყვარული ამოძრავებდა, რის გამოც უყოყმანოდ მიიღო პირობა, გაქრისტიანებულიყო. რუსუდანის გამეფების წელსვე დარუბანდის გზით კავკასიაში მონღოლთა მიერ ჩრდილო კავკასიიდან დევნილი ყივჩაღები შემოსულან. მათ Aაზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები _ დარუბანდი და შირვანი დაუკავებიათ და არანის მიმართულებით დაძრულან. შემდეგ საქართველოში შემოსულან და რუსუდანისათვის მიწები უთხოვიათ. მეფეს მათთვის უარი უთქვამს, რის შემდეგ განძაში გაბრუნებულან. იბნ ალ-ასირის მიხედვით, ყივჩაყებს ალყაში მოუქცევიათ საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ქალაქი ყაბალა, დაუმარცხებიათ მათ წინააღმდეგ დაძრული ათაბაგი ივანე მხარგრძელი და დაურბევიათ სასაზღვრო ზონები. ბოლოს ქართველები იძულებულნი გამხდარან, ცხარე ომი გაემართათ მათთვის და ქვეყნის ფარგლებს გარეთ განედევნათ. როგორც ცნობილია, ლაშა-გიორგის გარდაცვალებამ ხელი შეუშალა ქართველთა მონაწილეობას ჯვაროსანთა ლაშქრობაში, რაზედაც მოლაპარაკება უკვე შემდგარი იყო. როგორც ჩანს, რომის პაპმა ჰონორიუს III-მ კვლავ შემოუთვალა საქართველოს მეფეს ჯვაროსანთა დახმარების თხოვნა, რის საპასუხოდაც რუსუდანი დაწვრილებით უხსნის პაპს წმინდა მიწაზე ქართველთა ვერჩასვლის მიზეზსა და მონღოლებთან შეტაკების ამბავს. ასეთივე შინაარსის წერილს აგზავნის პაპთან ამირსპასალარი ივანე მხარგრძელიც. ისიც ადასტურებს, რომ მონღოლები ქრისტიანები ეგონათ. “... თათარნი, ჯვართ წარმძღვანებელნი, შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუესო....” არც რუსუდან მეფესა და არც იმდროინდელი საქართველოს წარჩინებულ წოდებას სწორი წარმოდგენა არ ჰქონდა საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე. მათ არც მონღოლები მიუჩნევიათ სერიოზულ ძალად და არც ჯალალ ედ-დინი, რომელიც, იბნ ალ-ასირის ცნობით, ხშირად აცხადებდა, რომ საქართველოზე უნდა ელაშქრა. 1225 წელს ჯალალ ედ-დინი დაუყონებლივ მოქმედებაზე გადავიდა. მისი მრავალრიცხოვანი და კარგად აღჭურვილი ლაშქარი დვინის შემოგარენს შეესია. შემდეგ ჩრდილოეთით წაიწია და გარნისის დაბლობში დაბანაკდა. ნასავისა და ჯუვეინის ცნობებით, ქართველები მტერს ჯარით შეჰგებებიან გარნისში (30 ან 60 ათასი). ჯალალ ედ-დინს კი ამ დროს 140 ათასი მეომარი ჰყოლია. გარნისთან ქართველთა ჯარი მტერს უკვე ელოდა. ქართველები აყოვნებდნენ შეტევაზე გადასვლას, შესაძლოა, ივანე ათაბაგის მერყეობამაც იქონია ქართველთა გადაწყვეტილებაზე გავლენა. ჯალალ ედ-დინი კი, რომელიც სამხედრო ტაქტიკაში სწრაფ მანევრირებას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, უმალ შეტევაზე გადავიდა. ჯუვეინის მიხედვით, ხორეზმელები მოულოდნელად დასხმიან თავს ქართველთა ლაშქარს. ამ დროს ქართველებმა 20 ათასი მეომარი დაკარგეს. დაიღუპა ივანე ახალციხელი, შალვა ახალციხელი დატყვევდა, რომელიც შემდგომ მოაკვლევინა. ქართველები დამარცხდნენ. მტერი კვლავ დვინში დაბრუნდა, აიღო დვინი და გაძარცვა. ასე ზურგგამაგრებული თბილისისაკენ დაიძრა. ამ დროს მას შეატყობინეს აზერბაიჯანში აჯანყების შესახებ. ამიტომ ლაშქრის ნაწილით თავრიზისაკენ გაეშურა, მეორე ნაწილი კი საქართველოში დატოვა და ძარცვა-რბევა დაავალა. იმავე წლის ბოლოს თავრეზში ჯალალ ედ-დინმა საქმეები მოაგვარა თუ არა, ისევ თბილისისაკენ გამობრუნდა. მანამდე მისმა ჯარმა განძა აიღო და საქართველოს მისი ყმადნაფიცი ქვეყანა გამოაცალა. რუსუდან მეფე მტრის მოახლოებისთანავე დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა