asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ოტავა – მოგზაურობა მსოფლიოს მეორე ცივ ქალაქში
მოგზაურობა მსოფლიოს მეორე ცივ ქალაქში
ოტავა – მოგზაურობა მსოფლიოს მეორე ცივ ქალაქში

2011-03-25 16:13:50



ოტავა კანადის დედაქალაქია. ის ონტარიოს პროვინციაში მდინარე ოტავაზე და რიდოს არხზე მდებარეობს, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს – ზედა და ქვედა ოტავად. დედაქალაქში ნებისმიერი სახის დასვენების მოყვარული ტურისტებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი – შესანიშნავი პლაჟები, სასტუმროების ფართო არჩევანი და, რაც მთავარია, საინტერესო საექსკურსიო ტური.

მცირე რამ ისტორიიდან

ოტავა ერთიანი კანადის დედაქალაქად 1857 წელს ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ გამოაცხადა. ქალაქი 1827 წელს დაარსდა და თავდაპირველად ცნობილი იყო ბაუთაუნის სახელით (რიდოს არხის მშენებლის, ჯონ ბაიას პატივსაცემად). 1855 წლიდან მას ოტავა დაერქვა, რაც ადგილობრივ ინდიელთა ენაზე "გაცვლას" ნიშნავს.

კლიმატი

ოტავასათვის ნახევრად კონტინენტური კლიმატია დამახასიათებელი. დედაქალაქში თბილი ზაფხული და საოცრად ცივი, ნალექიანი ზამთარი იცის. სტატისტიკური მონაცემებით, ულანბატორის შემდეგ ოტავა მსოფლიოში რიგით მეორე ცივი ქალაქია.

თებერვალში ღამით ტემპერატურა –25 გრადუსამდე ეცემა მაშინ, როცა დღე შეიძლება მზიანი და თბილი იყოს. ზაფხულის ბოლოს ოტავაში ჰაერი 30 გრადუსამდე თბება. აღსანიშნავია ისიც, რომ კანადის დედაქალაქში ამინდი ყოველდღიურად იცვლება.

ენა

ოტავას ორი სახელმწიფო ენა აქვს – ინგლისური და ფრანგული. დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობა, დაახლოებით 60 პროცენტი, ინგლისურად საუბრობს, ხოლო 23 პროცენტი – ფრანგულად. ტურისტულ ადგილებში თავს გერმანულითაც გაიტანთ.

ფული

ოტავას, ისევე როგორც მთელი ქვეყნის ოფიციალური ვალუტა, კანადური დოლარია, რომელმაც 1871 წელს ბრიტანული ფუნტი შეცვალა. 1 კანადური დოლარი 0.99 ამერიკული დოლარის ტოლფასია. ხელის ქირა ნებისმიერ რესტორანსა თუ კაფეში 15%–ს შეადგენს. უცხოური ვალუტით სარგებლობას ოტავაში ნაკლებად შეძლებთ.

გადაადგილება

ოტავაში მოხვედრა, განსაკუთრებით კანადის სხვა ქალაქებიდან, ძალიან ადვილი საქმეა. მაკდონალდ–კარტერის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ოტავადან 10 კილომეტრში მდებარეობს და ის კანადაში სიდიდით მეექვსე აეროპორტია. ცენტრამდე ტაქსით მგზავრობა 20–30 კანადური დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო მინი ავტობუსი, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის, 14 კანადური დოლარი ღირს. თუ ფულის დაზოგვა გსურთ, მაშინ 57 ნომერ ავტობუსს უნდა დაელოდოთ.

კანადის ნებისმიერი ქალაქიდან ოტავაში მოხვედრა მატარებლით ან გემითაც შეგიძლიათ.

ქალაქის ტერიტორიაზე ყველანაირი სატრანსპორტო საშუალება კარგადაა განვითარებული. პოპულარობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა ავტობუსი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს და ერთჯერადი მგზავრობის ღირებულება 3,25 კანადური დოლარია.

1 კილომეტრის ტაქსით გავლა 3 კანადური დოლარი ღირს, აქედან გამომდინარე, მას მაინცდამაინც ბევრი მომხმარებელი არ ჰყავს.

მანქანის დაქირავება ასევე კარგი გამოსავალია, მაგრამ შედარებით ძვირი სიამოვნება. ერთი დღით მანქანით სარგებლობა, სულ მცირე, 40 კანადური დოლარი დაგიჯდებათ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან უნდა მოუფრთხილდეთ, სხვაგვარად ასმაგად მოგიწევთ მისი ანაზღაურება.

ოტავაში მრავლად ნახავთ ველოსიპედისტებს. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ველოსიპედის დაქირავებას სპეციალურ სააგენტოებში შეძლებთ.

