asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვის ნატრობს რობერტ სტურუა უცხოეთში ყოფნისას
ვის ნატრობს რობერტ სტურუა უცხოეთში ყოფნისას
ვის ნატრობს რობერტ სტურუა უცხოეთში ყოფნისას

2011-04-14 15:16:54



ისეთ რთულ პროფესიას, როგორიც გამნათებლობაა, რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარ–გამნათებელი გოჩა გიორგაძე უკვე 22 წელია შეჭიდებულია. ის სკოლის დამთავრებისთანავე თეატრში მივიდა და მას შემდეგ იქ მუშაობს. ყველა დეტალზე უხდება ყურადღების გამახვილება. არ უნდა გამორჩეს მსახიობების რეპლიკები, მათი სცენაზე შესვლა–გამოსვლა, მოძრაობა, მუსიკა... ეს კი ბევრ ენერგიასა და ჯაფას მოითხოვს. ზოგჯერ თეატრიდან ორი კვირის განმავლობაში ვერ გადის. ამბობს, ოჯახი რომ გვიან შევქმენი, ეს ჩემი საქმის ბრალიაო. ორი შვილი ჰყავს – 4 წლის საბა და 1 წლის ნინი. მეუღლე, ნათია წიკლაური, მარიონეტების თეატრის მმართველია. "მოკლედ, თეატრალური წყვილი ვართ", – ამბობს გოჩა გიორგაძე.

– ბატონო გოჩა, რა თვისებაა საჭირო თქვენი პროფესიის ადამიანისთვის?

– გამნათებლისთვის ყველაზე მთავარი კარგი ხედვა და მეხსიერებაა. როცა პიესას ვკითხულობთ, წარმოსახვაში უკვე ვიცით, როგორი განათება უნდა იყოს. მასობრივ სცენას სხვანაირი განათება სჭირდება, მონოლოგებს – განსხვავებული. ვცდილობთ, მაყურებელი არ დაიღალოს, ერთფეროვნებას გავექცეთ. გამნათებლისთვის ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი კოსტიუმი აცვია მსახიობს.

– კოსტიუმების ფერებს გულისხმობთ?

– დავუშვათ, მსახიობს აცვია თეთრი კოსტიუმი და ამ კოსტიუმზე ლურჯი მოსასხამი აქვს მოხურული. არ შეიძლება ამ დროს მას მწვანე შუქი მივანათოთ. შუქის სიძლიერე ზუსტად, პროცენტების მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, მსახიობებს რა ფერის სამკაულები უკეთიათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ხანდახან თეატრიდან 2 კვირის განმავლობაში არ გავდივართ. სწორედ ამიტომ მოვიყვანე ცოლი 33 წლის ასაკში. არასოდეს მრჩებოდა დრო, რომ პირადი ცხოვრება მომეწყო. საახალწლოდ სამი დღით ვისვენებდი, დრო ვიხელთე და 3 იანვარს ცოლი მოვიყვანე. მეორე დღეს კი უკვე თეატრში ვიყავი.

– რა მოთხოვნები აქვთ მსახიობებს თქვენთან?

– ბატონ ედიშერ მაღალაშვილს განათებული სცენა უყვარდა. საერთოდ ძველი თაობის მსახიობები კარგად განათებულ სცენას ანიჭებდნენ უპირატესობას. ახლა ძირითადად წერტილოვან განათებას ვიყენებთ. ყველანი ადამიანები ვართ, შეიძლება ვიღაცას რაღაც პრეტენზია გაუჩნდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გვარდება. ერთმა მსახიობმა, რომელიც ახალი მოსული იყო თეატრში და ერთ სპექტაკლში ითამაშა, პრეტენზია წამომიყენა, მე იმ სცენაში განათებული არ ვიყავიო. ვკითხე, სხვა მსახიობი ხომ იყო განათებული–მეთქი. კიო, მიპასუხა. ვუთხარი, ჰოდა, შენც უნდა გადაიხადო ყველა სპექტაკლში ფული ან რესტორანი იკისრო და განათებული იქნები–მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვუთხარი. თავიდან მსგავსი სიტუაციები ხშირია ხოლმე. შემდეგ მსახიობები ერკვევიან ყველაფერში და პრეტენზიებიც აღარ აქვთ. ჩვენც მსახიობებთან ერთად ვთამაშობთ, ყველა პროცესში ბოლომდე ვართ ჩართული. მაგალითად, როცა მსახიობი მაღლა სწევს ხელს, ჩვენ განათებით ნელ–ნელა მისი ხელის მოძრაობას მივყვებით...

– იმდენად რთული სამუშაო გაქვთ, რომ ალბათ შეცდომებისგან დაზღვეული არ იქნებით. რა გახსენდებათ ყველაზე რთულად ამ 22 წლის განმავლობაში?

