asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"8 გამოცდიდან ერთიც რომ ვერ ჩააბაროს, ატესტატს ვერ აიღებს!"
საქართველოში უატესტატო მოსწავლეების ბუმი იქნება?!
"8 გამოცდიდან ერთიც რომ ვერ ჩააბაროს, ატესტატს ვერ აიღებს!"

2011-03-10 15:16:45



საატესტატო გამოცდები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში წელს პირველად ჩატარდება და 22 მაისიდან ივნისის დასაწყისამდე გასტანს. თავის დროზე მოსწავლეებმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და აქციებიც გამართეს. მათი მოთხოვნა, საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდები მოხსნილიყო, აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორების მოხსნით დასრულდა. მოსწავლეებს კი 8 საგანში – ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენა და მათემატიკა – მოუწევთ გამოცდის ჩაბარება. ბავშვებს პირველ სამ საგანში მომზადება განსაკუთრებით უჭირთ, რადგან თითქმის ყველა სკოლაში ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია აქამდე ნაკლებად პრიორიტეტულად ითვლებოდა და საპილოტე სწავლება მიმდინარეობდა.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საგნებში მოსწავლეებს მხოლოდ ელემენტარულ საკითხებზე მოუწევთ პასუხების გაცემა. მოსწავლეები კი საპირისპიროს ამტკიცებენ, ამბობენ, რომ საკმაოდ რთული საკითხებია შეტანილი და შეიძლება გამოცდები ბევრმა ვერ ჩააბაროს. ეს ალბათ არც არის გასაკვირი, უმეტესობას წყლის ფორმულა რომ ჰკითხოთ, ვერ გიპასუხებთ... მათ, ვისაც ეს პრობლემა უშუალოდ ეხებათ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, გამოცდებზე მინიმალური ზღვარის გადალახვა რაც შეიძლება ნაკლებმა მოსწავლემ შეძლოს.
ის ბავშვები, რომლებიც 8 საგნიდან ერთ–ერთს მაინც ვერ ჩააბარებენ, ამ საგნის გადაბარებას და ატესტატის აღებას მხოლოდ მომავალ წელს შეძლებენ. ეს კიდევ ერთ ეჭვს ბადებს – ხელისუფლებას სურს, სწორედ ამ ჩაჭრილი ბავშვებით შეავსოს ახალგახსნილი პროფსასწავლებლები.
"სარკე" პრობლემის გასაცნობად თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია, რათა მოსწავლეებსა და მსაწავლებებლებს გასაუბრებოდა. არც ერთმა სკოლის დირექტორმა მასწავლებლებთან დალაპარაკების საშუალება არ მოგვცა. მიზეზად გაკვეთილების მსვლელობა დაასახელეს. მაშინ შესვენებაზე გასაუბრება გადავწყვიტეთ, მაგრამ ერთ–ერთი სკოლის დირექტორმა გვითხრა, შესაძლოა, ყველა მასწავლებელს არ სურდეს ინტერვიუს მიცემა და მე მათგან ნებართვა უნდა ავიღო, დამიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და აუცილებლად დაგიკავშირდებითო. ის ისევე დაგვიკავშირდა, როგორც პუტინი სააკაშვილს.
სამაგიეროდ, მიუხედავად ასეთი შიშიანობისა, ანონიმურად მაინც შევძელით საჯარო სკოლის პედაგოგებთან საუბარი იმ თემებზე, რომლებიც თავად მათ, მოსწავლეებს და მოსწავლეების ოჯახებს დიდ სანერვიულოს უჩენს. შემდგომ კი მათთვის საინტერესო კითხვებით გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. პასუხის გაცემა ცენტრის უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა ივა მინდაძემ ითავა.
– ბატონო ივა, სამ საგანში – ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში მოსწავლეებს საკმაოდ უჭირთ მომზადება. როგორი სირთულის ტესტები იქნება ამ საგნებში?
