asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უნიკალური ქართული კურორტი – გუშინ, დღეს, ხვალ
"გაჭირვებულები საირმეში მკურნალობას ვეღარ შეძლებენ"
უნიკალური ქართული კურორტი – გუშინ, დღეს, ხვალ

2011-04-14 15:16:53



ცნობილი კურორტი საირმე, განთქმული თავისი უნიკალური სამკურნალო წყლებით, იმერეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე წაბლარას ხეობაში, ზღვის დონიდან 915–950 მეტრზე მდებარეობს. იგი ბაღდათის რაიონს ეკუთვნის.

კურორტს ერთი ლეგენდა თუ რეალური ამბავი უკავშირდება. თურმე მე–20 საუკუნის დასაწყისში ერთი მწყემსი ირმების ჯოგს გადააწყდა. წყლისგან გაწითლებული მიწა რომ დაუნახავს, ფეხის დასველებისაც კი შეშინებია, უფიქრია, არ მომწამლოსო. ირმებს კი, რომლებმაც წყალი დალიეს, რამდენიმე დღე აკვირდებოდა... იმ ადგილს საირმე ამიტომაც უწოდეს. ის მწყემსი კი გრიგოლ ქანთარია გახლდათ.

გრიგოლ ქანთარიას ერთი შთამომავლი, ნაზი მესხია, კურორტიდან 1 კილომეტრის მოშორებით, ხის მორებისგან აგებულ სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ორი კილომეტრის მოშორებით კი მის ძმას აქვს სახლი. საკურორტო სეზონის დამთავრების შემდეგ ამ ადგილას მხოლოდ ისინი რჩებიან და მთელ ზამთარს შუაგულ ტყეში ატარებენ. ქალბატონი ნაზის ცხოვრების შესახებ "სარკე" რამდენიმე წლის წინათ წერდა. ახლა კი მისი და, ქალბატონი ნაირა მესხია დაგვიკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ საირმეში ხალხს საკუთრებას ართმევენ და, თუ ინვესტორმა მოინდომა, შეიძლება მის დასაც მოუწიოს ტყიდან გამოსახლება.

საპრივატიზაციო გეგმის თანახმად, საირმის განვითარების კომპანიას კურორტის სანაცვლოდ 60.000 ლარი უნდა გადაეხადა, მაგრამ ხელისუფლებამ გეგმა შეცვალა და ინვესტორს ობიექტი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიჰყიდა. ინვესტორი ვალდებულია, რომ კურორტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. საირმის განვითარების კომპანიის 100%–ის მფლობელი საქართველოს პარლამენტის ბაღდათის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, თემურ კოხოძე გახლავთ, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით დავუკავშირდით. ასე რომ, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დაგვრჩა, მათ შორის, ასეთიც – კურორტი საირმე მართლაც საქართველოს პრეზიდენტის მამის, ნიკა სააკაშვილის კუთვნილებაში გადავიდა თუ არა, როგორც ამას გავრცელებული ხმები ამბობენ.

საირმის ისტორიას და ახლანდელ ყოფას მისი აღმომჩენის შთამომავალი გვიამბობს.

ნაირა მესხია:

– გრიგოლ ქანთარია მამაჩემის დედის ძმა იყო. სამეგრელოში ცხოვრობდნენ და მესაქონლეობას ეწეოდნენ. საქონელი საბალახოდ სვანეთში დაჰყავდათ. ნახევარ ნამატს სვანებს აძლევდნენ, რადგან მათ ტერიტორიაზე აბალახებდნენ. თურმე ადგილობრივი მცხოვრებნი საქონელს პარავდნენ და უნადგურებდნენ. ამიტომ გადმოსულან ვანში, სადაც საშა ერისთავი დახვედრიათ და გვერდში ამოსდგომიათ, მიუცია საძოვრები და უთქვამს, თქვენი ნამატი არაფერში მჭირდება, ჩემსასაც მიხედეთ და კიდევ იქით გცემთ პატივსო. რამდენიმე მთა მიუცია საძოვრად. 1903 წელს გრიგოლს 3 ძროხა დაეკარგა და მათ საძებნელად წავიდა. გადაიარა მთები და უცბათ ირმების ჯოგს წააწყდა. დაინახა წყალი, რომელსაც გადაწითლებულ–გადათეთრებული ჰქონდა ტერიტორია. საირმის წყალი რომელ ქვაზეც გადაივლის, ის ჟანგისფერი ხდება. სადაც ვერ სწვდება, იმ ადგილებში თეთრი, მარილიანი ქვებია. ირმები იმ წყალს ეტანებოდნენ და მარილს ლოკავდნენ. გრიგოლს თურმე შეეშინდა, წყალმა არ მომწამლოსო. ირმებს დააკვირდა. იქიდან რომ დაბრუნდა, საშა ერისთავს მოუყვა, რაც იქ ნახა.

