asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საჩუქარი – ყველას თავისი
საჩუქარი – ყველას თავისი
საჩუქარი – ყველას თავისი

2011-05-06 16:51:26



ასაკის, სქესისა და მატერიალური მდგომარეობის განურჩევლად, საჩუქარი ყველას გვიყვარს, თუმცა მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვაქვს. ყოველ ჩვენგანს შერჩევის, ჩუქებისა და მიღების საკუთარი წესი გვაქვს. ამის გათვალისწინება აუცილებელია, რათა საჩუქარმა ნამდვილი სიამოვნება მოგვანიჭოს.

საუკეთესო საჩუქარი – თავად ვარ

ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, მეტად თავდაჯერებულია და თავს დიდ პატივს სცემს. მტკიცედ სწამს, რომ მისი გამოჩენაც კი გარშემომყოფებისათვის უკვე ბედნიერებაა. თავი მუდამ ამაყად უჭირავს (სიმაღლის მიუხედავად) და ყველას ზემოდან დაჰყურებს. ძალიან კარგ საჩუქრებს უძღვნის მათ, ვისთანაც ურთიერთობა აინტერესებს. სხვა შემთხვევებში მისი სახსოვარი ფორმალური ან მეტად მოკრძალებულია, მაგრამ ამაში ისეთ აზრს ჩადებს, თითქოს ყველაზე ძვირფასით დაასაჩუქრა: "ისე მონდომებით ვეძებდი, იმდენი ვარჩიე, რომ ამაზე უკეთესი ვერაფერი ვიპოვე". შეუძლია დედას იუბილეზე უბრალო თაიგული მიართვას და უთხრას: "გახსოვს, ბავშვობაში გზის პირზე ამ ყვავილებს რომ ვკრეფდით? ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებაა".

რა ვაჩუქოთ? საჩუქრების მიღება უყვარს, მაგრამ კმაყოფილი იშვიათად რჩება. თქვენ ხომ ისე კარგად ვერ ერკვევით საჩუქრებში, როგორც ის! თქვენი ნობათი თუ არ მოეწონა, ამას ღიად არ იტყვის, მაგრამ მიგანიშნებთ. მაგალითად, ოდნავ გახსნილ საჩუქარს მაგიდის უჯრაში ჩადებს, ან ისე იხუმრებს, მიხვდებით, რამდენად შეუფერებელი რამ მიართვით. ამიტომ ჯობს, ჰკითხოთ, რა სურს, ან წუნდაუდებელი საჩუქარი შეარჩიეთ.

მთავარია არა საჩუქარი, არამედ ყურადღება

ამ ფრაზას ხშირად წარმოვთქვამთ, თუმცა განსაკუთრებულ აზრს არ ვანიჭებთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ. სინამდვილეში მათ ყურადღება აკლიათ, თუმცა ეს შეიძლება შესამჩნევი არც იყოს. მაგალითად, ადამიანს აქვს სამუშაო, ოჯახი, ჰყავს მეგობრები და მაინც თვლის, რომ ყურადღება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ადამიანს ყურადღების დეფიციტის შეგრძნება ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. ურთიერთობის გამო ძალიან წუხს, ეშინია, არ დაკარგოს ის, რაც აქვს. საჩუქარს ყოველთვის გულმოდგინედ არჩევს და შეუძლია ამაზე დიდი თანხაც კი დახარჯოს. ეს ყურადღების ყიდვის, მეგობრული მდგომარეობის შენარჩუნების მცდელობაა. თავის საჩუქრებზე ნაცნობებს სიამოვნებით უყვება და "გამოფენას" აწყობს. ყველა სამახსოვრო ნივთს თვალსაჩინო ადგილას დებს, მაგალითად, წიგნის თაროზე და დროდადრო ათვალიერებს. თუ რომელიმე ახლობელთან ურთიერთობა გაუფუჭდება, მის საჩუქრებს არასდროს გადააგდებს (მაშინაც კი, თუ ისინი ცუდ მოგონებებს იწვევს).

რა ვაჩუქოთ? ასეთ ადამიანს ყველაფერი ახარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ნებისმიერი, თქვენთვის გამოუსადეგარი ნივთი აჩუქოთ. ნობათი მთელი სერიოზულობით შეარჩიეთ, ამაზე დროსა და ძალას ნუ დაიშურებთ. საბაბის გარეშე აჩუქეთ საყვარელი სამშვენისები, სასარგებლო წვრილმანები და არამატერიალური ხასიათის დახმარება ხშირად გაუწიეთ.

ოცნებას გაჩუქებ!

