asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის
მზია შარაშიძემ ფულის შოვნის რიტუალი იცის

2011-06-01 14:57:50



ყოფილ ტელესახეს და ახლა უკვე ერთ–ერთი დეველოპერული კომპანიის პიარმენეჯერ მზია შარაშიძეს, რომელსაც ყველა მაინც ეკრანულ სახელ ლუკათი იცნობს, ბავშვობაში გაჭირვება აქვს გამოცდილი. მაშინ, გასული საუკუნის 90–იანებში, მისი ოჯახისთვის, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრებთა უმრავლესობისთვის, მძიმე პერიოდი იდგა. პატარა მზიას არ უყვარდა ფულის თხოვნა, მშობლებს ზედმეტად არასდროს აწუხებდა. როცა გაიზარდა, მატერიალური კეთილდღეობა თავად მოიპოვა. დღეს კი საკუთარ თავს ხანდახან ფულის ფლანგვის უფლებასაც აძლევს.

– ლუკა, ბავშვობაში როგორ აღიქვამდით ფულს?

– ფული ჩემთვის იმის საშუალება იყო, რომ სათამაშოები მეყიდა. ოღონდ არ ვიცოდი, ფული საიდან მოდიოდა. მე და ჩემს ძმას გვეგონა, რომ უფროსებს, ყველას, ჰქონდათ ფული. ფულის თხოვნა ბავშვობიდან არ მიყვარდა. ერთი პერიოდი სკოლის ბუფეტში ტალონებით ვყიდულობდით რაღაცეებს. მშობლებს ფულს საჭმლისთვისაც არ ვართმევდი. ცოტა რომ წამოვიზარდე და სტუდენტი გავხდი, მაშინ უკვე დამჭირდა გარკვეული თანხა, მაგრამ არც მაშინ შემეძლო, ფული მშობლებისთვის მეთხოვა. ისედაც რთული პერიოდი იყო, მშობლებს უჭირდათ. მე და ჩემი ჯგუფელები ავტობუსებით უფასოდ დავდიოდით. მერე თიხის ნივთების გაკეთება და ჩანთების შეკერვა დავიწყე და ამით გამიჩნდა ცოტაოდენი ფული.

– თქვენი შრომით მოპოვებული პირველი თანხა რაში დახარჯეთ?

– დიდი თანხა არ იყო. ჩანთები და თიხის ნივთები 8–10 ლარად იყიდებოდა. სერიოზულ რამეს ვერ ვიყიდდი. ალბათ ჯგუფელები საჭმელს ვყიდულობდით იმ ფულით.

– თქვენი ხელფასით სერიოზული შენაძენი ოდესმე გაგიკეთებიათ?

– არასოდეს. პატარ–პატარა რაღაცეებში ბევრი ფული მეხარჯება. მერე რომ მკითხოთ, ვერ გეტყვით, ამდენი თანხა რაში დავხარჯე. პირველად რადიოში დავიწყე მუშაობა, მაგრამ ერთი წელი ხელფასი არ მქონდა და წამოვედი. შემდეგ მეორე რადიოში მივედი, სადაც საათში 60 თეთრს მიხდიდნენ. თვეში სასაცილო თანხა, 36 ლარი გამოდიოდა. მაშინ ამ თანხას რაღაცეებისთვის ვანაწილებდი და ვამბობდი, 50 ლარი რომ მქონდეს ხელფასი, ყველაფერში მეყოფა–მეთქი. მერე სხვა სამსახურში გადავედი, სადაც 50 ლარი დამინიშნეს ხელფასი და უკვე 200 ლარიან ანაზღაურებაზე ვფიქრობდი. მერე ეს ხელფასიც მქონდა და უფრო მაღალ თანხაზე დავიწყე ოცნება. ასე რომ, ადამიანი თავისი შემოსავლით არასდროს არის კმაყოფილი და ყოველთვის მეტი უნდა. 20 ათასი რომ გქონდეს ანაზღაურება, 80 ათასი მოგინდება და ა.შ.

– მფლანგველი ხართ?

