asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა პრეტენზიები აქვთ ოპერის არტისტებს მკერავებთან და კოსტიუმერებთან
"ძალიან უცნაური და რთული მსახიობები გვყავს"
რა პრეტენზიები აქვთ ოპერის არტისტებს მკერავებთან და კოსტიუმერებთან

2011-05-18 15:38:18



"სცენის მიღმა ძალიან დიდი და საინტერესო სამყაროა", – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მხატვარ–მოდელიორმა თამარ ჩარგეიშვილმა. იგი უკვე მეოცე წელია ამ თეატრში მუშაობს და ვინ, თუ არა მან, ყველაზე უკეთ იცის, რომ თუ თეატრი ძალიან არ გიყვარს, მის მძიმე რეჟიმს ვერ გაუძლებ. თავად ისეა შეყვარებული თავის საქმეზე, რომ მსახიობებთან კამათიც კი სიამოვნებას ანიჭებს. ქალბატონი თამარი შეეცადა, ჩვენთვის დეტალურად აღეწერა კულისების მიღმა ცხოვრება, რომელიც ბევრ სიხარულს, მაგრამ ამავე დროს ცრემლსა და ტკივილსაც მოიცავს.

თამარ ჩარგეიშვილი:

– სცენის მიღმა ძალიან დიდი და საინტერესო სამყაროა. ამ სამყაროთი ბევრი ადამიანი ცხოვრობს. თეატრი არის ოჯახი, სადაც ერთმანეთი ძალიან უყვართ. სამწუხაროდ, ახლა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი რემონტის გამო 2013 წლამდე დახურულია.

– თქვენ რა გევალებათ თეატრში?

– მე მხატვარ–მოდელიორი ვარ. უშუალოდ დამდგმელ მხატვართან ვმუშაობ. მის ესკიზებს ვაცოცხლებ. ეს სამუშაო ძალიან საინტერესოა, თან მიყვარს კიდეც. ამ თეატრში 1991 წლიდან ვმუშაობ, სიამოვნებით ვემსახურები. თეატრში მხოლოდ ის ადამიანი რჩება, ვისაც სცენა ძალიან უყვარს. იქ მუშაობა არც ისე იოლია. თეატრს სიხარულთან ერთად თან ახლავს ინტრიგა, იმედგაცრუება... მე უშუალოდ კოსტიუმებზე ვმუშაობ. ჩვენ გვაქვს მთელი საამქრო, სადაც ყველა სამუშაო სრულდება. მე მკერავებს ვუხსნი, თუ როგორი კოსტიუმი გვინდა, როგორი კონსტრუქციის და სირთულის. შემდეგ ქსოვილებს ვარჩევთ. მერე კი ყველაზე საინტერესო სამუშაო იწყება.

დრამატული თეატრებისგან განსხვავებით, ჩვენთან მუშაობა უფრო რთულია. ჩვენს სპექტაკლებში დაკავებულია ვოკალისტთა გუნდი, საბალეტო დასი, მიმანსის მსახიობები... ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა სათანადოდ გამოიყურებოდეს. მსახიობებს ძალიან რთული ხასიათი აქვთ. ვოკალისტები და მოცეკვავეები ჩვეულებრივი მსახიობებისგან განსხვავდებიან.

– რატომ, რა ახასიათებთ ასეთი განსაკუთრებული?

– ოპერის მომღერლებისა და ბალეტის მოცეკვავეების კოსტიუმების შეკერვას თავისი კანონები, წესები აქვს, მათგან არ უნდა გადაუხვიო. ვოკალისტებს ისეთი კოსტიუმები უნდათ, რომელიც ყურს არ უფარავთ. არ უყვართ, როცა მათ კოსტიუმებზე ბეწვია. ამბობენ, დისკომფორტს გვიქმნისო. ითხოვენ, ისე მოერგოთ კოსტიუმი, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი. ვოკალისტებს ძალიან უყვართ დიაფრაგმის არეში ქამრის გაკეთება.

ბალეტის მსახიობები კიდევ აბსოლუტურად განსხვავდებიან სხვებისგან. მათი მოთხოვნაა, კოსტიუმმა მოძრაობაში ხელი არ შეუშალოთ.