– ასეთი გამოცდები პირველად ტარდება საქართველოში და თავისი ფორმით და შინაარსით პრინციპულად ახალია. ეს გამოცდები მოსწავლის ცოდნასთან და შესაძლებლობებთან მაქსიმალურადაა მორგებული. რას ნიშნავს ეს? მოსწავლე კომპიუტერით რაღაც დავალებას იღებს და შემდეგ მას პასუხობს. 4 არჩევითი პასუხია. მისი ამოცანაა, სწორი პასუხი მონიშნოს. ამის შემდეგ პროგრამა სხვა დავალებას ურჩევს. თუ მოსწავლემ პასუხი სწორად მონიშნა, შემდეგი დავალება ოდნავ უფრო რთული იქნება. თუ არასწორად მონიშნა პასუხი, მომდევნო დავალება იმავე სირთულის ან ოდნავ უფრო იოლი იქნება. როდესაც მოსწავლე ხან სწორად პასუხობს და ხან – არასწორად, ეს მოსწავლის შესაძლებლობების რაღაც მაჩვენებელი იქნება და პროგრამის მიხედვით, ჩაითვლება, რომ მოსწავლის ცოდნა მოცემულ ნიშნულს შეესაბამება.
– მუშაობის პროცესში მოსწავლე ნახავს, სწორია თუ არა მის მიერ გაცემული პასუხი?
– არა, ამას მოსწავლე ვერ ნახავს. არ დაგიმალავთ და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა. ტექნიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობდით, ფსიქოლოგიურად გამართლებული იყო თუ არა. თუ მოსწავლემ დაინახა, რომ შეკითხვას ვერ უპასუხა, ეს მას ააღელვებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ მოსწავლე მხოლოდ გამოცდის დასრულების შემდეგ გაიგებს, კითხვებს სწორად უპასუხა თუ არა.
– რამდენი ქულა იქნება საჭირო ბარიერის გადასალახად?
– ძალიან დაბალი იქნება, მაგრამ ზუსტად რამდენი, არ ვიცი. გამსვლელი ქულები გამოცდების შემდეგ დადგინდება.
– ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ტესტები სხვა საგნებთან შედარებით უფრო მარტივი იქნება?
– სხვადასხვა სირთულის დავალება იქნება, მათ შორის – იოლი კითხვებიც. საერთოდ, იოლი დავალებების ბლოკი რაოდენობრივად უფრო მეტი იქნება, რათა მოსწავლეებს მეტი საშუალება მივცეთ, თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები უკეთ გამოავლინონ. ერთ შემთხვევაში შესაძლოა ერთ მოსწავლეს 42 რთული დავალების ჩაბარება მოუწიოს და მეორე შემთხვევაში – 50 ადვილი საკითხის შესრულება. დავალებების რაოდენობაც განსხვავებულია და სირთულეც. ყველაფერი იმის მიხედვით მოხდება, მოსწავლე როგორ პასუხებს გასცემს.
– როდესაც ტესტების სიმარტივეზეა საუბარი, შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, ფიზიკაში 40 საკითხიდან 40–ვე ამოცანაა. რამდენად მარტივი შეიძლება ამას ეწოდოს? არ შეიძლებოდა, რომ თეორიული საკითხებიც ყოფილიყო?
– ეს შეკითხვა ხშირად ისმის. ვთქვათ, აჩქარებაზეა ამოცანა. თეორიულად როგორი სახის კითხვა უნდა იყოს, რა არის აჩქარების თეორია? თეორია ვერ იქნება, რადგან ამ მოდელში შეკითხვა და ოთხი სავარაუდო პასუხია. მარტივი შეკითხვაა ოთხი სავარაუდო პასუხით, რომლის მონიშვნაც მოსწავლეს მოუწევს. საშუალო დონის მოსწავლეს ამ ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.
– იმას, რომ ამ საგნებში ბავშვებს განსაკუთრებულად უჭირთ გამოცდის ჩაბარება და შესაბამისად ნაკლებად განათლებულები არიან, იმ საპილოტე სწავლებას აბრალებენ, რაც განათლების სამინისტრომ შემოიღო. თუ განათლების სამინისტრო მათ არჩევანს უტოვებდა, კარგად ან საერთოდ არ ესწავლათ ეს საგნები, ახლა რატომ სთხოვთ ამ საგნებში გამოცდის ჩაბარებას?
– ეს პრობლემა ნამდვილად არის და ამაში გეთანხმებით. ვიცით, რომ ბევრ სკოლაში ფიზიკურად ქიმიის მასწავლებლები არ ჰყავთ და დიდი ხნის განმავლობაში არც ქიმიის გაკვეთილი ჩატარებულა. არის სკოლები, სადაც ეს საგნები საერთოდ არ ისწავლებოდა ან მოსწავლეები გაკვეთილებზე არ დადიოდნენ. საატესტატო გამოცდები რომ ჩატარდებოდა, ეს შარშან, იანვარში გამოცხადდა. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა. გასაგებია, რომ ეს ცოტა დროა, როდესაც სწავლას ნულიდან იწყებ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ადამიანმა ოდესღაც უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, ყველა სკოლა მოსწავლეებს დამატებით გაკვეთილებს სთავაზობს, რომ ამ საგნებში დაკარგული საათები აინაზღაურონ.
