asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მოგზაურობა მოდისა და ხელოვნების მექაში
25 საუკუნოვანი მილანი
მოგზაურობა მოდისა და ხელოვნების მექაში

2011-04-07 13:45:15



მსოფლიოს ერთ–ერთ უძველეს ქალაქს, მილანს, ადამიანები სხვადასხვა მიზეზით სტუმრობენ. ზოგი ისტორიული ადგილების დასათვალიერებლად ჩადის, ზოგი – ბიზნესტურით, ზოგს კი მოდური სამოსის შეძენა სურს. იტალიის ამ ქალაქში ყველაფერს თავისებური ხიბლი და მიმზიდველობა აქვს.

მილანი ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, რომელიც ლომბარდიის დაბლობზე მდებარეობს. ის ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული ქალაქია. მრავალი საუკუნის განამავლობაში მილანის სახელი იწერებოდა, როგორც "მაილანდი". გერმანელები დღემდე ამ სახელით მოიხსენიებენ. მაილანდი კელტური სიტყვიდან მომდინარეობს და შუა გავაკებას ნიშნავს. რომაელები კი მილანს "ედიოლანუმს" უწოდებდნენ.

მცირე რამ ისტორიიდან

მილანი ძვ. წ. აღ.–ით მე–5 საუკუნის ბოლოს ან მე–4 საუკუნის დასაწყისში ინსუბრებმა დააარსეს. ძვ. წ. აღ.–ით 196 წელს მილანი რომის იმპერიამ დაიმორჩილა და მის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ლანგობარდების მმართველობის დროს კი ეს ქალაქი ერთ–ერთი ჰერცოგის რეზიდენციას წარმოადგენდა. მე–10 საუკუნის დასასრულიდან კი მილანი საარქიეპისკოპოსოს ცენტრია.

კლიმატი

მილანში მაისიდან მოყოლებული საკმაოდ ცხელა. კარგ პერიოდად მაისი და ივნისი ითვლება, ხავერდოვან სეზონად – სექტემბერი და ოქტომბერი. ივლისში კი არნახული სიცხეები იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ტემპერატურა ხანდახან 45 გრადუსსაც აღემატება. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ზაფხულში მილანის ქუჩებს დაცარიელებულს ნახავთ. დეკემბერი საკმაოდ თბილია, რასაც ზამთრის დანარჩენ თვეებზე ვერ ვიტყვით. წვიმები მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად მოდის, ხოლო თოვლი იშვიათობას წარმოადგენს.

ფული

2002 წლიდან ევრო იტალიის ოფიციალური ვალუტაა. მანამდე მიმოქცევაში იტალიური ლირა იყო.

ენა

რა თქმა უნდა, იტალიური ოფიციალური ენაა ქვეყანაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელებს უცხო ენების შესწავლის საოცარი უნარი აქვთ. იტალიაში ინგლისური ენის შემდეგ ყველაზე პოპულარული გერმანული და ფრანგულია.

გადაადგილება

მილანს ორი აეროპორტი ემსახურება. მალპენსას სახელობის აეროპორტი ძირითადად სხვა კონტინენტებიდან მომავალ თვითმფრინავებს იღებს და ყოველთვის ძალიან გადატვირთულია. ქალაქის ცენტრამდე მატარებელი და ავტობუსები ყოველ 20 წუთში ერთხელ გადის და მათი ფასი 7,50 ევროა. ტაქსით მგზავრობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რადგან საწყისი ფასი 85 ევროს შეადგენს.

ლინატეს სახელობის აეროპორტი კი ევროპიდან მიმავალ თვითმფრინავებს იღებს. ის მილანიდან მხოლოდ 7 კილომეტრითაა დაშორებული და, შესაბამისად, ცენტრამდე მისვლა უამარვი სატრანსპორტო საშუალებითაა შესაძლებელი. მეზობელი ქვეყნებიდან მილანში მატარებლით, ავტობუსით ან მანქანით ჩახვალთ.

ქალაქში უამრავი ტრანსპორტი მოძრაობს. მილანში 3 დღეზე მეტ ხანს თუ აპირებთ დარჩენას, მაშინ გირჩევთ, ე.წ. რომა პასის ბარათები შეიძინოთ, რომლის ღირებულება 24 ევროა. "რომა პასით" მუზეუმებში შესვლასაც უფასოდ შეძლებთ, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთი წინასწარ უნდა შეიძინოთ და მათი ფასი თითქმის ერთნაირია.

ავტობუსები ყოველთვის გადაჭედილია. ამ ტრანსპორტით მგზავრობას გვიან ღამითაც შეძლებთ. მეტრო 23 საათსა და 30 წუთზე იკეტება, ამის შემდეგ კი ღამის ავტობუსები იწყებენ მუშაობას. მანქანისა და ველოსიპედების დასაქირავებლად განკუთვნილი სააგენტოები ყოველ ნაბიჯზეა. მანქანის დაქირავებას არ გირჩევთ, რადგან ქალაქში საგზაო ნიშნების სიმცირეა და ამიტომ გზებზე ყოველთვის ქაოსია. ველოსიპედისტებისათვის კი სპეციალური ტრასებია გამოყოფილი. ერთი დღით ველოსიპედის დაქირავება 40–50 ევრო ღირს.

