asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანუკა ქებურია: "ცნობილი ბაბუების შვილიშვილი ვარ"
"ცნობილი ბაბუების შვილიშვილი ვარ"
ანუკა ქებურია: "ცნობილი ბაბუების შვილიშვილი ვარ"

2011-04-04 15:41:40



ფეხსაცმლისა და აქსესუარების დიზაინერი ანუკა ქებურია ცნობილი ოჯახიდანაა. თენგიზ არჩვაძის შვილიშვილი ბავშვობაში ერთი პერიოდი მსახიობობაზე ფიქრობდა, თუმცა, რადგან მისი ამ სურვილით ოჯახის წევრები დიდად არ აღფრთოვანებულან, გადაწყვიტა, დიზაინერი გამხდარიყო. როგორც თავად ამბობს, ეს საქმე განსაკურებით უყვარს. ხატვის ნიჭი დედისა და ბაბუისგან გამოჰყვა. 26 მარტს ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი გაიმართა, სადაც 22 დამწყები დიზაინერი მონაწილეობდა, მათ შორის, ანუკაც იყო. მან "საუკეთესო აქსესუარების დიზაინერის" ნომინაციაში გაიმარჯვა. ჟურნალი "გუმბათი" ანუკა ქებურიას სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ესტუმრა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა. ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ანუკა, პირველ რიგში, მოგვიყევით იმ ჩვენების შესახებ, რომელიც 26 მარტს გაიმართა.

– ეს იყო ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი, რომელიც სოფო ჭყონიამ ჩაატარა და გავიმარჯვე. ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ, რომ სოფო ყოველთვის გვეხმარება ქართველ დიზაინერებს. ამ სფეროში მეტად სასიკეთო საქმეს აკეთებს. ეს უდიდესი ხელშეწყობაა ჩვენთვის. როდესაც ასეთი სახის კონკურსები ტარდება, ამ დროს ახალი კოლექციები იქმნება, ვემზადებით ყველანაირად და გარკვეულ პრაქტიკას ვიღებთ. საოცარი სტიმულია, როდესაც ასეთ კონკურსზე მონაწილეობ და კონკურენტულ გარემოში იმყოფები. შემდეგ კი, თუ გაიმარჯვებ, საკმაოდ სერიოზული პრიზებია დაწესებული, მაგალითად, პარიზში, მოდის ცნობილ სახლებში სამუშაოდ წასვლა. ასევე გვიშვებს სასწავლებლად. სულ 26 კონკურსანტი ვიყავით და მათ შორის მე გავიმარჯვე, პირადად სოფოსი ძალიან მადლობელი ვარ. მიხარია, რომ ჩემმა კოლექციამ მოწონება დაიმსახურა. საერთოდ, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და მომწონს, რასაც ვაკეთებ. როცა ამას აფასებენ, ამ დროს ბედნიერი ვარ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? როგორც ვიცით, "ფეშენ ვიკის" კვირეულიც იწყება...

– სწორედ "ფეშენ ვიკისთვის" ვემზადები. იქ უფრო დიდი კოლექცია მექნება წარმოდგენილი და ამისთვის ვემზადები. დილიდან ღამემდე ვმუშაობ, რომ ყველაფერი მოესწროს. გარდა ამისა, კიდევ ძალიან სერიოზული გეგმები მაქვს, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. სანამ არ გამოვა ის, რაც მე მინდა და ისე, როგორც მინდა, მანამდე არაფერს ვიტყვი. ეს გეგმები საზღვარგარეთ წასვლას ეხება და როდესაც წავალ, ამაზეც მერე ვისაუბრებ.

– ამ საქმეს რა ასაკიდან ეზიარეთ?

– ბავშვობიდან ვხატავდი. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. 18 წლისამ აქსესუარების განხრით სტაჟირება გავიარე. 19 წლიდან კი, "სანდალში" ვმუშაობდი დიზაინერად, სადაც უშუალოდ ვისწავლე ფეხსაცმლის კერვის ტექნოლოგია, რადგანაც მუშაობა ხელოსნებთან მიწევდა. შემდეგ ლონდონში გავიარე დიზაინის კურსები. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, ჩემი საკუთარი სალონი გავხსენი, სადაც ნატურალური ტყავისგან ფეხსაცმელებს ვამზადებთ. ამასთან, სულ სწავლის პროცესში ვარ, შარშანაც ვიყავი ფლორენციაში და დიზაინის კურსები გავიარე. ვცდილობ, ჩემი ცოდნა ამ სფეროში უფრო და უფრო გავაუმჯობესო.

– თავიდან ოჯახმა თქვენი ეს საქმიანობა როგორ მიიღო?

– დედაჩემიც ხატავს და ჩვენს ოჯახში ყველა ხელოვანია, ასე რომ, არ გაკვირვებიათ. ალბათ, ის უფრო გაუკვირდებოდათ, მათემატიკოსი ან ფიზიკოსი რომ გავმხდარიყავი. საერთოდ, ხატვის ნიჭი ბაბუასგან გამომყვა. ჩემი გოგონაც ხატავს.

– მასაც დიზაინერობა ხომ არ უნდა?