– შეცდომებიც ყოფილა და იმპროვიზაციებიც. ისეც მომხდარა, რომ პრემიერა ისე გვითამაშაია, სპექტაკლი ნანახიც არ მქონია. "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი"–ს პრემიერა უნდა გვქონოდა. ფინალის სამი ვარიანტი გვქონდა. ბატონ რობერტს ვკითხე, რომელი ვარიანტი გავაკეთოთ–მეთქი. რომელიც შენ გინდაო, მითხრა. რეპლიკები ჩაწერილი არ გვქონდა, პროგრამა კი აწყობილი იყო. ამ დროს ბატონი რობერტი ლოჟაში იჯდა და მკარნახობდა, როდის რომელი სცენა იქნებოდა. ძირითადად მე და ბატონი რობერტი ღამით, მსახიობების გარეშე ვმუშაობთ. განათებას ზეპირად ვაწყობთ.

– თქვენ გასტროლებზეც დაჰყვებით მსახიობებს. მოდით, პარალელები გავავლოთ საქართველოსა და უცხოეთს შორის. თუ იცით, იქაური გამნათებლები რა პირობებში მუშაობენ, ანაზღაურება რამდენი აქვთ, როგორი აპარატურით უწევთ მუშაობა?

– სცენაზე ყველა კუთხის განათებას თავისი სახელი აქვს. ყველას თავისი პროჟექტორი სჭირდება. არის თეატრები, სადაც ჩვენზე ნაკლები განათება აქვთ. ზოგან ჩვენგან განსხვავებული ტექნიკით მუშაობენ. ჩვენ ძალიან ცუდი აპარატურით ვმუშაობდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც თეატრი გარემონტდა, კარგი აპარატურა შემოვიტანეთ. მაინც ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გვაქვს, რაღაც დეტალები ნამდვილად გვაკლია. საზღვარგარეთ გაცილებით მეტი ხელფასი აქვთ. ერთხელ რობიკო ახალი ჩამოსული იყო უცხოეთიდან და მითხრა, გამნათებელმა რეჟისორზე მეტი ფული აიღოო. მეუბნება ხოლმე, როცა შენ იქ არ ხარ, ყოველთვის გნატრობ, იმათ ბევრი არაფერი ესმითო. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა სპექტაკლის დადგმისას ბატონ რობერტს სხვა ფერი მოსწონებია, მე – სხვა და მხატვარს – სხვა. ბოლოს ერთ ვარიანტზე შევჯერდებით ხოლმე.

– ბატონ რობერტს ძირითადად რა მოთხოვნები აქვს თქვენთან?

– ფერებში ძალიან კარგად ერკვევა და ხშირად კორექტირებასაც აკეთებს. ყოფილა შემთხვევა, როცა მე ყვითელ ფერზე უარი მითქვამს, მაგრამ რობიკოს მოთხოვნით, ეს ფერი გამიკეთებია და მართლაც კარგი გამოსულა. ბატონი რობერტი ძალიან თბილი და ძმაკაცური ადამიანია. მასთან ერთად რესტორანშიც ვყოფილვარ და კარგადაც გვიქეიფია. ჩემი შვილის ნათლიაცაა. როცა იცის, რომ ვიღაც პროფესიონალი და თეატრის ერთგულია, მასთან კონფლიქტი არასოდეს აქვს. ყოფილა შემთხვევა, რაღაც შეცდომა დამიშვია, მაგრამ მისთვის ამიხსნია და ზედმეტი არაფერი უთქვამს, ზოგიერთი ახალგაზრდა რეჟისორისგან განსხვავებით. ჩვენ შორის ცოცხალი ურთიერთობებია. მასთან ყველანაირ თემაზე შემიძლია საუბარი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

– ახალგაზრდები პრეტენზიულები არიან?

– ძალიან პრინციპულები არიან. რაღაცას რომ შევთავაზებ, კატეგორიულობას იჩენენ. ჩემთან იმდენად არ არიან მკაცრები, როგორც ახალგაზრდა გამნათებლებთან.

– ძველი და ახალი თაობების მსახიობებს შორის რა განსხვავებაა?

– რამაზ ჩხიკვაძეს არასოდეს უთქვამს საყვედური, რატომ ვიყავი სცენაზე სიბნელეშიო. ლევან ბერიკაშვილს განათებული სცენა არ უყვარდა, სცენის კიდეზე დადგებოდა ხოლმე. ვთხოვდი, სცენაზე შესულიყო, რადგან იქ რომ გამენათებინა, შუქის ჩრდილები მაყურებელსაც მოხვდებოდა, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა. ხანდახან თვითონ მსახიობები მთავაზობენ, ასე ხომ არ აჯობებსო. თუ მომწონს, ვთანხმდები. ყველა მსახიობს უნდა, რომ სცენაზე კარგად გამოჩნდეს. თუ ძალიან რთული სიტუაციაა, საკითხს რეჟისორი წყვეტს.

– რამდენი პროჟექტორი აქვს თეატრს?

– სამი დარბაზი გვაქვს და ყველგან სხვადასხვა პროჟექტორს ვიყენებთ. რომ არ მოგატყუოთ, მთლიანობაში 1200 პროჟექტორი გვაქვს. თუმცა უკვე ამოვწურეთ მათი შესაძლებლობები და ახალი აპარატურა გვინდა.

ქეთი დინოშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რობერტ სტურუა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online