asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ზღაპრებით ადვილია ბავშვს ასწავლო სევდაც, სიკვდილიც კი"
ილუზიები, რომლებიც გვაძლიერებენ
"ზღაპრებით ადვილია ბავშვს ასწავლო სევდაც, სიკვდილიც კი"

2011-04-14 15:16:53



"იყო და არა იყო რა..." – ასე იღება კარი, რომელსაც ქართული ზღაპრის სამყაროში შევყავართ. ეს სამყარო სიბრძნით გვამდიდრებს, წარმოსახვას გვიღვიძებს, ბოროტზე სიკეთის გამარჯვების იმედის ისეთ თესლს აღვივებს ჩვენს გულებში ბავშვობიდანვე, რომელიც შემდგომ მთელი ცხოვრება გვაძლებინებს მკაცრ წუთისოფელში. მიუხედავად ყველაფრისა, გვჯერა, რომ "ლხინი აქა" იქნება და "ჭირი იქა".

2 აპრილი გამოჩენილი მეზღაპრის, ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა. 1967 წლიდან ეს დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღესასწაულად იქცა. საქართველოში კი, ფონდ "ლიბოს" ძალისხმევით, 2006 წლიდან აღნიშნავენ.

პოეტი მარიამ წიკლაური – ფონდ "ლიბოს" ერთ–ერთი დამფუძნებელი:

– ზღაპარი დღეს საბავშვო ჟანრად ითვლება, თუმცა მრავალი ასეული წლის წინ სულაც არ იყო საბავშვო შინაარსის. ის გახლდათ ძალიან უცნაური ტექსტი, თავისი ნიშნულებით და სიბრძნით, რომელსაც ჰქონდა მაგიური გამოცდილება და მიზანი, შესრულების თავისებური რიტუალი. ზღაპრის მოყოლაც არ შეიძლებოდა ნებისმიერ დროს, ანუ მის თხრობას საგანგებო დრო ეთმობოდა. ძილის წინ ბავშვისთვის ზღაპრის მოყოლის ტრადიცია მოგვიანებით შემოვიდა, როდესაც ზღაპარმა გარკვეული ფერიცვალება განიცადა და ის საბავშვო ამბად იქცა. ზოგიერთ ხალხს ასე სჯეროდა: თუ ზღაპარს, ანუ მაშინდელ რიტუალურ ტექსტს, დღისით მოყვებოდნენ, კბილები და თმები დამცვივდებოდათ ან სხვა რაღაც სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდათ.

– ანუ ზღაპარი სიტყვის მაგიას უკავშირდებოდა?

– სიტყვის მაგიას მსოფლიოს ყველა ხალხისთვის უდიდესი ძალა ჰქონდა. მაგალითად, იყო ტექსტები, რომლებსაც ავადმყოფს უკითხავდნენ. ქართულ ფოლკლორში "ხატის ენა" ამის საუკეთესო მაგალითია, "საბატონე" ტექსტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სიტყვის მიღმა კიდევ სხვა, იდუმალ შინაარსს დებდნენ და მასთან ურთიერთობის უფლება მხოლოდ ქადაგს ან ხატის მსახურს ჰქონდა. მათი წარმოდგენით, ამ ადამიანებს ასეთ უფლებებს ღვთაება ანიჭებდა.

დღეს, რა თქმა უნდა, ზღაპრებს ადაპტაციას უკეთებენ, ტექსტებს ამოკლებენ, ბავშვებისთვის ატკბობენ, მაგრამ ეს პატარებისთვის ხელოვნურად გაკეთებული ტექსტებია, წიგნის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი.

– რა ზემოქმედებას ახდენდა ადამიანებზე მაგიური ძალის მქონე ზღაპრები?

– ადამიანებს აძლევდა საკუთარი თავის, გამარჯვების, სამართლიანობის, სიკეთის რწმენას. ნებისმიერ ზღაპარში კეთილი აუცილებლად ამარცხებს ბოროტს, გმირმა აუცილებლად უნდა გადალახოს ურთულესი გზები, მასზე ძლიერს მოერიოს, დაიხსნას დატყვევებული და შინ გამარჯვებული დაბრუნდეს, რაღაც განსაკუთრებული განძი ან სიბრძნე მოიტანოს. ზოგჯერ გმირს ღმერთიც სტუმრობს მათხოვრის სახით. მას აქვს ურთიერთობა ხილულ, არახილულ, დემონურ, ანგელოსურ სამყაროსთან: ელფებთან, დევებთან, ჯუჯებთან.