ეს ყველაფერი ბევრ შემოქმედებით წვასთან, კამათთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. როცა კოსტიუმი გამზადდება, მსახიობებს მოსაზომად ვიბარებთ. ამის გამო სულ წუწუნებენ.

– არ უყვართ მოზომვის პროცესი?

– სხვა საქმეებით არიან დაკავებული, ყველა თავის როლზე მუშაობს, დაძაბულია. მათი ცვალებადი ბუნება სწორედ ამითაა გამოწვეული. კოსტიუმების მოსაზომად პირველ გამოძახებაზე ხშირად არ მოდიან. ბევრი მცდელობა გვჭირდება, რომ მოსაზომად მოვიდნენ. ხანდახან მსახიობს რაღაც პრეტენზია უჩნდება, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათი ყველა თხოვნა გავითვალისწინოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესკიზს ვცილდებით და სხვა კოსტიუმს ვქმნით. შემდეგ მიდის კოსტიუმების მოხატვა. მთავარი მნიშვნელობა კოსტიუმის სირთულეს ენიჭება. როცა კოსტიუმი დასრულებულ სახეს იღებს, კოსტიუმერებს ვიძახებ და ყველაფერს ვუხსნი.

ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო საპრემიერო სპექტაკლების წინა დღეებია. ამ დროს ყველა დიდ მოლოდინშია და აჟიტირებულია. კოსტიუმებისთვის განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ქსოვილი სულაც არ იყოს ძვირფასი, მაგრამ განათებამ ისე იმუშაოს, რომ მაყურებელს ძვირფასი ეგონოს. ერთი პატარა საიდუმლოც გვაქვს. როცა მსახიობი ტანად სრულია, კოსტიუმების გვერდებს განათებით ვამუქებთ, რომ მსახიობი ვიზუალურად მოხდენილი გამოჩნდეს. უამრავი რაღაცის გახსენება შემიძლია. კულსების მიღმა ბევრი სიგიჟე და კურიოზი ხდება.

– მაგალითი შეგიძლიათ გაიხსენოთ?

– ვოკალისტებს სპექტაკლის დაწყებამდე ლაპარაკი არ უყვართ. ხმას ვინახავთო, ამბობენ. ამის გამო სულ ჩუმად არიან. მათი მესმის. ხან ისეთ რთულ პარტიებს ასრულებენ, რომ სანერვიულო ნამდვილად აქვთ. ბალეტის მსახიობები ყოველთვის ეჩხუბებიან დირიჟორს. თუ მოხდა და ისეთ რიტმში არ დაუკრეს, როგორც მათ უნდათ, დიდი ჩხუბია ხოლმე. მათაც თავიანთი სანერვიულო აქვთ. ყველას ნერვები აქვს მოშლილი. თავს არავინ ზოგავს, ბევრს შრომობენ, რომ პრემიერა დახვეწილი გამოვიდეს.

სპექტაკლის მიმდინარეობის დროს ყველა მსახიობს თავისი კოსტიუმერი ჰყავს. ხანდახან ბალერინებს სცენაზე ელასტიკები ეხევათ ან კოსტიუმზე თვლები სძვრებათ. როგორც კი სცენიდან გამოდიან, მაშინვე ყველაფრის დამუშავება ხდება. თეატრში ყველაფერი წამებშია გათვლილი. კოსტიუმერები, როგორც პატარა ბავშვებს, ისე უვლიან მსახიობებს. წყალი დასჭირდებათ თუ ოფლის მოწმენდა, ისინი ზრუნავენ ყველაფერზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ხანდახან ისეთ სალანძღავ სიტყვებს ითმენენ მსახიობებისგან, გაგიკვირდებათ! სრული ქაოსია ხოლმე. მსახიობები ისე განიცდიან, რომ ხანდახან სპექტაკლის დაწყებამდე გვეკამათებიან, ეს ჩემი კოსტიუმი არ არისო. არადა მისია, მაგრამ ისე ნერვიულობს, აღარ იცის, ჯავრი ვისზე იყაროს. უმნიშვნელო დეტალზეც კი ჩხუბობენ. ჩვენმა კოსტიუმერებმა უკვე ყველას ხასიათი იციან და ცდილობენ, რომ მსახიობებს გამოსალანძღად საბაბი არ მისცენ, არ გააღიზიანონ. პრემიერის შემდეგ ყველა ეშვება, დუნდება, ყველა გახარებულია.