სამზარეულო

იტალიელებისთვის ეროვნული სამზარეულო ხელოვნების ნიმუშია. ღვინო და ყველი მათი ნაციონალური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. იტალიელები მართლაც გემრიელ და განსხვავებულ კერძებს ამზადებენ. პიცა "რისოტო", "არანჩინი", "პოლენტა" და სხვა საფირმო კერძები დაუვიწყარ გემოს დაგიტოვებთ. ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია სპაგეტი "ა ლა კარბონარა", რომელიც კვერცხითა და ყველით მზადდება.

მილანში 200–მდე სახეობის ყველსა და 300 სახეობის სოსისს ამზადებენ. იტალიური ღვინო მთელ მსოფლიოშია პოპულარული. იტალიელები ნებისმიერ კერძთან ერთად შესაფერის ღვინოს მიირთმევენ. ღვინო "დე ლა კასა" შეუდარებელია, რადგან ის ნებისმიერი სახის კერძთან შეგიძლიათ, მიირთვათ. ქალაქში ლუდის ბარიც მრავლადაა, მაგრამ იტალიურ ლუდს ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. იტალიელები 100–მდე სახეობის ყავას შემოგთავაზებენ, თუმცა, პირველ რიგში, "ნორმალეს" ან "ესპრესოს" მოგართმევენ, რადგან ფიქრობენ, რომ იტალიელები ამ ორ ყავას ყველასაგან განსხვავებულად და გემრიელად ამზადებენ.

ღირსშესანიშნაობები

მილანი განთქმულია მოდის სახლებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი "გალერეა ვიტორიო ემანუელე", რომელიც პიაცა დუომოზე, ანუ ტაძრის მოედანზე მდებარეობს. მილანი, ნიუ იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს მსგავსად, მსოფლიო მოდის დედაქალაქია. ის ევროპის ერთ–ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნესცენტრად ითვლება.

მილანი ასევე ცნობილია იქ წარმოებული ავტომანქანით "ალფა რომეოთი" და აბრეშუმის ქსოვილით. მილანის საკათედრო ტაძარი "დომო" მთელ ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე სახელგანთქმული შენობაა. ეს ვრცელი, გოტიკური სტილის ტაძარი მილანის ცენტრის მთავარ მოედანზე მდებარეობს. "დომო" სიდიდით მეორე რომაული კათოლიკური ტაძარია. ის 157 მეტრი სიგრძისაა და მასში 40.000 ადამიანი თავისუფლად ეტევა. ქორალის დიდი ფანჯრები ერთ დროს მსოფლიოში უდიდესად ითვლებოდა.

მილანის დატოვებას სან სიროს უნახავად არ გირჩევთ. ეს გახლავთ ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონი, რომელიც ორი იტალიური გრანდკლუბის, "მილანისა" და "ინტერის" არენაა. სან სირო" უეფა–მ მაქსიმალური შეფასება – 5 ვარსკვლავი მიანიჭა და უმნიშვნელოვანესი მატჩების ჩატარების ნება დართო.

მსოფლიოში ცნობილი ოპერის თეატრი "ლა სკალა" სწორედ მილანში მდებარეობს. შენობა მარი–ტერეზა ავსტრიელის შეკვეთით მას შემდეგ აშენდა, რაც ხანძრის გამო ძველი საჰერცოგო თეატრი განადგურდა. "ლა სკალა" 1778 წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით გაიხსნა. ამ თეატრში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვა დიდი კომპოზიტორების ოპერები. "ლა სკალა" ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილიც იყო, სადაც კლასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით უამრავი ბალეტი იდგმებოდა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამ თეატრმა თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს, "ლა სკალა" დაიბომბა, მაგრამ 1946 წელს ის აღადგინეს. მუსიკალური სეზონი იქ, ტრადიციულად, 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზიოს დღეს იხსნება. ამავე შენობაშია თეატრის მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.

უსაფრთხოების წესები

სამოგზაუროდ მილანი საკმაოდ დაცული და უსაფრთხო ქალაქია. საშიშროებას მხოლოდ ჯიბის ქურდები ქმნიან. გირჩევთ, სხვადასხვა ნივთის შეძენისას გამყიდველს ფასზე წინასწარ შეუთანხმდეთ. იტალიელები, ქართველების მსგავსად, ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. თუ ზრდილობიანი და კეთილი იქნებით, მაშინ მილანში პრობლემები არ შეგექმნებათ. არ გაგიკვირდეთ, თუ იტალიელი მეგობარი ორივე ლოყაზე კოცნით მოგესალმათ, ხოლო თუ ორი მამაკაცი ხელჩაკიდებული დაინახეთ, არ იფიქროთ, რომ ჰომოსექსუალები არიან. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა იტალიაში.

უბის წიგნაკი

ქვეყანა – იტალია;

ქალაქი – მილანი;

ფართობი – 183.77 კვ.კმ;

მოსახლეობა – 1.317.882.

ვალუტა – ევრო;

ენა – იტალიური.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მოგზაურობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online