ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


რუსული საფრთხე
"თხუნელა" ინგლისის დედოფლის გვერდით

2012-02-17 00:59:34



_ დასავლეთმა დღემდე ვერ გააცნობიერა, თუ რა საფრთხე მომდინარეობს რუსეთისაგან. ამაზე ბევრი ფაქტი მიუთითებს, თუნდაც ის, რომ ევროპაში რუსი ჯაშუშები ფაქტიურად ღიად მოქმედებენ, - განაცხადა ბი-ბი-სი-სათვის მიცემულ ინტერვიუში ემიგრაციაში მცხოვრებმა უნგრეთის პრემიერმა ფერენც ნადმა.

იდგა 1951 წელი. 

ბი-ბი-სი-მ ფერენც ნადის პერსონას დიდი დრო დაუთმო. წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, უნგრეთის წვრილ მესაკუთრეთა პარტიის ლიდერი, პარტიისა, რომელიც ომის შემდეგ დემოკრატიულ კოალიციაში წამყვან როლს ასრულებდა. კოალიციამ არჩევნების მოგება შეძლო, თუმცა, ამან საქმეს ვერ უშველა. ნადი რუსული ხიშტების დახმარებით ჩამოაგდეს.

- სსრკ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, ომის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. უნგრეთში ასეთი არჩევნები ჩატარდა და ის ჩვენმა პარტიამ მოიგო. ამის შემდეგ, საქმეში რუსული არმია ჩაერია. დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხვეს, უნგრეთში კი კომუნისტური პრორუსული დიქტატურა დამყარდა. დასავლეთმა ამაზე ხმა არ ამოიღო. მაშინ ეს ძალზე გვიკვირდა, თუმცა, ახლა, როცა დასავლეთში მოვხვდი, ვხედავ, აქ რაც ხდება. რუსულმა აგენტურამ ფართოდ მოიკიდა ფეხი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურებში. მეტიც, რუსი "თხუნელები" თვით დედოფლის გვერდითაც არიან! - განაცხადა ემიგრანტმა პრემიერმა ფერენც ნადიმ.

ნადის ამ ინტერვიუმ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრი ბრიტანელი აღშფოთებას გამოთქვამდა. მალე ინგლისის კონტრდაზვერვამ ამხილა რამდენიმე მსხვილი საბჭოთა აგენტი. აქედან, ორი, ჰაი ბარჯესი და დონალდ მაკლინი, რუსეთში გაიქცნენ. ინგლისელმა კონტრმზვერავმა სკადორმაც "ტაიმსის" კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა:

- მაკლინი და ბარჯესი რუსებზე სტუდენტობის წლებიდან მუშაობდნენ. ჩვენს მიერ დადგენილია, რომ რუსებმა ჯერ კიდევ 1930-34 წწ.-ში კემბრიჯში აგენტურული ქსელი შექმნეს. გადაბირებულ იქნენ არისტოკრატიული ოჯახების შვილები. ბარჯესი და მაკლინი ერთ-ერთი ასეთი ჯაშუშური ჯგუფის წევრები არიან. ჯგუფი ხუთი კაცისგან შედგებოდა. ჯერჯერობით, გამოვლენილია მხოლოდ ორი.

მაკლინსა და ბარჯესს მაღალი თანამდებობები ეკავათ. კორესპონდენტიც დაინტერესდა, იქნებ ჯგუფის სხვა წევრები ინგლისის პრემიერ-მინისტრის ახლო გარემოცვაში არიანო. სკადორმა მიუგო:

- არ გამიკვირდება, თუ რუსი "თხუნელა" დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარემოცვაშიაც აღმოჩნდება!

სკანდალი

კონტრმზვერავები მუშაობას განაგრძობდნენ. მალე ამან გამაოგნებელი შედეგები მოიტანა.

- ცხადია, რომ მაკლინისა და ბარჯესის გაქცევა შემთხვევითი მოვლენა არაა, მათ ამაში სპეცსამსახურის მაღალჩინოსანი დაეხმარათ, - იტყობინებოდა ბი-ბი-სი.