– კი, მფლანგველი ვარ. ადრე არ ვიყავი, რადგან არც ფული მქონდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ისეთ ნივთებს, რაც არ მჭირდება, იშვიათად ვყიდულობ. მიყვარს, როცა სახლისთვის დეკორატიულ ნივთებს ვყიდულობ. ყველაზე მეტ ფულს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში ვხარჯავ. საოჯახო ნივთებში, წვრილმანებში შემიძლია მთელი ხელფასი დავხარჯო. დედაჩემი ასე არ იქცეოდა. ანგარიშობდა ყველაფერს, იწერდა და იცოდა, ფული რაში მისდიოდა. მე ასე არ შემიძლია.

– გასული საუკუნის 90–იანების კრიზისი თქვენს ოჯახზე როგორ აისახა?

– ადრეული ბავშვობიდან მახსოვს მუდმივი ეკონომია და ფინანსური კრიზისი. პატარა ვიყავი, მშობლებმა სამსახური რომ დაკარგეს. დედა ქსოვდა, კერავდა და საჭმლის ფულს ასე შოულობდა. მაშინ 10 ლარი დიდი თანხა იყო ჩვენთვის. ბაზარში დედას რომ დავყვებოდი, ეს ჩემთვის დიდი ტანჯვა იყო, არ მესმოდა, ნახევარი საათი რატომ ევაჭრებოდა გამყიდველს, რომ 25 თეთრის ნაცვლად 15 თეთრად მიეცა რაღაც. მახსოვს, ერთი ძველი ხალიჩა გვქონდა, აივანზე ვამზეურებდით. ერთ დღეს უცხოელმა გამოიარა და ამ ხალიჩაში 300 დოლარი შემოგვთავაზა. ძალიან გვენანებოდა, მაგრამ ჩვენთვის 300 დოლარი დიდი თანხა იყო, მთელ ზამთარს გადავაგორებდით და მივყიდეთ. ის ხალიჩა იმ თანხაზე ბევრად მეტი ღირდა.

– რაში გიყვართ განსაკუთრებით ფულის ხარჯვა?

– საჭმელი არ მიყვარს და ამაში დიდ ფულს არც ვხარჯავ. მიყვარს თავის მოვლის საშუალებები, პარფიუმერია... მაგრამ ყველაზე მეტი ფული ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და მოგზაურობაში მეხარჯება. ჩემი აზრით, ფულის ხარჯვა ყველაზე აზრიანი მოგზაურობაშია. საჩუქრებშიც ბევრი მეხარჯება.

– მოგზაურობა ალბათ ყველაზე ძვირი სიამოვნებაა.

– დიდი თანხა მიაქვს მგზავრობას, სასტუმროს, კვებას, მაგრამ ყველაზე მეტი სუვენირებში მეხარჯება. განუსაზღვრელი რაოდენობით ვყიდულობ და, მიუხედავად იმისა, რომ ცალ–ცალკე ძვირი არ ღირს, საბოლოო ჯამში, დიდი თანხა გამოდის.

– ოჯახურ ბიუჯეტს ვინ განკარგავს, თქვენ თუ თქვენი ქმარი?

– მე და ჩემს ქმარს საერთო ყულაბა არ გვაქვს. ფუნქციები გავინაწილეთ. ივიკო იხდის გადასახადებს, ფარავს კრედიტებს. საკუთარ თავზე ავიღე საჭმლის, საოჯახო წვრილმანების ყიდვა და დამხმარე ქალისთვის ანაზღაურების მიცემა. ვცდილობ, ქმარს არ ვთხოვო ფული და ჩემი ხელფასი ვიმყოფინო. ფულის თხოვნას მირჩევნია, ვისესხო, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ამ დროს ადამიანზე დამოკიდებული ხდები.

– ბანკებთან ურთიერთობა არ გიჭირთ?

– არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, რომ მათი მომსახურებით ისარგებლო. არ მომწონდა, კრედიტს ყოველთვიურად რომ ვფარავდი. ზოგადად კარგი გადამხდელი ვარ. არასდროს ვაცილებ მითითებულ დროს.

