asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ულან ბატორი – მონღოლეთის გული
მოგზაურობა ჩინგიზ ყაენის სამშობლოში
ულან ბატორი – მონღოლეთის გული

2011-05-06 16:51:26



ულან ბატორი ცენტრალური აზიის ერთ–ერთი უდიდესი ქვეყნის, მონღოლეთის დედაქალაქი გახლავთ. მოსაზღვრე ქვეყნები, რუსეთი და ჩინეთი, ამ ქვეყნისა თუ ქალაქის კულტურაზე ოდითგანვე დიდ გავლენას ახდენდნენ. ასე რომ, ულან ბატორში ჩასული ტურისტები არამხოლოდ ქალაქის, არამედ მეზობელი ქვეყნების კულტურასაც საფუძვლიანად გაეცნობიან.

დედაქალაქის მოსახლეობის 90 პროცენტი მონღოლია, უმცირესობას წარმოადგენენ ბურიატები და ყაზახები.

კლიმატი

ულან ბატორში მშრალი ჰავაა. მოკლე, ზომიერი ზაფხული მაისში იწყება და სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება. ქალაქში ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, გრძელი და ცივი ზამთარი იცის. ამ დროს საშუალო ტემპერატურა –26 გრადუსია. ზაფხულში ჰაერი 16 გრადუსამდე თბება. წვიმები საკმაოდ ხშირია და წყალდიდობებსაც იწვევს.

დასასვენებლად და ქალაქის დასათვალიერებლად ყველაზე სასიამოვნო თვეები ივლისი და აგვისტოა. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქში ძლიერი თუ არა, სუსტი ქარი ყოველთვისაა.

რელიგია

ულან ბატორში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, დომინანტი რელიგია ბუდიზმია. ბუდისტები მოსახლეობის 55 პროცენტს შეადგენენ. 40 პროცენტი ათეისტია და რელიგია არ გააჩნია. 6 პროცენტი შამანისტი და ქრისტიანია, ხოლო დანარჩენები ისლამისტები არიან.

ენა

უძველესი დროიდან მოყოლებული, მონღოლური ქვეყნის ოფიციალური ენაა და ერთადერთ ენადაც ითვლება. დედაქალაქშიც და სხვაგანაც უამრავ დიალექტს შეხვდებით, რომლებიც ზოგჯერ თავად მონღოლებისთვისაცაა გაუგებარი. ტურისტულ ადგილებში ყველაზე პოპულარული რუსული და ჩინურია. ამ ენებზე ადგილობრივების თითქმის 90 პროცენტი ლაპარაკობს.

მონღოლები ასევე თავისუფლად ფლობენ კორეულსაც, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სეზონურად სწორედ კორეაში მუშაობს. ახალგაზრდებში განსაკუთრებულად პოპულარულია ინგლისური და იაპონური ენები. ასე რომ, თუ ჩამოთვლილი ენებიდან რომელიმე მაინც იცით, ენობრივი ბარიერი არ გემუქრებათ.

ფული

მონღოლების ეროვნულ ვალუტას ტუგრიკი წარმოადგენს. აზიის სხვა ქალაქებთან შედარებით აქ ნებისმიერი სახის მომსახურება საკმაოდ იაფია. ეროვნული ვალუტის გარდა ამერიკული დოლარის გამოყენებასაც თავისუფლად შეძლებთ. თუ რესტორნის ან სასტუმროს მომსახურე პერსონალმა მაინცდამაინც ტუგრიკი მოგთხოვათ, არც ესაა პრობლემა, რადგან ყოველ ნაბიჯზე გადასახურდავებელი პუნქტებია, რომლებიც 24 საათი მუშაობენ. 1 დოლარი 1,175 ტუგრიკის ტოლფასია.

გადაადგილება

ულან ბატორში მოხვედრა მრავალი სატრანსპორტო საშუალებით შეგიძლიათ. იქ არის საავტომობილო ტრასა, აგრეთვე რკინიგზა და საჰაერო ტრანსპორტი. ჩინგის ყაენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. რეისები ძირითადად რუსეთიდან, ჩინეთიდან, ბერლინიდან და ფრანკფურტიდან სრულდება. ბილეთის ღირებულება 300 დოლარიდან იწყება.

საშუალო შესაძლებლობის ტურისტებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი მაინც მატარებლით მგზავრობაა. თუ ულან ბატორში მოსკოვიდან ჩინეთის გავლით მიემგზავრებით, დანიშნულების ადგილამდე დაახლოებით 26 საათში ჩახვალთ. ბილეთის ფასი 70 დოლარია.

რაც შეეხება ქალაქის შიგნით გადაადგილებას, ყველაზე პოპულარული ტაქსია. ის ძალიან იაფი და ამავდროულად ყველაზე უსაფრთხოა. 1 კილომეტრის ღირებულება 300–600 ტუგრიკამდე მერყეობს. ავტობუსების ფასი 300 ტუგრიკია. ტროლეიბუსები 200 ტუგრიკი ღირს, რადგან გაცილებით ნელა და იშვიათად დადიან. ე.წ. მიკროავტობუსებით მგზავრობა 300–500 ტუგრიკამდე დაგიჯდებათ.

გახსოვდეთ, საგზაო წესების დარღვევისათვის საკმაოდ დიდი ჯარიმებია დაწესებული.