ინგლისის კონტრდაზვერვამ ეს მაღალჩინოსანი გამოავლინა. მას კიმ ფილბი ერქვა და "ინტელიჯენს სერვისში" მართლაც სერიოზული "პოსტები" ეკავა.

- ფილბი სსრკ-ს წინააღმდეგ დაზვერვის ორგანიზებას ხელმძღვანელობდა. მეტიც, მისი კანდიდატურა თვით "ინტელიჯენს სერვისის" უფროსის "პოსტზეც" განიხილებოდა, - წერს მიხეილ ლიუბიმოვი.

ფილბის საქმემ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. აზვირთდა სკანდალი, რაც, შესაძლოა, ბევრი თანამდებობის პირისათვის საბედისწეროდ დამთავრებულიყო. ამიტომ ფილბის გამართლებით ბევრი გავლენიანი ძალა იყო დაინტერესებული. ფილბის თავდაპირველად ყველა ბრალდება მოუხსნეს. მიუხედავად ამისა, კონტრდაზვერვა ფარ-ხმალს არ ყრიდა.

- ფილბი ხუთეულის მესამე წევრია! ვინ არიან სხვები? - ასეთი პუბლიკაციები მაშინდელ ინგლისურ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა.

თანამედროვე რუსი მკვლევარები ამ პუბლიკაციებს ფილბის მიმართ "ფსიქოლოგიურ ტერორს" უწოდებენ. ალბათ, უფრო უპრიანი იქნებოდა, ამისათვის ფსიქოლოგიური შეტევა გვეწოდებინა. მართლაც, სუპერ-ჯაშუში ანერვიულდა და ერთი-მეორის მიყოლებით შეცდომები დაუშვა. მის დასაპატიმრებლად თითქოს ყველაფერი მზად იყო, რომ ანაზდად ფილბი გაქრა. იდგა 1963 წელი.

- მალე ცნობილი გახდა, რომ ის რუსეთში გაიქცა, - წერს ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი ნაიტლი.

ფილბის გაქცევამ მორიგი სკანდალი გამოიწვია. "ბევრს არ სურდა, რომ ის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყო", "ბარჯესსა და მაკლინს გაქცევაში ფილბი დაეხმარა, ვინ დაეხმარა თავად ფილბის" - ასეთი სათაურებით უკვე ევროპის ყველა მაშინდელი წამყვანი გაზეთი იყო აჭრელებული.

- ამრიგად, "ხუთეულის" სამი წევრი დამსახურებულ ნაცვალგებას გაექცა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დანარჩენი ორის ვინაობას ოდესმე, თუნდაც მათი სიკვდილის შემდეგ, შევიტყობთ, - წერდა "მონდი".

კვალი დედოფლის სასახლისკენ მიდის

კონტრდაზვერვა აქტიურ მოქმედებას განაგრძობდა. საზოგადოებაც ახალ სენსაციურ მხილებებს ელოდა. "ხუთეულის" სამი წევრი გაექცათ, დანარჩენი ორის დაჭერა ღირსების საქმე იყო. თუმცა, გადიოდა დრო, შედეგები კი არ ჩანდა.

- სენსაციური მხილება არ იქნება, - განაცხადა თავის ტელეგამოსვლაში სკადორმა, - ზოგჯერ, სახელმწიფოს ინტერესებისათვის, გაჩუმება სჯობს.

- დაადგინეთ თუ არა "ხუთეულის" ორი დანარჩენი წევრი? - შეეკითხა წამყვანი.

- დიახ, დავადგინეთ.

- როდის გახდება ფართო საზოგადოებისათვის მათი გვარები ცნობილი?

- არ ვიცი. დიდი ბრიტანეთის ინტერესებისათვის ჯობია, თუ ამ ეტაპზე ჩუმად ვიქნებით.