და ქალაქის დაცვა მემნა და ბოცო ბოცოსძეთ დაავალა. თბილისი კარგად გამაგრებული ქალაქი იყო და ამიტომ ჯალალ ედ-დინმა კარგა ხანი სამზადისს მოანდომა. ორი თვის ალყის შემდეგ მტერმა გამოიტყუა ქართველთა ჯარი ქალაქიდან და ალყაში მოაქცია. ჟამთააღმწერლის მიხედვით, ქალაქის კარები თბილისელმა სპარსელებმა “განახვნეს”. თბილისის ციხის დამცველები დიდხანს იბრძოდნენ, მაგრამ, მდგომარეობის უნუგეშობაში დარწმუნებულებმა, მეფის დასტურით, დაცალეს ციხე. 1226 წლის 9 მარტს თბილისი დაეცა. ქართველი, სომეხი და არაბი მემატიანეები ადასტურებენ, რომ ჯალალ ედ-დინმა ენით აუწერელი სისასტიკე გამოიჩინა. ქალაქი გაიძარცვა, ქრისტიანი მცხოვრებნი, რომელთაც რჯულის გამოცვლაზე უარი განაცხადეს, დახოცეს, მაჰმადიანები კი ტყვედ წაასხეს. მოღალატეთა შორის აღმოჩნდა რუსუდანის ქმარი, რუმის უფლისწული, რომელიც ჯალალ ედ-დინთან გამოცხადდა და ისევ გამაჰმადიანდა. თბილისის დაპყრობის ამბავმა მთელ რეგიონზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მეზობელ მაჰმადიანთა თვალში საქართველოს უძლეველობის მითი დაემხო. თბილისის დაპყრობის შემდეგ ჯალალ ედ-დინი საქართველოდან წავიდა, მაგრამ ჯარის მოზრდილი ნაწილი ადგილზე დატოვა, რომელმაც ქვეყნის რბევა განაგრძო. 1226 წლის სექტემბერში ჯალალ ედ-დინი კვლავ დაბრუნდა თბილისში და აქედან განაგრძო ქვეყნის ძარცვა-აწიოკების ხელმძღვანელობა. შემდეგ ყარსისაკენ გაეშურა, მაგრამ ვერ აიღო და ისევ თბილისისკენ გამობრუნდა. ამის შემდეგ ჯალალ ედ-დინი ხლათის აღებას ცდილობს, მაგრამ ხლათელების წინააღმდეგობა ვერ გატეხა. ამ მომენტით ისარგებლეს თბილისის მცხოვრებლებმა და საქართველოს მთავრობას შეატყობინეს ხვარაზმელთა გარნიზონის სიმცირე. 1227 წლის თებერვალში ქართველებმა თბილისი დაიბრუნეს. ასევე განდევნეს ქართველებმა ჯალალ ედ-დინის მეციხოვნეენი შაქიდან და კაბალიდან. ჯალალ ედ-დინმა თავი ანება ხლათს და ისევ თბილისისკენ ქნა პირი. რუსუდან მეფემ ქალაქი დააცლევინა და გადააწვევინა. ჯალალ ედ-დინის სისასტიკემ მის წინააღმდეგ დარაზმა საქართველოს მეზობელი მაჰმადიანური სამთავროებიც. რუმის, შამისა და შაჰარმენის სულთნებმა საქართველოსთან მოლაპარაკება გამართეს ჯალალ ედ-დინთან ერთიანი ბრძოლის მიზნით. ჯალალ ედ-დინმა, როგორც ჩანს, შეიტყო ამის შესახებ, დაასწრო მოკავშირეებს და 1227/1228 წელს ბოლნისთან მდგარი საქართველოს ჯარი დაამარცხა. ამ ჯარში ყივჩაღებიც ერივნენ, რომლებიც ჯალალ ედ-დინმა ადვილად გადაიბირა, რომ გასცლოდნენ ბრძოლის ველს. 1229 წელს ჯალალ ედ-დინმა ბოლოს და ბოლოს აიღო ხლათიც. მტერი სასტიკად გაუსწორდა ხლათელებს. ჯალალ ედ-დინმა თავისი გამანადგურებელი ლაშქრობებით გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებს, ამით მან ვერც თავისთვის ნახა სარგებელი, ხოლო თავის დაუძინებელ მტრებს, მონღოლებს, გაუადვილა ამ ქვეყნების დაპყრობა. 1230 წელს მონღოლთაგან დევნილი ჯალალ ედ-დინი კავკასიას გაეცალა. 