asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სუვა – აღმოსავლეთის უკიდურესი წერტილი
წყალქვეშა სასტუმროების ქალაქი
სუვა – აღმოსავლეთის უკიდურესი წერტილი

2011-05-12 15:45:35



სუვა – წყნარ ოკეანეში არსებულ კუნძულ ფიჯის დედაქალაქი, ამავდროულად ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. როდესაც ამ ეგზოტიკურ ქალაქში მოგზაურობთ, შეიძლება ითქვას, დრო ჩერდება და რეალობა სადღაც ქრება. პირველი შთაბეჭდილება, რასაც იქ ჩასული მიიღებთ, სიცხე და მტვერია. დარწმუნებული იყავით, რომ ამ ქალაქში მოგზაურობისას სულ სხვა განზომილებაში აღმოჩნდებით.

კლიმატი

სუვასათვის ტროპიკული კლიმატია დამახასიათებელი. ქალაქში სამოგზაუროდ შესანიშნავი პერიოდი მარტიდან ნოემბრის დასაწყისამდეა. ამ დროს მაქსიმალური ტემპერატურა 26–31 გრადუსია.

სუვაში ზამთარი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვაა, როგორც სეზონი – არ არსებობს. ზაფხული მშრალი და ისეთი ცხელია, რომ გარეთ გასვლა უბრალოდ შეუძლებელია. წვიმიანი ამინდები კი ნოემბრიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება.

ენა

დედაქალაქის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის, ოფიციალური ენა ინგლისურია. მის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული ფიჯის ენაა.

დამწერლობისათვის რომაულ ანბანს იყენებენ. დიალექტებიდან კი ყველაზე მეტად ფანტონურია გავრცელებული.

ფული

კუნძულოვანი სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას ფიჯის დოლარი წარმოადგენს. ტურისტები ძირითადად ამერიკული დოლარებით ან ევროთი სარგებლობენ, რომლებზეც ქალაქში შეზღუდვა თითქმის არ არსებობს. ერთი ამერიკული დოლარი – 1,5–ის, ხოლო ერთი ევრო 3,2 ფიჯის დოლარის ეკვივალენტია.



გაითვალისწინეთ, რომ რესტორნებსა და სასტუმროებში ხელის ქირის დატოვება მიღებული არ არის. მის ნაცვლად მომსახურე პერსონალს უნდა გაუღიმოთ ან უთხრათ "ვინავას", რაც გამარჯობას ნიშნავს.

გადაადგილება

სუვაში მოხვედრა თვითმფრინავით ან გემითაა შესაძლებელი. საერთაშორისო აეროპორტი დედაქალაქიდან 23 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო ნავსადგურები ქალაქში მრავლადაა. შიდა გადაადგილებისათვის ყველაზე სწრაფი, კომფორტული, მაგრამ ყველაზე ძვირი საშუალება იახტაა. მისი ფასი 50 ფიჯის დოლარიდან იწყება.

იახტის შემდეგ, ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ავტობუსია, მაგრამ ამ ტრანსპორტით სარგებლობას მხოლოდ მშრალ ამინდში შეძლებთ, რადგან მგზავრთა უსაფრთხოებისათვის ცუდ ამინდებში რეისების შესრულება, კანონით, კატეგორიულად იკრძალება.

მანქანის დაქირავება ყველაზე სანდო სააგენტო "ავისში" შეგიძლიათ, რომელიც 24 საათი ფუნქციონირებს. ყველაზე უბრალო მოდელის მანქანის დაქირავება 125 ფიჯის დოლარი დაგიჯდებათ. ავტომობილების დაქირავება მხოლოდ 21 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაა ნებადართული.

სამზარეულო

ფიჯის ეროვნული სამზარეულო ინდურისა და ჩინურის ნარევს წარმოადგენს. ტრადიციული კერძები ძირითადად ბოსტნეულითა და ეგზოტიკური ხილით მზადდება. მათ შემდეგ ყველაზე პოპულარულია გარეული ღორის ხორცი და ზღვის პროდუქტები.

საშუალო დონის რესტორნებში კარგად დანაყრებას 18–25 ფიჯის დოლარად შეძლებთ. სწრაფი კვების ობიექტები ყოველ ნაბიჯზეა. იქ მომზადებული ჰოთ დოგი მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული.

ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია პრაუნ ტემპურა და ტირამუსუდელ გონდოლიერე. ორივე მათგანი სხვადასხვანაირი ბოსტნეულით მზადდება. მათი დაგემოვნება ყველგან შეგიძლიათ, თანაც 15 ფიჯის დოლარად.

