
ჯავახეთის ახალქალაქის წარმოშობა მიეკუთვნება შუაფეოდალურ ხანაში "ახალქალაქების” გაჩენის ეპოქას. IX-X საუკუნეებში იგი უკვე შესამჩნევი პუნქტი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ზღუდე დიდხანს არ ჰქონია. მისი აგება განსაკუთრებულ პირობებში მომხდარა. როცა XI საუკუნის ორმოციან წლებში ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავს, ლიპარიტს შორის ბრძოლამ მეტად მწვავე ხასიათი მიიღო, ლიპარიტის მომხრეებს ფარსმან თმოგველსა და თუხარისის ერისთავ ბეშქენ ჯაყელს დაუწყიათ ახალქალაქის ზღუდის შენება. დიდი მასშტაბის მშენებლობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა. მემატიანეთა ცნობით, სელჯუკთა პირველი შემოსევისას, 1065 წელს, ყველაზე მეტად ახალქალაქი დაზარალებულა. მესხები ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ მოზღვავებული მტრის ალყას, თუმცა ქალაქი-ციხის შენება ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. სამი დღე მედგრად იყვნენ დამცველნი, შემდეგ კი, როცა შეამჩნიეს, რომ დაუმთავრებელი კედლები საცაა უმტყუნებდნენ, ციხიდან გამოვიდნენ და ხელჩართულ უთანასწორო ბრძოლაში ზედ შეაკვდნენ მოძალადეებს. ქალაქში შევარდნილმა გამარჯვებულმა მტერმა არ დაინდო დიდი და პატარა, "შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა”-ო, გადმოგვცემენ ისტორიკოსები. ქალაქი ძალიან მდიდარი ყოფილა. მტერმა არა მარტო უამრავი ტყვე წაასხა, არამედ დიდი განძიც წაიღო. ნაქალაქარი ახალქალაქი მდებარეობს ჯავახეთის მტკვრისა და ახალქალაქის წყლის შესართავთან. აქ, გრძელი სამკუთხედის ფორმის პლატოზე, განლაგებული ყოფილა ქალაქი ციტადელით. მას ირგვლივ უვლიდა ქვის მაღალი და სქელი კედელი, რომელიც მდინარის ციცაბო ნაპირებს მიუყვებოდა. გზა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოდიოდა და მთავარი ჭიშკარიც სწორედ ამ მხარეს ყოფილა. ასეთ დიდ პერიმეტრზე სხვა შესასვლელებიც იქნებოდა, მაგრამ ისინი ამჟამად ნანგრევებში არ ირკვევა. ქალაქის ციტადელი აღმოსავლეთით მდებარეობდა და იგი მთლიანად კეტავდა პლატოს სამხრეთიდან ჩრდილო ნაპირამდე. ქალაქის მთავარ მისადგომთან მტკიცე სიმაგრეა აღმართული. ციტადელს უსწორო ოთხკუთხა გეგმა ჰქონია. ამჟამად იგი ძალიანაა დაზიანებული და ამიტომ თავდაპირველი სახიდან ბევრი რამ გაურკვეველი რჩება. როგორც ეტყობა, ციხის კედლების სიგანე საშუალოდ 2,5 მ უდრიდა, ხოლო სიმაღლე ათამდე აღწევდა. ასეთი სქელი და მაღალი კედელი მეტად ძნელი გადასალახი იქნებოდა. კუთხეებში და მათ შუა ჩამატებულია კოშკები. ციხის კედლიდან ნახევარწრედ გამოწეული ეს კოშკები მთელი ფრონტის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. კოშკები და კედლები კარგად თლილი ქვებითაა მოპირკეთებული. უფრო დიდი კოშკები აღმოსავლეთითაა განლაგებული. მათგან ყველაზე დიდია ჩრდილო-აღმოსავლეთისა. შემორჩენილია მისი ხუთი სართული. პირველი სართული ყრუა, მეორესა და მესამეს თითო მცირე ზომის სარკმელი აქვს, მეოთხეს - ორი. საერთოდ, ფორმით ყველა კოშკი ერთნაირია. განსხვავებაა სართულების მიხედვით სარკმლებისა და კარების განლაგებაში. დასავლეთის კედელში ჩართული ორი კოშკიდან ერთ-ერთში, ქვემოთ, წყალსაცავი ყოფილა გამართული. წყლის ამოღება კი ზედა სართულის იატაკში დატანებული მცირე ხვრელიდან ხდებოდა. ციხე ბევრჯერ გადაუკეთებიათ. ერთ-ერთი გადაკეთების დროს მისთვის დასავლეთიდან დიდი ფართობი შემოუერთებიათ. იქვე სამხრეთით სასახლის ტიპის მოზრდილი შენობა მდგარა. სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები ყოფილა დასავლეთითაც. ძველსა და ახალ ციხეს სამხრეთით ვრცელი ეზო ემიჯნება. ახლა აღარ ჩანს, იყო თუ არა იგი შუაზე გაყოფილი, მაგრამ უდავოა, რომ ამ ეზოს დასავლეთი ნაწილი სავაჭროდ იქნებოდა გამიზნული. ქალაქის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. მთელი ფართობი ნანგრევებითაა მოფენილი. გამოირჩევა ერთი მცირე და ერთიც საშუალო ზომის ეკლესიათა საძირკვლები. შუა საუკუნეებში ახალქალაქი სხვა ქალაქების ბედს იზიარებს - ხან აყვავებას განიცდის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერის დროს და ხან შემოსეულ მტერთა სათარეშო ასპარეზი ხდება. XVI საუკუნის ბოლოდან კი იგი მთელ სამხრეთ საქართველოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. ორასზე მეტი წლის განმავლობაში ქალაქმა ბევრი ცვლილება განიცადა. ძველი შენობები ინგრეოდა, მათ ადგილს მუსლიმანებისათვის დამახასიათებელი ახალი ნაგებობანი იკავებდა. საკმაოდ საფუძვლიანად გადაუკეთებიათ ციხეც. კოშკებს დღესაც კარგად ემჩნევა რადიკალური გადაკეთების კვალი. ახალქალაქის დაბრუნების რეალური შესაძლებლობა იყო XVIII საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც მას გარს შემოადგნენ მეფე ერეკლესა და სოლომონის შეერთებული ჯარები, მაგრამ ამ საქმის კარგად დაგვირგვინებას ხელი შეუშალა სოლომონ მეფის ავადმყოფობამ. ახალქალაქი თავის სამშობლოს უბრუნდება მხოლოდ XIX საუკუნის პირველ მესამედში, ამ მხარის შემომტკიცებასთან ერთად.
|
დღის სიახლეები
22-05-2012
22-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



აინშტაინის ტვინს მუზეუმში გამოფენენ
რა ეწყინა გი დე მოპასანს
რას სვამდა სტალინი
ვივალდი მოკვდა და გაცოცხლდა











ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ტევტონთა ორდენი: წარსული და აწმყო
კალატრავის ორდენი


ტამპლიერთა ორდენი: ტრიუმფი და დაცემა
სუპერჯაშუში კოლბე
მოკლეს სახელმწიფო დუმის დეპუტატი
ოპერაცია "მიკი მაუსი"
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით
რას აპირებდა ფიდელ კასტროს შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვი
ჰიტლერი მხატვარი იყო
დღეს დიდი რეჟისორის დაბადების დღეა
ვინ იყო კონსტანტინე სანაია? 




