asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კუზანოვის რძალი სილამაზის ცნობილ რეცეპტებს სისულელედ მიიჩნევს
"ბოტოქსს ექვს თვეში ერთხელ ვიკეთებ"
კუზანოვის რძალი სილამაზის ცნობილ რეცეპტებს სისულელედ მიიჩნევს

2011-03-24 15:38:48



ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ივა კუზანოვის რძალი, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე, სილამაზის უპირველეს რეცეპტად ძილს მიიჩნევს. თვითონ ხშირადაა სამსახურში მორიგე და ღამისთევაც უწევს. დღე–ღამის განმავლობაში რვასაათიან ძილს მაინც ახერხებს, თუნდაც 13 წუთიანი წაძინებების ხარჯზე. საბოლოო ჯამში, მისი გარეგნობა, როგორც თავად ამბობს, გენეტიკის, ბოტოქსის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის და ისევ და ისევ სრულფასოვანი ძილის შედეგია.

– ქალბატონო ნინო, იმ ოჯახში ცხოვრობთ, სადაც ქალის გალამაზება პროფესიად არის ქცეული. გულახდილად გვითხარით, ქალი კარგად რომ გამოიყურებოდეს, ბევრი ფული აუცილებელია?

– კარგ მოვლას ფული ნამდვილად სჭირდება, თან დიდი ფული, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნორმალური კვება, ყავაზე, სიგარეტზე, ალკოჰოლზე, მზის გამოსხივებაზე ანუ ნამზეურზე უარის თქმა სახეზე მეტნაკლებად აისახება. ეს კი ჩვენს ხელშია და ფული არ სჭირდება, თუმცა ჯანსაღი კვებაც ძვირი ჯდება.

კოსმეტიკური საშუალებებით თავის მოვლას რაც შეეხება, კარგი კოსმეტიკა ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ესეც ინდივიდუალურია – შეიძლება არაჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალებები გამოიყენოს ქალმა და იმაზე ცუდად გამოიყურებოდეს, ვისაც ამ საშუალებების გამოყენება არ შეუძლია, მაგრამ გენეტიკურად კარგი კანი აქვს. სტრესი ქალს აბერებს. კარგი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც უნდა მოუაროს ქალმა თავს, თუ ბოღმიანია, სახეზე აუცილებლად აღებეჭდება. ახალგაზრდობაში თავის მოვლა ადვილია, მაგრამ გარკვეული ასაკის მერე უკვე ძვირი სიამოვნებაა.

– თავად როგორ უვლით თავს?

– თავს ძალიან ვუვლი–მეთქი, რომ ვთქვა, მოვიტყუები. როგორც ყველა ქალი, ჰიგიენის ნორმებს ვიცავ. ჩემი თავის მოვლა დილით 5 წუთით სარკეში ჩახედვაა. დედამთილი კოსმეტოლოგი მყავს და წელიწადში ორჯერ თუ მივედი მასთან, დღესასწაულია. ალბათ ორგანიზმიც მიწყობს ჯერ ხელს, რომ ცოტა მოვეშვა. როცა ასაკი დამეტყობა, მერე უფრო მეტ დროს დავუთმობ თავს.

– თქვენი კარგი კანი გენეტიკურია?

– დიახ. დედა მალე სამოცის გახდება და გადატკეცილი კანი აქვს, ასევე დეიდას. მამაჩემიც, თავისი ასაკიდან გამომდინარე, ახალგაზრდულად გამოიყურება.

– სახის კანის მოვლისთვის ალბათ ძვირადღირებულ საშუალებებსაც იყენებთ.

– კი, ასეა, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს ჩემი დედამთილის მიერ დამზადებული კრემიც, რომელსაც სიამოვნებით ვიყენებ. ვიცი, მასში რა ინგრედიენტებიც არის და მომწონს. არაჩვეულებრივი რეცეპტი აქვს.

– ცნობილია, რომ ბოტოქსის ინექციებსაც იკეთებთ.

– ვთვლი, რომ დღეს ბოტოქსს ალტერნატივა არ აქვს. ხომ არის გამოთქმა, ბრილიანტები ქალების საუკეთესო მეგობარიაო, მე ვიტყოდი, რომ ბოტოქსი ქალების საუკეთესო მეგობარია. მეც ექვს თვეში ერთხელ ვიკეთებ ბოტოქსს.

– ბოტოქსზე ბევრი ამბობს, რომ სახეს მიმიკას უკარგავს, გამომეტყველაბს უძრავს ხდის...

– მაინტერესებს, მიმიკას რას ეძახიან. შეიძლება მსახიობს გადამეტებული მიმიკა სჭირდებოდეს, მაგრამ სხვა პროფესიის წარმომადგენელმა წარბები მაინცდამაინც თავზე უნდა აიტანოს, რომ მიმიკა გამოხატოს?! მთელი სახე ხომ არ შეშდება, ბოტოქსი გარკვეული მიმიკური ნაოჭის გასასწორებლად გამოიყენება.

– გრძელი თმა გაქვთ. მის მოვლას ბევრი დრო მიაქვს?

