asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ მოიშორა მიხეილ ანთაძემ თეატრიდან ბუნტისთავები
როგორ მოიშორა მიხეილ ანთაძემ თეატრიდან ბუნტისთავები
როგორ მოიშორა მიხეილ ანთაძემ თეატრიდან ბუნტისთავები

2011-03-30 14:57:08



ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ახლო წარსულში სკანდალები და ხმაური გადაიტანა. ახლა მშვიდი პერიოდი უდგას, თუმცა მათგან, ვინც თეატრის ახლანდელი ხელმძღვანელის, მიხეილ ანთაძის პერსონის წინააღმდეგ კრიტიკით გამოდიოდა, შიგადაშიგ ისევ ისმის ბრალდებები.

პირველი სკანდალი წლების წინ თეატრში ქართული და რუსული დასების გაერთიანებას მოჰყვა, შემდეგ იყო თეატრის გაჭიანურებული რემონტი, გაფლანგული ფული და უმუშევრად დარჩენილი მსახიობები. 2007 წელს თეატრის მმართველად მიხეილ ანთაძე მოვიდა, რომლის რეფორმებსაც ასევე ბევრი ხმაური მოჰყვა. თეატრი მსახიობების და ადმინისტრაციის ნაწილმა დატოვა, მოგვიანებით ანთაძეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიგა ლორთქიფანიძეც დაუპირისპირდა. მიხეილ ანთაძის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობდა – დაუფასებელი მსახიობები, შეჭმული ბიუჯეტი, თეატრში ოჯახის წევრების დასაქმება და სხვა მრავალი ბრალდება...

რას პასუხობს მიხეილ ანთაძე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს? ამის შესახებ თეატრის მმართველი, თავად ბატონი მიხეილი ისაუბრებს "სარკესთან".

მიხეილ ანთაძე:

– ჩვენი თეატრი 1927 წელს დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში ის ბავშვებისა და მოზარდების საყვარელი ადგილია. ჩვენ და თოჯინების თეატრი პირველები ვაღებთ იმ კარებს, რომლითაც ბავშვები ხელოვნებას ეზიარებიან. ამ თეატრს ჰქონდა პრობლემებიც, მაგრამ დღეს ყველაფერი გადალახულია. ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შენობა გარემონტდა, აღდგა სააბონენტო სისტემა სკოლებში. შედეგად, ჩვენს თეატრში ყოველდღე სპექტაკლებია და მაყურებელიც არ გვაკლია. ჩვენს დასში არიან მსახიობები, რომლებსაც 50–60 წლის სტაჟი აქვთ.

გვინდა, რომ ჩვენი მსახიობები ფართო მასებმა გაიცნონ. ჩვენი ჟურნალი "მოზ არტი" ამ ფუნქციასაც ასრულებს. ჟურნალი თეატრის ცხოვრებას აფიქსირებს. შეიძლება ძალიან საინტერესო პერიოდი დროთა განმავლობაში ისე გაქრეს, რომ ისტორიას არაფერი დარჩეს. ამიტომაც ჩვენი ჟურნალის ფურცლები ჩვენი თეატრის მჩქეფარე ცხოვრებას შემოინახავს.

– რამდენიმე წლის წინ თქვენს თეატრის მმართველად დანიშვნას დიდი ხმაური მოჰყვა. პროტესტის ნიშნად წავიდნენ რეჟისორები და მსახიობები და დღემდე აცხადებენ, რომ თქვენმა მმართველობამ თეატრი დაანგრია.

– ჩემს მოსვლამდე თეატრმა ძალიან დიდი სტრესი მიიღო. პირველი სტრესი ის იყო, რომ ორი სრულიად განსხვავებული თეატრი – ქართული მოზარდ მაყურებელთა და რუსული მოზარდ მაყურებელთა – მექანიკურად შეაერთეს. ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იყო. წარმოიდგინეთ, ერთი თეატრის შენობაში, სადაც ფუნქციონირებს დასი და თეატრი სრულად აქვთ ათვისებული, შემოდის მათზე დიდი შემადგენლობის თეატრი თავისი დასითა და ბარგიბარხანით. თანაც სათავეში ჩადგნენ რუსული თეატრის მმართველები და ქართულმა დასმა ამით კიდევ უფრო დიდი სტრესი მიიღო. ამ გაერთიანებას მოჰყვა რემონტი, რომელიც 10 წელი გაგრძელდა. თავიდან სარემონტო პროცესები ძალიან ნელი ტემპით მიდიოდა, სანამ "ქართუ ჯგუფი" არ ჩაერია. 10 წლის განმავლობაში თეატრში მსახიობების ნაცვლად მუშები დადიოდნენ. ამ რთული პროცესის ფინალში მოვედი მე თეატრის მმართველად.



