asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბავარიის დიდი გული
ბავარიის დიდი გული
ბავარიის დიდი გული

2011-03-24 15:38:49



მიუნხენი ბავარიის თავისუფალი მხარის დედაქალაქია. თავისი 1,35 მილიონი მცხოვრებით ის ბავარიის უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. მიუნხენი ქვეყნის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად ითვლება.

კლიმატი

მიუნხენისათვის საკმაოდ ცვალებადი კლიმატია დამახასიათებელი. საშუალო წლიური ტემპერატურა 10 გრადუსია. ქალაქში ზამთარი, განსაკუთრებით კი დეკემბერი, საკმაოდ ცივი და ნალექიანია, გაზაფხული და შემოდგომა – თბილი და სასიამოვნო. ყველაზე ცხელი თვე ივლისია, მაგრამ აგვისტოს დადგომისთანავე სიცხეები ქრება და თვის ბოლოდან სიგრილე შეინიშნება. ალბათ უკვე მიხვდით, რომ მიუნხენის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ზაფხულია.

ენა

ბავარიის დედაქალაქის ოფიციალური ენა, რა თქმა უნდა, გერმანულია. გაითვალისწინეთ, რომ გერმანელები, თუ მათ მშობლიურ ენაზე ესაუბრებით, გაცილებით სტუმართმოყვარენი და თბილები ხდებიან. თუ გერმანული არ იცით, არც ამ შემთხვევაში უნდა გაგიჭირდეთ, რადგან მიუნხენში ევროპულ ენებზე მოსაუბრეებსაც მრავლად შეხვდებით.

ფული

მიუნხენის, ისევე როგორც მთელი გერმანიის, ოფიციალური ვალუტა ევროა. ნაციონალური და უცხოური ვალუტის შეტანა–გატანაზე შეზღუდვები დაწესებული არაა, მაგრამ ქალაქში სხვა სახის ვალუტის დახარჯვის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეთ. გამონაკლისს წარმოადგენს ტურისტებით გადავსებული ბარ–რესტორნები, სადაც, ამერიკული დოლარის წყალობით, მშიერს ნამდვილად არ დაგტოვებენ.

გადაადგილება

მიუნხენის აეროპორტი გერმანიაში სიდიდით მეორეა და ორი ტერმინალი აქვს. ის ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. ცენტრამდე მატარებლით 40 წუთში მიხვალთ, მგზავრობის ღრებულება კი 9,20 ევროა. მატარებელი ყოველ 20 წუთში ერთხელ გადის.

თვითმფრინავის შემდეგ მატარებელი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. ევროპელები მიუნხენში ჩასვლას მატარებლით ამჯობინებენ. იქ რკინიგზა იდეალურად მუშაობს, თანაც მატარებლით ჩასვლა ყველაზე იაფიც დაგიჯდებათ.

ევროპის რამდენიმე და გერმანიის ყველა ქალაქიდან მიუნხენში მოხვედრას ავტობუსითაც შეძლებთ, მაგრამ ავტობუსს რატომღაც ნაკლები მომხმარებელი ჰყავს.

თავად ქალაქში გადაადგილება უამრავი სატრანსპორტო საშუალებით შეგიძლიათ, მაგრამ ტრამვაი ყველას სჯობია. თუ მიუნხენში 3 დღეზე მეტხანს აპირებთ გაჩერებას, გირჩევთ, მთელი კვირის სამგზავრო ბილეთი შეიძინოთ, რომელიც 11,50 ევრო ღირს და მისი ყიდვა ნებისმიერ სადგურზეა შესაძლებელი.

ტურისტებს შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ველოსიპედი. მიუნხენი ცნობილია საველოსიპედო გზების სიმრავლით, რომლებზეც დღიურად 200 000 ველოსიპედი მოძრაობს.

მიუნხენში, ისევე როგორც გერმანიის ნებისმიერ ქალაქში, უმაღლესი დონის მეტროა. თუ საშუალება გაქვთ, მაშინ მანქანის დაქირავებასაც უპრობლემოდ შეძლებთ და ქალაქში თქვენს ნება–სურვილზე იმოძრავებთ. გაითვალისწინეთ, რომ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 1,5 ევროა.

სამზარეულო

გერმანული სამზარეულო მდიდარი და მრავალფეროვანია. მიუნხენის ცენტრში განლაგებულ ბარ–რესტორნებში, სადაც საუკეთესო მზარეულები მუშაობენ, ისეთ ცნობილ გერმანულ კერძებს დააგემოვნებთ, როგორებიცაა ხორცითა და არაჟნით მომზადებული შნელკლოპსი, აგრეთვე ძეხვის უგემრიელესი სალათი. უამრავი სახეობის ძეხვეულისა და ხორცეულის ფონზე შედარებით მსუბუქ საჭმელსაც შემოგთავაზებენ. ბავარიის დედაქალაქში ჩასულები ტრადიციული შნიცელის გასინჯვის გარეშე ნუ წამოხვალთ. არც ვეგეტარიანელები დარჩებიან უკმაყოფილონი, რადგან მათზე გათვლილი რესტორნები ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა. ყველაზე მოთხოვნადია ბოსტნეულის სალათი "ფელაფელსი".