– გამოდის, რომ მაინც მოსწავლე ზარალდება.
– არავინ დაზარალდება. მხოლოდ ის მოსწავლე დაზარალდება, რომელსაც ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია არ ეცოდინება; დაზარალდება ის მოსწავლე, რომელსაც ელემენტარული ფოტოსინთეზი და ჟანგბადი როგორ წარმოიშობა არ ეცოდინება.
– რომ არ იციან, ეს მოსწავლეების ბრალი არ არის. მაშინ, როდესაც განათლების სამინისტრო არჩევანის საშუალებას აძლევდა, ესწავლათ თუ არა ეს საგნები, რა თქმა უნდა, მოსწავლეებმაც ამ თავისუფლებით ისარგებლეს.
– ცხადია, ეს მხოლოდ მოსწავლის ბრალი არ არის, მაგრამ ეს სკოლის და ჩვენი გამოცდაც იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეკითხვები ძალიან მარტივი იქნება.
– ზამთარში პილოტირება ჩატარდა, ანუ სკოლებში საცდელი ტესტები შეიტანეთ და, როგორც ვიცი, ძალიან ცუდი შედეგები მიიღეთ.
– ამ დროს გამოითქვა აზრი, რომ ორ საგანში შეღავათიანი ნიშნული შემოგვეღო, ანუ მოსწავლეს 8 გამოცდიდან შესაძლებლობა ჰქონოდა, 6 კარგად ჩაებარებინა და 2 – შედარებით ნაკლებად, მაგრამ ეს საკითხი დადებითად არ გადაწყდა. დეკემბერში ჩატარებული პილოტირებისას შედეგების ანალიზი გაკეთდა, დავალებების შეფასება მოხდა. ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში დავალებების უმრავლესობა მაღალი სირთულით გამოირჩეოდა. ობიექტურად რომ შევხედოთ, ეს დავალებები შეიძლება სრულიად არ არის რთული, მაგრამ ვინაიდან რეალობას ვითვალისწინებთ, თუ დეკემბერში მარტივი დავალებები იყო, ახლა ელემენტარული დავალებების ბლოკიც გაჩნდა, რომელიც ამ ნაწილს შეავსებს.
– შევა თუ არა საგამოცდო ტესტებში ის საკითხები, რაც პროგრამულად არ ისწავლება? მაგალითად, ქართული ლიტერატურის საგამოცდო საკითხებში "ჯაყოს ხიზნები" და "დიდოსტატის მარჯვენაა" შესული, რაც პროგრამულად სკოლებში არ ისწავლება.
– საგამოცდო პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას მოიცავს. სკოლის ატესტატი იმის დამადასტურებელია, რომ მოსწავლემ წარმატებით ისწავლა ის საგნები, რაც სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ისწავლებოდა. გამოსაშვებ გამოცდაზე მოცემული იქნება ნაწარმოებების რაოდენობა, რომელიც ქართულ ლიტერატურაში საბაზისოა და სავალდებულოა, რომ ყველამ იცოდეს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მიხეილ ჯავახიშვილი ნამდვილად არის შეტანილი. არის ნაწარმოებები, რომლებიც მოსწავლეს ყველა ვარიანტში უნდა ესწავლა და მე–12 კლასამდე ისე არ უნდა მისულიყო. საგამოცდო საკითხებში მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობი მასალები შევა.
– შესაძლებელია თუ არა, რომ ტესტების შედგენისას საგამოცდო ცენტრი არაგრიფირებული სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობდეს?
– არა. ტესტების შემუშავებისას ეროვნული სასწავლო გეგმით ვხელმძღვანელობთ და არაგრიფირებულ სახელმძღვანელოებს არ ვეყრდნობით. ეს გამორიცხულია!
– თქვენს საიტზე საგამოცდო ნიმუშები დევს, თუმცა ბევრია ისეთი მოსწავლე, რომლებსაც ინტერნეტი, კომპიუტერი არ აქვს. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური სოფლებშია. რა უნდა გააკეთონ ამ მოსწავლეებმა?
