asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვინ იყო იაკობ ბერი?
დიდების მაძიებელი ათაბაგი
ვინ იყო იაკობ ბერი?

2011-07-14 14:19:56



მზეჭაბუკ ათაბაგი ყვარყვარე დიდისა და დედისიმედის ძე გახლდათ. იგი სამცხე საათაბაგოს მეთორმეტე ათაბაგი იყო, რომელსაც მემატიანე ახასიათებს, როგორც შესანიშნავ მხედარსა და ფალავანს, დიდების მოყვარულს. ის სამეფო ტახტზე ოცნებობდა. მან ოსმალებთან ბრძოლაში დიდი გმირობა გამოიჩინა და ქვეყანა უვნებელყო, სანაცვლოდ განადგურდა ლიხთ-იმერეთი, დაინგრა ქუთაისი, გელათი, ბაგრატის ტაძარი. პატივმოყვარე ათაბაგი მიზანმიმართულად შეუდგა მცხეთის საპატრიარქო ეკლესიიდან სამცხის ეკლესიის გამოყოფას, მაგრამ დამარცხდა და იაკობის სახელით ბერდ აღიკვეცა. სამცხის ათაბაგები, XV საუკუნიდან მოყოლებული, თავგამოდებით ცდილობდნენ საქართველოს მეფის ქვეშევრდომობისგან გათავისუფლებას. სამცხეს ორი დიდი მაჰმადიანური სახელმწიფო გაუმეზობლდა. მათი მოგერიება “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე” მტკიცედ შეკრულ საქართველოს გაუჭირდებოდა, არამცთუ საკუთარი სამფლობელოების გაზრდის, უფრო ხშირად შენარჩუნების, ვიწრო სეპარატისტული ინტერესებით მოქმედ მეფე-მთავრებს. სამცხის ათაბაგი მოსულ მტერს მორჩილად ხვდებოდა, რითაც მშვიდობას “ყიდულობდა”. “ბეცი პოლიტიკის” კარნახით მეტწილად ერთ მტერს იწვევდნენ საკუთარ ქვეყანაში მეორე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად, რითაც ქვეყანას დასაღუპად წირავდნენ. მზეჭაბუკმა 1500 წელს ათაბაგობა “გამოსტაცა” თავის ძმისწულს, ათაბაგობის კანონიერ პრეტენდენტს, ყვარყვარე ქაიხოსროს ძეს. მან საათაბაგოს მეფის ქვეშევრდომობიდან გამოყვანა მოინდომა. ოსმალებს “დაეზავა. სამცხის საზღვართან უფლისწულ სელიმს მდიდარი ძღვენით მიეგება და მესხეთზე გავლით იმერეთის დასარბევად წაუძღვა. ოსმალებმა სასტიკად დაარბიეს მთელი იმერეთი, აიკლეს ქუთაისი, დაანგრიეს ბაგრატი და გელათი. ზამთრის მოახლოების გამო სწრაფად დატოვეს იმერეთი, მაგრამ წაასხეს უამრავი ტყვე, წაიღეს განძი. ათაბაგმა ასე მოუპოვა სამცხეს მშვიდობა. მზეჭაბუკს არც შემდგომ შეუწყვეტია ოსმალთა სამსახურში დგომა. 1514 წელს, როცა სულთანი სელიმ პირველი, შაჰ-ისმაილის წინააღმდეგ საბრძოლველად, სოღმენში შეჩერდა, მზეჭაბუკმა ელჩის ხელით სპარსულ ენაზე დაწერილი ერთგულების წერილი გაუგზავნა, ლაშქრისათვის კი სანოვაგე –თაფლი, ერბო, და 2000 სული ცხვარი, თან აახლა. მასთან იმყოფებოდნენ შაჰ-ისმაილის ძმისშვილები, რომლებიც შაჰს გამოექცნენ და ათაბაგს შეაფარეს თავი. მზეჭაბუკის ერთგულებით დიდად კმაყოფილმა სულთანმა ათაბაგს საპატიო ხალათი უბოძა და მეფური საჩუქარი გაუგზავნა. მოგვიანებით მზეჭაბუკმა სულთანს სპერის ციხის გასაღებიც გადასცა. ოსმალებმა სპერს ისპირი უწოდეს და სანჯაყად აქციეს. ათაბაგობის პირველ წლებში მზეჭაბუკს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა მეფე კონსტანტინესა და საქართველოს პატრიარქთან. ამის დასტურია მის მიერ კუმურდოს მთავარეპისკოპოსად შერჩეული გერასიმეს მცხეთაში კურთხევა და იქ დადებული “ფიცის წიგნი”. მაგრამ მალე მზეჭაბუკმა გეზი იცვალა – ათაბაგი და მეფე “შემდურდეს”, მზეჭაბუკმა სამცხის საეპისკოპოსოები “უკუიჭირნა”. მეფის სახელს ტაბუ დაადო და ურჩი ფეოდალები საათაბაგოს მამულებიდან გააძევა, მოინდომა ქართლის სამეფოს უბრძოლველად შემოერთება და “დიდი მეფის” სახელის ტარება. საათაბაგოს საეპისკოპოსოც მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა და ანტიოქიის ბერძნულ საპატრიარქოს დაუახლოვა. საათაბაგოს მღვდელმთავრად ტრაპიზონელი ბერძენი სვიმონ მაწყვერელი დაადგინა. ეს მაშინ, როცა მაჰმადიანური სამყაროს პირისპირ დარჩენილი საქართველოს ეროვნული მთლიანობის მთავარ საყრდენად ეკლესია რჩებოდა. ბუნებრივია, ქართლის მღვდელმთავარი და ჭეშმარიტი ერისკაცები ეკლესიის დაყოფასა და მრევლის გახლეჩას მშვიდად ვერ შეხვდებოდნენ. კათალიკოსმა შეაჩვენა ოსმალებთან საერთო ენის გამოძებნით “გაამპარტავნებული” მზეჭაბუკის ხელდასხმული ეპისკოპოსები და მათი ბრმადმორჩილი სამწყსო. საქართველოს საპატრიარქოსგან სამცხის ეკლესიის გამოყოფისათვის ბრძოლაში მზეჭაბუკი ისევე დამარცხდა, როგორც მისი წინაპარი - ყვარყვარე დიდი. 1515 წელს იგი იძულებული გახდა, გასცლოდა პოლიტიკურ ასპარეზს, სადაც “მზისა და მთვარისებრ დიდი მეფის” სახელს ეძებდა. შეიმოსა სამონაზვნო ჩოხით და მონასტერს შეაფარა თავი. მზეჭაბუკ-ყოფილი 1516 წელს ამქვეყნიდან წავიდა იაკობ ბერის სახელით. მესხეთის საეპისკოპოსო კი უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა დედა ეკლესიას. ამასიის ზავის შემდეგაც სამცხის ეპისკოპოსებს მცხეთაში აკურთხებდნენ. ისინი კურთხევის ცერემონიალზე წარმოთქვამდნენ რჯულის სიმაგრის დაცვის “საერთგულო ფიცს”.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბერი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online