asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დედობასაც სწავლა უნდა!
დედობასაც სწავლა უნდა!
დედობასაც სწავლა უნდა!

2011-05-12 15:45:35



თუ საკუთარ დედობაზე ან მამობაზე ილუზიებს არ ქმნით, გადაჭარბებულად არ ხართ შეწუხებული შვილების აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემებით და არც ცდილობთ, იყოთ იდეალური დედა ან სრულყოფილი მამა, მაშინ შეკითხვაზე, რამდენად კარგი მშობლები ხართ, ნამდვილად იმსახურებთ დადებით შეფასებას.

როცა მშობლები საკუთარი შვილების შესახებ ლაპარაკს იწყებენ, რატომღაც ძირითადად პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. ნებისმიერ მშობელს შვილებზე საწუწუნო საკმარისზე მეტი აქვს და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში პატარების ასაკს. თუ დედიკოსა და შვილის ურთიერთობაში მოცემულ ეტაპზე თითქმის ყველაფერი წესრიგშია, მაშინ დედები სამომავლო პრობლემებზე წუხან წინასწარ. ასეთი მიდგომები უარყოფითად აისახება ბავშვებზე. ამაზე მშობლები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რათა არ დააზარალონ საკუთარი შვილები.

მაინც რა ტიპურ შეცდომებს უშვებენ მშობლები?

ზედმეტი ნერვიულობა და ფორიაქი

უსაფუძვლო ნერვიულობა და ფორიაქი არაფრისმომტანია. მომავალი დედიკო ნერვიულობას ჯერ კიდევ პატარას დაბადებამდე იწყებს, განსაკუთრებით – ორსულობის ბოლო თვეებში.

ეს ნეგატიური მუხტი ბუნებრივად გადაეცემა შვილსაც, რაც ერთობ ხელისშემშლელია მშვიდი ცხოვრებისათვის. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ნერვიულობისა და ღელვის გამო გაუმართლებელია, შვილს თამაში და გართობა დავუშალოთ. მაგალითად, არ შეიძლება პატარას უარი ვუთხრათ ქვიშაში თამაშზე იმის გამო, რომ იქ უამრავი ბაქტერიაა და ეს შეიძლება სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის. თუ ყველაფერს ამ კუთხიდან შევხედავთ, შვილებს არ მივცემთ საშუალებას, ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ, პატარა ასაკიდანვე ისწავლონ თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა, საერთო ენის გამონახვა და ა.შ.

პირველ რიგში, შვილებს თავისუფლებას ვუზღუდავთ, არ ვაძლევთ საშუალებას, საკუთარი ინტერესები და სურვილები გამოხატონ. გარდა ამისა, როცა პატარა მუდმივად განერვიულებულ და აფორიაქებულ მშობელს უყურებს, მას გარკვეული შიშები და კომპლექსები უყალიბდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საჭიროა მშობელმა უფრო მეტი იფიქროს საკუთარ ქმედებებზე.

შეცდომებზე სწავლა

შეცდომების გამოსწორება არასოდესაა გვიანი. პირველ რიგში, დაუშვებელია ყველაფერზე ნერვიულობა. არ შეიძლება მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრება! შვილებს სწორად უნდა განუმარტოთ, რის გამო ნერვიულობს დედიკო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გააზვიადოთ რეალური სურათი. ნებისმიერ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ შვილი უსაფრთხოებას სწორედ მშობლისგან სწავლობს და თუ ის მუდმივად დაძაბულ, განერვიულებულ, აფორიაქებულ დედ–მამას უყურებს, ბუნებრივია, თავადაც ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე გაიზრდება.

ხშირად მიეცით უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები. დარწმუნებული იყავით, ის ყველაფერს გააკეთებს, იმაზე მეტსაც კი, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ.

საინტერესოა ერთი საკითხიც – საიდან სწავლობენ მშობლები შვილებთან ურთიერთობას. ერთ–ერთმა ბრიტანულმა გავლენიანმა ჟურნალმა ამ საკითხზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა და რამდენიმე ასეული ახალგაზრდა მშობელი გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას შვილის აღზრდის შესახებ წარმოდგენა ექმნება რეკლამებიდან (45%), დაახლოებით 30% სპეციალური ჟურნალებიდან სწავლობს, ახალგაზრდა დედიკოების მხოლოდ 17%–ს აქვს ბავშვებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება. სწორედ ამიტომაც არის, რომ ხშირად ახალბედა მშობლები მოლოდინს ვერ ამართლებენ.

რეალურ ცხოვრებაში ბავშვები იმაზე მეტს ტირიან, ვიდრე ამას წარმოიდგენთ, იმაზე ნაკლები სძინავთ, ვიდრე უნდა ეძინოთ, ნაკლებად დამჯერები არიან, ვიდრე უნდა იყვნენ და ა.შ. მოკლედ, ხშირად ყველაფერი ისე სულაც არ არის, როგორც გვინდა, რომ იყოს, ან გვეგონა, რომ იქნებოდა, ანუ ისე, როგორც ლამაზ რეკლამებშია. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მშობლების დაბნეულობა და ნერვიულობა. ყველაფერს თუ გამოუცდელობაც ემატება, შვილებთან უკვე სერიოზული პრობლემები იჩენს თავს, განსაკუთრებით მათი სიცოცხლის პირველ თვეებში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველ მესამე მოზარდს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება და ამის მიზეზი ბავშვობაში მიღებული ტრავმებია.

გსურთ, იდეალური მშობელი იყოთ? ეს არასწორი დამოკიდებულებაა და დედიკოებისთვის ყველაზე მეტად ხელისშემშლელი. ყველა დედა გულის სიღრმეში ნერვიულობს და უნდა, კარგი დედა იყოს. პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოთ განსჯა, თუ ვინ როგორი დედაა, ვინ უკეთესია, ვინ – უარესი და რატომ. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც დედიკოებს მორალურად ღლით და არ აძლევთ საკუთარი შვილების სიხარულისა და ბედნიერების რეალურად განცდის საშუალებას. იმისათვის, რომ კარგები იყვნენ, ხშირად უაზროდ და უშედეგოდ ხარჯავენ ფულს, არიან მუდმივად დაძაბულები, განერვიულებულები და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ გაბედოს თქმა, რომ ის ცუდი დედაა!

ამგვარი მიდგომა არასწორია. იყავით უბრალოდ დედა. ისწავლეთ საკუთარი შვილის ნდობა. მეტი პასუხისმგებლობით მიუდექით ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ შვილს. რაც უფრო მშვიდად და გააზრებულად მოიქცევით, მით უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ შვილის აღზრდაში. გახსოვდეთ, რაც უფრო დარწმუნებულია დედიკო საკუთარ თავში და რაც უფრო მშვიდია, მით უკეთესად გამოუვა დედობა!

მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online