– არანაირად არ ვუვლი. ვერ ვიტან სალონში მისვლას, რადგან ყველა სტილისტი რატომღაც თავს ვალდებულად თვლის, მიკარნახოს, რა ნიღაბი გამოვიყენო, ორი საათი თავწაკრულმა უნდა ვიარო რაღაც "ნამცხვრებით" თმაზე. ამის არც დრო მაქვს და არც ნერვები. გამიმართლა, რომ კარგი ხარისხის თმა მაქვს. ყველას ჰგონია, რომ ჩემი თმა ხელოვნურად დაგრძელებულია, არადა 15 სანტიმეტრი მოვიჭერი კიდეც. ერთი ბრენდის შამპუნს და ბალზამს ვიყენებ. თმასაც ჩემით ვიღებავ, სახლში. ნახევარი საათით ვიდებ საღებავს. სალონში კი თმას მიწვავენ ხოლმე.

– წარბებიც გაღიავებული გაქვთ.

– კი. საერთოდ, ახლა ტენდენციაა, რომ წარბი ძალიან ღია, მთლად გაუფერულებული იყოს, მაგრამ მე მსუბუქად გავიღიავე.

– ეს იმიჯი თქვენი შერჩეულია თუ ვინმე დაგეხმარათ?

– სხვისი აზრი არასოდეს მაინტერესებს. მგონი, თბილისში ქერა და გრძელი თმა პირველად მე მქონდა. უფრო სწორად, 20 წლის წინ დეიდაჩემს და მერე – მე. ასეთი სიგრძის ქერა თმით არავინ დადიოდა და ყველას ეგონა, რომ თმა მიწებებული მქონდა.

– თქვენი ყოველდღიური მაკიაჟი როგორია?

– კლეოპატრასავით ჩახატული თვალები არ მიყვარს. მხოლოდ ტუშს ვისვამ, რადგან ქერა წამწამები მაქვს. ტუჩსაცხი მიყვარს, ოღონდ უფერო. ზოგჯერ მაკიაჟს საერთოდ არ ვიკეთებ.

– დატვირთული დღის შემდეგ როგორ ახერხებთ თავის ფორმაში მოყვანას?

– ძილით. 40 წუთი მაქვს დრო დღის მანძილზე თუ 13 წუთი, უნდა დავიძინო. ზუსტად 13 წუთში დავიძინებ და გავიღვიძებ, ეს ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი. საღამოს, სადმე რომ მივდივარ და ცოტა დრო მაქვს, რომც არ მეძინებოდეს, შემიძლია თავი ვაიძულო, რომ დავიძინო, თუნდაც ნახევარი საათით. ჩემი პირველი კოსმეტიკა ძილია.

– მანიკურს სისტემატურად იკეთებთ?

– ეს ჩემი ტანჯვაა. არ მიყვარს, მაგრამ იძულებული ვარ, სალონში ერთი საათი ვიჯდე და ფრჩხილების კეთებაში დრო ვკარგო. ფრჩხილები ყოველთვის ბოლომდე მაქვს დაჭრილი. ძირითადად ფრენჩს ვატარებ. მიყვარს მუქი ლაქი, მაგრამ ჩემს პროფესიას არ უხდება.

– თქვენი სიგამხდრეც გენეტიკურია?

– კი, მამას ვგავარ. ბევრს ვჭამ და არ ვსუქდები. ხან ვვარჯიშობ, ხან – არა. მასაჟები არ მიყვარს, მეღუტუნება.

– სილამაზის ეგრეთ წოდებული საიდუმლოებებიდან და თავის მოვლის ცნობილი მეთოდებიდან რა არის თქვენთვის მიუღებელი ან შუძლებელი?

– რატომღაც წერენ, რომ დღეში ლიტრანახევარი, ორი ლიტრი წყალი უნდა დალიო. ეს არნახული სისულელეა! ადამიანმა ორი ლიტრი სითხე რომ ყოველდღე მიიღოს, გულის უკმარისობა დაემართება. იმდენჯერ უნდა დალიო წყალი, რამდენჯერაც მოგწყურდება. ორგანიზმი ჭკვიანურად არის მოწყობილი, ზუსტად იცის, რამდენი და რა გჭირდება.

– გარუჯვა არ გიყვართ?

– ვგიჟდები ნამზეურზე, მაგრამ ძნელად ვიღებ, უფრო ვიწვები. ახლა იმდენად აღარ ვირუჯები, მზეს ვერიდები, რადგან კანის პირველი მტერი მზეა. თუ ვირუჯები, აუცილებლად კარგ სოლარიუმში, თან დამცავ საშუალებებს ვიყენებ და სახეზე ყოველთვის რაღაც მაფარია.

– თქვენი ქმარი, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი, როგორ აფასებს თქვენს გარეგნობას?

– თვრამეტი წელია მიყურებს და ესე იგი მოვწონვარ. ძალიან კარგი თვალი აქვს, ზუსტად აფიქსირებს ყველა ნაკლს, ვერაფერს გამოაპარებ. სულ მლანძღავს, ძალიან პრეტენზიულია. თავს ძალიან თუ მოვიწონებ, იმ წამსვე ჩამომითვლის ჩემს ნაკლს. იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული. ვიგებ მხოლოდ პოზიტიურ სიტყვებს, რისი გაგებაც მინდა.

მანანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online