asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა "სასწაულების" მომსწრე ხდება მოლარე ანუ იყიდება თუ არა რუსთაველის თეატრში ნახევარი ბილეთები
რა "სასწაულების" მომსწრე ხდება მოლარე
რა "სასწაულების" მომსწრე ხდება მოლარე ანუ იყიდება თუ არა რუსთაველის თეატრში ნახევარი ბილეთები

2011-03-24 15:38:48



რუსთაველის თეატრს და მის მსახიობებს ერთი გამორჩეული გულშემატკივარი ჰყავთ – თეატრის მოლარე ადა შიხაშვილი. ამ ქალბატონს თეატრის სიყვარულიც დედისგან გამოჰყვა და ეს სამუშაოც დედისგან ერგო. დედამისი, ზინა კუჭუხიძე, მოლარის სკამზე ორმოცდაათი წელი იჯდა. მას თეატრის კედლებიც კი უყვარდა და შვილიც ასეთივე სიყვარულით გაზარდა. პატარა ადა თეატრში ისეთი ვარსკვლავების სპექტაკლებსა და რეპეტიციებს მოესწრო, როგორებიც იყვნენ აკაკი ხორავა, მედეა ჩახავა, გოგი გეგეჭკორი... თეატრში ხშირად აყენებდნენ სკამზე და საყვარელი მსახიობის ტექსტების გამეორებას სთხოვდნენ, ისიც დაუზარებლად ბაძავდა დიდ არტისტებს. რუსთაველის თეატრის ყველა სპექტაკლი ახლაც ზეპირად იცის, ფავორიტები ახალგაზრდა მსახიობებშიც ჰყავს. რაც შეეხება რეჟისორებს, რობერტ სტურუას "ფანად" რჩება.

ოდესღაც თვითონაც მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ შემდეგ ბიოლოგობა აირჩია. საბოლოოდ ბედმა მაინც თეატრში მიიყვანა.

ადა შიხაშვილი:

– 12 წელია, რაც აქ ვმუშაობ. ჩემამდე აქ დედა მუშაობდა, თითქმის ორმოცდაათწლიანი სტაჟი ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილას მე აღმოვჩნდი. შემიძლია ვთქვა, რომ თეატრში გავიზარდე. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

– გათხოვილი ბრძანდებით?

– არა, ჩემი ოჯახი ძმა და ძმისშვილებია. მათი ცხოვრებით ვხარობ და ვსულდგმულობ.

– როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი?

– სამსახურში დილის 11 საათზე მოვდივარ და საღამოს 8 საათამდე, სპექტაკლის დაწყებამდე ვმუშაობ.

– უშუალო კონტაქტი გაქვთ მსახიობებთან?

– კი, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. წინა თაობის მსახიობებთან უფრო ახლო და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე ახალგაზრდებთან. ახალი თაობისთვის ადა დეიდა ვარ, ძველი თაობის მსახიობებისათვის კი – უბრალოდ ადა. მარინა ჯანაშია და ნინო კასრაძე არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ნინო ძალიან თბილი პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში ყოველთვის წამყვანი როლები აქვს, სულ სხვანაირი, ძალიან საყვარელია. როცა შეუძლოდ ვარ და სამსახურში ვერ მოვდივარ, მირეკავენ და მეკითხებიან, სად ხარ, რა გჭირს, როდის გამოდიხარო. აბსოლუტურად ყველასთან ვმეგობრობ. ზაზა პაპუაშვილი ძალიან მიყვარს და მისგანაც იმავეს ვგრძნობ. როცა სამსახურში არ ვარ, არ არსებობს, ზაზამ არ დამირეკოს და არ მომიკითხოს. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია.

– ზოგადად რამდენად დაფასებულია თქვენი სამუშაო საქართველოში?

– არ ვიცი, რა გითხრათ. მე ბიოლოგი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით ცენტრში ვმუშაობდი და იქიდან უცებ აქ აღმოვჩნდი. დედაჩემს თეატრი საოცრად უყვარდა. ახლა მეც ასე ვარ. ამ თეატრის თითოეული კედელი მიყვარს და ვეფერები. ვერც კი წარმოვიდგენდი, თეატრს ასეთი სიყვარული თუ შეეძლო. დედაჩემის მიკვირდა ხოლმე და ახლა საკუთარი თავისაც მიკვირს, ასე განუსაზღვრელად რომ მიყვარს. იტყვიან ხოლმე, თუ თეატრის მტვერი ჩაყლაპე, მორჩაო. მართალი ყოფილა, მეც ასე დამემართა.

