asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

2011 წლის 11 მარტი – დღე, რომელმაც პლანეტა დედამიწა შეცვალა
რას უქადის იაპონიის მიწისძვრა მსოფლიოს
2011 წლის 11 მარტი – დღე, რომელმაც პლანეტა დედამიწა შეცვალა

2011-03-25 16:13:49



ამომავალი მზის ქვეყანას ერთბაშად სამი უბედურება დაატყდა თავს – მიწისძვრა, ცუნამი და რადიაცია. ასეთი რამ ადამიანებს აპოკალიფსის თემაზე გადაღებულ ფილმებში თუ უნახავთ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამის მოწმენი რეალურად გახდებოდნენ. ეს 2011 წლის 11 მარტს მოხდა და კაცობრიობა კატაკლიზმის წინაშე სრულიად უძლური აღმოჩნდა.

ახლა მსოფლიო ადამიანურ და მატერიალურ დანაკარგებს ითვლის, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფერს გაცილებით გრძელვადიანი და მძიმე შედეგები მოჰყვება როგორც ადამიანების ცხოვრებაში, ისე დედამიწის გეოგრაფიაში.



ტრაგიკული 11 მარტი

იაპონია ყველაზე საშიშ სეისმოლოგიურ რაიონშია მოქცეული. ის დედამიწის ოთხი დიდი ტექტონიკური ფილის გზაგასაყარზე მდებარეობს. მის ქვეშ ევრაზიის, წყნარი ოკეანის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ფილიპინების ტექტონიკური ფილებია განლაგებული, რომლებიც მუდმივად მოძრაობის პროცესშია. როგორც წესი, მეცნიერები ამ ფილების გადაადგილებას აკვირდებიან. აქამდე წელიწადში მათი მოძრაობის დიაპაზონი 9 სანტიმეტრი იყო და ეს ნორმად ითვლებოდა. სეისმურად არასტაბილურ ზონაში მცხოვრები იაპონელები მუდამ მზად იყვნენ მიწისძვრებისთვის, მაგრამ ამჯერად მასშტაბები მათთვისაც კი გამაოგნებელი იყო.

მთელი მსოფლიოს სწავლულები ახლა 11 მარტის მიწისძვრის გარშემო მუშაობენ. უკვე გაირკვა, რომ სტიქიის შემოტევის შედეგად ევრაზიის ტექტონიკურმა ფილამ აღმოსავლეთისაკენ 20 მეტრით გადაიწია. სამეცნიერო წრეებში უკვე ხმამაღლა აცხადებენ, რომ 2005 წლიდან მოსალოდნელი იყო 9 ბალზე მაღალი მიწისძვრა.

11 მარტის უბედურებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა პლანეტის გეოგრაფიაში. იაპონიის ჩრდილოაღმოსავლეთმა რაიონმა, რომელიც მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალდა, 75 სმ–ით დაიწია. რამდენიმე პატარა კუნძული მთლიანად გაქრა, ხოლო რამდენიმემ გეოგრაფიული კოორდინატები შეიცვალა. იაპონიის ნახევარკუნძული ოსიკა სამხრეთ–აღმოსავლეთის მიმართულებით 5,3 მეტრით გადაადგილდა და 1,2 მეტრით დაიწია. უკვე ცნობილია, რომ დედამიწა თავისი ღერძიდან 18 სმ–ით გადაიხარა, ხოლო დრო 1,6 მიკროწამით აჩქარდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ცვლილებები მომავალში კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს.

11 მარტის შემდეგ იაპონიაში ათი დღის განმავლობაში 5–დან 7 ბალამდე 170 ბიძგი დაფიქსირდა. სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ დედამიწა ამით არ განმუხტულა. არ გამორიცხავენ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელია კიდევ ერით, 8 ბალიანი მიწისძვრაც მოხდეს.