საირმეში მდინარე ჩამოდის, რომელსაც მამაჩემმა დაარქვა წაბლარა, რადგან ამ მდინარის სათავეში ბევრი წაბლია. გრიგოლი იმ ადგილას დაბრუნდა, მდინარეზე ხე გადადო და მეორე მხარეს გადავიდა. მაშინ იქ მხოლოდ დაბურული ტყე იყო, მონადირესაც კი არ გაევლო, თორემ იმდენ ირემს ვინ დატოვებდა?! საშა ერისთავის ბიძა მღვდელი იყო. ის სანკტ–პეტერბურგში გაუშვეს, რომ ეს წყალი შეემოწმებინათ. იქ ვიღაც ქართველი სტუდენტი, ციციშვილი შეხვდა. როცა წყალი შეამოწმეს, უთხრეს, მსოფლიო მნიშვნელობისაა, ასეთი წყალი არსადააო. იმ ციციშვილმა მაიმუნები ჩამოიყვანა და მათზე ჩაატარეს ცდები. მათ ქვიშა და კენჭები დააყრევინეს თირკმელებიდან და ნაღვლის ბუშტიდან. ბიძაჩემს ცხვრები ჰყოლია. ერთი ახალშობილი ბატკანი ფეხებს კარგად ვერ ადგამდა. უთქვამთ, მაინც არაფერი ეშველება და დაკალიო. თურმე ბატკანი საირმის წყალმა მოარჩინა.

1922 წლიდან გრიგოლმა იქ ჩამსვლელებისთვის ხის სახლები ააშენა. უამრავი ხალხი დადიოდა და წყალი მიჰქონდათ, რადგან იქ დარჩენა შეუძლებელი იყო, ამიტომაც ააშენა ე.წ. ყაზარმები ყავრისგან. თურმე ხალხს ფულსაც არ ართმევდა, ისე ისვენებდნენ და იკურნებოდნენ. წყალზე ხის ხიდებიც გადო. მერე 40–იან წლებში გერმანელ ტყვეებს გზა გააყვანინეს. გრიგოლმა საქონელი წამოიყვანა და საირმიდან 3 კილომეტრის მოშორებით, უდაბნოში დასახლდა. ეს ის ადგილია, სადაც ახლა ცხელი წყალი ამოდის და უამრავ დაავადებას კურნავს. მამაჩემი ამბობდა, როცა მოთოვდა, ორ წუთში იმ ადგილას აღარაფერი იდოო. თუ იწვიმებდა, ორ წუთში შრებოდა, ბოსტანი გავაკეთეთ და ზამთარ–ზაფხულ მწვანილი გვქონდაო. თურმე გრიგოლი სულ ამბობდა, რა საინტერესოა, რა სჭირს ამ ადგილსო. მერე გაუბურღავთ და ცხელ წყალს ამოუხეთქავს. მისი ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს. უებარი საშუალებაა სახსრების, კუჭ–ნაწლავის, ყელის კატარის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ცხელ–ცხელი უნდა დალიო და ორგანიზმს მარილებისგან მთლიანად ასუფთავებს.

მამაჩემი 8 წლის იყო, როცა ბიძამისმა საირმეში წაიყვანა. 81 წელი იქ იცხოვრა და 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. შიგ საირმეში არასოდეს გვიცხოვრია, ყოველთვის მოშორებით, ტყეში ვცხოვრობდით. რამდენიმე საძოვარი სახლი გვაქვს. საირმიდან 2 კილომეტრში ორსართულიანი სახლი ავაშენეთ, სადაც ახლა ფუტკარი, საქონელი გვყავს და ჩემი ძმა უვლის. ჩემი და საირმიდან 1 კილომეტრში ცხოვრობს. მესამე სახლი 3 კილომეტრის დაშორებით გვაქვს, მეოთხე – 7–ის. ჩემი დის ქმარი კურორტ საირმეში ყარაულად მუშაობს. ზამთარში იქ სხვა არავინაა, სახლებს ის თოვლავს და ყველაფერს უვლის.