ქალაქში ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, გავრცელებულია საჭმლის მომზადების წესი ლოვო, რომლის მიხედვით ნებისმიერი სახის კერძს გავარვარებულ ქვებზე აკეთებენ. სუვაში ვერასოდეს იტყვით უარს, დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტებით მომზადებული კერძები, განსაკუთრებით კი სალმონე ალ კორნეზე, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ორაგულია.

ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე პოპულარულია ნარკოტიკული სასმელი კავა, რომელსაც აუცილებლად წყალს ურევენ, სხვაგვარად მისი დალევის შემთხვევაში ფეხზე ვერ დადგებით. კავას შემდეგ პირველ ადგილზეა ლუდი, რომლის ერთი კათხა 4 ფიჯის დოლარი ღირს.

ღირსშესანიშნაობები

სუვა არის ქალაქი, სადაც ერთმანეთს რადიკალურად განსხვავებული კულტურები ერწყმის. დედაქალაქში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტული ბაზების შექმნას. პალმებით გარშემორტყმული მრავალკილომეტრიანი ქვიშის პლაჟების, ულამაზესი წყნარი ყურეების, მარჯნის რიფების, საოცარი პეიზაჟების დათვალიერება სპეციალური, გამჭვირვალე ფსკერიანი კატერებითაა შესაძლებელი. ყველაფერმა ამან სუვა ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ საკურორტო ცენტრად აქცია წყნარ ოკეანეში.

ცნობილი ფაქტია, რომ სუვა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს განაპირას მდებარეობს, თარიღთა ცვლის საერთაშორისო ხაზთან, 180 გრადუსიან მერიდიანთან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ქალაქი მსოფლიოში პირველი ხვდება მზის ამოსვლას.

ქალაქს ტიპური, ტროპიკებისათვის დამახასიათებელი იერი აქვს. ყველგან ნაყოფით დახუნძლული ქოქოსის პალმები მოჩანს. დეკორატიული მცენარეებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ჩინური ვარდი.

კულტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ფიჯის ეროვნული მუზეუმი. თავისი არქიტექტურით კი შენობებს შორის პრეზიდენტის სასახლე გამოირჩევა.

მცხუნვარე მზისგან თავის დასაღწევად გირჩევთ, ალბერტ პარკს მიაშუროთ.

ადგილობრივ მცხოვრებთა გარეგნობა თავისებურია. სახეები მუქი და ფართო აქვთ. განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს მათი თმა – ქუდისმაგვარი, ფუმფულა, შავი, ხუჭუჭა ზვინი. ქალებს და მამაკაცებს ერთნაირი ვარცხნილობა აქვთ. ნებისმიერი თანამდებობის ფიჯელი მამაკაცი შარვლის ნაცვლად ქვედატანს ატარებს.

სუვაში სასტუმროების ფასი 18 ფიჯის დოლარიდან იწყება და 150–მდე ადის. ფიჯის დედაქალაქი წყალქვეშა სასტუმროებით არის ცნობილი. მაგალითად, ასეთი სასტუმრო, სახელწოდებით "იდუმალი კუნძული პოსეიდონი", 100 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშენებული და 12 მეტრის სიღრმეშია განთავსებული. მასში ერთი ღამის გათენება ძალიან იძვირი სიამოვნებაა – 1500 ამერიკული დოლარი ღირს.

სიფრთხილის ზომები

პირველი, რაც სუვაში უნდა გამოიჩინოთ, ადგილობრივებისადმი სითბო და პატივისცემაა. სხვაგვარად იქაურებისაგან კარგს არაფერს ელოდეთ. მზისგან დამცავი საშუალებების წაღებაც არ უნდა დაგავიწყდეთ, თორემ შეიძლება სერიოზული დამწვრობა მიიღოთ.

კრიმინალური თვალსაზრისით, სუვა საშიში ქალაქია. საღამოხანს გარეთ მარტო სიარული საშიშია. ტაქსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლს არავითარ შემთხვევაში მისცეთ გზაში სხვა მგზავრის ჩასმის უფლება!

უბის წიგნაკი

სახელმწიფო – ფიჯის კუნძულების რესპუბლიკა;

დედაქალაქი – სუვა;

ფართობი – 2.048 კვ.კმ;

მოსახლეობა – 86.271;

ენა – ინგლისური;

ვალუტა – ფიჯის დოლარი.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online