არსებობს მეორე ვერსია, რომ იაპონიის მიწისძვრა უახლოეს მომავალში გამოძახილს ჰპოვებს კურილია–კამჩატკის ზონაში. იაპონიიდან კამჩატკამდე ერთი მთლიანი სეისმური ზონაა. ექსპერტების ვარაუდით, 50%–იანი ალბათობაა იმისა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში იგივე ან ოდნავ ნაკლები სიძლიერის მიწისძვრა ამ ზონის მეორე მხარეს, კურილია–კამჩატკის ტერიტორიაზე მოხდეს.

მიწისძვრის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა იაპონელებს შექმნილი აქვთ ხელსაწყო, რომელსაც რამდენიმე წამით ადრე შეუძლია მოსალოდნელი სტიქიური უბედურების განსაზღვრა. შესაბამისად ეს სიგნალები გადაიცემა სარკინიგზო პუნქტებში, ელექტროსადგურებზე, მსხვილ საწარმოებში და მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. დღეისთვის ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება, რომ მიწისძვრის პროგნოზირება 80 წამით ადრე ხდება. სწორედ ამიტომაც ამბობენ, რომ იაპონიაში 11 მარტის ტრაგედიას გაცილებით ნაკლები ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე შეიძლებოდა სხვა ქვეყანაში მოჰყოლოდა.

სანამ მეცნიერები პლანეტის მომავალზე ფიქრობენ, მანამდე იაპონია თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე რთულ ეკონომიკურ–სოციალურ მდგომარეობაშია. მიწისძვრამ და ცუნამიმ კუნძულ ხონსიუს აღმოსავლეთი სანაპირო მთლიანად გაანადგურა, 50 ათასი სახლი მიწასთან გაასწორა.

მიწისძვრაზე დიდი ნგრევა ცუნამიმ გამოიწვია, რომლის ტალღები 10 მეტრს აღემატებოდა. წყნარ ოკეანეში წარმოქმნილი ცუნამის სიჩქარე 850 კმ/სთ იყო, რაც თვითმფრინავის სიჩქარეს უტოლდება. სანაპიროსთან ცუნამიმ დაკარგა სიჩქარე, მაგრამ ტალღების სიმაღლემ მოიმატა, რამაც იაპონიის სანაპიროები წალეკა.

იაპონიის ხელისუფლებამ მოსალოდნელი ცუნამის შესახებ განცხადება მიწისძვრის დაფიქსირებიდან რამდენიმე წამში გააკეთა. მათ პირდაპირ მიმართეს მოსახლეობას, რომ ძლიერი ცუნამი იყო მოსალოდნელი, თუმცა ამან ათეულათასობით ადამიანის სიცოცხლე ვეღარ იხსნა.

ატომური საფრთხე

ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ადამიანების უგუნურება გამოააშკარავა. ფუკუსიმას ატომურ სადგურზე წარმოქმნილმა სერიოზულმა პრობლემებმა მთელ პლანეტას, პირველ რიგში, ამერიკასა და რუსეთს სერიოზული რადიაციული საფრთხე შეუქმნა. აფეთქებებისა და ხანძრის გამო ატომურ ელექტროსადგურებში რადიაციამ გაჟონა. მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებულ ადამიანებს რადიაციის სახიფათო, 40 კმ–იანი ზონიდან ევაკუირებული მოსახლეობაც დაემატა.

მსოფლიო საფრთხეს მსოფლიო სკანდალებიც მოჰყვა. სკანდალური ფაქტების გამომჟღავნებით ცნობილმა საიტმა "ვიკილიქსმა" გამოაქვეყნა დეპეშები, საიდანაც ჩანს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში წარმოიქმნა პრობლემები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიის ხელისუფლებას გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ატომური ელექტროსადგური ვერ გაუძლებდა ძლიერ მიწისძვრებს და საჭირო იყო მისი დახურვა, მაგრამ იაპონიის ხელისუფლებას სცენარის ასეთ განვითარებაზე არ უფიქრია.