გავიხსენოთ ფასკუნჯი – ეს დიდნისკარტა, ლომისკლანჭებიანი და ვეფხვისკისრიანი ზღაპრული ფრინველი. მას ჰქონდა ძალა, შეესვა ზურგზე ზღაპრის გმირი, რომელიც აუცილებლად გადალახავდა დაბრკოლებებს, შევიდოდა რაღაც აკრძალულ სივრცეში, ქვესკნელში, მოიპოვებდა რაიმე მნიშვნელოვანს და ბრუნდებოდა მშობლიურ წიაღში. ეს იყო ძალიან რიტუალური და სიბრძნის მატარებელი გზა, რომელსაც გადიოდა რჩეული. ეს გმირი სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებში ხშირადაა ან უმცროსი ძმა, ან ცოტა მოსულელო ადამიანი. ამ "არასიჯანსაღეში" ყოველთვის მოიაზრებოდა გამორჩეულობის ნიშანი, გმირი ატარებდა რაღაც სიბრძნეს ღვთისაგან. ჰქონდა უნარი, გაევლო ურთულესი გზა გამარჯვების მოსაპოვებლად და შინ განძით ან სიბრძნით ხელდამშვენებული დაბრუნებულიყო. შეიძლება ეს "განძი" ყოფილიყო დოვლათი ან მზეთუნახავი პატარძალი.

– ბავშვობაში მიკვირდა, გზაგასაყარზე, არჩევანის წინაშე მყოფი ზღაპრის გმირი რატომ ირჩევდა ურთულეს გზას და არა – მარტივს.

– ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოა გმირი, რომელიც ფათერაკიანი გზით მიდის გამარჯვებასთან, გმირულად შეებრძოლება ცხოვრებას და ამარცხებს მას. ამიტომაც ზღაპრის გმირი ირჩევს ყველაზე რთულ გზას.

– ზღაპრის მოყოლის რიტუალებზეც გვესაუბრეთ. სხვადასხვა ხალხის ტრადიციებში ეს რიტუალი მსგავსია?

– სვანეთში დღესაც აღნიშნავენ მიცვალებულთა გამოხმობის დღეს: ღამით იკრიბებიან ცეცხლის გარშემო, უხუცესი წარმოთქვამს რაღაც ტექსტს, ხოლო სხვებმა არ უნდა ამოიღონ ხმა, ეს არის მთელი რიტუალი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მთის სოფლებშიც ზუსტად ასეთივე რიტუალი სრულდება.

ადამიანი თავისი არსებობის მანძილზე ეკონტაქტებოდა არა მარტო ხილულ სამყაროს, არამედ ყველანაირ ძალას – ანგელოზურს, დემონურს. ადამიანს რაც უფრო სჯერა სამყაროს ჰარმონიულობის, თითქოსდა მისთვის მით უფრო ხილული ხდება უხილავი სამყაროც – საუბრობს მიცვალებულებთან, ურთიერთობს წარსულთან და მომავალთან.

ეთნოფსიქოლოგები ერების ისტორიასა და ტრადიციებში ძალიან ბევრ საერთო ნიშანს პოულობენ. მაგალითად, საქართველოში ძველი საფლავის ქვებზე ხშირად ნახავთ ფიალის ფორმის ამოტვიფრულ ადგილს, სადაც წვიმის წყალი გუბდება და მერე მას ჩიტი სვამს. მისი ძირძველი მნიშვნელობა არ იციან. ანალოგიური გვხვდება სკანდინავიის ქვეყნების საფლავთა ქვებზე, ასევე ალპებშიც. ამბობენ, რომ ეს არის ზეთის ჩასასხმელი ადგილი, სადაც ინთებოდა ცეცხლი, იმქვეყნიურ სამყაროსთან კავშირის ნიშნად.

გურიაში არის ასეთი რიტუალი – სირისკუდა. ღამით იკრიბებიან ქალები, კაცები, იშვიათად ბავშვებიც. ღამეს ათენებენ. საერთო სუფრას შლიან ტკბილი სანოვაგით და ერთობიან. ქალებს მოაქვთ საქსოვი და საჩეჩი დაზგები და დროს ხელსაქმით კლავენ. ჰყავთ ერთი მთხრობელი, განსაკუთრებული ძალით გამორჩეული პიროვნება, ქადაგის მსგავსი, რომელიც ღამის განმავლობაში ყვება ზღაპარს, სხვები გულმოდგინედ უსმენენ.