ამ ადამიანს შეუძლია მთელი წელი იმის გაგებაზე დახარჯოს, რაზე ოცნებობთ და ერთ მშვენიერ დღეს ბედნიერი გაგხადოთ. ამას ისე მოხერხებულად გააკეთებს, რომ საჩუქრის შესახებ პირდაპირ არასდროს გკითხავთ და არ გაიძულებთ, სურვილების სია ჩამოწეროთ. როდესაც მის სახსოვარს დაინახავთ, მაშინვე აღტაცებით წამოიძახებთ: "ოჰ, ღმერთო! სწორედ ამაზე ვოცნებობდი. როგორ მიხვდა?". იმისთვის, რომ თქვენი რეაქცია დაენახა, თავდაუზოგავად გაისარჯა. მას ხომ ძალიან უყვარს, ადამიანებს ასიამოვნოს. ეს ხასიათის განსაკუთრებული თვისებაა. მისი საჩუქრები შეიძლება იყოს განსხვავებული ფასის და მასშტაბის, მაგრამ პრინციპი "სხვას ასიამოვნოს" ყოველთვის დაცული იქნება.

რა ვაჩუქოთ? ნებისმიერი საჩუქარი გულწრფელად ახარებს. ყოველთვის აქებს, აღფრთოვანებას ვერ მალავს და უხერხულ მდგომარეობაში არასდროს ჩაგაგდებთ. ყოველნაირად ცდილობს, ისე გააკეთოს, რომ დამსაჩუქრებელმა უფრო მეტი სიხარული განიცადოს, ვიდრე თავად. თუ არაფერს აჩუქებენ, არც ამაზე განაწყენდება. აჩუქეთ, რაც გსურთ. პრაქტიკული საჩუქრები, მაგალითად, ოთახის ჩუსტებიც კი მასში მგზნებარე რეაქციას გამოიწვევს.

საჩუქრის ღირსება მის სარგებლიანობაშია

საჩუქარი ნივთია, ნივთი – ფული, ამიტომ საჭიროა გონივრულად დახარჯოთ. ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, ნობათის არჩევას მეტად პრაგმატულად უდგება. თავად ძებნას არ დაიწყებს. იკითხავს, რა გსურთ და სწორედ მას გიყიდით. შეიძლება მაღაზიაში ერთად წასვლაზე წინასწარ შეგითანხმდეთ ან უბრალოდ საჭირო თანხა მოგცეთ. ამ წესს ბავშვობიდან შეეჩვია. მშობლებმა ნივთისა და ფულის ფასი ასწავლეს. ასეთი სიტუაციის გამო უხერხულობას არ განიცდის, თუმცა სხვას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. თავისი საჩუქრების ღირებულების აღნუსხვას აწარმოებს და იმავე ღირებულების ნივთს გაჩუქებთ.

რა ვაჩუქოთ? არ ღირს ტვინის ჭყლეტა იმაზე, რა უძღვნათ. ისე მოიქეცით, როგორც თვითონ იქცევა. დაინტერესდით, დაბადების დღეზე რისი მიღება სურს. თუ ამას ვერ გაარკვევთ, მაშინ ფული ან რომელიმე მაღაზიის სასაჩუქრე სერტიფიკატი მიართვით.

საჩუქარი ზედმეტია

ზოგიერთ ადამიანს საჩუქრის მიმართ გაორებული დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ იცის, რომ ეს კარგია, მეორე მხრივ – დიდ დაძაბულობას განიცდის როგორც მიღების, ასევე ჩუქების დროს. ნობათის შერჩევა უჭირს და ყოველთვის ყოყმანობს: "თუ ძალიან ძვირფას ნივთს ვაჩუქებ, თავს ჩემს მოვალედ ჩათვლის. თუ იაფფასიანს – იფიქრებს, რომ სათანადოდ არ ვაფასებ". ასეთი მერყეობა არამხოლოდ საჩუქრებს, არამედ საერთოდ ყველაფერს ეხება, რაც ურთიერთობებში ემოციებთანაა დაკავშირებული. დაბადების დღე მისთვის წამებაა. მისი ნება რომ იყოს, ამ "საშინელ ტრადიციას" სიამოვნებით გააუქმებდა.

რა ვაჩუქოთ? კარგი იქნება, საჩუქრების მიმართ მისი დამოკიდებულება პოზიტიური კუთხით შეცვალოთ. თუ არაფერი გამოგივათ, ეცადეთ, ნაკლებად დაძაბოთ, არ აიძულოთ, საჩუქარი გახსნას, დაათვალიეროს. მიუტანეთ, დადეთ, უთხარით: "აი, ჩემი საჩუქარი". თუ მოითხოვს, მის დაბადების დღეზე საჩუქრის გარეშე მიხვიდეთ, მაშინ ტორტი ან კარგი სასმელი მიართვით.

მოამზადა აზა გაგოშიძემ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online