სამზარეულო

მონღოლური სამზარეულო ჩინური, რუსული, ინდური და იაპონური სამზარეულოების სინთეზია. შესაბამისად, ამ ქვეყნების რესტორნები ქალაქში საკმაოდ მრავლადაა. ყოველი მეორე ქუჩის ბოლოს არის "განცის" ქსელის რესტორნები, სადაც 3000–3500 ტუგრიკად კარგად დანაყრდებით და მონღოლების საყვარელ ჩაისაც მოგართმევენ.

ტრადიციული მონღოლური კერძები ძირითადად ცხვრის ხორცითა და ბოსტნეულით მზადდება. გამორჩეულია ბუუზი, რომელიც რუსული პელმენების მსგავსია. მისი დაგემოვნება მხოლოდ 60 ცენტი დაგიჯდებათ. მონღოლები რძის პროდუქტებს აღმერთებენ. რა სახის რესტორანშიც უნდა შეხვიდეთ, ყველგან გაგიმასპინძლდებიან რძიანი ჩაის ნარევით.

მიუხედავად იმისა, რომ თევზის ქვეყანაში ცხოვრობენ, მონღოლები თევზს არ ეკარებიან. თუ სტუმართმოყვარე მონღოლებმა სახლში ჩაიზე მიგიწვიეს, რომელსაც აუცილებლად აქლემის ყველთან ერთად მოგართმევენ, უარს ნუ იტყვით, რადგან ამას უზრდელობაში ჩამოგართმევენ.

ულან ბატორში ყველაზე პოპულარული ჩინგის ყაენის ქსელის რესტორნებია, სადაც განუმეორებელ ეროვნულ ქაბაბსა და შორლოგს დააგემოვნებთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონღოლებს ძალიან უყვართ წვნიანი კერძები. რაც შეეხება ალკოჰოლს, ლუდი და არაყი პირველია. ტურისტები იქაურობას ისე არ ტოვებენ, ადგილობრივ ლუდს გემო რომ არ გაუსინჯონ.

ღირსშესანიშნაობები

ულან ბატორს მონღოლეთის გულს ეძახიან. ის, ისევე როგორც მთელი მონღოლეთი, ულამაზესი ბუნებითა და სტუმართმოყვარეობითაა ცნობილი. დედაქალაქში ისტორიული მუზეუმებიდან დაწყებული, სადაც დინოზავრების ფიტულებს ნახავთ, ეროვნული ხელოვნების გალერეით დასრულებული, უამრავი რამის ნახვა შეგიძლიათ.

ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი ულან ბატორის დათვალიერებას რატომღაც ქრისტიანული ეკლესიით იწყებს. მათი შემდგომი მარშრუტი ბუდისტური მონასტერია, რომელიც თავისი არქიტექტურით ქალაქში ყველაზე გამორჩეული შენობაა. ასევე ძალიან ნასიამოვნები დარჩებით, თუ ვარდისფერი ტუფით მოპირკეთებულ თანამედროვე შენობებს დაათვალიერებთ.

თუ ულან ბატორს ივლისში ესტუმრებით, გირჩევთ, ქვეყნის ძირითადი ფესტივალის, ნაადამის ნახვის გარეშე იქაურობა არ დატოვოთ. ნაადამი შედგება სამი ტრადიციული სპორტისგან – მშვილდოსნობა, ჯირითი და ჭიდაობა. ამ ფესტივალით ადგილობრივები პატივს მიაგებენ ნაციონალურ–დემოკრატიულ რევოლუციას.

ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს პარკი ბეინზენგი, სადაც მოკაშკაშე კლდეები მზის ჩასვლასთან ერთად მუქდება.

კულტურული გართობის წყარო, ოპერის გარდა, თეატრიცაა, სადაც ბილეთის ფასი 6 დოლარიდან იწყება.

რაც შეეხება სასტუმროებს, ისინი ნებისმიერი შესაძლებლობისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. მათი ღირებულდება 3 ათასი ტუგრიკიდან იწყება. ხოლო თავიანთი უცნაური სახლების ოთახებს მონღოლები 2.500 ტუგრიკად აქირავებენ.

სიფრთხილის ზომები

ულან ბატორი ნაკლებად კრიმინალური ქალაქია. ძირითად საშიშროებას ჯიბის ქურდები წარმოადგენენ. უმეტესწილად არეულობების მიზეზი გერმანელი ტურისტები ხდებიან.

დაიმახსოვრეთ, რომ მონღოლების მიერ გამოწვდილი საჭმელი, საჩუქარი თუ წყალი მარჯვენა ხელით უნდა გამოართვათ.

ქალაქში უამრავი ეპიდემიაა გავრცელებული, ამიტომ გირჩევთ, იქ გამგზავრებამდე სპეციალური აცრები ჩაიტაროთ.

როდესაც სახლში მიგიპატიჟებენ, არ გაბედოთ ქუდის მოხდა, მონასტერში კი აუცილებლად მოიხადეთ. ქუდისთვის ხელის ხლება, მით უმეტეს, ქალისთვის, არ შეიძლება.

მონღოლებს ძალიან უყვართ რუსები, ჩინელებთან ურთიერთობა კი არ სიამოვნებთ. ადგილობრივებს ძალიან გაახარებთ, თუ მათ ენაზე რამდენიმე სიტყვას ეტყვით.

უბის წიგნაკი

ქვეყანა – მონღოლეთი;

დედაქალაქი – ულან ბატორი;

ფართობი – 47.044 კვ.კმ;

მოსახლეობა – 1.044.500;

ენა – მონღოლური;

ფული – ტუგრიკი.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online