სწრაფი კვების ობიექტებში დანაყრება, სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომია. რაც შეეხება სასმელს, ყავა და ჩაი მიუნხენში ერთნაირად მოთხოვნადია. ალკოჰოლიდან კი, რა თქმა უნდა, ლუდი პირველია, რომლის შემდეგ ყველაზე გავრცელებული სასმელი ღვინოა. ადგილობრივებს ძალიან უყვართ კოქტეილის დალევა. ყოველ საღამოს ახალგაზრდები კოქტეილ–ბარებში იკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ მიუნხენში თითქმის ყველა ქვეყნის რესტორანს შეხვდებით. ასე რომ, თუ გერმანული ნაციონალური სამზარეულო დიდად არ გხიბლავთ, მშიერი არ დარჩებით.

ღირსშესანიშნაობები

მიუნხენში სანახაობების სიმრავლის გამო ნებისმიერ ტურისტს გაუწყდება ქანცი, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ამ ქალაქში ნამდვილად არ მოიწყენთ.

მიუნხენის ცენტრში მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი ინგლისური ბაღი. ის ჯერ კიდევ 1789 წელს ბენჯამინ ტომსონმა გააშენა. პარკს 958 ჰექტარი უკავია და მსოფლიოს უდიდეს ბაღებს შორის ერთ–ერთია (ნიუ იორკის ცენტრალურ პარკზე დიდია, მაგარამ ლონდონის რიჩმონდის პარკზე პატარაა). ბაღში ყველაზე საინტერესო სანახავი "ჩინური კოშკია". ეს გახლავთ 25 მეტრიანი ხის კონსტურქცია. ულამაზესია იქვე ახლოს მდებარე 86 კვადრატული მეტრი ფართობის ხელოვნური ტბა კლაინჰესელოჰე.

მიუნხენის დატოვება ბმვ–ს მუზეუმის უნახავად არ შეიძლება. ის სხვა თანამედროვე თუ ისტორიული მუზეუმებისგან ორიგინალური შენობითაც გამოირჩევა. ქალაქის ცენტრალური მუზეუმის დათვალიერებით კი მიუნხენის ისტორიას საფუძვლიანად გაეცნობით.

საინტერესოა "ოლიმპიაშტადიონი", რომელიც მიუნხენის ოლიმპიაპარკის ცენტრში მდებარეობს. სტადიონი 1968–1972 წლებში აშენდა 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის. სტადიონზე 69.250 მაყურებელი ეტევა. უეფა–ს კლასიფიკაციით, ის ხუთვარსკვლავიანი სტადიონია. სწორედ იქ გაიმართა 1974 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისა და 1988 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის, ჩემპიონატების ფინალური შეხვედრები, ასევე 1993 და 1997 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრები.

ცხოველების მოყვარულები ზოოპარკს უნდა ესტუმრონ, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველა ქვეყნისა თუ ქალაქის ზოოპარკებისაგან მკვეთრად განსხვავდება.

უსაფრთხოების წესები

კრიმინალური თვალსაზრისით, მიუნხენი ერთ–ერთი ყველაზე დაცული ქალაქია მსოფლიოში. დღემდე მთავარ პრობლემად ჯიბის ქურდები რჩებიან, რომლებიც ისე არიან თავიანთ საქმეში დახელოვნებული, რომ რაოდენ დიდი სიფრთხილეც უნდა გამოიჩინოთ, შესაძლოა, მაინც საფულისა და ძვირფასი ნივთების გარეშე დარჩეთ. ამიტომ გირჩევთ, ბევრი ფულითა და ძვირფასეულობით გარეთ გასვლას მოერიდოთ, თუმცა პოლიციელების დახმარების იმედი ნამდვილად შეგიძლიათ გქონდეთ.

პირველი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, ზრდილობიანი მოქცევაა. ნებისმიერ ადგილას მომსახურე პერსონალს ზრდილობიანად უნდა მიმართოთ. მძღოლებს საგზაო წესების მკაცრად დაცვა მართებთ, თორემ დიდი ჯარიმებია დაწესებული. ტაქსის მძღოლებს ფასზე წინასწარ მოელაპარაკეთ, ტურისტების თხოვნას ისინი ითვალისწინებენ, მთავარია ზრდილობა. თუ ქუჩაში მოსიარულე პოლიციელი მოგიახლოვდათ და საბუთები მოგთხოვათ, არ გაგიკვირდეთ და ზრდილობიანად გაუწოდეთ. ეცადეთ, ნასვამ მდგომარეობაში ქუჩებში არ იხეტიალოთ, გერმანელ პოლიციელებს მთვრალი ხალხი არ უყვართ.

უბის წიგნაკი

ქვეყანა – გერმანია;

ქალაქი – მიუნხენი;

ფართობი – 310.43 კვ.კმ;

მოსახლეობა – 1.356.594;

ოფიციალური ენა – გერმანული;

ოფიციალური ვალუტა – ევრო.

მოამზადა თათია ბოჭორიძემ



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online