1231 წელს ვიღაც ქურთმა ბასიანის მთებში სიცოცხლეს გამოასალმა. დასავლეთ საქართველოში გადასულმა რუსუდან მეფემ 1230 წელს თავისი 5 წლის ვაჟი დავითი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. ჯალალ ედ-დინის საქართველოდან წასვლის შემდეგ რუსუდანი და სამეფო კარი თბილისში დაბრუნდა და თანდათანობით სახელმწიფო ცხოვრების მოწესრიგებას შეუდგა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ქვეყანას ისევ უდიდესი საფრთხე დაემუქრა მონღოლების სახით. ჩრდილოეთ ირანში ფეხის მოკიდების შემდეგ მონღოლებმა კავკასიისაკენ წაიწიეს, იქ, სადაც ზამთარ-ზაფხულ საუკეთესო საძოვრები ეგულებოდათ. პირველად დაიმორჩილეს ბარდავი, შემდეგ - განძა. ამით საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მოერღვა და მონღოლებმა თითქმის უბრძოლველად აიღეს შამქორი, გარდაბანი. რუსუდან მეფე და ავაგ ამირსპასალარი სრულიად დაბნეულნი შეხვდნენ ამ მოვლენას. მცდარი სამხედრო ტაქტიკის წყალობით რუსუდანს ისევ მოუწია თბილისის მიტოვება და ქუთაისში გადასვლა, დედაქალაქის დაცვა კი ისევ ციხისთავს მიანდო. მტრის ძლიერი შემოტევის შემთხვევაში მეფემ მას კვლავინდებურად ქალაქის დაცლა და დაწვა დაავალა. საქართველოს თავდაცვისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ლორეს ციხესა და მის შემოგარენს. ლორე ამირსპასალარის საჯდომი იყო და მანდატურთუხუცეს შანშე მხარგრძელს ჰქონდა ჩაბარებული. შანშე გასცლია ლორეს და თავისი სიმამრისათვის მიუნდვია ციხის დაცვა. ეს ციხე მონღოლებმა ადვილად იგდეს ხელთ. შემდეგ აიღეს დმანისი. შანშე მანდარტურთუხუცესი აჭარაში გაიქცა. შემდეგ ჯერი სამშვილდეზე მიდგა. ავაგ ამირსპასალარი კაენის ციხეში შეიხიზნა და, როგორც ჩანს, თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. უპირველესი მოხელეების ამგვარმა საქციელმა ქვეყანაში ქაოსი გამოიწვია. სრული დაქსაქსულობის პირობებში მონღოლებმა ქართველ მხედარმთავართა გაბნეული ძალების ნაწილ-ნაწილ განადგურება ადვილად შეძლეს. კაენის, ანისისა და კარის ციხეები ცალ-ცალკე აიღეს. ავაგ სპასალარი დაატყვევეს. იგი მონღოლებს შეუთანხმდა მისი საგამგეო ქვეყნის ხელშეუხებლობაზე. სასოწარკვეთილმა რუსუდან მეფემ 1239 წელს რომის პაპ გრიგოლ IX-სთან გააგზავნა წერილი. უთვლიდა თავზე დამტყდარი უბედურების ამბავს და დახმარებას სთხოვდა. რუსუდანმა პასუხად მიიღო პაპის წერილი, დათარიღებული 1240 წლის 13 იანვრით, რომელიც არაფერს საიმედოს არ შეიცავდა. ამასობაში მონღოლებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საქართველოში. დაიკავეს მდინარეთა სანაპირო ვაკე ადგილები და იქედან დაიწყეს სხვადასხვა კუთხეში მარბიელი რაზმების გაგზავნა. ექვსი წლის განმავლობაში მთელი აღმოსავლეთი საქართველო და მესხეთი დაიკავეს.Aროცა ყოველგვარი იმედი ამოეწურა, რუსუდანმა ჩრდილოეთის ურდოში მოსალაპარაკებლად გაგზავნა ვაზირთა უპირველესი, მწიგნობართუხუცესი არსენიც. მონღოლები დათანხმდნენ რუსუდანთან დაზავებას. ზავის პირობების თანახმად, საქართველოს მეფე აღიარებდა მონღოლთა უზენაეს უფლებებს; მონღოლთა ხელისუფლება და ჯარი რჩებოდა აღმოსავლეთ საქართველოში, რადგან იგი ომით იქნა დაპყრობილი; დასავლეთ საქართველოში მონღოლები არ ჩადგებოდნენ. ყოველწლიურად საქართველოს უნდა ეხადა 50 ათასი პერპერა და მონაწილეობა მიეღო მონღოლთა ლაშქრობებში. დავით რუსუდანის ძეს ყაენი მთელი საქართველოს მეფედ ცნობდა. წარჩინებულ წოდებას თავისი ქონება ხელუხლებლად რჩებოდა, მაგრამ ევალებოდათ მონღოლთა სამხედრო სამსახური. რადგან დავით რუსუდანის ძე მონღოლებს ერთიანი საქართველოს მეფედ უნდა დაემტკიცებინათ, თითქოს საქართველოს პოლიტიკურ მთლიანობას საფრთხე არ ემუქრებოდა. 1242/1243 წელს რუსუდანი თბილისში გადმოვიდა. დავითი ჩრდილოეთის ულუსში ბათო ყაენთან გაგზავნა, საიდანაც ახალგაზრდა მეფე კარგა ხანს არ დაბრუნებულა. რუსუდანი დავითის დაბრუნებას ვერ მოესწრო, იგი 1245 წელს გარდაიცვალა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online