
კახეთის ქალაქებს შორის თელავი ერთ-ერთი უძველესია. დიდი ხანია აღარ ქალაქობენ კახეთის ოდესღაც ისეთი დიდებული ქალაქები, როგორებიცაა: უჯარმა, ნეკრესი, ჭერემი, ხორნაბუჯი, გრემი. როგორც ეტყობა, თელავი კახეთ-ჰერეთის მეტად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა და ამან განაპირობა კიდეც შუა საუკუნეებში მისი აღმავლობა. მართალია, თელავის ქალაქობა უფრო გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება, მაგრამ პირველ საუკუნეებშიც აქ ძლიერი დასახლებული პუნქტი ყოფილა, რაზეც არაერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ცნობა მოგვეპოვება. V-VI საუკუნეებიდან კი აქ ისეთი ღირსშესანიშნავი ძეგლია შემორჩენილი, როგორიცაა ,,ღვთაების ეკლესია". თელავის ქალაქად გადაქცევის ისტორია უშუალოდ VIII-X საუკუნეების ამბებთან არის დაკავშირებული. ამ ხანებში კახეთ-ჰერეთი ძლიერი პოლიტიკური ერთეული ხდება და მისი ცენტრია თელავი. თუ რა მასშტაბისა იყო თელავი იმ დროს, არ ჩანს. მაგრამ არსებობს მრავალი საბუთი, რომლებიც ამტკიცებს, რომ XI საუკუნის დასაწყისიდან იგი შესამჩნევი ქალაქია. იმ ეპოქის დიდ მშენებლობაზე მიგვითითებს აგრეთვე ე.წ. ძველი გალავნის ნანგრევებიც. ცნობილია, რომ იმ პერიოდში კახეთ-ჰერეთის განდგომის პოლიტიკა მეტად აფერხებდა ერთიანი საქართველოს შექმნის საკითხს. ბრძოლა ამ განდგომილთა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა. ხშირად ბრძოლა მეტად მწვავე ხასიათს იღებდა და ორივე მხარე შესამჩნევად ზარალდებოდა. ამ არანორმალურ მდგომარეობას დავით აღმაშენებლის ძლიერმა ხელმა მოუღო ბოლო. XI საუკუნის დასაწყისიდან აღარ არსებობს კახეთ-ჰერეთის სამეფო, რამაც თავისთავად გამოიწვია მისი ცენტრის პრიორიტეტის დაცემაც. მომდევნო საუკუნეებში თელავი, მართალია, აღარ არის დედაქალაქი, მაგრამ მცირე ქალაქად მაინც რჩება. გვიანფეოდალური ხანის დაქუცმაცებულ საქართველოში ისევ წარმოიშვა ცალკეული ერთეულები. მათ შორის ეკონომიკურად მოღონიერებულ კახეთს ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეჭირა. კახეთის ახალმა სამეფომ ახალი ცენტრი გაიჩინა გრემის სახით. მაგრამ, სამწუხაროდ, გრემისათვის საბედისწერო შეიქმნა XVII საუკუნის დასაწყისში ირანის შაჰის ერთი ძლიერი დარტყმა, რის შემდეგ იგი წელში აღარ გამართულა. XVII საუკუნის სამოციან წლებში თელავს ხელსაყრელი პირობები დაუდგა. მეფე არჩილმა ისარგებლა ხანმოკლე მშვიდობიანობით და თელავში სამეფო სასახლე ააგო. ამით იწყება თელავის აღორძინების ახალი ხანა; თელავი ისევ ხდება კახთ მეფეთა რეზიდენცია. სამწუხაროდ, კახეთის კეთილდღეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. აქ დანიშნული ირანელი მოხელეები კი ცოტა მოშორებით, ყარაღაჯში სახლდებიან. ახალი საუკუნის დამდეგიდან ისევ დაიწყო გამოცოცხლება თელავში. დავით XI (იმამ-ყული-ხანმა) თავისი სასახლე ისევ თელავს დადგა. ამ დროიდან საუკუნის ბოლომდე თელავი მეფეთა სამყოფი იყო. ფეოდალური ხანის თელავში შექმნილი დიდი ანსამბლებიდან ჩვენამდე მოღწეულია ,,ბატონის ციხე“, ,,ვახვახიშვილების ციხე“, ,,ყორჩიბაშიშვილების ციხე“ და ,,ძველი გალავანი“. მას შემდეგ, რაც ამ ციხეებმა თავიანთი ფუნქცია დაკარგეს, ნაგებობათა დიდი ნაწილი დაინგრა, ზოგი გადაკეთდა, ზოგის მაგიერ კი ახალი ჩაიდგა. ამასთანავე, ქალაქი გაიზარდა, აშენდა მაღალი სახლები, ძველი ნაგებობები დაიჩაგრა. სხვებზე უკეთ დღეისათვის ,,ბატონის ციხე“ გამოიყურება. თელავი და მისი ძველი ციხეები მრავალი ბრძოლის მოწმენი არიან. ციხის დამცველებს ბევრჯერ უსახელებიათ საკუთარი ხმალი. სპარსელების გაუთავებელ თავდასხმებს ლეკთა თარეშებიც თან ერთოდა. განსაკუთრებით გაჭირდა XVIII საუკუნის 20-იან წლებში, როცა ქართლში ოსმალები იდგნენ, სპარსელები კარზე იყვნენ მომდგარნი, ხოლო ფაქტობრივად უმეფოდ დარჩენილ ქვეყანაში ლეკები დათარეშობდნენ. კახეთი ძრწოდა, მაგრამ შველა არსაიდან ჩანდა. მიუხედავად ამისა, როცა ჭარელ-დაღესტნელნი გარს შემოერტყნენ თელავს, მცველნი არ შეშინდნენ. უთანასწორო ბრძოლა ერთ კვირას გაგრძელდა. ,,მისჭირდათ თელაველთა და განწირნეს თავნი და გამოვიდნენ... ეკვეთნენ თელაველნი და მოსრნეს ბანაკნი მათნი, აოტნეს და აღიღეს ალაფნი მათნი. ამის მხილველთა კახთა მოსრნეს ყოველნი თვისთა შინა მყოფნი ლეკნი და განთავისუფლდნენ და კვალად სიმაგრეთა მყოფნი დაადგნენ მტკიცედ“. როგორც ვხედავთ, საკმარისი იყო ერთი ღონიერი მოქნევა, გაბედული ინიციატივის გამოჩენა, რომ მთელი კახეთი ფეხზე დამდგარიყო და მტრისათვის მუსრი გაევლო. ასე იხსნეს თელაველებმა ქვეყანა მაშინ, როდესაც მეფე თავისი ამალით სადღაც მთებში იმალებოდა. ნიშანდობლივია, რომ როდესაც ხალხმა მხარეს თავისუფლება მოუპოვა. მეფე მოვიდა, დაჯდა თელავს და დაიწყო მართვა. დღეს კი თელავი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.

|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 






































































