გზა რომ გაიყვანეს, სასტუმროები, პოლიკლინიკა და სხვა სახლები ააშენეს. მჟავანაძის სახლი ჰქვია ახლაც იმ შენობას, რომელიც ცკ–ის პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ ააშენებინა. ულამაზესი შენობაა, ტყვიაგაუმტარი მინები აქვს. ახლა, როგორც სანატორიუმი, ისე ფუნქციონირებს. სხვას ყველაფერს ანგრევენ და ამბობენ, ავაშენებთო. რა იქნება, არავინ იცის. იქ ამბობენ, ახლა ყველაფერი სააკაშვილის მამას ეკუთვნისო. ჩემს დას საირმეში ერთი პატარა ჯიხური ჰქონდა და სეზონზე რძეს, ყველს, თაფლს ყიდდა. ეშინია, რომ აღარ მისცემენ იმის უფლებას, ერთი პატარა ადგილი მაინც ჰქონდეს.

– საირმეში პატარ–პატარა კერძო სასტუმროებიც ფუნქციონირებდა. მათ რა ბედი ეწიათ?

– დიდი შენობები, კორპუსები რაც იყო, დატოვეს და არემონტებენ. პატარ–პატარა სასტუმროებიდან კი ხალხს ყველაფერი გამოაყრევინეს და დაუნგრიეს.

– იმ ხალხმა როდის შეიძინა ის შენობები?

– მაშინ, როცა ქვეყანა აირია და ყველაფერი იყიდებოდა. ვისაც ფული ჰქონდა, შენობები იყიდა.

– ამბობენ, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის, ბონდო შალიკიანის საკუთრება იყო იქ ბევრი რამ.

– ამბობდნენ, მისიაო, მაგრამ ასე არ იყო. ერთ კაცს აუქციონზე ჰქონდა შეძენილი იქ სახლი. მისი ცოლი მოვიდა ჩვენთან და ტიროდა, დავიღუპე, ყველაფერი წაგვართვესო. საირმეში ერთი ექიმი ცხოვრობს. მისთვისაც ჩამოურთმევიათ ერთი სასტუმრო. იმ ქალმა მითხრა, აბაზანა–ტუალეტის მოწყობა 20.000 დოლარი დამიჯდა, დავიღუპეო. რომელი ადგილიც დასჭირდათ, ყველას წაართვეს შენობიანად. ალბათ უკეთესს ააშენებენ, მაგრამ იმ ხალხს რა?! ჩვენ შიგ საირმეში არაფერი გვაქვს, მაგრამ მაღლა ტყეში გაგვაჩერებენ?

– რატომ ფიქრობთ ასე?

– თუ იყიდა ვინმემ საირმე, ტყეც მისი იქნება და მთაც. ცოტა ხნის წინ ხაშურში ერთი მდინარე ჩინელებმა იყიდეს. თურმე ორი ხაშურელი კაცი მივიდა იმ მდინარესთან და ორი ურიკა ხრეში ამოიტანეს იქიდან. ჩინელებმა იმხელა თანხის გადახდა დააკისრეს, მათი გვარი და ჯილაგი რომ გაიყიდოს, იმ ფულს ვერ იშოვიან. ჩემმა დამ მიშა სააკაშვილის დაცვის წევრს მისცა წერილი, ჩემს მამა–პაპას აქ უცხოვრია და გთხოვთ, ყურადღება მოგვაქციეთო. ნაზი ითხოვს, რომ ერთი პატარა ფართობი დაუმტკიცონ, რომ თავისი ნაწარმის გაყიდვა შეძლოს. ჯერ კიდევ წინა საუკუნეში ითხოვდა შევარდნაძე, აჭერით აქ ხეები, სოფელი გააშენეთ და დამსვენებელს ნატურალური პროდუქტი აჭამეთო. შევარდნაძე ჩვენთანაც ყოფილა და იმდენი მჭადი და ყველი უჭამია... გვინდოდა აშენება, მაგრამ რომ გაგვეკეთებინა, ესენი ალბათ იმ აშენებულსაც დაგვინგრევდნენ. ჩემს ბიჭს უნდოდა, ტყეში რესტორანი გაეკეთებინა, მაგრამ უარი მივიღეთ.