– რა მდგომარეობაშია დღეს თეატრი, მაყურებელი ჰყავს?

– ძალიან კარგი სპექტაკლები გვაქვს და მაყურებელიც გვყავს. წელს მაყურებლის რაოდენობამ გაცილებით იმატა. მიხარია, ახალგაზრდობას თეატრი ასე ძალიან რომ უყვარს. რუსთაველის თეატრში გადის სპექტაკლი "ქარი მწყურია მე პირდაპირი", სადაც მურმან ჯინორია პოეზიის საღამოს აწყობს. როცა ეს სპექტაკლი გადის, დარბაზი მაყურებლით ივსება, თან სულ ახალგაზრდები მოდიან. ანშლაგით მიმდინარეობს. ჩვენ ადრეც გვქონდა ასეთი სპექტაკლი, სადაც პოეზიის შედევრებს ზინა კვერენჩხილაძე, გურამ საღარაძე და მურმან ჯინორია კითხულობდნენ. ის სპექტაკლი ასეთ მოწონებას და ამდენ აპლოდისმენტს არ იმსახურებდა. ახლა ბილეთების შესაძენად რომ მოდიან, ხშირად კითხულობენ, ის სპექტაკლი როდის იქნებაო. ხალხმა მსახიობები გაიცნო. აქამდე აზრზე არ იყვნენ, ვინ ვინ იყო, ვინ რომელ სპექტაკლში თამაშობდა. ახლა ამ ყველაფერში გაერკვნენ. თუ დამიჯერებთ, შემოსასვლელი სად იყო, ისიც კი არ იცოდნენ. ამაზე ვგიჟდებოდი! ერთხელ ვიღაცას შეყვარებული უნდოდა წამოეყვანა და თავის დაზღვევის მიზნით მე შემეკითხა, რომ მოვალთ, საიდან უნდა შევიდეთო. ეს იმას ნიშნავდა, რომ თეატრში პირველად იყო. ადრე თუ იმას მეკითხებოდნენ, შესასვლელი სად არისო, ახლა იმას კითხულობენ, რომელი რეჟისორის სპექტაკლია, ვინ თამაშობს, რა ჟანრის არისო.

– დედათქვენის გადმოცემით გეცოდინებათ, როდის იყო თეატრის აყვავების ხანა, როდის ჰყავდა ყველაზე მეტი მაყურებელი.

– დედაჩემის დროს სცენაზე ბუმბერაზი მსახიობები თამაშობდნენ. ჩემს ბავშვობაში იდგმებოდა სპექტაკლი "როცა ასეთი სიყვარულია". მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და კარგად არ მახსოვს, თუმცა როგორ შეიძლება აკაკი ხორავა ოდესმე დამავიწყდეს?! სულ თვალწინ მიდგას. დედა იტყოდა ხოლმე, ეს სპექტაკლი რომ გადიოდა, ბილეთებისთვის რიგი ალექსანდრეს ბაღიდან იწყებოდაო. ახლა ასეთი ბედნიერება აღარ გვაქვს და არც დიდი რიგები გვიდგას, თუმცა არის სპექტაკლები, რომლებსაც ბევრი მაყურებელი ჰყავს და თითოეული წარმოდგენა ანშლაგით მიმდინარეობს.

– თავად თქვენ რა აზრის ხართ მსახიობის პროფესიაზე?

– ძალიან შრომატევადი სამსახურია. როცა სპექტაკლს რობიკო სტურუა დგამს, დღეს და ღამეს ასწორებენ. მსახიობობა მძიმე პროფესიაა, მაგრამ მათ ასეთი თავგადაკლული შრომა უფასდებათ. ხალხს ისინი ძალიან უყვარს.

– ალბათ თქვენც გიოცნებიათ მსახიობობაზე.

– მთელი ბავშვობა ამაზე ვოცნებობდი. მედეა ჩახავას რეპერტუარი სულ ზეპირად ვიცოდი. მახსოვს, სალაროში სკამზე დამაყენებდნენ ხოლმე და აბა, დაიწყეო, მეუბნებოდნენ. მეც რომ დავიწყებდი, აღარ ვჩუმდებოდი. მთელი გამოთქმით და გრძნობით ვამბობდი. ყველას ეცინებოდა. მერე, როცა საქმე არჩევანზე მიდგა, მსახიობობა არ ავირჩიე, რადგან ბუნება ძალიან მიყვარდა. ამიტომ მსახიობობა ბიოლოგობაზე გავცვალე. თითქმის ყველა მსახიობი ქალის როლი ზეპირად ვიცოდი, მაგრამ რატომღაც მედიკოზე ვიყავი გადაკიდებული. მეხუმრებოდა, შენ სცენიდან გამომაგდებო. ძალიან ვუყვარდი.