სამზარეულო

კანადური სამზარეულოსათვის ტიპურია ფრანგული და ინგლისური სამზარეულოების ტრადიციების სინთეზი. უკვე 200 წელზე მეტია, რაც კანადაში ფრანგული და ინგლისური წარმოშობის მოსახლეობა მშვიდობიანად ცხოვრობს. კანადურ სამზარეულოს ყველაზე მეტად მაინც ტკბილეული და ცომეული ახასიათებს. კერძების უმრავლესობა ხორცითა და ზღვის პროდუქტებით მზადდება.

ოტავაში, როგორც ტურისტულ ცენტრში, ძირითადად მაღალი ხარისხის საჭმელს ამზადებენ, ფასები კი ძალიან დაბალია. პირველ რიგში, გირჩევთ, შებოლილი ძროხის ხორცი ან შემწვარი ხბოს ხორცი იორკშირულ პუდინგთან ერთად მიირთვათ. კანადელები ქათამს სუნელებში წვავენ, მასზე სპეციალურ მაღაზიებში ყოველთვის დიდი რიგებია.

ხორცის შემდეგ ყველაზე პოპულარული ზღვის პროდუქტებია, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ორაგულსა და კიბორჩხალაზე. ოტავაში უგემრიელესი და უიშვიათესი გემოს ყველს დააგემოვნებთ, რომელსაც თავის დროზე მხოლოდ ბერები ამზადებდნენ.

სასმელებიდან ჩაი და ყავა ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო ალკოჰოლიდან კანადურ ვისკის გირჩევთ.

ღირსშესანიშნაობები

ოტავას კანადაში უდიდესი კულტურული ფუნქციები აკისრია, თავისი მრავალრიცხოვანი მუზეუმებითა და გალერეებით. მათგან აღსანიშნავია კანადის ეროვნული გალერეა, სადაც დაცულია მრავალი შედევრი. ოტავა ფესტივალების ქალაქიცაა. ყველაზე ცნობილია გაზაფხულის ტიტების ფესტივალი, რომელიც სათავეს 1945 წლიდან იღებს, სწორედ ამ წელს ჰოლანდიამ კანადას 100.000 ტიტის ბოლქვი გაუგზავნა და ამით გამოხატა მადლიერება ამ ქვეყნის მიმართ მეორე მსოფლიო ომში გაწეული დახმარებისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართება აღლუმები და კონცერტები.

პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, პარლამენტის შენობაა, რომელიც ე.წ. საპარლამენტო ბორცვზე დგას. საპარლამენტო ბორცვი მდინარის სანაპიროზე მდებარე გვირგვინის მსგავსი მიწის ნაკვეთია. ტურისტების ყურადღებას იპყრობს პირველი მსოფლიო ომის მემორიალი.

საოცარ სანახაობას წარმოადგენს ე.წ. რიდოს არხი, რომელიც 1832 წელს გაიხსნა. ის მალევე შევიდა იუნესკო–ს მემკვიდრეობის სიაში და მისი პოპულარობა დღითიდღე მატულობს. ზაფხულში ტურისტები თავს რიდოს არხში სეირნობით იქცევენ, ხოლო ზამთარში გაყინულ არხზე სრიალებენ.

ბუნების მოყვარული ტურისტები დიდად ნასიამოვნებნი და კმაყოფილები დარჩებიან, თუ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრებიან, სადაც უიშვიათეს და უმშვენიერეს მცენარეებს იხილავენ.

უსაფრთხოების წესები

კრიმინალური თვალსაზრისით, ოტავა ძალიან დაცული და უსაფრთხო ქალაქია. მაგრამ დაბნელების შემდეგ, ტურისტულ სეზონზე, გარეთ გასვლას მაინც არ გირჩევთ. ოტავაში, როგორც ემიგრანტებით სავსე ქალაქში, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხავებული ხასიათისა და ადათების ადამიანები ცხოვრობენ.

თუ ოტავაში ზამთრის პერიოდში აპირებთ გამგზავრებას, მაშინ მკაცრი სიცივისთვის უნდა მოემზადოთ. ხშირ შემთხვევაში, დიდი თოვლისა და ყინვების გამო, ყველა დაწესებულება კვირებით, ხანდახან თვეებითაც კი იკეტება.

ეკლესიებში მოკრძალებულად ჩაცმული შედით. თუ ადგილობრივების მსგავსად საუბარს ან მოქცევას მოისურვებთ, აუცილებლად მათი დაცინვის ობიექტი გახდებით.

უბის წიგნაკი

ქვეყანა – კანადა;

დედაქალაქი – ოტავა;

ფართობი – 2,778,64 კვ.კმ;

მოსახლეობა – 812.129;

ვალუტა – კანადური დოლარი;

სახელმწიფო ენა – ინგლისური, ფრანგული.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მოგზაურობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online