გასული საუკუნის 70–იან წლებში, როცა მასობრივი მშენებლობა დაიწყო, #3 წყალს, რომელიც ერთ–ერთი უძლიერესია იქ არსებულ წყლებს შორის, კანალიზაცია შეერია. დაწყდა ხალხი. მაშინ მეც იქ ვიყავი და კუჭი საშინლად დამიზიანდა. ოპერაცია დამჭირდა, მაგრამ გადავრჩი. ეს ყველაფერი არასწორად გაკეთებულმა გაყვანილობამ გამოიწვია. მერე ტუალეტებიც დაანგრიეს და შენობებიც. მაშინ 20–მდე ადამიანი გარდაიცვალა, მუცლის ტიფი გაუჩნდათ. მერე, როგორც იქნა, გამოსწორდა სიტუაცია. ახლა საშიშია, ამათმაც იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. თუ #3 წყლის გამოღმა ტერიტორიაზე სახლები ჩაიდგა, წყალი აღარაფრად ივარგებს. საირმის ქარხანაც ჩაოხრებულია. ოღონდ წყალი გამოქაჩონ, გაყიდონ და არც სისუფთავეს იცავენ და არც წესიერი მოწყობილობაა. #3 წყალი თირკმელზე, ნაღველსა და ღვიძლზე მოქმედებს კარგად. დიაბეტსაც უხდება, მაგრამ წნევას მაღლა სწევს. კუჭის წყალს რომ უწოდებენ, ის წყალი ის კუჭს უხდება, მაგრამ ღვიძლს სწყენს. ეს ისეთი ძლიერი წყალია, მიწიდან რომ გამოდიოდა, ფეთქავდა.

– განახლებულ საირმეში დამსვენებელს ალბათ გაათმაგებული ფასები დახვდება. რამდენიმე წლის წინ ოთახის დაქირავება დღეში 3 ლარადაც კი იყო შესაძლებელი.

– გაჭირვებულები საირმეში მკურნალობას ვეღარ შეძლებენ. გაჭირვებული კი არა, საშუალო დონის მცხოვრებლებსაც გაუჭირდებათ იქ ჩასვლა. არადა ზოგმა ოღონდ იმკურნალოს და კომფორტი სულ არ სჭირდება. უამრავი ადამიანი იკურნებოდა ქირურგიული ჩარევის გარეშე. ადრე საირმეში 21–24 დღიან კურსს იტარებდნენ და ეს პერიოდი იყო საკმარისი დაავადებისგან განსაკურნად. ახლა მხოლოდ 10 დღეს თუ დაჰყოფენ ხოლმე, თორემ ხალხის ჯიბე მეტს ვერ სწვდება. ჩემს ნათესავს ნაღვლის ბუშტში კენჭები ჰქონდა. საირმის წყლის დალევის შემდეგ კაცი წაიქცა და მოიკრუნჩხა. სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, იქ კი შარდსაწვეთში გადასული კენჭები გამოუღეს.

საირმეში ოპერის მომღერალი ბათუ კრავეიშვილი დადიოდა ხოლმე. მასაც გამოუღეს საირმეში კენჭები შარდსაწვეთიდან. მსახიობი იპოლიტე ხვიჩიაც დადიოდა. ჩემი ქმარი ფოტოგრაფი იყო. იპოლიტესთან ერთად უამრავ ადამიანს სურდა ფოტოს გადაღება. მასთან ერთად გადაღებული მეც ბევრი ფოტო მაქვს. საბჭოთა საქართველოს უშიშროების ხელმძღვანელი ინაურიც ამ წყალმა მოარჩინა, ძალიან ცუდად იყო, კენჭები ჰქონდა.

– უდაბნოს ცხელი წყლებიც გაიყიდა? მიხეილ სააკაშვილის მამას ბალნეოლოგიური კურორტი უფრო აინტერესებსო, ამბობენ.

– კი, ამბობენ, რომ გაიყიდა. ორი წლის წინ აბაზანის მიღება 1 ლარი ღირდა. შარშან 5 ლარი იყო. ახლა დარწმუნებული ვარ, 10–ზე ნაკლები აღარ იქნება.

– თქვენ სად ცხოვრობთ, ქალბატონო ნაირა?

– ქუთაისში. ანსამბლ "ბერმუხელის" წევრი ვარ. ანსამბლში ერთია მხოლოდ 15 წლის, დანარჩენები 70 წელს ვართ გადაცილებული.

– საირმეში ირმები კიდევ არიან?

– ძალიან ცოტაა და ისინიც ადიგენიდან თუ გადმოვლენ. დაწყვიტეს, უამრავი მონადირე დადის და რაღა დარჩებოდა?!

რუსუდან ადვაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online