– ალბათ ახლაც ესწრებით სპექტაკლებს.

– აუცილებლად! მხოლოდ სპექტაკლებს კი არა, რეპეტიციებსაც ვესწრები. მე მაყურებლამდე თითოეული სპექტაკლი უნდა მივიტანო. ჩემთან მაყურებელი ხშირად მოდის და რჩევას მეკითხება. ზოგს უნდა, რომ შვილები წამოიყვანოს, ზოგს – მეუღლე და მეკითხებიან, თქვენ რომელს მირჩევთო. მე რომ არ ვიცოდე, რომელ სპექტაკლში რა ხდება, რას ვურჩევ? შთაბეჭდილებებს ვუზიარებ ხოლმე და მერე ისინი ირჩევენ. სპექტაკლის შემდეგ კი მოდიან და მადლობებს მიხდიან. მეუბნებიან, მოგვეწონა, მართლა კარგი იყოო. რეპეტიციებზე შევიპარები ხოლმე და ვუყურებ. გოგი გეგეჭკორი მეუბნებოდა, ჩვენსა და მაყურებელს შორის სავიზიტო ბარათი შენ ხარო. მართლაც, მაყურებელს პირველად მე ვხვდები და მათ წინაშე დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია.

– მსახიობებს თუ უზიარებთ თქვენს აზრს სპექტაკლზე?

– სპექტაკლის შემდეგ მათ ვაფასებ, ვეუბნები, ვინ როგორ ითამაშა. არც ქებას ვიშურებ და არც კრიტიკას. ამის უფლება მათგან მაქვს მიღებული.

– ადრე მოლარეებს ბილეთების გადანახვას, დაჯავშნას სთხოვდნენ. ახლაც არის ამის საჭიროება?

– ბილეთის ფასი 6 ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები" მცირე დარბაზში გადის და ბილეთის ფასი 15–20 ლარია. მაყურებელს კომპიუტერული სისტემით ვემსახურებით. ამის გამო ბილეთების გადანახვას ვეღარ ვახერხებთ. ყველაზე მოთხოვნადი სპექტაკლებია "მოხუცი ჯამბაზები", "შობის მეთორმეტე ღამე", "თორმეტი განრისხებული მამაკაცი"...

– თქვენი დაკვირვებით, დღევანდელ მაყურებელს უფრო რა ჟანრი მოსწონს?

– დღეს მაყურებელი ყველაზე მეტად კომედიური ჟანრის სპექტაკლებს ითხოვს. ხალხს უნდა, რომ დაისვენოს. დრამა, ტრაგედიები არ უნდათ და მოკალი! ჩვენ ისეთი სპექტაკლები ნამდვილად არ გვაქვს, რომლებიც მაყურებელს ცუდ ხასიათზე დააყენებს. ხალხმა ხარისხის გარჩევა ისწავლა. ხშირად კითხულობენ, სპექტაკლის რეჟისორი ვინ არისო. ყველაზე დიდი მოთხოვნა რობიკო სტურუას სპექტაკლებზეა.

– რომელი მსახიობის სახელისა და გვარის გაგონება უხარიათ ყველაზე მეტად?

– გოგონები ძირითადად იმას აქცევენ ყურადღებას, სპექტაკლში რომელი სიმპათიური მამაკაცი თამაშობს. არ მინდა ვთქვა, რომელი მამაკაცის სახელის გაგონება ახარებთ, რადგან მერე სხვა მსახიობს ეწყინება. ვინც ნამდვილი მაყურებელია, ის არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს იმას, ვინ არის სიმპათიური და ვინ – არა. იმ სპექტაკლებზე, სადაც ზაზა პაპუაშვილი თამაშობს, ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. ზაზა ხალხს ძალიან უყვარს. მეუბნებიან, ისეთ სპექტაკლზე მოვალთ, სადაც ზაზა თამაშობსო. ნინო კასრაძე, ნანუკა ხუსკივაძე ძალიან უყვართ.