რეჟისორები, დამდგმელი ქორეოგრაფებიც ძალიან ნერვიულობენ. "მაკნატუნაში" ბალეტის ერთ–ერთი მსახიობი ზემოთ ეკიდება და ერთი კულისიდან მეორეში მიფრინავს. სპეციალური დამცავი ჟილეტი უკეთია, რომ არ ჩამოვარდეს. ერთხელ უცებ დამცავი რგოლი გაიხსნა და მსახიობი სხვა რაღაცას ჩაეჭიდა. სანამ ფერი არ ეცვალა, ვერავინ ვერაფერს მიხვდა.

– ყველაზე მეტად რომელი მსახიობები აქცევენ ყურადღებას სასცენო სამოსს?

– ძველი, გამოცდილი მსახიობები ზედმიწევნით ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. განსაკუთრებული პრეტენზიებით ვოკალისტები გამოირჩევიან. სასცენო სამოსს დიდ ყურადღებას ქალბატონები აქცევენ. გვყავს ისეთი ქალბატონებიც, რომლებიც ითხოვენ, რომ მკლავი არ გამოუჩნდეთ. გვყავს ახალგაზდა მსახიობები, რომლებსაც ის უფრო აინტერესებთ, ნოტს როგორ აიღებენ, ვიდრე რა ეცმევათ.

– გინახავთ, თეატრის გარეთ როგორები არიან თქვენი მსახიობები?

– თეატრის გარეთ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ თავისებურ ხასიათს მაინც ინარჩუნებენ. როცა საქმე თეატრს არ ეხება, უფრო წყნარები და რბილები არიან, ხანდახან ძალიან მხიარულებიც. თავიანთი პატარ–პატარა სიგიჟეები ახასიათებთ. თეატრში შრომატევადი და მძიმე სამუშაო აქვთ, ამიტომ მათი კარგად მესმის.

– მეოცე წელია, რაც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მუშაობთ. როგორც ვიცი, ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან მოგიწიათ მუშაობა. იქნებ მათზეც გვიამბოთ.

– როგორც კი სამხატვრო აკადემია დავამთავრე, მაშინვე ამ თეატრში მოვხვდი. ჩემი პირველი სპექტაკლი "ოტელო" იყო. დამდგმელი რეჟისორი რობიკო სტურუა გახლდათ. სოლისტი ზურაბ სოტკილავა იყო, მხატვარი – გოგი ალექსი–მესხიშვილი, დირიჟორი – ჯანსუღ კახიძე. წარმოიდგინეთ, ჩემთვის ასეთ ხალხთან მუშაობა რამხელა პასუხისმგებლობა იყო! მართლა ძალიან ბევრ საინტერესო და უნიჭიერეს ადამიანთან მომიწია მუშაობა, ესენი იყვნენ იურა გეგეშიძე, კოკა იგნატოვი, უშანგი იმერლიშვილი, მირიან შველიძე, თემურ ჩხეიძე, გიგა ლორთქიფანიძე, თემურ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, ლიანა კალმახელიძე... ახლა დათო საყვარელიძესთან ვმუშაობთ. მას საოცრად უყვარს ოპერა. ძალიან კარგი რეჟისორი და მმართველია.

– თქვენ ნინო ანანიაშვილთანაც მუშაობთ. როგორც ვიცი, როცა საქმე ბალეტს ეხება, ის არც ისე ლმობიერია.