ნელ-ნელა აჟიოტაჟი ჩაცხრა. რუსეთში გაქცეული "თხუნელები" ყველას მიავიწყდა. ინგლისს სხვა პრობლემებიც საკმაოდ ჰქონდა. ფილბისა და მის მეგობრებს მხოლოდ მაშინ იხსენებდნენ, როდესაც ჯაშუშურ ფილმებს უყურებდნენ. თუმცა, წლების შემდეგ პრესაში "ხუთეულის" კიდევ ერთი წევრის ჯონ კერნკროსის გვარი ამოტივტივდა. კერნკროსი კონტრდაზვერვის მიერ მხილებულ იქნა და მუშაობას უკვე მათ კონტროლქვეშ განაგრძობდა.

- კერნკროსით ინგლისელებმა ფაქტიურად რევანში აიღეს. ფილბის, მაკლინისა და ბარჯესის გაქცევით ბრიტანეთმა მართლაც სერიოზული მარცხი იწვნია. კერნკროსის გადაბირებით სსრ კავშირს არანაკლები ზარალი მიადგა, - წერდა "მონდი".

ამრიგად, "ხუთეულის" მეოთხე წარმომადგენლის სახელი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა. ახლა დადგა კითხვა: ვინაა მეხუთე?

- ხელისუფლებას ამის გამხელა არაფრით სურდა, ამიტომაც გაზეთებში გაჩნდა პუბლიკაციები: აქაოდა, მეხუთე "თხუნელა" ინგლისის დედოფლის კამერდინერი, დაცვის უფროსი, ან სულაც მდივანი იყოო, - წერს ლეონიდ მლეჩინი.

მითქმა-მოთქმასა და ჭორებს ბოლო არ უჩანდა. ინგლისის ხელისუფლებამაც ჩათვალა, რომ დუმილით საქმეს უფრო მეტი ზიანი ადგება და ამიტომ, 1979 წელს, მარგარეტ ტეტჩერმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

- ხუთეულის მეხუთე წევრია ენტონი ბლანტი. თავის დროზე ის დედოფლის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ბლანტმა ამომწურავი ჩვენება მისცა, ამიტომაც გადაწყდა, ის არ მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

"მათი "იდეოლოგია" ე.წ. თავისუფლების იდეოლოგიას უფრო წააგავდა"

ტეტჩერის განცხადების შემდეგ, ტელეეკრანებზე უკვე მოხუცი ბლანტის პერსონაც გამოჩნდა. ბლანტი ხაზს უსვამდა იმას, რომ თავის დროზე კომუნიზმის იდეალებმა გაიტაცეს, რუსეთზე იდეოლოგიური მოტივით მუშაობდა. ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ამერიკის დაზვერვის ყოფილი შეფი რ. ჰელმსი.

- ფილბისა და მისი ამფსონების "იდეოლოგია" უფრო ე.წ. თავისუფლების იდეოლოგიას წააგავდა. ეს მიმდინარეობა, როგორც ცნობილია, ამტკიცებს, რომ რელიგია, ეროვნული ტრადიციები და ა.შ. ადამიანს ბოჭავს, მის ჰარმონიულ განვითარებას ხელს უშლის. "თავისუფლების" მიმდევრებიც სასტიკად ილაშქრებენ რელიგიის წინააღმდეგ, მოითხოვენ ჰომოსექსუალიზმის, ლესბოსელობის დაკანონებას და ა.შ.

ენტონი ფრედერიკ ბლანტი (1907-1983 წწ.) არისტოკრატიულ ოჯახში დაიბადა. ის ინგლისის დედოფლის ნათესავი იყო. ბლანტმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. მან დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. საბჭოთა დაზვერვის ყურადღების ცენტრში ის ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში მოხვდა. ბლანტი აშკარად აცხადებდა, რომ სსრკ-ში დაწყებულ "დიდ ექსპერიმენტს" თანაუგრძნობდა. ის ინგლის-სსრკ-ს საზოგადოების წევრიც იყო. მიუხედავად ამისა, ბლანტის გადმობირებაზე მაშინ უარი ითქვა.