ჯერჯერობით ექსპერტები ვერ საზღვრავენ, თუ რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ატომურ სადგურზე მომხდარ აფეთქებებს და რეალურად როგორი იქნება რადიაციის საფრთხე მთელ პლანეტაზე, რადგან პროცესები ჯერ განვითარების ფაზაშია. უკვე ხმამაღლა აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ ყველაფრით ატომური რენესანსის ეპოქა დასრულდეს.

იაპონურ ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეაშფოთა და უკვე მოითხოვენ სხვადასხვა ატომური ელექტროსადგურების დახურვას. ამ ინიციატივით პირველი გერმანია გამოვიდა. უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბულგარეთში, ჩეხეთსა და თურქეთში ახალი ელექტროსადგურების აშენების საკითხი. ასევე თაროზე შემოიდება ჩინეთსა და ინდოეთში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის პროექტი, რომელიც მომავალში მსოფლიოსთვის ძირითადი ენერგიის წყარო უნდა გამხდარიყო.

ეკონომიკური შოკი

ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იაპონიაში ეკონომიკური შოკიც გამოიწვია, რომელიც მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებით პირველ ადგილზე იყო. ამომავალი მზის ქვეყანაში მსოფლიო მოხმარების ჩიპების 20% მზადდება. ისეთმა სერიოზულმა კომპანიებმა, როგორებიცაა "პანასონიკი", "შარპი", "სონი" და "ტოშიბა", მუშაობა შეწყვიტეს. "ტოშიბას" მიკროპროცესორებისა და სენსორების უდიდესი ფაბრიკა ჰქონდა იმ რაიონში, რომელიც სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ არავინ იცის, როდის აღდგება იქ მუშაობა. ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი კომპანია ზუსტად ვერ ამბობს, როდის დაუბრუნდებიან მუშაობის ჩვეულ გრაფიკს.

150 მილიარდი დოლარი და მეტი – ეს ის თანხაა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, იაპონიის ეკონომიკური შოკიდან გამოყვანას დასჭირდება. იაპონიის აღსადგენად იმაზე გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე ამერიკას დასჭირდა იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მას ქარიშხლებმა "კატრინმა" და "რიტამ" მიაყენეს.

ოპტიმისტი ერის პესიმისტური დღეები

უდიდეს შიშს, ფსიქოლოგიურ შოკს და რადიაციულ საფრთხეს შიმშილიც მოჰყვა. თავშესაფრებში მოხვედრილი ადამიანების დიდი ნაწილის დღიური საკვები ძალიან მცირეა – ერთი ბანანი, ერთი ფილა შოკოლადი, ერთი პური და წყალი. დაზარალებულები საშინელ დღეებს იხსენებენ. ცუნამის სიმაღლე იმდენად დიდი იყო, რომ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზეც კი შეუძლებელი იყო მისგან თავდაცვა. ოკეანის ტალღები სანაპიროდან 3 კილომეტრზე გავრცელდა.

საშინელებას გადარჩენილი მოსახლეობა განადგურებულ ტერიტორიებს დაუბრუნდა და არსებულ ქაოსში თავისი ქონების ნაშთებს ეძებს. ნავების, სახლების, ელექტროგადამცემების, მანქანებისა და ხეების ნარჩენები ერთმანეთშია არეული. ყოველი ახალი დღე სულ უფრო ნაკლებ შანსს ტოვებს იმისას, რომ ნანგრევებში მოყოლილთაგან და დაკარგულთაგან ვინმე ცოცხალი აღმოჩნდეს.

გაუტეხელი ერი

სტიქიიდან ათი დღის შემდეგ ქალაქ ისინომაკში 80 წლის ქალი და მისი 16 წლის შვილიშვილი ცოცხალი იპოვეს. ორივე საოცრად დასუსტებული იყო, მაგრამ გადარჩნენ. 16 წლის ბიჭმა ჯინ აბემ თავად მოახერხა ნანგრევებიდან თავის დაღწევა და მაშველებს სთხოვა, ბებიის გადარჩენაში დახმარებოდნენ. მან ჟურნალისტებს უამბო, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის შეუჩერებლად ცდილობდა ნანგრევებიდან თავის დაღწევას და არასოდეს დაავიწყდება მომენტი, როდესაც დღის სინათლე დაინახა. ბიჭის მამა მთელი ამ ხნის განმავლობაში ლოცულობდა და სჯეროდა, რომ მისი შვილი და დედა ცოცხლები იყვნენ.