– გეთანხმებით, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. ამ თვიდან მათთვის, ვისთვისაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია, დამატებითი დავალებები განთავსდება ზუსტად იმ რეჟიმსა და იმ გამოსახულებით, რაც მათ გამოცდებზე შეხვდებათ. გარდა ამისა, ამ პროგრამის პილოტირებაა დაგეგმილი და ეს იმ სკოლებსაც შეეხება, სადაც ინტერნეტი არ აქვთ. დაახლოებით ერთ თვეში რესურსცენტრებს და ადგილობრივ მთავრობას ვთხოვთ, რომ ერთი დღით იმ სკოლებიდან მოსწავლეების ჩამოყვანა უზრუნველყონ, სადაც ინტერნეტი არ არის. ვთქვათ, ეს ბავშვები მეზობელ დასახლებაში ჩაიყვანონ და მათთვის საცდელი გამოცდები ჩაატარონ. ეს დავალებები მუდმივად იქნება ინტერნეტში მოცემული და მოსწავლეს საშუალება ექნება, ივარჯიშოს. თუ მოსწავლეს არ მიეცა საშუალება, რომ საცდელი გამოცდები გაიაროს, მაშინ მას გამოცდის წინ საგამოცდო სექტორში ორი მეთვალყურე დახვდება და ასევე ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ტექნიკურ მხარეზე. ის მოსწავლეს აუხსნის, რა ტიპის ოპერაციის ჩატარება მოუწევს. კომპიუტერის ცოდნა არავითარ დონეზე არ არის საჭირო. მონიტორი ჩართული იქნება და მხოლოდ "მაუსის" დახმარებით მონიშნავენ სწორ პასუხებს.
– როცა კითხვა დაგისვით, ტექნიკური მხარე ნამდვილად არ მიგულისხმია. რამდენად თანაბარუფლებიანია ის მოსწავლე, რომელსაც იმის საშუალება აქვს, რომ ინტერნეტით ყველა სიახლეს ადევნოს თვალყური, რაც თქვენს საიტზე დაიდება, გაეცნოს ტესტებს და ივარჯიშოს და მოსწავლე, რომელიც სოფლის სკოლაშია და მხოლოდ და მხოლოდ ზეპირად, მასწავლებლის გადმოცემით იცის ამ გამოცდების შესახებ?
– უპირატესობით ყოველთვის ის ადამიანი სარგებლობს, რომელსაც მეტ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. საგამოცდო საკითხები ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით მომზადდა და სასწავლო მასალის მინიმალური ნაწილის ცოდნას მოითხოვს. მოსწავლეს ეს ცოდნა რომ ჰქონდეს, მაინცდამაინც ინტერნეტის ქონა არ არის საჭირო. ცოდნის მიღება იმ სახელმძღვანელოებით შეუძლია, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დამტკიცებული.
– ამბობდნენ, რომ ასეთი მოსწავლეები საგამოცდო საკითხების ნიმუშებს ბეჭდვითი მედიით გაეცნობოდნენ. აპირებთ ამის განხორციელებას?
– არა, არ მიეწოდებათ. მარტში იქნება საპილოტე ნიმუშები, დაახლოებით 50–60 დავალება, რომლებიც შემდეგ გამოცდაზე არ გავა. ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის მშობელსაც, შეუძლია ამ პროგრამას და მის ვიზუალურ, ტექნიკურ მხარეს გაეცნოს, ასევე იმას, როგორი სახის და რა ტიპის დავალებები იქნება გამოცდებზე. სკოლების ინტერნეტში ჩართვის საკითხი აქტუალურად მიმდინარეობს. თუ ესეც ვერ მოხერხდა, ტრაგედია არ არის.
– არ შეიძლება, რომ ყველა საგანში იმ კონკრეტული წიგნების სია გამოქვეყნდეს, რომლის მიხედვითაც საგამოცდო ცენტრი ტესტებს ადგენს?
– როგორც ვთქვი, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ვმუშაობთ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველა სკოლაშია წიგნის სახით დაბეჭდილი. საგამოცდო საკითხები ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე დგინდება. სახელმძღვანელოების ნუსხას ვერ მივაწვდით იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს.
– მოსწავლე, რომელიც ერთ–ერთ საგანში ვერ გადალახავს ბარიერს, მაგრამ დანარჩენ საგნებს წარმატებით ჩააბარებს, ატესტატს ვერ აიღებს?
– 8 გამოცდიდან ერთიც რომ ვერ ჩააბაროს, ატესტატს მაინც ვერ აიღებს! ატესტატი იმის ნიშანია, რომ წარმატებით შეასრულა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არსებული პროგრამა. სკოლას არ ეძლევა იმის უფლება, მოსწავლეს ცოდნის დამადასტურებელი ატესტატი იმაში მისცეს, რაც არ შეუსრულებია. მოსწავლეს მომავალ წელს კვლავ შეუძლია გავიდეს იმ გამოცდაზე, რომელიც ვერ ჩააბარა.