სირისკუდას აბსოლუტური ანალოგი არის ევროპის ქვეყნებში. ზღაპარს ემატება წინაპართაგან გადმოცემული ათასგვარი ისტორიაც, რომელთაც მთხრობელები თავიანთი ფანტაზიებით ამდიდრებენ. ამ სიტყვის მაგიით ადამიანები ადვილად ეჩვევიან სამყაროსთან ურთიერთობას. ზღაპარში არც სიკვდილია უცხო და დაუძლეველი. გმირი მოკვდება და მერე გაცოცხლდება – ჯადოსნურ ბალახს წაუსვამენ ან უკვდავების წყაროთი განბანენ. ზღაპრებით ადვილია ბავშვს ასწავლო სევდაც, სიკვდილიც კი... პატარასთვის ეს გაცილებით იოლად აღსაქმელია. რაც უფრო ვშორდებით ბავშვობას, მით მეტად გვეუფლება სიკვდილის შიში, მით უფრო მტკივნეულად აღვიქვამთ მას.

– ზღაპრისგან მიღებული ილუზია, თქვენი აზრით, რამდენად აძლიერებს ადამიანს?

– მზეჭაბუკი, მზეთუნახავი, ბოროტი ჯადოქარი, გამარჯვება დიდი შრომის შედეგად, შეიძლება მსხვერპლის ფასადაც – ეს ყველაფერი არ არის ილუზია, ეს თარგებია, რომლებზეც მერე ცხოვრება უნდა მოერგოს. კონკიას პრინცესად ქცევა, ეს ერთეულებისთვის რეალობაა, სხვებისთვის კი – კარგი ილუზია, ვინაიდან ყველა ვერ გახდება პრინცესა. ის ადამიანის ფიქრს რაღაც კალაპოტს აძლევს, მეტ სიხარულსა და იმედს სძენს. რელიგიასა და ლიტერატურაშიც უმთავრესი ისაა, რომ მარტოდ არ იგრძნო თავი სამყაროში, შეიმეცნო, რომ არსებობს სამყაროები, რომელთაც ვერ ხედავ, მაგრამ მოგიწევს მასთან ურთიერთობა და იქ მარადიულად არსებობაც. ჩემი აზრით, ეს აძლიერებს ადამიანს.

– მოგვიანებით ზღაპარმა სახე იცვალა, შემდეგ ავტორებმა ლიტერატურულ ფორმატშიც ჩასვეს და, არამხოლოდ პატარებს, მოზრდილებსაც არაერთი შესანიშნავი ნაწარმოები გვაჩუქეს. ამ მოვლენას როგორ აფასებთ?

– დროთა განმავლობაში ზღაპრებს გაუკეთეს ადაპტაცია და ძალიან დაატკბეს, გააკეთილშობილეს, მაგრამ სამაგიეროდ, ის ძველი ხიბლი და ძალა დაუკარგეს. თედო რაზიკაშვილმა მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ჩაწერა შესანიშნავი ფშაური ზღაპარი "წიქარა", დედამისის მონათხრობი, თუმცა, სამწუხაროდ, დღევანდელი "წიქარა" უკვე საკმაოდ დამტკბარი და შეცვლილია.

ეს ფოლკლორული ჟანრი მთელ მსოფლიოში კარგად დამუშავდა და ლიტერატურაში გადმოვიდა. ლიტერატურული ზღაპრები დღესაც ვითარდება. სხვადასხვა ხალხის ზღაპრებში უამრავი თემა მეორდება, რასაც იმით ხსნიან, რომ ადამიანებს, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური სხვაობისა, ბევრი საერთო ფიქრი და მიზანი გვაქვს. ფოლკლორს ახასიათებს მოარული სიუჟეტები, ხალხის წიაღში დიდი ხნის გამოცდილებით დაგროვილი სიბრძნეც. ლიტერატურული ზღაპრები გარკვეულ სიუჟეტებს ამუშავებენ უკვე ავტორისეული ხედვით. პრინციპში, მთელი საბავშვო ლიტერატურა შემოსილია ზღაპრის საბურველით და ეს ალბათ ძალიან კარგია.

ზღაპრის ენას აქვს დიდი შესაძლებლობები, მისი საშუალებით შეიძლება ბევრი რამ აიხსნას. კომუნისტური რეჟიმის პირობებში, როცა ცენზურა ძალიან მკაცრად აფასებდა ნებისმიერ ნაწარმოებს, ბევრი სადიდო მწერალი თავის პროტესტს სწორედ ზღაპრის ენით გამოხატავდა. გავიხსენოთ არჩილ სულაკაურის "სალამურას თავგადასავალი", ოტია იოსელიანის "დაჩის ზღაპრები" – კერძოდ, "მზის ზღაპარი", ლევან ბოლქვაძე, გურამ პეტრიაშვილი, ნუნუ ქადაგიძე, გუგული ტოგონიძე, ირაკლი ლომოური და სხვა ავტორები. მწერალი სწორედ ზღაპრის ენის საშუალებით აკრიტიკებდა რეალობას და ამ "ბავშვის სამოსით" იოლად უძვრებოდა ხოლმე ხელიდან ცენზურას.

ნანა კობახიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სევდა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online