ამერიკაში მცხოვრებმა იაპონელმა სტუდენტმა აკიკო კოსაკამ თავისი ოჯახი, რომელიც ცუნამის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, "იუთუბი"–ზე პატარა ვიდეორგოლის საშუალებით იპოვა. 20 წლის კოსაკა კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობს, მისი მშობლები კი მეთევზეთა დასახლება მინამიში ცხოვრობდნენ. ამ დასახლებაში 17 ათასი ადამიანიდან ნახევარი დაკარგულად ითვლება. პირველად კოსაკამ ელექტრონული ფოსტით მიიღო წერილი, რომ მისი 13 წლის და ცოცხალია და ერთ–ერთ სკოლაში განთავსებულ თავშესაფარშია, მაგრამ არაფერი იცოდა მშობლებისა და უფროსი დის შესახებ. სტუდენტი გოგონა ინტერნეტში ყველა ვიდეორგოლს ათვალიერებდა, რომელიც იაპონიის ტრაგედიას ასახავდა. ერთ–ერთ ვიდეორგოლში მან გადარჩენილი მშობლები და უფროსი და დაინახა.

საშინელი მიწისძვრისა და ცუნამის თვითმხილველებს ალბათ დიდი დრო დასჭირდებათ იმისათვის, რომ ამ შოკიდან გამოვიდნენ.

"სახლში მარტო ვიყავი და როდესაც ჩემ გარშემო ყველაფერმა ნგრევა დაიწყო, მეორე სართულიდან ეზოში გადავხტი. არ დამავიწყდება მიწაზე დაცემის წამები, მიწიდან საშინელი გუგუნი და ხმა ისმოდა, ხანდახან ეს ხმა ახლაც ჩამესმის", – იხსენებს 35 წლის იაპონელი მამაკაცი.

"იაპონელებმა პირველად ვიგრძენით, რა არის პანიკა. ყველაზე საშინელი ისაა, რომ გავყურებთ ოკეანეს და საშინელი სურათია. ყოველდღე ათასობით გვამი გამოაქვს ნაპირზე", – ამბობს დაზარალებულ ზონაში მყოფი მაშველი.

და მაინც, იაპონელებმა ისევ და ისევ გამოაჩინეს თავიანთი სულიერი სიმტკიცე და წონასწორობა. დაზარალებულია იაპონიის 14 პრეფექტურა, მაგრამ არსად დაფიქსირებულა მარადიორობის ფაქტები. როგორც უცხოელი ჟურნალისტები აცხადებენ, ადგილობრივი მოსახლეობა ნამდვილი პატრიოტია. ისინი ცდილობენ, ცუდი არაფერი თქვან მთავრობაზე, არ გამოხატავენ შიშს და შეძლებისდაგვარად ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

ტოკიოს ცხოვრებაც გარკვეულწილად შეიცვალა. მართალია, პანიკა არ იგრძნობა, მაგრამ ხალხი ცდილობს, ტრანსპორტს თავი აარიდოს და ქუჩაში ფეხით იაროს. ქალაქის ქუჩებში ბევრს შეხვდებით სამშენებლო მუზარადებით. იაპონელებს ეშინიათ შენობების, ხეების, ბოძების და ცდილობენ, უსაფრთხო ადგილას იარონ. ტოკიოში მაღაზიები თვალსა და ხელშუა ცარიელდება. პირველ რიგში, თავდება საჭმელი და პირველადი მოხმარების საგნები. დიდი მოთხოვნაა წითელ ღვინოზეც, რომელიც ორგანიზმზე რადიაციის მავნე გავლენას ამცირებს.

მოამზადა ავთო ჩიტიძემ



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: 2011
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online