ნანუკაზე ერთ რაღაცას მოგიყვებით. ჩვენთან სპექტაკლი "კაცია–ადამიანი?!" გადის. მე ბავშვობიდან რობიკო სტურუას ფანი ვარ. "კავკასიური ცარცის წრის" შემდეგ სწორედ ამ სპექტაკლს ვანიჭებ უპირატესობას. ამ სპექტაკლში ნანუკა ლამაზისეულის როლს თამაშობს. შევამჩნიე, რომ რამდენჯერაც ეს სპექტაკლი გადიოდა, იმდენჯერ ვიღაც კაცი მოდიოდა და ბილეთს ყიდულობდა. თან ყოველთვის კარგ ადგილებს არჩევდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, ბატონო, რამდენჯერ გაქვთ ეს სპექტაკლი ნანახი–მეთქი. იცით, რა მიპასუხა? სპექტაკლი ჯერ არ მინახავს, მე მარტო ნანუკა ხუსკივაძე მყავს ნანახი, ახლა მოვედი, რომ სპექტაკლს ვუყუროო. დაახლოებით 10 სპექტაკლი მაინც მხოლოდ ნანუკას სანახავად დადიოდა. ნანუკა ძალიან ძლიერი მსახიობია. როცა სცენაზე ის, კახი კავსაძე და გურამ საღარაძე დგანან, მაყურებელში აბსოლუტურად სხვა განწყობა იგრძნობა. ხან ისეთი სასაცილო სიტუაციები შეიქმნება ხოლმე...

– მოგვიყევით, რა სიტუაციებია.

– არ ვიცი, რომელი ერთი მოვყვე. ხშირად მიფიქრია, ხომ არ დავწერო–მეთქი. ხანდახან პირდაპირ სასწაულების მომსწრე ვხდები! რამდენიმე თვის წინ ჩვენი დირექტორი შემოვიდა სალაროში. გაყიდული ბილეთების რაოდენობა აინტერესებდა. ამ დროს ერთი ქალი მოვიდა და მეუბნება, იცით, რა, ქალბატონო, მე დღეს სპექტაკლის პირველი მოქმედების დასრულების შემდეგ უნდა წავიდე, მეორე მოქმედებაზე ვერ დავრჩებიო. ისე მეუბნებოდა, თითქოს ვინმე დარჩენას ეხვეწებოდა. გაუთავებლად გაიძახოდა, დარჩენა არ შემიძლიაო. გამიკვირდა და ვკითხე, ქალბატონო, ჩემთან რა გნებავთ–მეთქი. ნახევარი ბილეთი დაიბრუნეთ და ბილეთის ფასის ნახევარი დამიბრუნეთო. ამის გაგონებაზე ჩვენმა დირექტორმა თავი ვერ შეიკავა და ოთახიდან გავარდა. ქვეყანა შეყარა, თურმე ადა ნახევარ ბილეთებსაც ყიდისო!

ახლახან ერთი კაცი მოვიდა და გაკვირვებული მეუბნება, კაცო, ასე როგორ შეიძლება, რომ სპექტაკლი ყოველ ორ საათში ერთხელ არ გავიდესო. მე ვუთხარი, ეს თეატრია და არა კინო–მეთქი. რა მნიშვნელობა აქვსო, შეიცხადა. ავუხსენი, ერთი სპექტაკლის დეკორაციის აწყობას ნახევარი დღე მაინც სჭირდება და ორ საათში ერთხელ როგორ გავა–მეთქი... ზოგი მოვა და ათას სისულელეს გეტყვის. აკვიატებული აქვთ, რომ შუა ადგილები უნდათ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ყველა ერთად შუა ადგილებში ვერ დაჯდება.

– მსახიობები ინტერესდებიან გაყიდული ბილეთების რაოდენობით?

– რა თქმა უნდა. ამ საქმეში ყველა ერთად ვართ ჩართული. ძალიან განვიცდი, როცა ბილეთები არ იყიდება. ძალიან ძნელია, როცა დარბაზი ცარიელია და მაინც თამაშობ. ბოლომდე იხარჯები, ამ დროს კი მაყურებელი არ გყავს. თუ რაღაც ხდება და სპექტაკლზე ბილეთები არ გაიყიდა, ყველა დავტრიალდებით ხოლმე, რომ დარბაზი გავავსოთ. ხან პენსიონერებს ვუკავშირდებით, ზოგჯერ სკოლებში ვრეკავთ, რომ ხალხი გამოუშვან. ბილეთებს უსასყიდლოდ ვაძლევთ. მსახიობისთვის აუცილებელია, ბევრი მაყურებელი ჰყავდეს.

ქეთი დინოშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რუსთაველის თეატრი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online