– ხატავს თავისთვის. ჩემს ჩვენებებს ესწრება და შემდეგ რაღაც ჩანახატებს აკეთებს ხოლმე. როგორც ამბობს, როდესაც გავიზრდები, ჟურნალისტი გავხდები, ჩემი ჟურნალი მექნება და იმის რედაქტორი ვიქნებიო. "ვოგის" ტიპის ჟურნალი უნდა, რომ ჰქონდეს, ამას წინათ ასე გამომიცხადა. ანუ კულტურასა და ხელოვნებაზე უნდა, რომ წეროს. ძალიან კარგია, ნატუკა ასეთ რამეებსა და მომავალზე რომ ფიქრობს. საერთოდ, ადამიანს მიზნები უნდა ჰქონდეს, შემდეგ რაღაცას მაინც რომ მიაღწიოს. მას კი უკვე სერიოზული გეგმები აქვს და ეს მახარებს.

– ბაბუა, თენგიზ არჩვაძე, რამდენად იწონებს თქვენს საქმეს და თქვენს ჩვენებებს თუ ესწრება ხოლმე?

– ბაბუას ჩემი შეკერილი ფეხსაცმელები აცვია. ჩემს ჩვენებებსაც ესწრება ხოლმე. ახლა, ფეხსაცმელებთან დაკავშირებით რჩევებს ნაკლებად მაძლევს, თუმცა, ბავშვობაში, როდესაც ვხატავდი, გარკვეულ რჩევებს მაძლევდა. საერთოდ, თენგიზი არაჩვეულებრივი ბაბუაა. ბავშვობაში მასთან ერთად დროს მშვენივრად ვატარებდი. ხშირად მასეირნებდა და ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის საინტერესო იყო. მის ფილმებს ბავშვობიდანვე სულ ვუყურებდი. როგორც კი ტელევიზორში დავინახავდი, რომ ბაბუას მონაწილეობით ფილმი გადიოდა, მაშინვე დავჯდებოდი და დიდი ინტერესით ვუყურებდი. ქართული ფილმები ზოგადად ძალიან მიყვარს.

– ყველაზე ნათელი მოგონებები ბაბუასთან ურთიერთობაში რა გაქვთ?

– ბავშვობაში იპოდრომზე დავყავდი და ეს ყველაზე კარგად მახსოვს. გარდა ამისა, ძალიან კარგ ადგილებში დავყავდი და მთელი საქართველო შემომატარა. ასევე მახსოვს, როგორ მიკითხავდა ლექსებს, უმეტესად, ვაჟა–ფშაველასა და გალაკტიონს. მასთან ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო და დღესაც ასეა.

– საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობის შვილიშვილს ნუთუ არასდროს უფიქრია, რომ ბაბუის პროფესიას გაჰყოლოდა?

– კი, ადრე მიფიქრია. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ეს სურვილი არც დედას და არც ბაბუას დიდად არ მოსწონებიათ, ამაზე ბევრი აღარ ვიფიქრე და სამხატვროზე ჩავაბარე. თანაც, ეს საქმე გაცილებით საინტერესოა ჩემთვის და ამიტომაც დიზაინერობა ვარჩიე.

– ბატონი თენგიზი დაგიხატავთ?

– არა. პორტრეტებს ნაკლებად ვხატავ. ძირითადად, ფეხსაცმელებს ვხატავ. ასე რომ, ბაბუას დახატვა არც მიცდია. სხვათა შორის, მას არაჩვეულებრივი ნახატები აქვს. ძალიან უყვარს შარჟების ხატვა და უმეტესად თავის მეგობრებს აშარჟებს ხოლმე. თუმცა, თავისი ნახატების სახალხოდ გამოჩენა არ უყვარს.

– ანუკა, თქვენი მეორე ბაბუაც, ბესარიონ ქებურია, ასევე ცნობილი ადამიანი იყო.

– ის პირველი ქართველი მფრინავი იყო. სამწუხაროდ, მას ვერ მოვესწარი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი საინტერესო პიროვნებების შვილიშვილი ვარ. ეს ამბავი ჩემთვის ბავშვობიდანვე საამაყო იყო. ვცდილობ, მეც ისე ვიცხოვრო, რომ ჩემი შთამომავლებისთვის ასეთივე საამაყო გავხდე.

– ბატონი თენგიზი თქვენს ქალიშვილთან ურთიერთობაში როგორია?

– მასთან ურთიერთობაში ძალიან თბილია. ნატუკა შვილთაშვილია. მართალია, ამბობენ, შვილიშვილი ყველაზე ტკბილიაო, მაგრამ შვილთაშვილიც არანაკლებ ტკბილია. ბაბუას შემთხვევაშიც სწორედ ასეა. საერთოდ, ბაბუას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ჩემი აზრით, ასეც უნდა იყოს, რადგან კაცს ბევრი ლაპარაკი არც უხდება. ბაბუა სერიოზული ადამიანია, თუმცა ძალიან თბილია.

– ანუკა, როდესაც ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდით, ამაში ბაბუათქვენი რამდენად ჩაერია?

– თექვსმეტი წლის გავთხოვდი და ბუნებრივია, ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს ეს არ გახარებია. თუმცა, მე ასე გადავწყვიტე და აღარაფერი უთქვამთ. ვიცი, რომ ჩემი ასეთ ასაკში გათხოვება არც ბაბუას არ ესიამოვნა, რადგან მართლაც ძალიან პატარა ვიყავი. მერე, როდესაც ეს ყველაფერი ასე დამთავრდა, არც ეს იქნებოდა სასიამოვნო. საერთოდ, ბაბუა უთქმელი კაცია და, რა თქმა უნდა, ძალიან განიცადა ჩემი ამბავი. როდესაც შვილი ან შვილიშვილი თექვსმეტი წლის ასაკში თხოვდება და შემდეგ ოჯახი ენგრევა, ეს ყველასთვის მტკივნეულია.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online