ბუნებრივია, გაჩნდა რეორგანიზაციის საკითხი. 10 წლის უმუშევრობის შემდეგ ორმაგი ენერგიით უნდა შევდგომოდით საქმეს. რა თქმა უნდა, 250–იან კოლექტივში აღმოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც რაღაც არ მოეწონებოდათ. საბედნიეროდ, ეს ძალიან უმნიშვნელო ნაწილი იყო. დაახლოებით 7 მსახიობი და სამი ადმინისტრაციული თანამშრომელი ჩემს მოსვლასა და თეატრის ამუშავებას ნეგატიურად შეხვდა. თანამშრომლების გარკვეული ნაწილი ჩემი მოსვლისთანავე წავიდა. ყოფილ ხელმძღვანელობას სოლიდარობა გამოუცხადეს და გაჰყვნენ. ეს მათი არჩევანი იყო. ასეთი სულ 4–5 კაცი იყო, მაგრამ ხმაურის გამოწვევა მაინც მოახერხეს მასმედიაში. ხშირად ჩემი მისამართით ძალიან სულელური ბრალდებები ისმოდა.

– ამბობდნენ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სექსუალურ თემატიკაზე აგებული სპექტაკლები იდგმებაო.

– კარგად მახსოვს ეს სულელური ბრალდება. საქმე ეხებოდა სპექტაკლს "ოთარაანთ ქვრივი". სანამ მისი პრემიერა იქნებოდა, ერთ–ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომლის სათაურიც იყო – "ოთარაანთ ქვრივს სოსია მეწისქვილესთან სექსი ექნება". ეს ისეთი ყურით მოთრეული ბრალდება იყო, რომ პასუხიც არ გავეცი. ამ სპექტაკლის სანახავად ბავშვები წლების მანძილზე დადიოდნენ და ძალიან მოსწონდათ.

– ოპონენტები ბრალს გდებენ იმაში, რომ ადმინისტრაციაში თქვენი ოჯახის წევრები მოიყვანეთ.

– თეატრალურ სამყაროში ოჯახები არავის უკვირს. ჩვენს თეატრში არის 10 ოჯახი, რომელთა მშობლები, შვილები, შვილიშვილები, რძლები, სიძეები და მათი მშობლები ამ თეატრის წევრები არიან. თეატრში ხშირად იქმნება ოჯახები და ამაში ცუდი არაფერია. ესეც თითიდან გამოწოვილი ბრალდება იყო. როდესაც ხელმძღვანელობაში მოდიხარ, ბუნებრივია, თან რამდენიმე პროფესიონალი მოგყავს, რომლებსაც დაეყრდნობი. თეატრში ოჯახის წევრების დასაქმება რომ არ შეიძლებოდეს, მაშინ ეს კანონითაც განისაზღვრებოდა, პირდაპირ იქნებოდა მითითებული. მინისტრს ეკრძალება, თავის მოადგილედ ოჯახის წევრი დანიშნოს, თეატრში კი ეს აკრძალვა არ არსებობს. ნებისმიერი თეატრი სავსეა ოჯახის წევრებით. ჩემი უფროსი ბიჭი მხატვარ–დიზაინერია, ჰოლანდიაში ისწავლა და ჩვენს თეატრში ფოტოგრაფად მუშაობს. ასე რომ, ეს თითიდან გამოწოვილი სკანდალი იყო.

რა აღარ დამაბრალეს – ბიუჯეტის გაფლანგვა, არასწორი მმართველობა, მსახიობების დათხოვნა და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ადვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო სახსრების მითვისება. ამის პრეცედენტი რომ ყოფილიყო, მე აქ დღეს თქვენ წინაშე არ ვიქნებოდი, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციებზე ძალიან დიდი კონტროლი ხორციელდება.

– როგორ ფიქრობთ, რატომ წამოვიდა თქვენი მისამართით ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება, ეს ადამიანები რამ გაანაწყენა?

– შეუძლებელია 250 კაცი მართო და იქ ყველას მოსწონდე და უყვარდე. ამდენ ადამიანში ყოველთვის მოიძებნება ინტრიგანი. მაგალითად, ჩვენს დასში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ხელფასის ასაღებად მოდიოდნენ თეატრში და ასევე შეკრებებზე, რომ საპროტესტო განცხადებები გაეკეთებინათ. ამასაც ვითმენდი. შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელად თეატრში გიგა ლორთქიფანიძე დაინიშნა და, ჩემთვის აუხსნელი მიზეზებით, გიგა მხოლოდ ამ საპროტესტო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. როგორც ჩანს, ამ მცირე ჯგუფს გიგას მფარველობამ ბევრი იმედი მისცა და ამის გამო ისე გამწვავდა სიტუაცია, რომ ბოლოს უკვე მუშაობაც შეუძლებელი გახდა. სწორედ ამიტომ, როდესაც მათ ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდათ, ახალი ხელშეკრულებები აღარ გავუგრძელე. ეს ათი ადამიანი თეატრიდან წავიდა, აქედან რვა მსახიობი იყო, დღეს კი დასში ასი მსახიობი გვყავს. მათი წასვლის შემდეგ თეატრში სიტუაცია დაწყნარდა და ახლა ერთსულოვნებაა. თანამოაზრეობისა და ერთსულოვნების გარეშე ძნელია თეატრის არსებობა. ჩვენი მიზანია, ბავშვებისთვის გავაკეთოთ სპექტაკლები და ამით სიამოვნება მივიღოთ. კრიტიკა კი მხოლოდ მაყურებლისგან არის მისაღები.