– ფულის გასესხება–სესხებასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– არ მიყვარს, როცა ვალი მაქვს. სულ ოთხჯერ თუ მექნება ვალი აღებული. არც ის მიყვარს, როცა მთხოვენ, ფული ვასესხო. ჩემი ქმრის მამა ამბობდა, თუ გინდა, მეგობარი დაკარგო, ფული უნდა ასესხოო. მე დიდ თანხას, 500 ლარზე მეტს ვგულისხმობ, თორემ 20 ლარს თანამშრომელს ყოველდღე ვასესხებ და მეორე დღეს დავიბრუნებ. როცა დიდ თანხას მთხოვენ, ვიტყუები, რომ არ მაქვს. ზოგჯერ ტყუილი არ გამომდის და პირდაპირ ვეუბნები, მაქვს, მაგრამ მეც მჭირდება–მეთქი. ყოფილა შემთხვევა, როცა ფული აღარ დაუბრუნებიათ. არ შემიძლია, ადამიანს ყოველდღე ვურეკო და შევახსენო, რომ თანხა აქვს დასაბრუნებელი. ასე დავკარგე ერთი თანამშრომელი, რომელსაც ფული ვასესხე და არ მომიტანა. კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ... მერე ის დადიოდა და ამბობდა, დავუბრუნე ვალი, რატომ ამბობს, რომ არ მიმიციაო. ფულს უპრობლემოდ ვასესხებ იმ ადამიანს, ვინც, ზუსტად ვიცი, რომ დამიბრუნებს. ეს გარკვეულწილად ფულის გადანახვის ტოლფასია.

– როგორ იშოვება დღეს ფული?

– დღემდე არ ვიცი, დიდი ფულის შოვნას რა სჭირდება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ახერხებენ ამას. თავს არ ვზოგავ, მაგრამ, ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალი არ მაქვს. დიდ ფულს ალბათ ლატარიით თუ ვიშოვი. ყოველთვიური კარგი შემოსავლისთვის კი მონდომება და ენთუზიაზმია საჭირო. მყავს ბევრი ნიჭიერი მეგობარი, რომელთაც არ გაუმართლათ და სამსახური არ აქვთ, იმიტომ, რომ არ ცდილობენ. როცა იცი, რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია, უნდა გააკეთო!

– ფულის დაზოგვა შეგიძლიათ?

– ერთი ბარათი მაქვს, რომელზეც ხელფასის გარკვეულ ნაწილს ვრიცხავ. თუ ძალიან არ გამიჭირდა, ვცდილობ, ბარათს ხელი არ ვახლო, მაგრამ ხშირად თვის ბოლოს ეს ბარათიც ცარიელდება ხოლმე. სახლში მაქვს დიდი ყულაბა, გოჭის ფორმის, რომელშიც მე და ჩემი ქმარი ხურდებს ვყრით. მაინტერესებს, რამდენ ხანში გაივსება და რა თანხა შეგროვდება. ბავშვობაში ყულაბაში მოგროვილი ფულით მაგნიტოფონი და ბეჭედი ვიყიდეთ.

– თქვენი საფულე როგორი უნდა იყოს?

– მომწონს, როცა მეუღლე მჩუქნის საფულეს, მას კარგი გემოვნება აქვს. ბოლოს ვიყიდე საფულე, რომელშიც ძალიან ბევრი ბარათი ეტევა. მსუქანი საფულე მიყვარს.

– ფული დაგიკარგავთ ან გიპოვიათ?

– ერთხელ მანქანიდან საფულე ამაცალეს, რომელშიც 30 ლარი მედო. ფულს – არა, მაგრამ იმ საფულეს დღემდე მივტირი. ბავშვობაში რაღაც თანხას სულ ვპოულობდი, მერე კი აღარაფერი მიპოვია, ალბათ იმიტომ, რომ დღეს ფულს აღარ კარგავენ.

– ფულთან დაკავშირებული ცრუწმენების გჯერათ?

– ძალიან. ასეთი ცრურწმენაა – როცა ნახევარმთვარეა, ფული ხელისგულზე უნდა დაიდო, მთვარეს დაანახო და დაუწრუპუნო. მთელი თვე ჯიბის ფული გექნება. ძალიან ამართლებს. ქმარი სულ დამცინის, ამით შოულობ ფულსო.

მანანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online