- ის ჰომოსექსუალისტი გახლდათ, - წერს ოლეგ გორდიევსკი, - მარქსიზმის მხარდაჭერის გარდა, სექსუალურ უმცირესობათა დაცვის ლოზუნგებითაც გამოდიოდა. მოსკოვში ჩათვალეს, რომ ასეთ კაცთან საქმის დაჭერა მიზანშეუწონელია.

მოგვიანებით, აღნიშნული მოსაზრება გადასინჯულ იქნა. ბლანტმა ტრიუმფით დაიცვა დისერტაცია და კემბრიჯის ლექტორი გახდა. საბჭოთა რეზიდენტი დეიჩი, რომელიც კემბრიჯში აგენტურული ქსელის საქმეს კურირებდა, თვლიდა, რომ ბლანტის სამსახურზე უარი სრულიად გაუმართლებელია. დეიჩმა მიუჩინა მას თავის აგენტი ჰაი ბარჯესი. ისიც ჰომოსექსუალისტი იყო (ალბათ, ამიტომაც ატარებდა მეტსახელს "გოგონა"). სწორედ ბარჯესმა გააცნო ბლანტს ფილბი და მაკლინი. ამრიგად, წარმოიქმნა პატარა, მაგრამ შეხმატკბილებული წრე ინტელექტულებისა, სადაც დასცინოდნენ დედოფალს, არ ერიდებოდნენ ღვთის გმობას, მისდევდნენ ჰომოსექსუალიზმს, ადიდებდნენ მარქსის მოძღვრებას, თუმცა, კარგი ცხოვრებაც ძალიან უყვარდათ. ყველა მათგანი ბრწყინვალედ იცვამდა, საუკეთესო რესტორნებში სადილობდა, მოდურ კურორტებზე ისვენებდა და ა.შ.

- ცენტრში ამ ხუთეულის გარშემო არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობდა, - წერს ყოფილი საბჭოთა მზვერავი მოდინი, - ერთნი "ხუთეულს" კლასობრივად უცხოებად მიიჩნევდნენ, მეორენი თვლიდნენ, რომ მათი გამოყენება შეიძლებოდა. საბოლოოდ, მეორე მოსაზრებამ გაიმარჯვა.

საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობა ბლანტს ჰაი ბარჯესმა შესთავაზა. "გოგონას" ასეთი დავალება პირადად დეიჩმა მისცა. ბლანტი დათანხმდა. იდგა 1937 წელი.

"ვნანობ, რომ ასე მოხდა"

ელიტარული განათლება და არისტოკრატიული წარმოშობა ბლანტის სწრაფ კარიერულ წინსვლას განაპირობებდა. ის იყო ვერბურთის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში და გამოჩენილი სიმამაცისათვის საპატიო ლეგიონის ორდენიც დაიმსახურა. მსახურობდა ინგლისის კონტრდაზვერვაში, იყო გენერალ ალენის თანაშემწე.

- ალენი, როგორც ცნობილია, განყოფილება "დ-ს" ედგა სათავეში. ეს განყოფილება არმიისა და სამხედრო პოლიციის უშიშროებაზე აგებდა პასუხს, - წერენ კოლპაკიდი და პროხოროვი.

შემდგომში ბლანკი გადაიყვანეს განყოფილება "ე-ში", რომლის ამოცანა უცხოეთის საელჩოებზე თვალყურის დევნება იყო. ბლანტმაც სწორედ ამ დროს დაადგინა, რომ ინგლისელებს ჰყავთ აგენტი მოსკოვში და ის ა.მიქოიანის უახლოეს გარემოცვაშია. ბლანტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად, ხსენებული აგენტი დააპატიმრეს და დახვრიტეს.

- შემდგომშიაც ბლანტმა არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმოგვცა, - წერს მოდინი.