დღეს როცა იმ სკანდალებზე ვფიქრობ, რომლებიც ამ თეატრის გარშემო დატრიალდა, ხშირად მეცინება. ისიც კი გაბედეს და თქვეს, თეატრში ხატების დასამზადებელი საამქროა, რომლებიც ქუჩასა და მაღაზიებში იყიდებაო. სინამდვილეში ჩვენს ბუტაფორიულ საამქროში რამდენიმე ძალიან მაღალი დონის მხატვარი მუშაობს, რომლებმაც ზარზმის მე–9 და მე–11 საუკუნის უძველესი და ძალიან დიდი მასშტაბის ხატების ასლები გააკეთეს. ეს ხატები ეროვნულ მუზეუმში ინახება, ხოლო ასლები ეკლესიაშია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ გაკეთდა და ამის სანაცვლოდ რა ხმები გაგვივრცელეს, თქვენც იცით.

– რეპერტუარის მხრივ რა ტენდენციებია დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ბავშვებსა და მოზარდებს ყველაზე მეტად რა აინტერესებთ?

– ორი ტენდენციაა. პირველი ის, რომ საბჭოთა დროში ყველა სკოლის მოსწავლე ვალდებული იყო, უნდოდა თუ არა, თეატრის აბონემენტი ეყიდა. მაშინ ეს აბონემენტი ძალიან სიმბოლური თანხა ღირდა, ამიტომაც სპექტაკლებზე ხშირად ხვდებოდნენ ისეთი ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა სცენაზე. ხმაურობდნენ და გაძლებაზე იყვნენ, რადგან მასწავლებელი აიძულებდა აქ მოსვლას. ხშირად თეატრის მომსახურე პერსონალს ურჩი ბავშვების გაყვანაც კი უწევდა დარბაზიდან. დღეს კი აბონემენტს მხოლოდ ის ბავშვები ყიდულობენ, რომლებსაც თეატრი მართლა აინტერესებთ, ამიტომაც დარბაზი განსაკუთრებით საინტერესოა. მაყურებლის კულტურა თვალშისაცემია.

– თქვენს რეპერტუარში ბევრი ზღაპარია. არადა, თანამედროვე კომპიუტერულ ეპოქაში ბავშვებს ნაკლებად აინტერესებთ ზღაპრები.

– მე ასეთ მოსაზრებას არ ვეთანხმები. 12 წლამდე ბავშვებმა, ანუ სანამ ისინი თინეიჯერები გახდებიან, ბევრი რამ ზღაპრებით უნდა აღიქვან. 12 წლამდე ბავშვებს მთელ მსოფლიოში ზღაპრები აინტერესებთ. 7 წლის ბავშვი რეალისტურ მოთხრობებს ნამდვილად ვერ აღიქვამს. მას ზღაპრის ფორმა უნდა მოუძებნო და ისე მიაწოდო ამბავი. არ ვიცი, როდის უნდა დადგეს ისეთი დრო, როცა ბავშვი ბავშვს არ დაემსგავსება. ვინც თვლის, რომ თანამედროვე ბავშვებს ზღაპრები არ აინტერესებთ, მას ჰგონია, რომ ბავშვი მისნაირი სნობია. 12 წლის შემდეგ კი ბავშვს უნდა შესთავაზო ქართული ან მსოფლიო ლიტერატურის შედევრების დადგმები. ცდილობთ, ბავშვებსაც და პედაგოგებსაც ავუხსნათ, რომ ადამიანი თეატრში დადის კარგი სპექტაკლის სანახავად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, სპექტაკლი იყოს მაღალი ხელოვნება, რომელიც ბავშვს ესთეტიკურად განავითარებს და გემოვნებას ჩამოუყალიბებს.

– თქვენი თეატრის უხუცეს მსახიობებს მალე ვარსკვლავს გაუხსნით. როდის მოხდება ეს?

– ამ სეზონის დამთავრებამდე ჩვენი თეატრის წინ ვარსკვლავები გაეხსნებათ ბატონ რეზო თავართქილაძეს და ლადო მექვაბიშვილს. ორივეს წელს შეუსრულდა 82 წელი და დღემდე აქტიურად არიან დაკავებული თეატრში.

ავთო ჩიტიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online