– ნინოს ძალიან კარგად ვიცნობ. შემიძლია გითხრათ, რომ სულაც არ არის მკაცრი. ყოველთვის დისციპლინას მოითხოვს და მართალიცაა. თეატრში დისციპლინა აუცილებელია. თავის გუნდში ძალიან ბევრი ახალი მსახიობი მიიღო. ნინო ძალიან მომთხოვნია და არა – მკაცრი. ძალიან საინტერესო სანახავია, როგორ მუშაობს ნინო თავის დასთან ერთად. ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს. იქამდე არ ანებებს თავს, სანამ იმ შედეგს არ მიიღებს, რაც მას უნდა. ალბათ სწორედ ამის შედეგია, რომ მათი პროფესიონალური დონე საოცრად ამაღლდა. ხშირად დადიან გასტროლებზე. ახლახან ნინო იტალიაში დააჯილდოვეს. ამ ადამიანით ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს, ნამდვილი ვარსკვლავია. საკუთარ თავზე თვითონაც ძალიან ბევრს მუშაობს.

– თქვენ ხორცს ასხამთ მხატვრების ესკიზებს. ადვილია სხვისი იდეების განხორციელება?

– მხატვარი დეტალებში მიხსნის, როგორი კოსტიუმი უნდა. როცა კოსტიუმებს დასრულებულ სახეს ვაძლევ, მხატვარი აუცილებლად ნახულობს. მხოლოდ მაშინ მაქვს უფლება, კოსტიუმები კოსტიუმერებს გადავცე. არტისტების აქსესუარებსა და ფეხსაცმელებზეც მე ვზრუნავ. ვოკალისტებს ფეხსაცმელზეც გართულება აქვთ. ცოტა მაღალძირიანები უყვართ. მეუბნებიან, ისეთი შეაკერვინე, რომ უკან არ ვიყოთ გადაქანებულიო. ერთხელ პაატა ბურჭულაძემაც მთხოვა, ჩემს კოსტიუმს ბეწვი არსად ჰქონდესო. რა თქმა უნდა, მათ თხოვნებს ვითვალისწინებ. ყველას თავისებური ხასიათი აქვს. ზოგს არ უყვარს, როცა სპექტაკლის შემდეგ პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩუქნიან. ერთხელ მაყვალა ქასრაშვილი იყო ჩამოსული. მან ითხოვა, ყვავილები არავინ შემომიტანოსო. ზოგს არ უყვარს, როცა მის გვერდით მყოფს სუნამო ასხია. უმეტესობას კი ზედმეტი კითხვები არ უყვარს. ძალიან უცნაური და რთული მსახიობები გვყავს.

– ყველაზე რთული კოსტიუმები რომელ სპექტაკლშია?

– ბოლოს "ატილა" გავაკეთეთ. ამ სპექტაკლისთვის 3 თვეში 250–მდე კოსტიუმი უნდა შეგვეკერა. ძალიან ვიწვალეთ. სოლისტებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ძვირფასი კოსტიუმები იკერება. მომღერლებისთვის ძალიან მარტივი, ბალახონის თავისუფალ კაბებს ვკერავთ. ერთ კოსტიუმში შეიძლება დაგვჭირდეს აპლიკაცია, მოხატვა, თვლები, კარკასი... რთული სამუშაო გვაქვს მაშინაც, როცა ძველ სპექტაკლებს თანამედროვედ ვაკეთებთ. წლების წინ "კარმენი" დავდგით. ამ სპექტაკლში მსახიობები ორ მოქმედებაში თანამედროვე კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი. მესამე მოქმედებაში ესპანური კაბები ეცვათ.

ჩვენს თეატრს ერთი პლუსი აქვს – ძალიან კარგი მაყურებელი გვყავს. ჩვენთან მხოლოდ ისინი დადიან, ვისაც ძალიან უყვარს ოპერა, ბალეტი. ახლა ყველას ძალიან გვიჭირს, რომ შენობა დახურულია. კოსტიუმების სხვადასხვა ადგილას წაღებ–წამოღება გვიწევს.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, როცა გასტროლიორი ჩამოდის, კოსტიუმებს თქვენ ახვედრებთ.

– ხანდახან თავიანთი კოსტიუმებით ჩამოდიან, მაგრამ ხანდახან, სანამ გასტროლიორი ჩამოვა, გვიგზავნის ესკიზს, რომელზეც მისი ყველა ზომაა მითითებული. მის ჩამოსვლამდე კოსტიუმს სრულყოფილ სახეს ვაძლევთ.

ქეთი დინოშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online