არისტოკრატიულმა წარმოშობამ განაპირობა ბლანტის წარმატებული კარიერა სასახლეში. ის ინგლისის მეფე გეორგ V-მ დაიახლოვა. ბლანტი ვირტუოზულად ასრულებდა მეფის რიგ კონფიდენციალურ დავალებებს. მეფეც მისით უაღრესად კმაყოფილი იყო. მას აზრადაც არ მოსდიოდა, რომ პარალელურად მისი ნდობით აღჭურვილი პირი რუსებს ამომწურავ პატაკებს აბარებდა. მალე ბლანტი გახდა მეფის მრჩეველი (ხელოვნების საკითხებში). გეორგ V-მ ის სამეფო გალერეების მთავარ ინსპექტორად დანიშნა. ბლანტი დედოფლის ნდობითაც სარგებლობდა და მისი მრჩეველიც იყო.

- დედოფალი მას ენდობოდა და ფრიად დელიკატურ საქმეებს ავალებდა, - წერს იულიან სემიონოვი, - ასე, მაგალითად, მან ბლანტს დაავალა გერმანულ არქივებში სამეფო ოჯახის მაკომპრომეტირებელი საბუთები მოეძია. ბლანტმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა.

ბლანტის წყალობით, მოსკოვი დეტალურად იყო ინფორმირებული ყველაფერზე, რაც ბუკინჰემის სასახლეში ხდებოდა, თუმცა, სამეფო ოჯახი კარგა ხანს არაფრის აინუნშიაც არ იყო. ბლანტს მიენიჭა რაინდის წოდება. დედოფალმა ის ვიქტორიის ორდენითაც დააჯილდოვა. ბლანტის მდგომარეობა მხოლოდ მაშინ შეირყა, როდესაც ფილბი ეჭვქვეშ მოხვდა. მართალია, ფილბიმ გაქცევა შეძლო, მაგრამ კონტრდაზვერვამ დააპატიმრა ბლანტის ნდობით აღჭურვილი პირი მაიკლ სტრეიტი, რომელმაც ამომწურავი ჩვენება მისცა. ამის შემდეგ, ბლანტი უჩუმრად დააპატიმრეს.

- დედოფლის ნდობით აღჭურვილი პირი რუსეთის აგენტია! ეს მართლაც გრანდიოზული სკანდალი იყო. ამიტომაც ამ ამბის გახმაურებას მოერიდნენ. გამოძიება ბლანტთან გარიგებაში შევიდა. შეთანხმდნენ, რომ ის მისცემს ამომწურავ ჩვენებას და სამაგიეროდ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. ასეც მოხდა, - წერს ა.კოლპაკიდი.

ბლანტის პერსონაც კარგა ხანს ფართო საზოგადოებისათვის უცნობად რჩებოდა. ტელეეკრანებზე ის მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა მარგარეტ ტეტჩერმა მისი საიდუმლო გაამჟღავნა:

- ვნანობ, რომ ასე მოხდა. რუსებზე მუშაობა ჩემი უდიდესი შეცდომა იყო, - ამბობდა უკვე მოხუცი და მოტეხილი ბლანტი.

ეპილოგი

ტეტჩერის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ გამსკდარი ბომბის ეფექტი იქონია. საზოგადოების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა:

- მაშ, "თხუნელა" წლების მანძილზე ინგლისის დედოფლის გვერდით იმყოფებოდა?!

კონტრმზვერავები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ბლანტმა ამომწურავი ჩვენება მისცა და ამის შემდეგ მათთან თანამშრომლობდა, შესაბამისად, მისი სამართალში მიცემა არ შეიძლებაო, - აცხადებდნენ ისინი.

- მაშ, დედოფლის მრჩეველი, რაინდი, ვიქტორიას ორდენის კავალერი, კაცი, რომელსაც დედოფალმა აზნაურობა უბოძა, რომელსაც ამის შემდეგ მიმართავდნენ "სერ ენტონი", ჯაშუშურ თამაშებში იყო ჩართული?! - მთელი ინგლისი თავზარდაცემული იყო.

ბლანტი პასუხისგებაში არ მისცეს, თუმცა, დედოფალმა რაინდის წოდება და აზნაურობა ჩამოართვა. რამდენიმე წლის შემდეგ, ბლანტი გარდაიცვალა.

ნიკა თევზაძე

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს