asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჩიანგ მაი – ჯუნგლებში სპილოზე ამხედრებული
ნამდვილი ტაილანდური ეგზოტიკა
ჩიანგ მაი – ჯუნგლებში სპილოზე ამხედრებული

2011-04-14 15:16:55



ტაილანდის ჩრდილოეთით, ბანგ კოკიდან 700 კილომეტრში, მდებარეობს ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი და მსოფლიოში განთქმული ჩიანგ მაი. ეს მხარე ძირეულად განსხვავდება გადატვირთული ბანგ კოკისა და ქვეყნის სხვა პოპულარული კურორტებისგან. რეგიონი თავისი სილამაზით განუმეორებელია, ამიტომ ნამდვილად იმსახურებს ტურისტთა ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ჩიანგ მაი მალე იუნესკო–ში მსოფლიოში ყველაზე კრეატიული ქალაქის სახელწოდებით შევა.

კლიმატი

ჩიანგ მაის კლიმატი ტროპიკულია. ქალაქში ძირითადად ორი სეზონია – წვიმიანი და მშრალი. წვიმები ივნისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გასტანს. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. მშრალი სეზონი თებერვლიდან მაისის ბოლომდეა. აპრილი და მაისი წლის ყველაზე ცხელი თვეებია. ამ დროს ტემპერატურა 50 გრადუსამდეც ადის. ტურისტული სეზონისთვის ყველაზე სასურველი დრო ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდეა, როდესაც ქარი არ ქრის და ტენიანობაც დაბალია.

რელიგია

ჩიანგ მაიში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, სახელმწიფო რელიგიად ბუდიზმია გამოცხადებული. მოსახლეობის 94% ბუდისტია, 4% – მუსლიმი, ხოლო დარჩენილი 2% – ქრისტიანი. ადგილობრივ მცხოვრებლებში რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ფული

1982 წლიდან ქვეყნის ეროვნულ ვალუტას ბატი წარმოადგენს. მის გარდა ამერიკული დოლარის გამოყენებასაც თავისუფლად შეძლებთ. 1 ბატი 0,0293 ამერიკული დოლარის ტოლია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს კურორტზე ცხოვრება საგრძნობლად გაძვირდა. თუ ადრე ხელის ქირის დატოვება აუცილებელი არ იყო, ახლა ამას გვერდს ვერ აუვლით. ნებისმიერი სახის დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისათვის 10 პროცენტი მაინც უნდა გქონდეთ გადადებული.

გადაადგილება

ჩიანგ მაის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 3 კილომეტრში მდებარეობს და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებსაც ემსახურება. თვითმფრინავის ბილეთის ფასი 500 დოლარიდან იწყება. ეს, რა თქმა უნდა, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებიდან. აზიის ქვეყნებიდან კი ფრენა გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.

მეზობელი ქალაქებიდან, ძირითადად კი ბანგ კოკიდან, ჩიანგ მაის მიმართულებით ყოველდღიურად სრულდება მატარებლისა და ავტობუსის რეისები. ავტობუსზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბილეთის დაჯავშნა ერთი კვირით ადრე მოგიწევთ.

ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტული მგზავრობის იმედი არ გქონდეთ. თუ დანიშნულების ადგილზე დროზე მისვლა გსურთ, მაშინ ტაქსი იდეალური გამოსავალია.

ადგილობრივებისათვის ველოსიპედი შეუცვლელი ტრანსპორტია. ტურისტები მის დაქირავებას ავტომობილების დასაქირავებლად განკუთვნილ სააგენტოებშიც შეძლებენ. თუ ველოსიპედის დასაქირავებლად ფული არ გეყოთ, მაშინ სამთვლიანი ტრანსპორტით, ე.წ. ტუკ ტუკით იმგზავრეთ, რომლებიც საცობების შემთხვევაში საცალფეხო ბილიკებზეც გადაადგილდებიან. მგზავრობის ღირებულება მძღოლთან მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული.

დაბოლოს, ყველაზე უკეთესი – კურორტზე მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად სპილო შეუცვლელი საშუალებაა.

სამზარეულო

ტაილანდური სამზარეულო ძირითადად ცხარე კერძებისგან შედგება. მარილის ნაცვლად ხშირ შემთხვევაში თევზის ან სოიას სოუსს იყენებენ. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, მარილის მოთხოვნის შემთხვევაში თუ მაგიდაზე თევზის ან სოიას სოუსი მოგიტანეს.

ნაციონალურ კერძებს ქათმისა და ღორის ხორცით ამზადებენ. მათგან აღსანიშნავია ბუენგი და კრეპე. კერძებში ხშირად იყენებენ ბრინჯსა და მაკარონს. ნებისმიერ კაფე–ბარსა და რესტორანში ზღვის პროდუქტებსაც უხვად შემოგთავაზებენ.

ადგილობრივი მზარეულები საოცრად გემრიელი სანელებლებით ამზადებენ საჭმელს და თავიანთი ნახელავით ამაყობენ. თევზს ღია ცეცხლზე წვავენ. აზიის ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში ჭამა არცთუ ძვირი სიამოვნებაა.

სასმელებიდან ჩაი და ყავა ერთნაირად მოთხოვნადია. ალკოჰოლიდან კი ყველაზე პოპულარულია ლუდი.

ღირსშესანიშნაობები

ჩიანგ მაი საკმაოდ თანამედროვე ქალაქია, თუმცა ტრადიციული ტაილანდური შარმი მაინც შენარჩუნებული აქვს. თანამედროვე შენობებს შორის ძველებურ ბაზრობებსაც წააწყდებით. სხვათა შორის, თითქმის ყველა ხელოსანი, რომელსაც ბანგ კოკში შეხვდებით, წარმოშობით სწორედ ჩიანგ მაის რეგიონიდანაა. აქვე ცხოვრობენ ეგზოტიკური ტომები, მათ შორის, მსოფლიოში კარგად ცნობილი პადუანგის ტომის ქალები, რომლებიც კისერზე წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის რგოლებს ატარებენ.

ჩიანგ მაი განუმეორებელი ადგილია ჯუნგლების მოყვარულებისთვის. შეგიძლიათ ჯუნგლებში სპილოზე ამხედრებულმაც გაისეირნოთ.

ჩიანგ მაი განთქმულია მე–13 საუკუნის ისტორიული ტაძრებითა და კომპლექსებით. ე.წ. ბო სანგ–სან კამპენგის მხარე ცნობილია ქოლგებით, აბრეშუმისა და ბამბის ნაწარმით, ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობებით.

ქალაქი მთაგორიან ადგილზეა გაშენებული. ზაფხულში უზარმაზარი ხეების ჩრდილქვეშ არცთუ ისე ცხელა. კომფორტული დასვენების მოყვარულთათვის ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ფორ სიზონ რიზორტ ჩიანგი", რომელიც 12 წლის წინ გაიხსნა, იგი ბრინჯის მინდვრებითაა გარშემორტყმული. მის კომპლექსში 64 შესანიშნავი კორპუსია. სტუმრებს საშუალება აქვთ, ისიამოვნონ აუზით და ეწვიონ სპა–სალონს.

ჩიანგ მაიში უამრავი გასართობია – ღამის კლუბები, ფეშენებელური რესტორნები, ბარები, საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები, გალერეები, პარკები, საბილიარდო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, გოლფის მოედნები, სპორტული დარბაზები და სხვა.

ჩიანგ მაიდან დასავლეთით, 90 კმ–ის მოშორებით, მდებარეობს ტაილანდის უმაღლესი მწვერვალი დოი ინთხანონი.

უსაფრთხოების წესები

ჩიანგ მაიში კრიმინალი იშვიათობაა. გაითვალისწინეთ, რომ ტაილანდელებისათვის სპილო პატივსაცემი ცხოველია, მათთვის დღესასწაულებსაც კი აწყობენ, ამიტომ გირჩევთ, სპილოებს პატივისცემით მოეპყროთ და თუ მათზე ამხედრებას და გასეირნებას აპირებთ, სასუსნავი აუცილებლად მიუტანეთ. დაიმახსოვრეთ, რომ ადგილობრივებს უზრდელები სძულთ და პირდაპირ ფიზიკურ შეტევაზე გადადიან.

უბის წიგნაკი

ქვეყანა – ტაილანდი;

ქალაქი – ჩიანგ მაი;

ფართობი – 20.107.0 კვ.კმ;

მოსახლეობა – 1.649.457;

ვალუტა – ბატი;

ოფიციალური ენა – ტაილანდური.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სპილო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online