– შესაბამისად, ვერც ეროვნულ გამოცდებში მიიღებს მონაწილეობას?
– ატესტატი აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ სტუდენტი გახდეს. თუ მას ატესტატი არ აქვს, მისაღებ გამოცდებზე ვერ გავა.
– როგორ პროგნოზს აკეთებთ? თქვენი აზრით, შეძლებენ მოსწავლეები ამ გამოცდების ჩაბარებას? მათი აზრით, ასი პროცენტიდან შეიძლება მხოლოდ ოცმა ჩააბაროს წარმატებით.
– შედეგის წინასწარ თქმა ძნელია, რადგან ამ გამოცდებს პირველად ვატარებთ. იმედია, წარმატებით ჩააბარებენ, რადგან მოსამზადებლად ბევრი დრო ჰქონდათ.
* * *
მე–12 კლასის მოსწავლეები იმ შეცდომებზე მიუთითებენ, რომლებიც განათლების უწყებამ ამ გაუთავებელ რეფორმირებებში დაუშვა და რომლის შედეგებსაც ახლა უდანაშაულო ბავშვები იმკიან.
ნინია, 18 წლის:
– ყველაზე დიდი შეცდომა საპილოტე სწავლება იყო. ქიმიას და ბიოლოგიას ერთ სემესტრში ვსწავლობდით, მეორე სემესტრში – ფიზიკას და გეოგრაფიას. ერთ სემესტრში რასაც ვისწავლიდით, მეორე წელს აღარ გვახსოვდა. ეს საპილოტე სწავლება ჩვენთვის ძალიან ცუდი იყო, ამიტომ წელს ეს 8 გამოცდა არ უნდა ჩაეტარებინათ. მომავალი მე–12 კლასელები სრულიად მზად იქნებიან, რომ ეს 8 გამოცდა ჩააბარონ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან რთულია.
აბიტურები გვიტარდება და ყველაფერს თავიდან გვასწავლიან, მაგრამ ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ამ საგნებში არაფერი უსწავლია და გაუკეთებია, ამ რამდენიმე თვეში, ისიც კვირაში ერთ დღეს რომ ჩაგიტარებენ გაკვეთილს, რა ცოდნას მიიღებ?!
რამდენიმე თვის წინ სკოლაში სააპრობაციო ტესტირება ჩაგვიტარეს. ალბათ საშინელი შედეგები მიიღეს. იმ საგნების საკითხები, რომელთა ჩაბარებაც ეროვნულ გამოცდებზე გვიწევს, კარგად დავწერეთ, მაგრამ ქიმიის და ფიზიკის ტესტებს რომ დავხედეთ, როგორც ავიღეთ, ისევე დავდეთ უკან. რა შედეგს ელოდებიან, საატესტატო გამოცდებს მაგრად ჩავაბარებთ?! გვეუბნებიან, ელემენტარული საკითხების ცოდნა იქნება სავალდებულოო, მაგრამ ქართულში ზუსტად ის საკითხებია, რაც ეროვნული გამოცდებისთვის გვჭირდება და ეს ყველაფერი ელემენტარული სულაც არ არის!
ელენე, 18 წლის:
– მომზადების პროცესი ძალიან რთულია, რადგან ამ გამოცდების პარალელურად უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისთვისაც გვიწევს მზადება. განათლების სამინისტროს საიტზე ტესტებიც ვნახე და, სხვათა შორის, საერთოდ არ არის ისეთი მარტივი დონის, როგორც ამბობენ. ეს საგნები წარმატებით რომ ჩააბარო, ღრმა ცოდნა უნდა გქონდეს, რასაც რამდენიმე თვეში ვერ მიიღებ. ოროსნებს რომ გვეძახიან, თვითონ რატომ შეიმუშავეს ასეთი სისტემა?!
გიორგი, 18 წლის:
– დამერწმუნეთ, ამ გამოცდებს ნახევარი საქართველო ვერ ჩააბარებს. თქვეს, ელემენტარული დონის საკითხები იქნებაო და ფიზიკაში 40 ამოცანა ჩაგვისვეს. შეიძლება 40 ამოცანა ელემენტარული ცოდნის მქონე მოსწავლემ ამოხსნას?! თუ ის უნდათ, რაც შეიძლება მეტი უსაქმური და უსწავლელი ჰყავდეთ, კი, ბატონო!
ეკა ლემონჯავა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online